რა მნიშვნელობა აქვს მორიგი რუსული "იხვნისკარტას" ჩამოგდებას...
უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ 25 სექტემბრის დილაუთენია მათ ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილი Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი, როდესაც ის ქალაქ ზაპოროჟიეს დაბომბვას პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილი ფუგასური ბომბებით აპირებდა.რუსული ბომბდამშენი დასახლებულ პუნქტ ვასილივკასთან დაეცა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 15-იოდე კმ-ითაა დაშორებული.
მართალია, უკრაინელებს ჯერ არ გაუვრცელებიათ ამ რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების დამადასტურებელი ფოტო-ვიდეოკადრები, მაგრამ რუსმა სამხედრო ბლოგერებმა ეს ირიბად აღიარეს და უკრაინელ სამხედროებს შურისძიებით დაემუქრნენ ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაღუპული ეკიპაჟის ორი წევრის გამო.
არ კონკრეტდება თუ შეიარაღების რომელი კონკრეტული სახეობის- „ხმელეთი-ჰაერის“ თუ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტით მოხდა ამ 45 ტონიანი ზებგერითი რუსული საფრონტო ბომბდამშენის განადგურება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მას რაკეტა ოკუპირებული ტოკმაკის თავზე მოხვდა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 35 კმ-შია, უკრაინელებმა ამ რუსული 50 მლნ დოლარიანი „იხვნისკარტას“ ჩამოსაგდებად გამოიყენეს ან F-16 ტიპის გამანადგურებლიდან ნასროლი AIM-120 AMRAAM -ის მართვადი რაკეტა ან „მოხეტიალე“ „პეტრიოტიდან“ ზუსტად გაუშვეს PAC-2-ის საზენიტო რაკეტა...
ასე თუ ისე, თუკი რუს აგრესორებს უკრაინელებთან ომში აქმდე არანაკლებ 40 ერთეული Су-34 ჰყავდათ დაკარგული (და ეს თითქმის ორი საავიაციო პოლკია),მათ სიას კიდევ ერთი „იხვნისკარტა“ შეემატათ.
მკითხველმა შეიძლება იფიქროს-ერთით მეტი,ერთით ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს,რომ ამას მთელი სტატია მიეძღვნასო, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო გარემოება...
საქმე ის არის, რომ უკრაინელებს რუსული Су-34 ბოლო ერთ წელზე მეტია არ ჩამოუგდიათ (ირიბად თუ არ ჩავთვლით,რომ 2024 წლის 11 ივნისის ღამეს, როდესაც უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ჩრდილოეთ ოსეთში მოზდოკის სამხედრო აეროდრომს შეუტიეს, იქიდან თავის საშველად აფრენილი Су-34-ის ეკიპაჟმა ღამით ფრენისას ორიენტაცია დაკარგა და საქართველოს საზღვრიდან 30-იოდე კმ-ში ოსურ სოფელ ძუარიკაუსთან მთას შეასკდა) და მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ წარმატებას, რადგან რუსული საფრონტო ბომბდამშენებიდან Су-34-დან ჩამოყრილი, პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილი ფუგასური ბომბებით ყველაზე მეტი საბრძოლო ზიანი ადგება,როგორც უკრაინის დამცველებს ფრონტის წინა ხაზზე, ისე უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას ახლო ზურგში.
უკრაინის ხარკოვის ოლქში ჩამოგდებული ერთ-ერთი რუსული Су-34-ის ფრაგმენტები...
პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილ 500, 1 500 და 3 000 კგ კალიბრის მსხვრევად-ფუგასურ ბომბებს Су-34-ების ეკიპაჟები მიზნიდან 60-80 კმ-ის დაშორებით აგდებენ და მაშინვე მკვეთრი მანევრით უკან ბრუნდებიან,ისე,რომ უკრაინელმა მეზენიტეებმა ვერ მოასწრონ მათი მიზანში ამოღება და რაკეტების მიღწევა.
აქამდე რუს პილოტებს ეს მეტ-ნაკლებად გამოსდიოდათ, მაგრამ არა 25 სექტემბრის გამთენიისას, რამაც წესით Су-34-ების ეკიპაჟები უნდა დააფრთხოს და უფრო ფრთხილი გახადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრთებით აღჭურვილ ბომბებს ისინი მიზნიდან უფრო შორ მანძილზე ჩამოყრიან, რაც გაუარესებს ამ მართვადი ბომბების მიზანში ზუსტად მოხვედრის ალბათობას და ფრონტის ხაზზე სანგრებში მსხდარი უკრაინის დამცველებით ცოტა ხნით შვებით ამოისუნთქებენ...