12-საათიანი რუსული საჰაერო შეტევები უკრაინასა და კიევზე ... - კვირის პალიტრა

12-საათიანი რუსული საჰაერო შეტევები უკრაინასა და კიევზე ...

ეს იყო დროში ყველაზე გახანგრძლივებული რუსული საჰაერო შეტევები კიევსა და მთლიანად უკრაინაზე, რომლებიც საერთო ჯამში 12 სთ-ზე მეტ ხანს გაგრძელდა...

გარდა ხანგრძლივობისა, ეს რუსული საჰაერო თავდასხმა გამოირჩეოდა კომბინირებულობითაც, როდესაც ერთდროულად და ერთმანეთის მიყოლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი ძირითადი მიმართულებიდან-ჩრდილოეთიდან,აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან საერთო ჯამში შეიჭრა 643 ერთეული რუსული მფრინავი ობიექტი,მათ შორის 595 ცალი სხვადასხვა ტიპის კამიკაძე-დრონი და დრონი-მატყუარა, ასევე 48 რაკეტა.

უკრანის მხარის განცხადებით,მათ შეძლეს 611 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება/გაუვნებელყოფა,მათ შორის Shahed -ისა და Гербера-ს ტიპის 593 ერთეული დრონის,ორი რეაქტიული დრონის Бандероль-ის, Х-47М2 "Кинжал"-ის ტიპის ორი აერობალისტიკური რაკეტის, საჰაერო ბაზირების Х-101 ტიპის 38 ფრთოსანი რაკეტის და საზღვაო ბაზირების "Калибр"-ის 8 ფრთოსანი რაკეტისა.

droni2-1759063482.jpg
რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად აფეთქებული სახლები კიევში-გვანან კი ისინი უკრაინულ სამხედრო ობიექტებს,როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება,რომ საჰაერო დარტყმებს მხოლოდ უკრაინულ სამხედრო სამიზნეებს აყენებს?!

მიუხედავად,უკრაინელი მეზენიტეების ასეთი საბრძოლო წარმატებისა, 5 რუსულმა რაკეტამ და 31-მა დამრტყმელმა დრონმა 16 ლოკაციაზე ,ძირითადად კი დედაქალაქ კიევში, აფეთქებებისას გამოიწვია ნგრევები,რასაც 4 მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა(მათ შორის ორი ექიმი კარდიოლოგიურ საავადმყოფოში აფეთქებისას გარდაიცვალნენ),დაჭრილია 70-მდე ადამიანი, თუმცა ეს ციფრები შეიძლება გაიზარდოს ,როდესაც მაშველები ნანგრევებს გაწმენდენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი უტიფრად აცხადებს, რომ მათი კომბინირებული საჰაერო დარტყმების სამიზნეები უკრაინის მხოლოდ სამხედრო ობიექტები იყო და რუსული რაკეტები და დრონები უკრაინულ ქალაქებში თითქოს არ ფეთქდებოდა, თუმცა თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეოკადრები საპასუხოზე მეტყველებს,მათ შორის კიევის ერთ ქუჩაზე დანგრეული საცხოვრებელი სახლებიც...

ცხადია,რომ რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წელს არათუ ცეცხლის შეწყვეტას, არამედ ამ ომის კიდევ უფრო სასტიკ ფაზაში გადასვლას ვხედავთ და უკრაინელებიც უახლოეს დღეებში აუცილებლად ეცდებიან საკადრისი საპასუხო შურისძიების განხორციელებას რუსეთზე და პირველ რიგში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მიმართულებით...

უკრაინულ კამიკაძე-დრონებსაც შეუძლიათ რუსეთის ამა თუ იმ ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამოწვევა, მაგრამ უკრაინული მხარე მთავარ სამიზნეებად ირჩევს რუსულ სამხედრო აეროდრომებსა თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და რუსულ ქალაქებში თუ მაინც ცვივა უკრაინული დრონების ფრაგმენტები, ეს ძირითადად იმ რუსი მეზენიტეების სინდისზეა,რომლებიც ქალაქის თავზე აგდებენ მათ.

მაგრამ, უკრაინელებს მოუწევთ დრონებით შეტევის ტაქტიკის შეცვლა, მისის საბრძოლო ეფექტიანობის გასაზრდელად.

რუსეთის ოფიციალური წყაროები ყოველდღე იტყობინებიან 40-60 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ რუსეთის საჰაერო სივრცეში და ეს ასეც რომ იყოს,უფრო იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელები თითქმის ათჯერ ნაკლები რაოდენობის დრონების შეტევით პასუხობენ იმ რუსეთს,რომელიც ყოველღამე 600-ზე მეტ დრონსა და რაკეტას უშვებს უკრაინული ქალაქებისკენ.

შესაბამისად,უკრაინის გენშტაბსაც მოუწევს რუსეთისკენ სტარტაღებული დრონების რაოდენობის 5-10 ჯერ გაზრდა, რათა მათმა ერთდორულმა შეტევამ გადატვირთოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა და მათ უფრო ნაკლები უკრაინული დრონის „მონადირება“ მოასწრონ რუსულ ცაში,სანამ ეს დროები მიზნებზე გავლენ.

გასაგებია, რომ შორსმფრენი დრონების რიცხვი უკრაინას შეზღუდული აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება რამდენიმე დღე დაიცადონ, არ დახარჯონ დრონები, დააგროვონ 500-600 დამრტყმელი დრონი და შემდეგ ერთდროულად გაუშვან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად?!

რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დაცულია საჰაერო შეტევებისგან, რადგან მის გარშემო განთავსებულია დიდი რაოდენობის საზენიტო და ანტისარაკეტო გამშვები დანადგარები და რადიოლოკაციური სადგურები(პუტინის ბრძანებით მოსკოვის ცის გასამაგრებლად, მათი ნაწილი ფრონტიდანაც კი მოხსნეს), მაგრამ მიუხედავად ამისა,თუკი მოსკოვს სხვადასხვა მიმართულებიდან მასიურად ერთდროულად შეუტევს რამდენიმე ასეული უკრაინული კამიკაძე-დრონი, ყველა მათგანის ჩამოგდებას რუსი მეზენიტეები ფიზიკურადაც ვერ შეძლებენ...