"სრულიად საიდუმლოდ": სტალინის აგენტების ჩავარდნის საქმე - ცოლ-ქმრის ტრაგიკული აღსასრული, რომლებიც საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდნენ - კვირის პალიტრა

"სრულიად საიდუმლოდ": სტალინის აგენტების ჩავარდნის საქმე - ცოლ-ქმრის ტრაგიკული აღსასრული, რომლებიც საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდნენ

მიზნის მისაღწევად ყველა ხერხისა და მეთოდის ამოქმედება, ადამიანური სისუსტეების: შიშის, სიხარბის, პატივმოყვარეობის, შურის და ა.შ., გამოყენება, - საუკუნეები გავიდა, მაგრამ სპეცსამსახურების მიზნები და ამოცანები არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ მათი განხორციელების მატერიალური საშუალებები და მეთოდ/ხერხები უფრო დახვეწილი და გაცილებით დაუნდობელი გახდა. ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა ყოველთვის იყო და იქნება აქტუალური და ძალზე სენსიტიური საკითხი. საზოგადოებას თავისი ქვეყნის სპეცსამსახურების თავდადებულ სიყვარულს (!) ნუ მოვთხოვთ, თუმცა მათი საქმიანობის მიზნობრიობა და ეფექტიანობა ხილული უნდა იყოს, რაც ქვეყნის სტაბილურ და წარმატებულ განვითარებაში უნდა აისახოს.

სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების წარმატებული თუ მარცხიანი ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების შესწავლა/ანალიზი ერთ კანონზომიერებას გამოკვეთს: სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხი და ფორმები კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის მენტალიტეტსა და ისტორიულ წარსულზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ: ინგლისელებისთვის ყოველთვის საამაყო იყო ეროვნულ დაზვერვა-კონტრდაზვერვასთან უანგარო თანამშრომლობა; ამერიკელები პატრიოტულ გრძნობებს პრაქტიკულ/მერკანტილურ მოთხოვნებს უხამებენ; ებრაელები კი ქვეყნის უდიდესი სიყვარულის გრძნობისა და ფანატიკური პატრიოტიზმის გამო თანამშრომლობენ მშობლიურ სპეცსამსახურებთან. ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები იყვნენ, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კომპრომატების გამოყენებითა და დაშინებით აიძულებდნენ თანამშრომლობას. ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ სპეცსამსახურებთან ლოიალური (ეს სულ მცირე!) დამოკიდებულების გარეშე გამორიცხული იყო პიროვნების სამსახურში დაწინაურება, უცხოეთში ტურისტული მიზნით გამგზავრება. ხოლო, თუ საქმე რომელიმე მეცნიერის „კაპიტალისტურ ქვეყანაში“ სამსახურებრივ მივლინებას ეხებოდა, მაშინ მას აუცილებლად კა-გე-ბეს ან გე-ერ-უს კონკრეტული დავალება უნდა შეესრულებინა. საზოგადოებაში ამგვარად იქმნებოდა შიში და ავტორიტეტი საბჭოთა სპეცსამსახურების მიმართ.

დღეს მინდა დავასრულოთ საუბარი სერგეი რადამსკის შესახებ. ეს ტენორ-ავანტიურისტი არაერთმნიშვნელოვან როლს თამაშობდა გასული საუკუნის 30-იანი წლების „დიდ რეპრესიებში“. ფაქტია, რომ სწორედ რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორ-მსახიობებთან მისი „მეგობრული“ ურთიერთობები გახდა სანდრო ახმეტელისა და სხვათა „უცხოეთის დაზვერვასთან თანამშრომლობის“ ბრალდების ფორმალურად გამამყარებელი.

სერგეი რადამსკის საგასტროლო მოღვაწეობა სსრკ-ში 1927-1936 წლებში მიმდინარეობდა და მან ამ პერიოდში, დაახლოებით, 200 კონცერტი გამართა. პირველად მოსკოვში, 1927 წლის 8 ოქტომბერს იმღერა. შემდეგ წლებშიც ძალზე ბევრ კონცერტს მართავდა. 1934 წლის მაისში ჩაატარა 12 კონცერტი შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში. ისიცაა ცნობილი, რომ სერგეი კიროვის მკვლელობის გამო, 1934 წლის 4 და 6 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილი მისი კონცერტები გააუქმეს. საბჭოთა კავშირში გასტროლებზე ტენორ სერგეი რადამსკისთან ერთად მღეროდა მისი მეუღლე - სოპრანო მარია სალჩი. როგორც იმ დროის ჟურნალ-გაზეთებიდან ირკვევა და რაც მემუარული ლიტერატურითაც დასტურდება, ამ წყვილს ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა 1920-1930 იანი წლების „საბჭოთა ბოჰემის“ ცხოვრებაში: ისინი აქტიურობდნენ შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების განხილვის დროს და ღია, გულახდილ საუბრებში ითრევდნენ საბჭოთა მწერლებს თუ მსახიობ-რეჟისორებს. ამასთან ერთად, მათ ჰპირდებოდნენ ევროპა-ამერიკაში წარმატებული გასტროლების ორგანიზებასაც. წარმოიდგინეთ დამშეულ-დაქცეული და დიდ ციხედ ქცეული საბჭოთა კავშირიდან გაცილებით მდიდარ და სტაბილურ „დასავლეთში“, თუნდაც რამდენიმე თვით გასტროლები - ეს ხომ სიზმარ/ოცნება იყო!

sergei-radamski-1758868275.jpg

სერგეი რადამსკი

ძალზე ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შემდგომ დაპატიმრებულ საბჭოთა ხელოვანებს „ჩეკისტები“ სულ სიტყვასიტყვით უხსენებდნენ, თუ ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ ოჯახში გამართული წვეულების დროს ვინ როგორ მოიხსენია „საბჭოთა ბელადები“ ან როგორ აკრიტიკებდა „საამურ“ საბჭოურ ცხოვრებას. ყველგან რადამსკის გვარი ფიგურირებდა.

ბევრი აღარ გავაგრძელოთ და პირდაპირ დავსვათ კითხვა: „სერგეი რადამსკი საბჭოთა აგენტი - პროვოკატორი იყო?“ აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში ეჭვობდნენ, რომ ის საბჭოთა აგენტი იყო, თუმცა ეს ბრალდება ღიად არასოდეს წაუყენებიათ. ფაქტი ის იყო, რომ რადამსკი, რა თქმა უნდა, მემარცხენე და, სავარაუდოდ, კომუნისტიც იყო. თანამშრომლობდა თუ არა „ჩეკისტებთან“? - რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მას საბჭოთა კავშირში არავინ შემოუშვებდა და არც კონცერტების ჩატარების ნებას დართავდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რადამსკი, როგორც, სავარაუდოდ, საბჭოთა აგენტი, FBI-ის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ის რამდენჯერმე დაკითხეს კიდეც, თუმცა კონკრეტული ბრალდება არ წაუყენებიათ. ამის შემდეგ რადამსკიმ სასწრაფოდ დატოვა აშშ და ავსტრიაში, კერძოდ კი - ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

სერგეი რადამსკის ისტორია კი დასრულდა, თუმცა ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება, რომ ხელოვანებისა და საბჭოთა სპეცსამსახურების ურთიერთობა/თანამშრომლობის ერთი გახმაურებული ოპერაცია გავიხსენოთ.

1930 წლის სექტემბრის ბოლოს საბჭოთა დაზვერვამ გადაიბირა პარიზში მცხოვრები რუსი ემიგრანტი, გენერალი ნიკოლაი სკობლინი (1893-1937) და მისი მეუღლე, რუსული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი ნადეჟდა პლევიცკაია (1879-1940). მათი ოპერატიული მეტსახელები „ფერმერი“ და „ფერმერშა“ იყო. ზუსტად შვიდი წლის განმავლობაში „ჯაშუშთა ოჯახი“ აქტიურად ასრულებდა საბჭოთა დაზვერვის დავალებებს რუსული ემიგრაციის მთავარი სამხედრო ორგანიზაციის (РОВС - „რუსული საერთო- საჯარისო კავშირი“) გეგმებისა და საიდუმლო ოპერაციების შესახებ. ამ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც დაფინანსებას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან იღებდა, „ფერმერს“ მნიშნელოვანი პოსტები ეკავა, რადგანაც ამ РОВС-ის თავმჯდომარის, გენერალ ევგენი მილერის ძველი თანამებრძოლი და მეგობარი გახლდათ. საბჭოთა „ჯაშუშთა ოჯახი“ სისტემატურად აცნობებდა „ოგეპეუს“ ემიგრაციიდან საბჭოთა კავშირში გაგზავნილი ჯგუფებისა და მათი გეგმების შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საბჭოთა კავშირში შეგზავნილი ჩვიდმეტი აგენტი დააკავეს მოსკოვში, ლენინგრადსა და ამიერკავკასიაში. ასევე, დაადგინეს თერთმეტი კონსპირაციული ბინის მისამართიც.

ამ საბჭოთა აგენტების მნიშვნელობას დიდწილად ნადეჟდა პლევიცკაიას პერსონა განსაზღვრავდა. თვითნასწავლი მომღერალი რუსული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლად იყო აღიარებული და მას „ბულბული კურსკიდანაც“ კი შეარქვეს. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II

n-plevickaia-da-n-1758868242. სკობლინი.jpg

ნ. პლევიცკაია და ნ. სკობლინი

ნადეჟდა პლევიცკაიას ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა და, როგორც იხსენებენ, „ბულბულის“ მოსმენისას, თურმე, თავს ჩახრიდა და... ატირდებოდა ხოლმე. იმ პერიოდში ევროპაში რუსული ემიგრაცია ასი ათასობით ადამიანს ითვლიდა და ნ. პლევიცკაიას კონცერტებიც მუდამ ანშლაგით ტარდებოდა. სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე მოგზაურობა კარგი შენიღბვა იყო საბჭოთა დაზვერვის მრავალფეროვანი დავალებების შესასრულებლად. „ბულბული“ გენერალზე ასაკითაც საკმაოდ უფროსი იყო (14 წელი სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის) და ოჯახის „მარჩენალიც“ გახლდათ, ამიტომ „პირველი ვიოლინო“ და „ოჯახის უფროსიც“ პლევიცკაია ბრძანდებოდა. საბჭოთა დაზვერვის არქივებში შემონახული „ცნობები“, რომელსაც „ფერმერი“ აწერდა ხელს... მისი მეუღლის - „ფერმერშას“ ხელით იყო დაწერილი. საბჭოთა „ჯაშუშთა ოჯახისთვის“ საბედისწერო 1937 წლის 22 სექტემბერი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ: დიდი "სტალინური რეპრესიების" დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილია? - "იპოვეთ და გაანადგურეთ ჯაშუშები და კონტრრევოლუციონერები!" - თანდათანობით საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთზე მონადირე "ჩამშვებ კილერებად" იქცნენ და ურთიერთდასმენა ყოველდღიურ მოვლენად იქცა"

სტალინი ბერიას: "მიხეილ ჯავახიშვილის დაღუპვით თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე" - დიდი მანიპულატორი ანუ "ხალხთა ბელადის" ფსიქოპორტრეტი

ლავრენტი ბერიას შურისძიება: სანდრო ახმეტელის საქმე - სტალინთან გადაღებული საბედისწერო ფოტო და გინება, რომელიც დიდ ხელოვანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა

ქართველი ძმების ტრაგედია: როგორ მისცა ილია მაჩაბელმა ჩვენება საკუთარი ძმისა და სანდრო ახმეტელის წინააღმდეგ - ვინ მოკლა ქართველი მილიონერი?!

РОВС და მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის საბჭოთა ხელისუფლების მთავარი სამიზნე იყო. გავიხსენოთ, თუ რა ბედი ეწია გენერალ მილერის წინამორბედს, გენერალ კუტეპოვს. 1929 წლის ზაფხულში "ოგეპეუს" ხელმძღვანელმა ვ. მენჟინსკიმ ცენტრალურ კომიტეტს მიმართა წინადადებით, პარიზიდან გაეტაცებინათ და საბჭოთა კავშირში გადაეყვანათ РОВС-ის მაშინდელი თავმჯდომარე გენერალი ა. კუტეპოვი. 1930 წლის დასაწყისში საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი, „ლიკვიდაციის ოპერაციების დიდოსტატი“ იაკობ სერებრიანსკი (“იაშა“) პარიზში გაემგზავრა ამ ოპერაციის დასაგეგმად. 26 იანვარს გენერალი კუტეპოვი, რომელიც ეკლესიაში მიიჩქაროდა, ორმა პოლიციელმა (რეალურად კი, „იაშას ჯგუფის“ ფრანგმა წევრებმა, რომლებიც პოლიციელის ფორმაში იყვნენ გადაცმულები) შეაჩერა და დოკუმენტები მოსთხოვა, შემდეგ კი რაღაცის დასაზუსტებლად ავტომობილით მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა გადაწყვიტა. რუსი გენერალი მხოლოდ ავტომობილში მიხვდა, რომ „ჩეკას“ ხაფანგში გაება, თუმცა უკვე გვიან იყო: მას ინიექცია გაუკეთეს და მოკლეს (სხვა ვერსიით - დანით მოკლეს), შემდეგ კი ერთ-ერთი ფრანგი „პოლიციელის“ სახლის ეზოში დამარხეს. ა. კუტეპოვი ე. მილერმა შეცვალა და ახლა ის გახდა საბჭოთა ხელისუფლების მთავარი სამიზნე.

generali-evgeni-mileri-1758868298.jpg

გენერალი ევგენი მილერი

სტალინმა ძალზე რთული ამოცანის შესრულება დაავალა ნ. ეჟოვს: РОВС-ის თავმჯდომარე, გენერალი ევგენი მილერი უნდა მოიტაცოთ და აქ მოგვგვაროთ, კუტეპოვის მოტაცების დროს დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროთო. „ხალხთა ბელადის“ აზრით, მილერის ადგილზე ლიკვიდაცია არ იქნებოდა საკმარისი, ის პარიზიდან პირდაპირ საბჭოთა იმპერიის დედაქალაქ მოსკოვში უნდა „ჩაებრძანებინათ“ რათა „კარგად“ დაეკითხათ და რუსული ემიგრაციის სამხედრო გეგმების შესახებ ყველა საიდუმლო ეთქმევინებინათ.

გენერალ ე. მილერის გატაცების სპეცოპერაციაში მთავარი როლი საბჭოთა აგენტს, გენერალ ნ. სკობლინს, იმავე „ფერმერს“ დაეკისრა. პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არ იყო მარტივად შესასრულებელი ოპერაცია, რადგანაც ა. კუტეპოვის გაუჩინარების შემდეგ РОВС და მისი კონტრდაზვერვის განყოფილება ძალზე ფრთხილობდნენ. გენერალი მილერიც არავის ენდობოდა... სკობლინის გარდა. სწორედ ეს გარემოება გამოიყენა საბჭოთა დაზვერვამ. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. 1937 წლის 22 სექტემბერს სკობლინმა საიდუმლო წერილი გაუგზავნა გენერალ მილერს, სადაც ატყობინებდა, რომ ორ გერმანელ ოფიცერს სასწრაფოდ სურდა მილერთან შეხვედრა და თავად სკობლინი იქნებოდა РОВС-ის თავმჯდომარის თანამგზავრი. გენერალი მილერი მცირედი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა და ისინი ორნი წავიდნენ შეხვედრაზე. როდესაც პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში პატარა სახლის ჭიშკარს მიადგნენ, გენერალმა მილერმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერც კი მოასწრო წესიერად, რომ ორი ჯანიანი ჯეელი ეცა და ეზოში შეათრიეს, სადაც ინიექცია გაუკეთეს და დააძინეს. საბჭოთა აგენტების ჯგუფმა გენერალი მილერი ჰავრის ნავსადგურში ჩაიყვანა, სადაც მათ საბჭოთა სატვირთო გემი „მარია ულიანოვა“ ელოდა. გენერალი ჯერ ლენინგრადში, შემდეგ კი - მოსკოვში ჩაიყვანეს და „ლუბიანკის“ ციხეში „პეტრე ვასილის ძე ივანოვის“ გვარით მოათავსეს. წელიწადი და რვა თვე გრძელდებოდა სტალინის „პირადი ტუსაღის“ დაკითხვები. 1939 წლის 11 მაისს კი სსრკ-ის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა და ის იმავე დღეს „ლუბიანკის“ ციხეში დახვრიტეს.

n-1758868310. პლევიცკაია.jpg

ნ. პლევიცკაია სასამართლო პროცესზე. პარიზი, 1937 წლის დეკემბერი.

გენერალ მილერის მოტაცებით სტალინი ორ მიზანს ისახავდა: რუსული ემიგრაციის სამხედრო გეგმებზე სრული ინფორმაციის მიღებას და РОВС-ის თავმჯდომარის პოსტზე საბჭოთა აგენტის, გენერალ სკობლინისთვის ადგილის გათავისუფლებას. მილერის გაუჩინარების შემდეგ სწორედ სკობლინს ჰქონდა ყველაზე დიდი შანსი, ეს თანამდებობა დაეკავებინა, თუმცა: სტალინი გეგმავდა, ღმერთი კი იცინოდა. გენერალ მილერის გაუჩინარების მეორე დღეს РОВС-ის კონტრდაზვერვის განყოფილების თანამშრომლებმა სკობლინს სახლში მიაკითხეს და ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინაში წაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა დაიწყო. გაოგნებულმა „ფერმერმა“, რომელსაც ეგონა, რომ მასზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა, მხოლოდ იქ შეიტყო გენერალ მილერის წინდახედულობის შესახებ. გაირკვა, რომ სკობლინთან შეხვედრის წინ მილერმა ადიუტანტს შემდეგი შინაარსის ბარათი დაუტოვა:

”დღეს, 12:30 საათზე, ჟასმინისა და რაფეს ქუჩების კუთხეში, გენერალ სკობლინთან მაქვს შეხვედრა. ის გერმანელ ოფიცრებთან... შტრომანთან და ვერნერთან შეხვედრაზე წამიყვანს... ორივე კარგად საუბრობს რუსულად. შეხვედრა სკობლინის ინიციატივით იმართება. შესაძლოა, ეს ხაფანგი იყოს, ამიტომ ამ წერილს ყოველი შემთხვევისთვის ვტოვებ.

1937 წლის 22 სექტემბერი, გენერალ-ლეიტენანტი მილერი“.

წერილი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გაეხსნათ. 1937 წლის 22 სექტემბრის ღამეს, როდესაც გენერალ მილერის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს, გახსნეს ბარათი და შეიტყვეს, თუ ვინ შეიტყუა ის ხაფანგში. სკობლინმა ამ ბარათის შესახებ არაფერი იცოდა და როდესაც ფაქტის წინაშე დააყენეს, ყველაფერი უარყო. საკმარისი იყო, ის რამდენიმე წუთით უმეთვალყურეოდ დაეტოვებინათ, რომ პირველი სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა იმავე წელს, ესპანეთში. თუმცა ვინ იცის... აი „ბულბულისა“ და შეთავსებით - საბჭოთა დაზვერვის აგენტის, ნადეჟდა პლევიცკაიას ტრაგიკული აღსასრულის შესახებ ოდნავ მეტია ცნობილი. ის 1937 წლის სექტემბრის ბოლოს დააკავეს, გენერალ მილერის გატაცებაში თანამონაწილეობისთვის. იმავე წლის 14 დეკემბერს ნადეჟდა პლევიცკაიას საფრანგეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1940 წლის ზაფხულში გერმანელებმა საფრანგეთი დაიკავეს, ხოლო 1940 წლის 5 ოქტომბერს ნადეჟდა პლევიცკაია, 56 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა რენის ციხის საკანში.

რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც „მილერის საქმე“ , ასევე - „ფერმერისა“ და „ფერმერშას“ ტრაგიკული აღსასრულის დეტალები კვლავ გასაიდუმლოებული აქვს.