"ქეთევანი 21 წლისა დაქვრივდა, მისი მეუღლე ქონების გამო მოკლა ერთ-ერთმა ახლობელმა. სამწუხაროდ, ქეთო ორივე შვილის სიკვდილს მოესწრო" - ორი ოჯახის მეგობრობისა და სიყვარულის საოცარი ამბავი
ორი ოჯახის მეგობრობის, სიყვარულის, პატივისცემის, ურთიერთგატანის საოცარი ამბავი გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ამბების მონაწილენი არიან: ქეთევან კახიძე, ქეთევან ჭუმბურიძე, ხათუნა (ანა - ოფიციალურად) და პეტრე ჭიჭინაძეები, გიორგი, ლალი და ნანა ყურულაშვილები... როგორ დაუკავშირდნენ ისინი ერთმანეთს და როგორ მოიტანეს დღემდე საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული სიყვარული, ამის შესახებ ქალბატონი ბელა ჭუმბურიძე გვიამბობს, რომელიც რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე გახლავთ.
ამბის დასაწყისი
- ჩვენ სისხლით ნათესავები არ ვართ, ეს შორეული ამბავი ნათელ-მირონობით დაიწყო. ჩემს ბებიას, ქეთევან ჭუმბურიძეს, ნათლია ჰყავდა - ფოტინე კახიძე, რომლის ერთადერთი ქალიშვილი მშობიარობას გადაჰყვა, დაიღუპა ბავშვიც. ყოფილმა სიდედრმა სიძეს, სიმონ (სიკო) ჭიჭინაძეს, შავი ქვის მრეწველს, ცოლად მოაყვანინა თავისი მოგვარე ქეთევან კახიძე, რომელმაც ბებიაჩემი საკუთარ ორ შვილთან ერთად (ხათუნა და პეტრე ჭიჭინაძეები) გაზარდა. ოჯახს ტრაგიკული ბედი დაჰყვა. ქეთევან კახიძე 21 წლისა დაქვრივდა, მისი მეუღლე სიმონი ერთ-ერთმა ახლობელმა ქონების გამო მოკლა.
ობლების გაზრდა ქეთევანმა თავის თავზე აიღო. შვილებს - ხათუნას და პეტრეს ჯერ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრებინა, მერე და-ძმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. დედასთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ და ქეთევანმა ბებიაჩემიც თან წამოიყვანა. რადგან ორივე ბებიას ერთნაირი სახელი ჰქონდა, მათ ვიხსენებ, როგორც პატარა და დიდი ქეთო ბებია. სამწუხაროდ, უფროსი ქეთევანი, საოცარი ქალბატონი და კეთილშობილების განსახიერება, ორივე შვილის სიკვდილს მოესწრო.
ხათუნა და პეტრე ჭიჭინაძეები
- თბილისში ხათუნა და პეტრე თეატრმა გაიტაცა და ორივემ რუსთაველის თეატრთან არსებულ ფაღავას სტუდიას მიაშურა. შემდგომ ისინი ამ თეატრის მსახიობები გახდნენ. მოგვიანებით, ხათუნა კოტე მარჯანიშვილთან გადავიდა, ცნობილი მოვლენების გამო...
მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხასინტა - „ცხვრის წყარო“, ოფელია - „ჰამლეტი“, ლუიზა - „ვერაგობა და სიყვარული“, რუსთაველის თეატრში ტატიანა - ,,რღვევა“ და სხვა.
რეპრესიების დროს, 1937 წელს დაიჭირეს ხათუნას მეუღლე გიორგი ყურულაშვილი, პარტიული ფუნქციონერი, ის ხელმძღვანელობდა ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატს. მალე ხათუნაც დააპატიმრეს. ცოლ-ქმარს საოცრად უყვარდა ერთმანეთი. ბებია იხსენებდა, როცა გიორგი დაიჭირეს, ხათუნას მისთვის უთქვამს: ქეთუნა, მე გიორგის გარეშე ვერ ვიცოცხლებო! ზაფხულის არდადეგები იყო, ხათუნას შვილები (ლალი და ნანა) და დედა სოფელში იყვნენ. ბებიამ გადაწყვიტა ერთ საღამოს ხათუნასთან ღამით დარჩენა. არ დატოვა - არა, წადიო... მეორე დილით ბებიამ ხათუნას მიაკითხა. კარზე კარგა ხანს აკაკუნებდა, არავინ გააღო, მერე მეზობელი გამოსულა და უთქვამს, ხათუნა გამთენიისას წაიყვანესო. ალბათ, ელოდა დაჭერას და ბებია იმ მძიმე ტკივილს აარიდა.
გიორგი და ხათუნა როცა დააპატიმრეს, ბებიაჩემი შვილს ელოდებოდა. ფეხმძიმე ქალს თითქმის ყოველდღე იბარებდნენ და დაკითხვას უწყობდნენ: -თქვენი თანდასწრებით ოჯახში რაზე საუბრობდნენო? ბებია პასუხობდა: - ქვეყანაზე, ოჯახზე, თეატრზე და მეტზე არაფერზეო. ბავშვი რომ გააჩინა, გამზრდელი ქეთო ბებია მასთან მისვლას მოერიდა და შემოუთვალა, ბავშვი დამანახეო. ბებია მიამბობდა, ერთ დღეს რუსთაველზე ქუჩის ერთ მხარეს ბავშვით ხელში მე მივდიოდი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ქეთევანიო.
ხათუნას ძმა, პეტრე ჭიჭინაძე 49 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ოჯახში ინახება მისი მეგობრის, უშანგი ჩხეიძის წერილები. უშანგი აბასთუმანში სამკურნალოდ წასულ პეტრეს ამხნევებს და ამასთან ერთად, თავის გულისტკივილსაც უზიარებს. იმ დროს უშანგის ჯანმრთელობაც დამძიმებული იყო.
გიორგი ყურულაშვილი
- ყურულაშვილები დაბა ჩხარიდან (თერჯოლის რაიონი) არიან. იქ დაიბადა გიორგი, ხელოსნის ოჯახში. 12 დედმამიშვილი იყვნენ. ჩხარის სამრევლო სკოლაში დადიოდა, თერძის პროფესია შეისწავლა. მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი გალაკტიონს უკავშირდება. პოეტი მატარებელში გაძარცვეს, პალტო მოპარეს, ქუთაისში მიდიოდა. გიორგი უკვე თანამდებობის პირი იყო და, თურმე, ერთ ღამეში შეუკერა გალაკტიონს პალტო. მაშინ ქსოვილის შოვნაც ხომ ურთულესი იყო! გიორგი ყურულაშვილზე ბევრი კარგი რამ წამიკითხავს, თუმცა უარყოფითიც შემხვედრია.
წლების განმავლობაში დიდ ყურადღებას იჩენდა კულტურის სფეროს მიმართ. თბილისში მარჯანიშვილის თეატრს შენობა რომ გადასცეს, გიორგის დამსახურებაცაა. საოცრად უყვარდა ხელოვნება, ხელოვანები, მსახიობები და განსაკუთრებით - პოეტები. მთელი ოჯახი მეგობრობდა სიმონ ჩიქოვანთან და იოსებ გრიშაშვილთან. გიორგი ერთხანს „მნათობის“ რედაქტორიც ყოფილა. ბევრი სიკეთე ახსოვთ მისგან გალაკტიონს, ტერენტი გრანელს და მწერალ ქალბატონ საფო მგელაძეს. ვიცი, რომ გიორგი რამდენჯერმე სპეციალურად ჩავიდა სურამში, სადაც მკურნალობდა ტერენტი და მოინახულა. გიორგისთან სახლში შეკრება ყველას ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით - მსახიობებს. ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა უშანგი ჩხეიძეს.
ლალი და ნანა
- ლალი და ნანა (მანანა - ოფიციალურად) ყურულაშვილები 12 და 6 წლისანი იყვნენ, როცა მათი მშობლები დაიჭირეს და შემდეგ დახვრიტეს. ქეთევან კახიძეს დაებედა ობლების გაზრდა - ჯერ შვილები, მერე - შვილიშვილები. გოგონების აღზრდაში მონაწილეობდა ბიძაც - პეტრე ჭიჭინაძე. ბებიაჩემი მათ ოჯახს ყოველთვის გვერდში ედგა. მისთვის ჯერ ლალი და ნანა იყვნენ, შემდეგ - საკუთარი შვილი, ასე იყო ბოლომდე. დებსაც ძალიან უყვარდათ ბებია, სულ ქეთუნია, ქეთუნიას გაიძახოდნენ და დღე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთს არ შეხმიანებოდნენ. ბავშვებზე დიდი ამაგი გასწიეს ხათუნას მეგობრებმა, მათ შორის მალიკო მრევლიშვილმა, ნუნუ ქარცივაძემ... ნანასგან ხშირად მომისმენია, რომ დედის მეგობრებისგან დიდ ყურადღებას გრძნობდნენ, მორალურსაც და მატერიალურსაც.
ლალიმ ფილოლოგიურზე ჩააბარა, უნივერსიტეტში, მერე თეატრის სიყვარულმა გადასძლია, წამოვიდა უნივერსიტეტიდან და თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. იმ დროს სწავლობდნენ და ლალის მეგობრები გახდნენ სალომე ყანჩელი და მედეა ჩახავა. მეგობრობდა მიხეილ თუმანიშვილთან. ლალის ერთი ფოტოც აქვს წარწერით - გადაღებულია თუმანიშვილის მიერ. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ნათელა ურუშაძე და გოგი გეგეჭკორი (ქალბატონი ნათელა და ლალი გრიბოედოვის ქუჩაზე ერთად იზრდებოდნენ), ასევე ედიშერ მაღალაშვილი და მისი მეუღლე, ქალბატონი ნატა. ლალი მეგობრობდა ელენე ახვლედიანთან, ელენეს ნაჩუქარი არაერთი ნამუშევარი ჰქონდა სახლში.
ნანას ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ გეოლოგი გახდა. ბეღურასავით ქალმა მთელი საქართველო ფეხით მოიარა. არამიწიერი ნანა, ისეთი ფაქიზი და სათუთი ადამიანი იყო, ჩემი ძმა იტყოდა ხოლმე, ხელის ჩამორთმევის მერიდება, არაფერი ვატკინოო. ხელოვნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. პოეზია უყვარდა საოცრად. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, ამასთან ერთად - ხელით გადაწერილი უამრავი ლექსი, რომელიც ზეპირად იცოდა. იოსებ გრიშაშვილმა 1935 წელს მას არაჩვეულებრივი ლექსი მიუძღვნა: ,,ამბობენ რომ ძველად, ბექა ოპიზარმა / ყივჩაღების ბელადს მოხსნა გიშრის ჩარმა / ამოუღო გული, გახსნა გიშრის წყალში / და ქვა ჯადოსნური, ქალს ჩაუდო თვალში. / შენც ისეთი ქვა გაქვს, გიშრისფერად, შავად, / ჯადოებით ქარგავს, ვინც შეგხედავს ავად / მე კი ვერ ვგრძნობ მანან, ჩემში გიშრის ძალებს / და გაუძლებ განა ამდენ ბოროტ თვალებს?!“ ლექსი იდო კონვერტში და ზედ ეწერა „აქ თბილისში, მარტის 5-ში ყურულაშვილს, სოსო გრიშაშვილი“. თითქოს პოეტმა იგრძნო ნანასა და მისი ოჯახის ტრაგიკული ბედისწერა.
ლალისადმი გრიშაშვილის მიძღვნილი ლექსი უფრო ხალისიანია: ,, ჯეირანი შემეკითხა, ამ კიკეთის დედოფალი / ვინ არისო ჩემზე უფრო მკვირცხლი, მარდი? / ერთი კარგი გოგონაა, მას სახელად ჰქვია ლალი / გაივსე და გაიზარდე, გახდი ქვეყნის ნატვრის თვალი / რომ სუყველა შეგხაროდეს ლალი, ლალი, ჩემო ლალი“.
თეატრი ორივე დას ისე ძლიერ უყვარდა, რომ როცა ვახსენებდი, ვთქვათ, 50-იანი წლების რომელიმე სპექტაკლს, მაშინვე დაწვრილებით აღწერდნენ მიზანსცენებს, მსახიობებს, განათებასაც კი... ორივე თეატრით ცხოვრობდა და ცოცხლობდა, ეს იყო მათი სულიერი საზრდო.
სახლი გრიბოედოვზე და ტრადიციები
- სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, თავის დროზე ხათუნა და გიორგი შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. ლალი სახლში გაუჩენია ხათუნას, ლალი ამით ამაყობდა კიდეც. თითქმის 50 წლის შემდეგ ნანა კვლავ აქ გადმოვიდა საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ამ სახლიდან გავასვენეთ ლალიც და ნანაც... ლალი გარდაიცვალა 78 წლის ასაკში, ნანა - 88 წლისა. ლალი ყოველთვის აღნიშნავდა ორ დაბადების დღეს, დედის - 14 იანვარს და საკუთარს - 14 სექტემბერს (წელს 100 წლისა გახდებოდა), ეს იყო ტრადიცია. ხათუნას მეგობრებიდან და ახლობლებიდან მახსოვს სუფრასთან ერთად მჯდომი ვერიკო, სესილია, თინა ჭიჭინაძე (ხათუნას ბიძაშვილი, გურამ ასათიანის დედა)...
აღფრთოვანებული ვიჯექი ამ ადამიანების გარემოცვაში. ისინი ხათუნას იხსენებდნენ, მხიარულად და ხალისიანად. ნანას დაბადების დღეები კი უფრო სევდიანი იყო. მაგონდება სტუმრად მოსული არაჩვეულებრივი ქალბატონები, რომელთა მშობლებმაც ხათუნას ბედი გაიზიარეს, მათ შორის იყო მსახიობ ვანიკო ლაღიძის ქალიშვილი, ქალბატონი ნანული. ის დიდი ტკივილით იხსენებდა წარსულ წლებს და ეს ტკივილი ყოველწლიურად მატულობდა. საერთოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ხათუნა ფიზიკურად ჩვენთან იყო.
ლალი და მე
- ლალი წლების მანძილზე სხვადასხვა მუზეუმში მუშაობდა, ერთხანს - კინოსტუდიაშიც, მიხეილ ჭიაურელთან. ბოლოს რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე იყო. დიდი ამაგი აქვს ჩემზე, მან მომიყვანა იმ თეატრში, რომელიც დღემდე ჩემთვის საკრალური ადგილი და ნამდვილად ტაძარია. უცხო ენების ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ერთ დღეს მე და ლალი ერთად მოვდიოდით. ქუჩაში შემთხვევით ჩვენი ახლობელი შეგვხვდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მოულოდნელად ლალიმ ხელი მომხვია და ამ ნაცნობს ეუბნება: მე ბელას თეატრში წავიყვანო! ეს იყო წარმოუდგენელი რამ, გაოცებულმა შევხედე. სახლში მივედით და ვეკითხები: რატომ თქვი ასე-მეთქი? ვიცი, რომ არ შემარცხვენო... ლალიმ ჩემი გზა მიჩვენა და ამ არჩევანით დღესაც ბედნიერი ვარ.
ლალი წერილებს და სტატიებს აქვეყნებდა არაერთ ჟურნალსა თუ გაზეთში, უმეტესად წერდა ჟურნალისთვის „თეატრი და ცხოვრება“. მან სადიპლომო ნაშრომი უშანგი ჩხეიძეზე გააკეთა, დაწერა მონოგრაფია „გოგი გეგეჭკორი“, წიგნი - „ბაქოს ქართული თეატრი“. დიდი მონოგრაფია ედიშერ მაღალაშვილზე თეატრალურ საზოგადოებას დასაბეჭდად ჩააბარა, მაგრამ დროულად არ დაიბეჭდა. შემდეგ დადგა 90-იანი წლების რთული პერიოდი და ნაშრომი, სამწუხაროდ, დაიკარგა...
ლალის ძალიან უყვარდა თავისი საქმე და თავდადებით ემსახურებოდა. ერთ ამბავს გავიხსენებ: თეატრში ერთი წლის მოსულიც არა ვარ და მუზეუმში დაიწყო რემონტი. ლალიმ და მე ყველა მასალა შევკარით და გადავიტანეთ თეატრის სამეჯლისო დარბაზში. ეს არის უმძიმესი ფიზიკური შრომა იმიტომ, რომ უზარმაზარ ყუთებს მხოლოდ ორი ქალი ვუმკლავდებოდით. არ ვიყავი მიჩვეული ამგვარ შრომას, ლალი კი ამას საოცარი სიმსუბუქით აკეთებდა.
თავს არ ზოგავდა, მიუხედავდ იმისა, რომ ხერხემალზე ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. გაოგნებული ვიყავი მისი ენთუზიაზმით და შემართებით. დაღლის უფლება არ მქონდა და ვერ ვეუბნებოდი, ცოტა დავისვენოთ-მეთქი. რემონტი ორ თვეში დამთავრდა. ყველაფერი მოვაწესრიგეთ, დავაბრუნეთ თავის ადგილზე და ძალიან მალე, ექვს თვეში, რუსთაველის თეატრში დაიწყო დიდი რემონტი. იგივე ამბავი თავიდან გავიმეორეთ და ახლა უკვე ყუთები პროფკავშირების სასახლეში უნდა გადაგვეტანა. დიდ სატვირთო მანქანაზე ვდებდით ყუთებს, მე ვჯდებოდი მძღოლის გვერდით, ლალი ტაქსით მიდიოდა და უკვე ადგილზე მხვდებოდა. მერე ყუთები გადაგვქონდა სასახლის სპორტულ დარბაზში. წარმოიდგინეთ, რამხელა შრომა დაგვჭირდა...
დღემდე მომყვება მისი რჩევა და ყოველი გაცემული მასალის დროს, თითქოს ჩემ ზურგს უკან დგას. ჩვენ ვიღებდით მრავალფეროვან პრესას და თითოეულ სტატიას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი: წარმოდგენებზე რეცენზიები სპექტაკლის საქმეში იდებოდა, მსახიობზე მასალა მის პირად მონაცემებში, წერილები გასტროლების შესახებ - ცალკე და ა.შ. ლალი არ მაძლევდა უფლებას, რომ გაზეთი ვინმესთვის მეთხოვებინა და მეუბნებოდა: აქედან გასული გაზეთი უკვე დაკარგულია, აქ უნდა წაიკითხონო. კიდევ მეტყოდა ხოლმე: მსახიობის ტროლეიბუსის და ავტობუსის ბილეთიც რომ ჩაგივარდეს ხელში, ისიც კი უნდა შეინახოო. ლალი ხანდახან მიბრაზდებოდა კიდეც, მაგრამ როცა ის ხელებს მომხვევდა და ჩამიკრავდა, მაშინვე ვრიგდებოდით. სულ ვგრძნობდი მის სიყვარულს და მეც ძალიან მიყვარდა.
და ბოლოს...
- ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლები ამ ოჯახს უკავშირდება, ლალის და ნანას, ჩვენს შეკრებებს, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთპატივისცემას... ერთმანეთის თანადგომით 90-იანების რთული პერიოდი ჩვენმა ოჯახებმა ერთად გადავიტანეთ. დღეს გვაქვს ურთიერთობა იმერეთში მცხოვრებ კახიძეებთან. თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვაში ცხოვრობს ქეთევან კახიძის ძმის შთამომავლობა. თითქმის ყოველ წელს ჩავდივართ მათთან, ვეხმიანებით ტელეფონით. ხათუნა ჭიჭინაძეს თავისი თანატოლი დეიდა ჰყავდა - ნადია კახიძე. ვაგრძელებთ ურთიერთობას მის შვილიშვილთან, ნადია უზნაძესთან. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ხათუნას, ლალის, ნანას დაბადების თუ გარდაცვალების დღეებს. მიხარია, რომ ეს კავშირები არ იკარგება. იმედია, ჩვენი შემდეგი თაობაც გააგრძელებს ამ საუკუნოვან ტრადიციას.
მადლიერი ვარ მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია), მისი მონდომებით და ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ერთ პატარა ქუჩას რეპრესირებული მსახიობის, ხათუნა ჭიჭინაძის სახელი ეწოდა.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)