"თუ ნეგატივს ჩავყვებით, მორევივით ჩაგვითრევს. ვაი-ვიში, უსაფუძვლო შიშების აყოლა არაფერს მოგვცემს. მადლიერების განცდა უნდა გაგვაჩნდეს იმის მიმართ, რაც - კვირის პალიტრა

"თუ ნეგატივს ჩავყვებით, მორევივით ჩაგვითრევს. ვაი-ვიში, უსაფუძვლო შიშების აყოლა არაფერს მოგვცემს. მადლიერების განცდა უნდა გაგვაჩნდეს იმის მიმართ, რაც გვაქვს" - როგორ უმკლავდება თათა გიორგობიანი უარყოფით განცდებს და ემოციებს

"ჩემი ძირითადი პროფესია ფსიქოლოგიაა - ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს"

ღიმილიანი, მომხიბვლელი თათა გიორგობიანი ხალხმა ტელეეკრანიდან გაიცნო. თუმცა ყველამ როდი იცის, რომ თათა პროფესიით მომღერალი კი არა, ფსიქოლოგია. ეს არის მისი საყვარელი საქმე, რომელსაც მთელი გულით ემსახურება. თათა გიორგობიანი სწორედ თავის საქმიანობაზე გვესაუბრება.

- თათა, შვებულებების სეზონი დასრულდა. თქვენ სად დაისვენეთ ზაფხულში?

- მთელი ზაფხული სამუშაო რეჟიმში გავატარე: კონცერტები მქონდა და თან - ვსწავლობდი. ამიტომ, ხანგრძლივი შვებულება არ მქონია და თითქმის არ დამისვენია. მხოლოდ რამდენიმე დღით მოვასწარი მაღალმთიანი საქართველოს ნახვა: მეუღლესთან და ჩემს მეგობრებთან ერთად სვანეთი და თუშეთი მოვინახულე. იქიდან საუკეთესო შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, საოცარი ადგილები ვნახე და ძალიან ვინანე, რომ ამ სამოთხეში ადრე არ ვყოფილვარ.

9da55796-2312-49c3-aef9-aa847d293fb0-1758870805.jpg

- საქართველოს რომელი მხარე მოგწონთ განსაკუთრებით?

- საქართველოს თითოეული კუთხე ჩემთვის ძვირფასია, ყველას უნიკალური სამზარეულო და განსხვავებული ტრადიციები აქვს, რაც მთავარია, ყველა კუთხეში ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და ღირსეული ხალხი ცხოვრობს. ცხადია, სხვა ქვეყნებიც მაინტერესებს და მოგზაურობაც მიყვარს.

- ყველაზე სასიამოვნო, შთამბეჭდავი მოგონებები რომელი ქვეყნიდან ჩამოგყვათ?

- როგორც ვთქვი, საქართველოს არც ერთი სხვა ქვეყანა არ მირჩევნია, მაგრამ იტალია ჩემთვის მაინც განსაკუთრებული ქვეყანაა: ძალიან მომწონს იტალიელები და ვეთანხმები აზრს, რომ ერთმანეთს ხასიათითაც ვგავართ და სტუმართმოყვარეობითაც. იტალიაში ყოფნისას ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი. მომწონს, რომ ეს უძველესი კულტურის ქვეყანაა, მომწონს იტალიელი მწერლები, კომპოზიტორები, დიზაინერები... სამწუხაროა, რომ იტალიის ყველა ქალაქში არ ვარ ნამყოფი. უნდა ვაღიარო, რომ იტალიასთან ერთად, მთელ მსოფლიოს დიდი სიამოვნებით მოვივლიდი.

- შემოდგომის წვიმიანი დღეები უამრავ ადამიანს ხასიათს უფუჭებს. თქვენზე როგორ მოქმედებს თბილი სეზონის დასრულება?

- გამოგიტყდებით: შემოდგომაც და ზამთარიც - ორივე ჩემი საყვარელი სეზონია. ბავშვობიდან ორივე მომწონდა, ამიტომ, ზაფხულის გასვლა არასდროს მწყინდა. ამ სეზონზე ჩემთვის უფრო მყუდრო და სასიამოვნო გარემო იქმნება, რის გამოც, შემოდგომა ჩემთვის საყვარელი დროა. მესმის, რომ ზაფხულის დასრულება ძალიან ბევრ ადამიანზე ცუდად მოქმედებს, რადგან სინათლის გავლენა თანდათან მცირდება, ეს კი, მელატონინის და სეროტონინის დონეს ამცირებს, რის გამოც, ადამიანს განწყობა უნებლიეთ ეცვლება. გაზაფხულსა და ზაფხულში მეტი სინათლეა, მეტი D ვიტამინია და ადამიანს ენერგიაც მეტი აქვს.

კარგია, რომ ჩემი რეჟიმი მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, შეგუებული ვარ, რომ ზამთარ-ზაფხულ საქმიან რეჟიმში უნდა ვიყო, თანაც, მუდმივად ვაკონტროლებ, რომ სწორი, სეზონის შესაბამისი ვიტამინები მივიღო. ენერგიის შენარჩუნებაში ფიზიკური ვარჯიში და აქტიურობაც მეხმარება.

b898b51c-daca-4246-8c01-ea7723b62bac-1758870871.jpg

- ყოველთვის კარგად გამოიყურებით... ფორმის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ?

- არ ვიცი, კარგად გამოვიყურები თუ არა, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს, მაგრამ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვაა.

ადამიანმა უნდა ივარჯიშოს იმისათვის, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნოს და -მენტალურზეც: ფიზიკური დატვირთვა კარგია შფოთვების დროს, ის ცენტრალურ-ნერვულ სისტემას ძალიან ამშვიდებს და თუ ადამიანს რაიმე ნეგატივი, აგრესია და უარყოფითი ემოცია აქვს დაგროვილი, ყველაფერს ანეიტრალებს. შეიძლება ადამიანს ცუდი აზრები და სევდიანი განწყობა მოერიოს, მაგრამ თავს თუ დააძალებს და სისტემატურად ივარჯიშებს, ბედნიერების ჰორმონები მის ორგანიზმში თავისთავად გამოიყოფა. შედეგად, იგი კარგ ფიზიკურ ფორმაშიც იქნება და სულიერი მდგომარეობაც დადებითისკენ შეეცვლება.

- რას ურჩევთ დეპრესიულ ადამიანებს, რომლებსაც მარტო ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ვერ შველის?

- მათ ხშირად ვახსენებ, რომ ჩვენი განწყობა დამოკიდებულია იმაზე, მოვლენებს როგორ ვაფასებთ. თუ ნეგატივს ჩავყვებით, ის მორევივით ჩაგვითრევს. ვაი-ვიში, უსაფუძვლო შიშების აყოლა და გონებაში ტრიალი არაფერს მოგვცემს. პირიქით, ჩვენი გონება პრობლემის მოგვარებისკენ უნდა მივმართოთ.

ჩვენ, ფსიქოლოგები, ხშირად ვიმეორებთ: იმაზე ნერვიულობა არ ღირს, რასაც ვერ შევცვლით. ასევე, არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რისი შეცვლაც შეგვიძლია, რადგან ის, რაც ცუდ ხასიათზე გვაყენებს, უნდა შევცვალოთ. როცა ასეთ განწყობას იქმნი, მერე უკვე გონებაც გეხმარება და ცდილობს, პრობლემის მოგვარების გზები დასახოს.

ბუნებრივია, ადამიანი ყოველთვის ერთნაირ ხასიათზე ვერ იქნება, მაგრამ უიმედო, სევდიანი განწყობის დიდხანს შენარჩუნება არ ღირს. აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამგვარი განწყობიდან და

მადლიერების განცდა გაგვაჩნდეს იმისადმი, რაც გვაქვს: ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, გარეგნობა, საყვარელი ადამიანების გარემოცვა და ის, რომ კიდევ ერთი ახალი დღე გაგვითენდა - დღე, სავსე ახალი იმედით და შესაძლებლობით.

ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი ხომ საჩუქარია და როცა ამ ყველაფრის დაფასებას ვისწავლით, ბედნიერების განცდა თავისთავად დადგება. თუ თითოეული საათის, წუთის და წამის დაფასებას ვისწავლით, სამყარო უფრო მეტ კარგ, სასიხარულო მოვლენას გამოგვიგზავნის.

- თათა, რას აკეთებთ, როცა ცუდად გექცევიან ან თქვენ მიმართ ცუდ დამოკიდებულებას იგრძნობთ?

- ფსიქოლოგიც ადამიანია და ცუდი კომენტარები, ცუდი მიმართვა მასზეც მოქმედებს, უბრალოდ, ის უფრო კარგად ახერხებს საკუთარი ემოციების გაცნობიერებას და შეკავებას.

მეც, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგი ან მომღერალი ვარ, პირველ რიგში, ადამიანი ვარ და დაუმსახურებელი ქილიკი ან კრიტიკა მეც მწყინს. სრული უფლება მაქვს, ყველას, ვინც უსამართლოდ მომექცევა, საკადრისი პასუხი გავცე, ოღონდ - კორექტულად. საზოგადოების მოლოდინი, რომ შენ ფსიქოლოგი ხარ და არ უნდა გაბრაზდე, არასწორია,

რადგან ფსიქოლოგობა სოციალური როლია და ადამიანი ყოველთვის ამ როლში არ არის. რაც შეეხება სწორ, გონივრულ კრიტიკას, პირიქით, ძალიან დიდი ყურადღებით ვისმენ, ვკითხულობ და ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო, მაგრამ თუ ადამიანი ცდილობს დამამციროს, მის კომენტარს ყურადღებასაც არ მივაქცევ.

- და ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები ფსიქოლოგიას უკავშირდება თუ ტელევიზიას?

- სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი ვარ და ეს პროფესია ძალიან მომწონს. უკვე კლიენტებიც მყავს, ლექცია-ტრენინგებსაც ვატარებ და ახლა თერაპიასაც ვსწავლობ. ამავე დროს, ტელევიზიაშიც განვაგრძობ საქმიანობას. გადაცემა, რომელშიც ვმონაწილეობ, მოგეხსენებათ, იუმორისტულია. ჩვენი გუნდი ცდილობს, თავისი საქმე მთელი გულით აკეთოს. თითოეული ჩვენგანი ქმნის ამ გუნდის უნიკალურობას და ეს გადაცემა ჩვენი ერთობლივი პროდუქტია. კარგი იუმორი, კარგი მუსიკა ყველა დროში საჭიროა, მით უმეტეს, ჩვენს დაძაბულ დროში. ეს საუკეთესო მეთოდია, რომ ადამიანმა ნეგატივს თავი დააღწიოს და ყურადღება დადებითზე გადაიტანოს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ძალიან მიყვარს, ეს მაინც ჩემი ჰობია, ჩემი მთავარი პროფესია ფსიქოლოგიაა. ფსიქოლოგიას ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)