ზელენსკის პუტინის ამერიკული "ტომაჰავკებით" დაშინება სურს, ტრამპი წინააღმდეგია ...
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, უკრაინულ მხარეს გაუჩნდა დიდი იმედი, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მათკენ შემოტრიალდა და ამის შემდეგ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში, თუნდაც ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დაფინანსებით.
ამ ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ტრამპს ამერიკული შეიარაღების ერთი კონკრეტული სახეობის მიყიდვა სთხოვა, რომელმაც შეიძლება დააჩქაროს ამ ომის დამთავრება, მაშინაც კი თუ მას უკრაინელი სამხედროები არ გამოიყენებენ,მაგრამ კრემლი მისი გამოყენების მუდმივი შიშის ქვეშ დარჩებაო...
მართალია, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობდა ამ „სასწაულ ამერიკულ იარაღში“, რომელსაც პუტინის დაშინება უნდა გამოეწვია, მაგრამ განაცხადა, რომ „ადამიანებმა კრემლში უნდა იცოდნენ თუ სად არის უახლოესი ბომბსაფარი“...
ასეთი მინიშნების შემდეგ, ამერიკულმა გამოცემებმა ერთმანეთის მიყოლებთ ივარაუდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემა სთხოვა, რაზეც ტრამპს უპასუხია-„ვიმუშავებთ ამ საკითხზეო“...
და დღეს, 26 სექტემბრის საღამოს, ამერიკული მასმედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ დართო ნება „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემაზე,რაც ისედაც იყო მოსალოდნელი.
„ტომაჰავკების“ თემა არ ახალია და ის ღიად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წამოიჭრა, რის შესახებაც ამ ბლოგის 2024 წლის 31 ოქტომბრის სტატიაში-„სენსაცია: რა "გაუბაზრეს" ზელენსკის - რატომ გაჟონა პრესაში უკრაინის პრეზიდენტის "ტომაჰავკებზე" ფანტასტიკური ოცნების საიდუმლომ“, ვწერდით:„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დღეებია ვეღარ მალავს თავის აღშფოთებას იმის გამო, თუ რა ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ New York Times-მა...
New York Times-მა კი დაწერა იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ ამას წინათ პრეზენტირებული „გამარჯვების გეგმის“ საიდუმლო ნაწილში, რომელიც ეხებოდა არაბირთვული სტრატეგიული შეკავების საკითხს, თურმე ჩაწერილიყო მოთხოვნა ამერიკული მხარისადმი...„ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინაში განთავსების შესახებ!
„ტომაჰავკების“ თემა იყო მკაცრად კონფიდენციალური საკითხი უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების დროს და მისი გაჟონვა ამერიკულ მასმედიაში, როგორ უნდა გავიგო? - ღიად სვამს კითხვას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი“.
ერთი წლის წინ აშშ-ის პრეზიდენტი ჯერ ისევ ბაიდენი იყო, რომელიც თავისი პრეზიდენტობის პერიოდის მიწურულს უფრო გულუხვი გახდა უკრაინისთვის შეიარაღების ჩუქებისას, თუმცა მანაც კი ყურთან ახლოს არ გაიკარა ზელენსკის საიდუმლო თხოვნები „ტომაჰავკების“ გადაცემის თაობაზე.
რას წარმოადგენს ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი?

ეს არის უნივერსალური ფრთოსანი რაკეტა, რომლის გაშვება შეიძლება წყალქვეშა ნავის სატორპედო აპარატიდან და ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობიდან, სამხედრო ხომალდიდან, სახმელეთო დანადგარიდან და თვითმფრინავიდან.
5,5 მ სიგრძისა და 1 200 კგ მასის ფრთოსან „ტომაჰავკს“ 880 კმ/სთ სიჩქარით 2 500 კმ მანძილზე გადააქვს 450 კგ მასის ჩვეულებრივი საბრძოლო ნაწილი ან 200 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ერთი ბირთვული ქობინი.
„ტომაჰავკის“ მთავარი პლუსი იმაშია, რომ ის დაბალ სიმაღლეზე რელიეფის მიყოლებით მიფრინავს და ძალიან ძნელად აღმოსაჩენია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადიოლოკატორებისთვის, ამასთან გამოირჩევა მიზანში მოხვედრის 5-10 მ-ის სიზუსტით.
ამერიკული „ტომაჰავკების“ რუსულ ანალოგს წარმოადგენს ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, რომლებსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სისტემატურად უშვებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად.
აქედან გამომდინარე, ალბათ კიევშიც გაუჩნდათ სურვილი,რომ რუსულ „კალიბრებს“ ამერიკული „ტომაჰავკებით“ დაჰპირისპირებოდნენ და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 1 000- 1 500 კმ-მდე მისწვდომოდნენ სტრატეგიულ ობიექტებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფანტასტიკური ოცნება თუ გახლდათ ამერიკელებმაც უკრაინის ხელისუფლება ოცნებებიდან მიწაზე დააბრუნეს, როდესაც მასმედიაში სპეციალურად „გააჟონვინეს“ კიევის ეს სურვილი...
მაგრამ,ვთქვათ მოხდა სასწაული და არაპროგნოზირებადმა ტრამპმა მართლაც მიჰყიდა 4 მლნ დოლარიანი „ტომაჰავკები“ უკრაინას-რით აპირებს ზელენსკი ამ „ტომაჰავკების“ გაშვებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ან სულაც კრემლის ბინადრების ბომბსაფარში გაქცევის იძულებისთვის?
უკრაინას არ გააჩნია ფრთოსანი „ტომაჰავკების“ გამშვები ატომური წყალქვეშა ნავები და არც სტრატეგიული ბომბდამშენები,ხოლო „ტაიფუნის“ ტიპის სახმელეთო მობილური გამშვები დანადგარები თავად ამერიკელებსაც თითზე ჩამოსათვლელი აქვთ, რადგან თავის დროზე,აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის დადებული შეთანხმებით მოხდა საშუალო სიშორის სახმელეთო ბაზირების სარაკეტო გამშვები დანადგარების განადგურება-საბჭოთა კავშირმა ალექსანდრე ნადირაძის „პიონერები“ თავადვე ააფეთქა,ხოლო ამერიკელები კი „პერშინგებსა“ და „ტომაჰავკის“ გამშვებ „გრიფონებს“ შეელივნენ...