"ამ ხელისუფლებას შეიძლება მხოლოდ წაართვა" - კვირის პალიტრა

"ამ ხელისუფლებას შეიძლება მხოლოდ წაართვა"

"ნორმალური ადამიანის გონება ვერ წარმოიდგენს იმას, რისი გაკეთებაც ამათ შეუძლიათ. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ეს ხელისუფლება არ იკადრებს", _ გვითხრა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა:

 

- არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს. ხელისუფლებას უკვე გაფორმებული აქვს თავისი მოგება. ამაზე სამი წელია ვლაპარაკობ.

- სამი წლის წინ ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში.

- მართალია, ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ გაჩნდა შანსი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლისა, მაგრამ სწორედ ამიტომ გააუარესა ხელისუფლებამ საარჩევნო გარემო. ის პირები, ვინც დღეს ივანიშვილის გვერდით არიან, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ამბობდნენ, საარჩევნო გარემოს გავაუმჯობესებთო, Dმაგრამ დღეს იძულებული არიან, დაეთანხმონ იმას, რასაც ადრე ვამბობდი (ეს არ ეხება ივანიშვილს, მაშინ ის არ იყო პოლიტიკაში). ამ პარტიებმა შეიძლება დღეს იგრძნეს ეს წნეხი, ჩვენ კი ამ წნეხს პარტიის დაარსების პირველივე Dდღიდან ვგრძნობდით, როდესაც მოგვიგონეს შეიარაღებული გადატრიალება, რუსული უკანონო ფულის გათეთრება, გვდევნიდნენ და გვავიწროებდნენ. თანავუგრძნობ ყველას, ვისაც ასე უსინდისოდ მოექცა ხელისუფლება, ვისაც ატერორებენ და ვისაც ბინები გაუყიდეს. ეს ყველაფერი ჩვენ მრავალგზის გადავიტანეთ. შეუძლებელია ასეთ გარემოში არჩევნების ჩატარება-მეთქი იმიტომ კი არ ვამბობდით, რომ ქუჩაში დგომა გვიხაროდა, იმიტომ ვამბობდით, რომ გადატანილი გვქონდა ეს ყველაფერი. ვიცოდით, დადგებოდა რეალობა, როდესაც ივანიშვილი განაცხადებდა, ამ გარემოში არჩევნებს აზრი არა აქვსო.

- ივანიშვილმა განაცხადა, თუ ჩვენი 6 მოთხოვნა არ შესრულდება, არჩევნების შედეგებს არ ვცნობო...

- ხელისუფლება არ დაუშვებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას იმიტომ, რომ წააგებს და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც წააგებს არჩევნებს, წავა და სხვა საქმით დაკავდება, რადგან მათი უმეტესობა ქუჩაში დაცვის გარეშე ვერ გაივლის. ხელისუფლების მმართველ  გუნდში არიან პირები, რომლებიც ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს, განსასჯელის სკამზე უნდა დასხდნენ. ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არა აქვს და ყველაფერს გააკეთებს დასარჩენად (ეს არ ეხება ყველას, ვინც დღეს სახელმწიფო სამსახურშია). სააკაშვილმა ხომ განაცხადა, მეტი საქმე არა მაქვს, ჩემი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთო. ამით თქვა, არ მაინტერესებს არც ხალხის აზრი, არც არჩევნები, არც კანონი, მე გადავწყვეტ, ვის გადავაბარო და როდის ხელისუფლებაო. ეს განცხადება იმპიჩმენტის საფუძველია, რადგან ხელისუფლების უზურპაციის დამადასტურებელი მაგალითია. როდესაც პოლიტიზებულია სასამართლო, ცესკო, პოლიციის უმეტესობა და სპეცდანიშნულების რაზმების ნაწილი, რომელთაც ბნელი საქმეებისთვის იყენებენ, მედია და ბიზნესი არ არის თავისუფალი, ივანიშვილს საკუთარ ფულს არ ახარჯვინებენ, რომელ არჩევნებზე შეიძლება ლაპარაკი?

ამომრჩეველთა ასეთი სიები წარმოუდგენელია, 3 მლნ 600 ათასი ამომრჩეველი საქართველოში არ ყოფილა მაშინაც, როდესაც საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო, როდესაც არ გვყავდა მილიონობით თანამემამულე გასული საზღვარგარეთ. ხელისუფლებას ამ მანიპულაციით მილიონი ხმა უკვე ჯიბეში უდევს.

ხალხის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც გამოდის ივანიშვილის აქციებზე, უნდა გამოყენებულიყო ხელისუფლებაზე წნეხისათვის. თუნდაც იმისათვის, რომ მოგვეთხოვა 50%-იანი ბარიერი მაჟორიტარებისათვის... არ მინდა ჩემი განცხადებები ვინმემ ისე გაიგოს, რომ არჩევნების წინ ნიჰილიზმს ვთესავ, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და არ მისცეს ხელისუფლებას ხმებით მანიპულირების შესაძლებლობა. მიუხედავად ჩემი სკეპტიციზმისა, მოვუწოდებ ყველას, მივიდნენ არჩევნებზე. ამის მერე უფრო იოლი იქნება საკუთარი პოზიციის დასაცავად ბრძოლა.

ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ნებით რამეს დათმობს. ამ ხელისუფლებას შეიძლება მხოლოდ წაართვა.

- როდესაც ივანიშვილი შეგხვდათ, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ივანიშვილმა ამით აჩვენა, რომ იზიარებს ბრძოლის თქვენეულ გზას, ანუ ქუჩაში გამოსვლებს.

- ჩემს შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა ჰქონია ბატონ ვეფხვაძეს. ივანიშვილი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ვინმესთან ერთი საუბრით რადიკალურად შეიცვლის შეხედულებებს. ჩვენ საინტერესო, გულწრფელი საუბარი გვქონდა. ვუთხარი ყველაფერი, რაც უნდა სცოდნოდა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ შოკის მომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეთ.

- მოვუყევი ერთი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილმა მითხრა, თუ პარტიას შექმნი და ხელისუფლებაში ჩემს ყოფნას საფრთხეს შეუქმნი, აფხაზეთში საომარ მოქმედებებს დავიწყებო. Aამაზე ხმა არავის ამოუღია ოპოზიციაში. მხოლოდ ივანიშვილისთვის აღმოჩნდა შოკის მომგვრელი.

- ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე რას იტყვით?

- მას შემდეგ, რაც საზღვრის დაცვიდან ჩემი მეუღლე წამოვიდა, არაერთხელ გვსმენია ხელისუფლებისგან, რომ საზღვარს ისე ვიცავთ, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო. თუ ასეა, როგორ შემოვიდა საქართველოში 17 შეიარაღებული პირი? მაეჭვებს ის, რასაც ტელევიზიით ვისმენ ბოლო დღეებში. მხოლოდ ერთს ვიტყვი, - ხელისუფლებას ყველაფრის კადრება შეუძლია და მათ შორის ამ ტიპის ოპერაციის გათამაშებაც. შეიძლება ნებისმიერი მოქმედება გამოიყენოს წინასაარჩევნოდ ქულების მოსაპოვებლად. რატომ დაუტკბნენ ამ ვითარებაში ასე რუსეთს? წარმოგიდგენიათ, სხვა შემთხვევაში რამხელა ამბავი ატყდებოდა, რუსებმა საქართველოში "ბოევიკები" შემოუშვესო. ასეთი არეულობა და ოპერაცია ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რათა ქულები ჩაიწეროს, აი, რა ძლიერი ვარ, შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება გავანადგურეო. ამით მსოფლიოს უთხრა, რომ ტერორიზმს ებრძვის, ჩვენს ხალხს კი აჩვენა, მაგარი ვარო. ხელისუფლება მაგარი მაშინ იქნებოდა, თუ ასეთ ოპერაციას თავიდან აიცილებდა.

- ითქვა, რომ ივანიშვილთან თანამშრომლობაზე ისაუბრეთ.

- სამარცხვინო იყო "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" სიუჟეტები, ივანიშვილმა ბურჯანაძეს საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზაო, როდესაც ამ განცხადებას წინ უსწრებდა ივანიშვილის განმარტება, თანამდებობებზე არ გვისაუბრია და არც მიფიქრია, ბურჯანაძისთვის რა უნდა შემეთავაზებინაო. არ გამოვრიცხავ მომავალში თანამშრომლობას, ვინაიდან ქვეყანაში სწორედ ისეთ რეალობას უნდა მივაღწიოთ, როცა პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.

- თუ 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ხალხს სთხოვს ხმების დასაცავად გამოსვლას, თქვენ რას იზამთ?

- მე და ჩემი პარტია ხალხის გვერდით ვიქნებით. Dჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უმტკივნეულოდ შევძლოთ ამ მახინჯი ხელისუფლების მოშორება. ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, ბიძინა ივანიშვილი თავისი პარტიითაც მოუგებდა ხელისუფლებას. ივანიშვილი ამ არჩევნებზე 2/3-ს მართლაც აიღებს, მაგრამ არ არსებობს იმის შანსი, რომ ხელისუფლებამ მისი გამარჯვება გააფორმოს...

(სპეციალურად საიტისთვის)