"პუტინის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამერიკა ერთ კვირაში დაიპყრობდა უკრაინას" - ტრამპის მორიგი "მარგალიტი" ანუ ვინ გაიმარჯვებდა სინამდვილეში ამერიკა-უკრ - კვირის პალიტრა

"პუტინის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ამერიკა ერთ კვირაში დაიპყრობდა უკრაინას" - ტრამპის მორიგი "მარგალიტი" ანუ ვინ გაიმარჯვებდა სინამდვილეში ამერიკა-უკრაინის ომის შემთხვევაში?

პუტინის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ამერიკა ერთ კვირაში დაიპყრობდა უკრაინას - ტრამპის თავის მოტყუება...

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა Fox News-ის პირდაპირ სატელევიზიო ინტერვიუში მორიგი ისეთი „მარგალიტები“ გადმოაფრქვია, რომ...

„ეს უკრაინული ჯარები დამთავრდებოდნენ, ეს რომ ჩემი ომი ყოფილიყო, ჩვენ - ამერიკა ერთ კვირაში გავიმარჯვებდით,“-განუცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს...

რამდენად ახლოსაა რეალობასთან აშშ-ის პრეზიდენტის ეს მტკიცებულება?

პირველი - აშშ-ის სამხედრო მანქანა, ბირთვული შეიარაღების გარეშეც, რა თქმა უნდა, ფლობს უდიდეს საბრძოლო პოტენციალს და მისი პირველი ქმედება „აშშ-უკრაინის“ ჰიპოტეტურ ომში იქნებოდა სრული საჰაერო გაბატონება უკრაინის საჰაერო სივრცეში, რისი მცდელობაც, ასევე, ჰქონდა პუტინის საოკუპაციო არმიასაც, უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებისა და კვირების განმავლობაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამაზე უარი თქვა გაზრდილი საბრძოლო დანაკარგების გამო - უკრაინელმა მეზენიტეებმა საბჭოთა დროიდან შემორჩენილი და დასავლეთის მიერ მიწოდებული საზენიტო რაკეტებით აიძულეს რუსეთი, რომ უკრაინის ციდან თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოეცილებინა. რუსული საბრძოლო ავიაცია შორი მანძილიდან, ისე, რომ არ შევიდეს უკრაინული საზენიტო საშუალებების მოქმედების ზონაში, კაბრირების რეჟიმში უშვებს უმართავ რაკეტებს (რომელთა მიზანში მოხვედრის სიზუსტე მინიმალურია) და აგდებს პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილ მსხვრევად-ფუგასურ ბომბებს (GPS-ით მართვადი ამ რუსული ბომბების მიზანზე დაცემის სიზუსტე მაღალია).

მოელოდა თუ არა იგივე ამერიკულ საბრძოლო ავიაციას უკრაინის ცაში? მეტ-ნაკლებად, დიახ - პირველ რიგში კი, ამერიკულ „აპაჩებსა“ და „ტანდერბოლტებს“, თუმცა ამერიკელებს, რუსებისგან განსხვავებით, ბევრად მეტი „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის მართვადი რაკეტები და ბომბები აქვთ, რაც პენტაგონის მოქმედებებს უფრო შედეგიანს გახდიდა.

მეორე - მოწინააღმდეგის ტერიტორიის თავზე ჰაერში გაბატონება უდიდეს წარმატებას წარმოადგენს ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებების დროს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომის სრულ მოგებას...

აშშ-ის მიერ 21-ე საუკუნეში წარმოებული ავღანეთისა და ერაყის ომებში, პენტაგონმა მართალია თავიდანვე შეძლო ჰაერში გაბატონება, მაგრამ ხმელეთზე სრულ კონტროლს მაინც ვერ მიაღწია და ეს ხდებოდა ნახევრადპარტიზანულ ომებში, სადაც ავღანელი თალიბები ამერიკულ ტანკებს მხოლოდ „კალაშნიკოვებითა“ და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით თუ უპირისპირდებოდნენ მაშინ, როდესაც უკრაინის რეგულარული არმიის რიცხოვნობა ომის მესამე წელს ერთ მილიონს მიუახლოვდა და ის იყენებს ბირთვულის გარდა, თითქმის ყველა სახეობის შეიარაღებას.

ასევე დაგაინტერესებთ: რა მნიშვნელობა აქვს მორიგი რუსული "იხვნისკარტას" ჩამოგდებას...

დანიურ F-35-ებს თავზე ანთებული ციმციმებით გადაუფრინეს - ნეტავ, ვინ დასცინის ნატოს ასე მწარედ?!

დანია, ნორვეგია და შვედეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებიდან აფრენილმა დრონებმა ააფორიაქეს?

ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო ანუ უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია - პუტინს „ისკანდერებიც“ აუფეთქეს

მესამე - ტრამპს მხედველობიდან რჩება ის უმთავრესი ფაქტორი, რომ უკრაინა ევროპაში მთლიანად მდებარე ქვეყნებს შორის უდიდესია და, შესაბამისად, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს იმის „ფუფუნების“ უფლება, რომ საჯარისო დაჯგუფებების ოპერატიული მანევრირება და უკანდახევები ისე განახორციელოს, რომ არ ჩამოეშალოს ფრონტის ხაზი. სწორედ ესეც არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პუტინს ყელში გაეჩხირა უკრაინის უზარმაზარი ტერიტორია და 1 310-დღიანი ბრძოლებისა და ამხელა დანაკარგების მიუხედავად, უკრაინის 20 %-ზე მეტი ვერ დაიპყრო, თანაც - აქედან ყირიმის ნახევარკუნძულს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს ისედაც აკონტროლებდა, 2014 წლიდან მოყოლებული.

მეოთხე და უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც ტრამპი უკრაინასთან ჰიპოტეტურ ომში იმის დაპყრობასაც კი ვერ შეძლებდა, რაც პუტინმა შეძლო - რუსეთი ისტორიულად იბრძვის იმ სტრატეგიითა და ტაქტიკით, რაც ნორმალური ქვეყნის ხელისუფლებისთვის და მოსახლეობისთვის სრულიად მიუღებელია ანუ Задавим числом! Мы за ценой не постоим ! Война всё спишет! Бабы ещё нарожают!...

განა ამერიკელ სამხედროებს შეუძლიათ ისე შეტევაზე გადასვლა, როგორც ამას უკრაინის ფრონტზე რუს ჯარისკაცებს აიძულებენ მათი მეთაურები, როდესაც ნათელია რომ იერიში ჩაიფუშება და ყველა დაიღუპება?

ვიეტნამის ომიდან მოყოლებული, ერაყშიც და ავღანეთშიც, როგორც კი ერთი-ორი „კალაშნიკოვიდან“ ცეცხლს გაუხსნიდნენ ამერიკულ ოცეულს და ასეულსაც კი, ისინი დასახმარებლად სასწრაფოდ... სტრატეგიულ ბომბდამშენებსაც კი იძახებდნენ (ჩემს თავზეც გამომიცდია - როდესაც „ჰამვების“ ჩვენი, ქართულ-ამერიკული კოლონის პირველი ჯავშანმანქანა ერაყის ერთ-ერთ გზაზე „აიდ“-ით აგვიფეთქეს და ჩვენი დარდი გვქონდა, გზაზე გაჩხერილ კოლონაზე ერაყელებს ორივე მხრიდან არ დაეცხოთ, ჩვენთან მყოფ ამერიკელ ოფიცრებს, თურმე, საჰაერო დახმარება გამოუძახებიათ და ამერიკულმა F-16-მა მოულოდნელად დიდი სიჩქარით ზედ თავზე ისე დაბლა გადაგვიფრინა, რომ აფეთქებაზე უფრო მეტად დაგვაფეთა...).

რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი და დროში გაწელილი ეს საშინელი ომი იმაზე მეტყველებს, რომ რუსი დამპყრობლების ურდოებს ასეთი მედგარი წინააღმდეგობა შეიძლება, ისევ სლავებმა თუ გაუწიონ -უკრაინელებმა და, ალბათ, პოლონელებმაც, რომლებსაც ახსოვთ რუსეთთან დაკავშირებული მძიმე ისტორიები. ვერც ჩეხები, ვერც რუმინელები და მით უმეტეს - დასავლეთ ევროპის ქვეყნების დღევანდელი არმიები ვერ შეძლებენ ისე თავგანწირვით ბრძოლას პუტინის დამპყრობელ არმიასთან, როგორც ამას მეოთხე წელია, უკრაინელები აკეთებენ და ეს ასევე ეხება ტრამპის ამერიკულ ჯარსაც...