სენსაციური პროგნოზი: "საქართველოში ვბახავთ ამერიკისა და ჩინეთის ალიანსს რუსეთის წინააღმდეგ" - მირიან მირიანაშვილი საფრთხეებზე და ისტორიული პარადოქსზე - კვირის პალიტრა

სენსაციური პროგნოზი: "საქართველოში ვნახავთ ამერიკისა და ჩინეთის ალიანსს რუსეთის წინააღმდეგ" - მირიან მირიანაშვილი საფრთხეებზე და ისტორიულ პარადოქსზე

„ექსტრემისტული დაჯგუფებების, პოლარიზაციისა და ბოროტების პირველი წამხალისებლები... ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ვხედავთ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან. მათი ქმედებები და განცხადებები ყველანაირ დიპლომატიას სცდება,“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაიბარეს. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ დიპლომატების ნაწილს ვენის კონვენციის პრინციპების „უხეშ დარღვევაში“ ადანაშაულებს. თავად ელჩები ამ ბრალდებებს გადაჭრით უარყოფენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი „კატეგორიულად დაგმო“ საქართველოს საგარეო უწყებაში მათი ელჩის დაბარება. ამ და სხვა თემებზე ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება:

- რაიმე კონკრეტული კონტექსტის მოძებნა რთულია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ როგორც ერთ დროს ამერიკის ელჩისადმი, ასევე, დღეს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებისადმი პრეტენზიები ძალიან ეკლექტურია. ამა თუ იმ ფორმით, ისინი შეიძლება ქვეყნის საშინაო საქმეებში ერეოდნენ, მაგრამ თუ ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ ( და ეს სწრაფვა სახელმწიფოს დონეზეა დეკლარირებული, მათ შორის - „ქართული ოცნების“ მიერაც), მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში, საერთო სახლში, სერიოზულად განიხილავენ ჩვენს საშინაო პოლიტიკას, ისევე, როგორც ნებისმიერი წევრი ქვეყნისას. ეს ისეთი დირექტიული განკითხვა ნამდვილად არ არის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ შეუძლებელია, იყო ერთიანი ევროპული სახლის წევრი და მოითხოვო, რომ შენს შიდაპოლიტიკაში არავინ ჩაერიოს. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მშვენივრად იცის, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ დამოუკიდებელი ხედვა არ გააჩნიათ, ელჩებთან და სახელმწიფოებთან მიმართებით.

- რას გულისხმობთ?

- თუ დავაკვირდებით, რომელ ქვეყანასაც რუსეთთან ბოლო პერიოდში უფრო მწვავე დაპირისპირება აქვს, „ქართულ ოცნებასაც“ სწორედ იმ ქვეყნის ხელისუფლებასა და საელჩოსთან უყალიბდება ნეგატიური დამოკიდებულება. ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავარი ოპონენტი დასავლეთში ამერიკა იყო და „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულად კრიტიკული იყო ამერიკის ელჩის მიმართ. დღეს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ეს როლი გერმანიამ და ჩრდილოეთ ევროპამ იტვირთეს, განსაკუთრებით, უკრაინის მხარდაჭერის გამო. შესაბამისად, რუსეთს მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიის პოლიტიკური ელიტა ჰყავს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაშიც იკვეთება იგივე სინქრონულობა - პოლიტიკური სიმპათიები ხშირად ემთხვევა რუსეთის სიმპათიებს. ეს დასავლეთში, პირველ რიგში კი - ევროპაში, ძალიან მკაფიოდ აღიქმება.

- როგორ გგონიათ, რატომ არ მიიწვია მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, რომელსაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოს გენერალურ მდივანთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ?

- ჩვენ ტოტალურ იგნორში ვართ. თუ გადავხედავთ იმ სახელმწიფოების პოლიტიკურ დამოკიდებულებას, ვინც დღეს მსოფლიო პოლიტიკას აყალიბებს - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ჩინეთი - დავინახავთ, რომ მათი დიპლომატიის დამოკიდებულება საქართველოსთან არის კატალიზატორი იმ იზოლაციის, რაც დღეს გვაქვს. ეს იგნორირება დემონსტრატიულად ხდება, და ეს ერთგვარ გაუგებრობაში აგდებს როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ასევე - ჩვენს რეგიონულ გარემოს.

- რა საფრთხის წინაშე აყენებს ეს ქვეყანას, თუნდაც რეგიონის მასშტაბით?

- ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე გვაყენებს. რა უნდა იფიქროს, მაგალითად, თურქეთის პოლიტიკურმა ელიტამ, როცა ხედავს, რომ საქართველო იზოლირებული ქვეყანაა, რომელსაც „პოლიტიკური კრიშა“ არ ჰყავს? ასეთ პირობებში უფრო ადვილად გაუჩნდებათ მეზობლებს სხვადასხვა პრეტენზია.

საინტერესოა ისიც, რომ რუსეთი ღიად პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. ამერიკელებთან საუბარში ხშირად ამბობენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის უკან ისინი არ დგანან. ეს ძალიან ირონიული დამოკიდებულებაა. ფაქტობრივად, მივიღეთ უნიკალური ისტორიული პარადოქსი: სატელიტი (საქართველო) თვითონ იბრძვის იმისთვის, რომ მასზე დომინანტი ძალა რუსეთი გახდეს. ისტორიაში ყოველთვის პირიქით იყო - მეტროპოლი იბრძოდა, რომ სატელიტი დაემორჩილებინა.

ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველოს რეალური საფრთხე ემუქრება, არის ორი გამოსავალი და მხოლოდ ეს დაგვიცავს..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: შიდა კრიზისში არეული გეოპოლიტიკური მანევრები

ქართული პოლიტიკური "ანომალია": "ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ამით ხელისუფლებას აძლიერებენ" - ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი: რა მოხდება 4 ოქტომბერს?!

4 ოქტომბრის სცენარი ანუ ვინ უშვებს საბედისწერო შეცდომას?! - ირაკლი მელაშვილის პროგნოზი: რევოლუციურ პროცესებს სჭირდება ლიდერები, ბელადები და ასეთებს ვერ ვხედავ პოლიტიკაში"

"დღეს საქართველოში ძალიან სახიფათო პროცესი მიდის..." - ვიქტორ ყიფიანის სკანდალური პროგნოზი: რა გარიგებისთვის ემზადებიან დიდი სახელმწიფოები და სად იქნება ჩვენი ქვეყნის ადგილი?!

- თქვენი აზრით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვაშინგტონი საქართველოს მიმართ, ამ მოცემულობის გათვალისწინებით?

- ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: 9 თვეა, რაც ტრამპი ხელისუფლებაშია და ამ პერიოდში საქართველოს „რუსეთისთვის გადაცემა“ არ მომხდარა. თუ ეს ნაბიჯი ამდენი ხნის განმავლობაში არ გადადგეს, რა ლოგიკით უნდა გადადგას შემდეგ თვეებში? მთავარია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურები, მათ შორის მარკო რუბიო და მისი გარემოცვა მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველოს რუსეთის სატელიტად გადაქცევას ამერიკა არ დაუშვებს. ამიტომ იმის მოლოდინი, რომ ტრამპი „გადაიფიქრებს“ და საქართველოს სხვაგვარად მოექცევა, აბსურდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ზოგიერთი ფიგურა ფუჭ იმედზეა, თითქოს ამერიკა საბოლოოდ მიგვაბარებს რუსეთს და ამით ევროპასთან დავასაც დაასრულებს. მაგრამ რეალობაში ეს ნაბიჯი არც შინაარსობრივადაა შესაძლებელი და არც ამერიკული პოლიტიკის ლოგიკას შეესაბამება.

- შეიძლება თუ არა, რომ საქართველოს გარშემო ამერიკისა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაში მოვიდეს?

- ტენდენციების ანალიზი ერთია, მაგრამ ფაქტები - მეორე. ახლახან ირანმა ჩინეთს შესთავაზა ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტი: აზერბაიჯანისა და ზანგეზურის ნაცვლად - ირანისა და საქართველოს გავლით. მაგრამ ჩინეთმა მკაფიოდ უთხრა: სანამ საქართველოში რუსეთი დგას, ამ ვარიანტს ვერ დავუჭერთ მხარსო. ანუ რა გამოდის? ჩინეთს სჭირდება ევროპასთან კომუნიკაცია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ არ იყოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ზანგეზურზე გადავა, თუმცა ჩინეთს თურქეთის როლის ზრდა არ აწყობს. სწორედ ამიტომ, საქართველოს „დახსნა“ რუსეთისგან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი პროგნოზია, რომ უახლოეს პერიოდში ვნახავთ ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ერთგვარ ალიანსს საქართველოში - რუსეთის წინააღმდეგ.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)