ისტორია მეორდება - ბელორუსიდან ევროპას პუტინის ბირთვულქობინიანი „ორეშნიკები“ ისევე დაემუქრებიან, როგორც 50 წლის წინ ნადირაძის „პიონერები“... - კვირის პალიტრა

ისტორია მეორდება - ბელორუსიდან ევროპას პუტინის ბირთვულქობინიანი „ორეშნიკები“ ისევე დაემუქრებიან, როგორც 50 წლის წინ ნადირაძის „პიონერები“...

ისტორია საოცარ გამეორებებს გვთავაზობს, თითქოს ყველაფერი უკან ბრუნდება და ხელახლა იწყება, კერძოდ კი ახალი „ცივი ომი“ დასავლეთსა და რუსეთს შორის, რაც ჩვენმა თაობამ ერთხელ უკვე გაიარა გასული საუკუნის 70-იან წლებში...

დღეს, 2025 წლის 27 სექტემბერს ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსში ჩატანილი იქნა და იქ განთავსდა რუსული საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც პუტინი Орешник-ად მოიხსენიებს, უკრაინის სამხედრო დაზვერვა Кедр-ად, დასავლეთის სამხედრო სპეციალისტები РС-26 «Рубеж»-ის მოდიფიკაციად, ხოლო ჩვენ კი ნამდვილად არ შევცდებით და ვიტყვით, რომ ის ალექსანდრე ნადირაძის მიერ ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი РСД-10 «Пионер» (NATO-ს კლასიფიკაციით SS-20 mod.1 Saber)-ის „შვილიშვილია“ და გარეგნულადაც წააგავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალური ფოტოები ოფიციალურად არ არის გავრცელებული...

1-pioneri1-1758994178.jpg
ასე გამოიყურებოდა ნადირაძის შექმნილი „პიონერი“,რომელიც ნახევარი საუკუნის წინ სწორედ ბელარუსიიდან დაემუქრა მთელს ევროპას თავისი სამი,150 კილოტონიანი ბირთვული ქობინით...

არადა, 1976 წლის 30 აგვისტოს, სწორედ ბელარუსიის გომელის რაიონის ქალაქ პეტრიკოვთან საბრძოლო მორიგეობაზე დადგა აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი საბჭოთა საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსებით „პიონერებით“ შეიარაღებული სარაკეტო პოლკი...

ამ ორ თარიღს ნახევარი საუკუნე აშორებს, მაგრამ აერთიანებს ერთი - რეალური ბირთვული საფრთხე მთელი ევროპისთვის და როგორც ნადირაძის „პიონერებს“ დასავლეთელმა ჟურნალისტებმა შეარქვეს „ელჭექი ევროპისთვის“,მათ დღესაც შეუძლიათ იგივე გაიმეორონ „ორეშნიკთან“ მიმართებაში.

რატომ ხდება სწორედ ბელარუსი, კრემლის საშუალო სიშორის ბირთვულქობინიანი სარაკეტო კომპლექსების ბაზირების ადგილი 50 წლიანი გამეორებით?

2-pioneri1-1758994178.jpg
ეს არის პუტინის „ორეშნიკის“ სავარაუდო გამოსახულება,მაგრამ ფაქტია,რომ ის წამოადგენს ნადირაძის „პიონერის“ გაუმჯობესებულ,თანამედროვე ვარიანტს და საბრძოლო დავალებაც კრემლმა ანალოგიური მისცა-ბელარუსის ტერიტორიიდან ბირთვული ქობინებით მთელი ევროპის დაშინება...

ძალიან მარტივი მიზეზის გამო - როგორც ნადირაძის „პიონერის“ მოქმედების მაქსიმალური მანძილი შეადგენდა 5,5 ათას კმ-ს, დაახლოებით ამავე სიშორეზე მიფრინავენ პუტინის „ორეშნიკებიც“ და ისინი ბელარუსიდან უფრო ადვილად მიაღწევენ ევროპის ნებიმიერ წერტილს, ვიდრე უფრო აღმოსავლეთით მყოფი რუსეთის ტერიტორიიდან (თუკი მხედველობაში არ მივიღებთ რუსეთის ანკლავს, კალინინგრადის ოლქს, მაგრამ პუტინის მობილური „ორეშნიკების“ გადამალვა ბელარუსის უკედაგანო ტყეებში ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ბევრად მომცრო კალინინგრადის ანკლავში, რომლის დეტალური დაზვერვა მუდმივად მიმდინარეობს მეზობელი, ნატოს წევრი პოლონეთიდან და ლიეტუვიდან).

თუ რა შეუძლია „ორეშნიკს“, პუტინმა მსოფლიოს 2024 წლის 21 ნოემბერს აჩვენა, როდესაც მისი ბრძანებით ასტრახანის ოლქის პოლიგონიდან უკრაინის ქალაქ დნიპროს „იუჟნის“ სარაკეტო ქარხნის მიმართულებით გაუშვეს და საბრძოლო ნათლობა მიაღებინეს პირველ „ორეშნიკს“- მართალია მისმა ჰიპერბგერითმა ქობინებმა (რომლებიც ფაქტობრივად მაკეტებს წარმოადგენდენ და არ იყვნენ დამუხტული ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებით, მით უმეტეს ბირთვული ქობინებით) კატასტროფული ზიანი ვერ მიაყენეს უკრაინულ ქარხანას, მაგრამ აქ მთავარი ის გახლდათ, რომ კრემლმა უკრაინასთან ომის მესამე წელს ბრძოლაში ჩართო საშუალო სიშორის მოქმედების ის ძლიერი რაკეტაც, რომელიც ბირთვული ქობინებით ევროპის გასანადგურებლადაა განკუთვნილი...

პუტინის „ორეშნიკების“ ევროპასთან ახლოს „მიჩოჩება“, როგორც ეს ნახევარი საუკუნის წინ ნადირაძის „პიონერების“ შემთხვევაში გააკეთა ბრეჟნევმა, წარმოადგენს კრემლის მიერ მუდმივად მოღერებულ „ბირთვულ ბერკეტს“ „ბებერი ევროპის“ ძლიერად დასაშინებლად...