"კლაუდია კარდინალე ქართული მუსიკით აღფრთოვანებული იყო და ჩვენთან ერთად ივახშმა" - რას იხსენებს იტალიაში მცხოვრები ქართველი ლეგენდარულ მსახიობზე?
მსოფლიოში აღიარებული იტალიელი კინოს ლეგენდა კლაუდია კარდინალე, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა...
"იტალია და საფრანგეთი მტკივნეულად ემშვიდობება მათთვის უსაყვარლეს მსახიობს - კლაუდია კარდინალეს, რომელიც 1960-იან წლებში, "კინოს ხატად" იყო აღიარებული - Icona di Cinema", - ამბობს ჩვენთან საუბარში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი - ნანა ქავთარაშვილი. იგი იტალიიდან გვესაუბრა და მსოფლიოს ლეგენდასთან პირადად შეხვედრა გაიხსენა:
- მქონდა ბედნიერება, კლაუდია კარდინალე პარიზში გამეცნო, 2012 წელს, Salle Pleyel-ის საკონცერტო დარბაზში, როდესაც დიდ გალა კონცერტში მივიღე მონაწილეობა. კონცერტი ეძღვნებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების იუბილეს! კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ქართველი საესტრადო და საოპერო ვარსკვლავები, საპატრიარქოს და სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო გუნდი და ანსამბლი შვიდკაცა. საოპერო მომღერლების მიერ შესრულებული იყო პატრიარქის უნიკალური ნაწარმოები ორკესტრის თანხლებით და ასევე, პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები, რომელსაც საპატრიარქოს გუნდი ასრულებდა. დარბაზში იმყოფებოდნენ: საქართველოდან პარიზში ჩასული დელეგაცია, მთავრობის წევრები და თვით უწმინდესი ილია მეორე, სასულიერო პირებთან ერთად.

მოწვეული იყო საპატიო სტუმარი, მსოფლიო კინოს ლეგენდა კლაუდია კარდინალე, რომელიც კონცერტის დასასრულს სცენაზე ამობრძანდა. ის აღფრთოვანებული იყო ქართული მუსიკის მოსმენით, ყველას მოგვილოცა წარმატებული გამოსვლა. შემდეგ დაუვიწყარი, ულამაზესი კინოს ლეგენდა ბანკეტზეც გვეწვია და ჩვენთან, შემსრულებლებთან ერთად ივახშმა. ეს იყო ულამაზესი, დაუვიწყარი საღამო. სამწუხაროა, რომ გვტოვებენ ასეთი ლეგენდარული მსახიობები, მაგრამ ბუნების კანონს ვერ შევცვლით! იტალია და საფრანგეთი მტკივნეულად ემშვიდობება მათთვის უსაყვარლეს მსახიობს, რომელიც 1960-იან წლებში "კინოს ხატად" იყო აღიარებული - Icona di Cinema.
კლაუდია კარდინალე არა მხოლოდ ულამაზესი მსახიობი იყო, არამედ - ის იყო ძლიერი ხასიათის მქონე ქალი და უნიჭიერესი მსახიობი, ლუკინო ვისკონტის, სერჯო ლეონეს და ფედერიკო ფელინის მუზა.
კლაუდია კარდინალე - იტალიური კინოს უკვდავი ხატი. ასე იგონებენ მას იტალიელები: მისი მუქი თვალები, ხმელთაშუა ზღვის ელეგანტურობა, ამაყი და ამაღლებული სილამაზე, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში: რადგან ანჯელიკა სედარა, ლუკინო ვისკონტის „ლეოპარდიდან“ არის და ყოველთვის იქნება დიდი იტალიური კინოს დახვეწილობის მარადიული სახე.
ამრიგად, მან დაგვტოვა არა მხოლოდ როგორც მსახიობმა, არამედ - ჩვენი კინოს ისტორიაში ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ხატებამ.
(სპეციალურად საიტისთვის)