"შტაბში უკვე იგრძნობოდა, რომ სოხუმი ბოლო დღეებს ითვლიდა, სრული ქაოსი სუფევდა..." - ის, რაც სოხუმის დაცემისას გადამხდა... - კვირის პალიტრა

"შტაბში უკვე იგრძნობოდა, რომ სოხუმი ბოლო დღეებს ითვლიდა, სრული ქაოსი სუფევდა..." - ის, რაც სოხუმის დაცემისას გადამხდა...

27 სექტემბერი... ტრაგიკული თარიღი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ, ძალიანაც რომ მოინდომო, თან მაშინ, როცა ეს ყველაფერი გადაიტანე და შენი თვალით ნახე...

თავს უფლებას მივცემ ამ ბლოგში გავიხსენო აფხაზეთის ომის 33 წლის წინადელი ის რამდენიმე ეპიზოდი, რომლის უშუალო მონაწილე თავად გახლდით...

... სოხუმში 1993 წლის 19 სექტემბერს ჩავფრინდი. აფხაზებმა მორიგი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრადიციულად დაარღვიეს და 16 სექტემბერს შეტევა ორი მიმართულებიდან დაიწყეს - შეუტიეს სოხუმს და გადაკეტეს ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი გზა.

თბილისიდან დრანდის (ბაბუშერას) აეროპორტში ჩაფრენისთანავე ვიგრძენი, რომ ამჯერად საქმე ბევრად უფრო სერიოზულად იყო - პირველად ფრონტის ხაზზე 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის დაკარგვის შემდეგ მოვხვდი (მანამდე ორი თვე ცხინვალში, ქართულ სამშვიდობო ბატალიონთან ერთად ზემო ნიქოზის შტაბში ვიყავი), მას შემდეგ სოხუმში კიდევ ხუთჯერ მომიწია ჩაფრენა (მათ შორის ტამიშის გზის გახსნაზე), მაგრამ არასოდეს ასე კრიტიკული არ ყოფილა სოხუმის ბედი...

ფრონტის ხაზი, რომელიც მანამდე მდინარე გუმისთაზე გადიოდა, დარღვეული იყო, მოწინააღმდეგის მცირერიცხოვანი ჯგუფები თითქმის ყველა მხრიდან უტევდნენ სოხუმს...

ჩვენი მთავარი "მოკავშირე", "ომის ღმერთი" - არტილერია, რომელმაც არაერთხელ გვიშველა სოხუმზე მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიებისას, აღარ გვყავდა - 27 ივლისის მოლაპარაკებების თანახმად მთელი ქართული არტილერია სოხუმიდან ფოთში გამოვიტანეთ რუსული სადესანტო ხომალდებით (და თანაც ამაში რუს მეზღვაურებს ფულიც გადავუხადეთ!).

სოხუმის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა, მოიშალა ერთიანი მეთაურობა, სიტუაცია დაამძიმა ხელისუფლების მიერ გადადგმულმა მოუფიქრებელმა ნაბიჯმა - სკოლაში სწავლა სოხუმში მაინცდამაინც 1-ლ სექტემბერს დაეწყოთ, რის გამოც ბევრმა ადგილობრივმა, მანამდე ომს გარიდებული ბავშვები სოხუმში დააბრუნა და მძიმე არჩევნის წინ დადგა - სოხუმის ქუჩებში ებრძოლა თუ ახლობლების სამშვიდობოზე გაყვანაზე ეზრუნა...

ჩემი, როგორც ყოველკვირეული გაზეთის "7 დღის" სამხედრო კორესპონდენტის როლი აზრს კარგავდა - თბილისთან სატელეფონო კავშირის გაწყვეტის გამო, რედაქციაში ინფორმაციებს სოხუმში ბრძოლების შესახებ ვეღარ ვაწვდიდი (მაშინ ვინ იოცნებებდა ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონზე), მენაღმეებთან ერთად რამდენიმე დროებით პოზიციაზე მომიწია გასვლა, რაღაც მასალა დამიგროვდა და იმის იმედით, თბილისში როგორმე დამერეკა, კელასურში, შტაბში მივედი, რომელიც სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის შენობაში იყო განთავსებული.

შტაბში ყოფნის დროს უცბად შეძახილები გაისმა - ჩამოაგდეს, ჩამოაგდესო! ყველანი გარეთ გამოვცვივდით - ორი მოიერიშე "სუ-25" მოფრინავდა ერთს რაკეტა მოხვდა და ახლოს ჩამოვარდა, მეორემ კი თავს უშველაო! - იძახდა თვითმხილველი.

მაშინვე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილისკენ სირბილით წავედი, მთაზე იყო ასასვლელი, საცალფეხო ბილიკზე ადგილობრივი მაცხოვრებელი შემხვდა ხელის ურიკით, რომლითაც "სუ-25"ის პილოტის კაბინის წინა შეჯავშნული მინა მოჰქონდა, რომელიც გახვრეტილი იყო. 55 მმ სისქის ჯავშანშუშის გახრეტა კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენს მოიერიშეს რუსული საზენიტო რაკეტა წინ აუფეთქდა...

ის, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი ქართული იყო უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მოასწრო თუ არა პილოტმა კატაპულტირება და გადარჩენა. იმიტომ განვიცდიდი, რომ მოიერიშეების პილოტებთან მეგობრობა მაკავშირებდა და მათთან ერთად ომის დროს რამდენიმე საინტერესო სიტუაციაში მოვხვდი, მათ შორის კოპიტნარის აეროდრომზე, საიდანაც ქართული მოიერიშეები აფხაზეთის ომში საბრძოლო გაფრენებს ახორციელებდნენ.

რამდენიმე წუთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ავედი. საზენიტო რაკეტის აფეთქების ძალა ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ შეჯავშნული მოიერიშეც კი ჰაერში ნაწილებად დაშალა (ეჭვი მაქვს, რომ რუსებმა "ბუკ"-ის რაკეტა გამოიყენეს), თვითმფრინავის მსხვილი ფრაგმენტები, მათ შორის კუდი, აქეთ-იქით ეყარა. თავად ჯავშანკაბინა, საბორტე ნომრით-04 , მიწაზე იდო, პილოტის სავარძელი კატაპულტირებული იყო, იმედი გაჩნდა, რომ მფრინავი გადარჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოშორებით ნარინჯისფერი გასაბერი ნავი დავინახე, რომელშიც ჩასვენებულ ცხედარს თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ვთხოვე ეჩვენებინათ - იზანი ცერცვაძე, პოლკოვნიკი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი აღმოჩნდა...

არადა, ერთი წლით ადრე, 1992 წლის 19 სექტემბერს თბილისის საავიაციო ქარხნის "ველის" აეროდრომზე, სამეთაურო-სადისპეჩერო პუნქტიდან ვუყურებდი, თუ როგორ განახორციელეს პირველი გაფრენა "სუ-25" თვითმფრინავით იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ. ეს დღე ქართული სამხედრო ავიაციის დაბადების დღედ იქცა...

კელასურის შტაბში უკვე იგრძნობოდა, რომ სოხუმი ბოლო დღეებს ითვლიდა, სრული ქაოსი სუფევდა...

გაურკვევლობაში მყოფი შტაბის წინ, გზაზე გამოვედი და დავინახე - სოხუმიდან მომავალმა სატვირთო "ურალმა" გააჩერა, კაბინიდან მომცრო ტანის, ავტომატიანი სამხედრო გადმოვიდა, მანქანამ კი გზა გააგრძელა. ახლოს მივედი, სამხედრო არც მეტი არც ნაკლები, ერთ-ერთი ჩვენი საარმიო კორპუსის სარდალი აღმოჩნდა. კარგად ვიცნობდი, მივესალმე, - ბატონო გენერალო, როგორ არის ჩვენი საქმეები-მეთქი, გენერალმა დაკვირვებით შემომხედა და მირჩია, - ირაკლი, სჯობს თავს მიხედო, აქაურობას გაერიდოო...

როდესაც "პოპუტნი" სატვირთო ურალიდან ჩამოსული სარდალი ასეთ მამა-შვილურ რჩევას გაძლევს, ჩანს საქმე მართლაც ძალიან ცუდათაა...

რა დამრჩენოდა? შემოვტრილდი სოხუმისკენ ზურგით და თავჩაქინდრული ფეხით გზას ოჩამჩირისკენ დავადექი...

როგორც სამხედრო ჟურნალისტს, მანამდე ცხინვალშიც და სოხუმშიც, თითქმის სულ მარტო მიმუშავია, მაგრამ ახლა, როდესაც სრულიად გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა, დაცემის წინ მყოფ სოხუმში არავის სჭირდებოდა (და რედაქციასთან კავშირი არ მქონდა),რაღაც სხვა გზა უნდა მეპოვნა - იარაღი უნდა ამეღო ხელში...

ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, რადგან მაშინ მიმაჩნდა და დღეს ამაში დარწმუნებული ვარ - ჟურნალისტი ომში იარაღს არ უნდა გაეკაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკვე მებრძოლ მხარედ იქცევა.

2-soxumi-1758965394.png
კელასურთან ჩამოგდებული პოლკოვნიკ იზანი ცერცვაძის „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავის ჯავშანკაბინა საბორტე ნომრით „04“...

მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს რამდენჯერმე ჩემმა მეგობარმა არტილერისტებმა შემომთავაზეს დ-30 ჰაუბიციდან გასროლა, რაზეც ყოველთვის უარს ვეუბნებოდი - ჯერ ერთი ჟურნალისტმა არავის უნდა ესროლოს და მეორეც, ხუმრობით დავაყოლებდი, თქვენი დამიზნებული ვინ იცის სად მოხვდება - მეთქი. (არადა, სწორედ ამ არტილერისტი, ჩემი კბილა, პატარა ბიჭების ოსტატობამ მანამდე არაერთხელ იხსნა სოხუმი).

მაგრამ სიტუაცია უკვე ისეთი კრიტიკული იყო, რომ თავის გადარჩენაზე უნდა მეფიქრა - ჩემი სიცოცხლის უბრალოდ დათმობას კი ნამდვილად არ ვაპირებდი.

ფრონტის ხაზზე, ჩემი მთავარი იარაღი ჩემი ძმის ნაჩუქარი "აგატის" მინიატურული ფოტოაპარატი იყო, რომელიც ფოტოფირის 36 კადრს 72-ად ყოფდა, ვხუმრობდი - თქვენ, თუკი "კალაშნიკოვზე" იზოლენტით გადაბმულ ორ მჭიდში 60 ვაზნა გაქვთ, ჩემი "აგატი" 72-ჯერ "ისვრის" მეთქი.

ფოტოაპარატის გარდა, პაპაჩემის ნაჩუქარი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შაშხანის ხიშტ-დანაც დამქონდა, რომელიც პირდაპირ მისწრება იყო სანგარში კონსერვების გასახსნელად.

გარდა ამისა, ქამარზე ყოველთვის მეკიდა „რგდ-5“ და „ფ-1“ ტიპის ორი ხელყუმბარა, რათა ტყვედ ცოცხალი არ ჩავარდნოდი და ჩემი სიცოცხლე ძვირად დამესვა მათთვის, ვინც ტყვედ აყვანას დამიპირებდა. თუ რამდენად შევძლებდი ჩემი ამ დანაქადნის სისრულეში მოყვანას ასეთ კრიტიკულ მომენტში, საფიქრებელია...

ამხელა შესავლის დაწერა იმიტომ დამჭირდა, რომ სოხუმიდან პირქცეული, გზაზე ერთ-ერთი საძმოს შეიარაღებულ ჯგუფს წამოვეწიე, დავილაპარაკეთ, ზედმეტი, რუმინული "კალაშნიკოვი" მომცეს ორი მჭიდით და ფაქტობრივად, მათ რაზმში "ჩავეწერე" - ჟურნალისტური საქმიანობა შეჩერდა, იწყებოდა ფიქრი სიცოცხლის გადარჩენაზე და თბილისში, ოჯახში დაბრუნებაზე...

3-soxumi-1758965393.png
ბლოგის ავტორი 33 წლის წინ, კოდორის ხეობით გამოსვლის დროს...

საძმოს ჯგუფმა პოზიცია მაჭარკის ხიდთან დაიკავა, იქ სადაც ადრე "გაი"-ს პოსტი იყო. ამ ადგილს იმ მომენტში სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან აქედან ადიოდა გზა მერხეულისკენ და საერთოდ კოდორის ხეობისკენ.

ჩვენი ამოცანა გახლდათ დაგვეცა ეს გზაგასაყარი მოწინააღმდეგის შესაძლო დივერსიისგან, რადგან მაჭარკასთან გზის ჩაკეტვის შემთხვევაში მოსახლეობა ევაკუირებას კოდორის ხეობის მიმართულებით ვეღარ შესძლებდა, ეს კი კატასტროფას და საშინელ მსხვერპლს გამოიწვევდა.

ჩვენ პოსტზე ჯაბა იოსელიანი და ირაკლი ბათიაშვილი მოვიდნენ, გვთხოვეს, ფხიზლად ვყოფილიყავით, რათა მოწინააღმდეგის დივერსანტებს აფეთქებები არ მოეწყოთ.

გარდა ამისა გვევალებოდა იარაღი დროებით ჩამოგვერთვა იმ მებრძოლებისთვის, რომლებსაც ოჯახები კოდორის ხეობისკენ სამშვიდობოზე გაჰყავდათ, უკან დაბრუნებულებს, ხელწერილით ჩაბარებულ იარაღს უკან ვუბრუნებდით...

წინ კი თურმე რა თავგადასავლები მელოდა, ჯერ არ ვიცოდი...