"გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...“ - პოლარიზაცია ოპოზიციაში და რისთვის ემზადება ხელისუფლება?! - კვირის პალიტრა

"გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...“ - "რევოლუცია" არჩევნების წინააღმდეგ და რისთვის ემზადება ხელისუფლება?!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე კარს არის მომდგარი, ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო გზით ცვლილებების შესაძლებლობაზე ლაპარაკობს, ნაწილი კი ბოიკოტითა და 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად დაგეგმილი აქციით აპირებს მიზნის მიღწევას, თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილის თქმით, როგორც ერთი, ის მეორე გზა ოპოზიციის ასეთი დაქსაქსულობის გამო მარცხისთვის არის განწირული. მომავალ არჩევნებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradzee.jpg

- ჩემი შეფასებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა იმ არჩევნებისგან, რომელიც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვინახავს.

პირველ ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ ოპოზიციაში ვერ მოიძებნა შეხებისა და შეთანხმების წერტილები, არადა, სურვილის შემთხვევაში ეს თითქოს არცთუ ისე რთული უნდა ყოფილიყო. ოპოზიციას თუ რეალურად სურს "ქართული ოცნების" დამარცხება, სწორედ შეთანხმების გზით უნდა წასულიყო.

რაღა დაგიმალოთ და, ზუსტად არჩევნების დღეს - 4 ოქტომბერს აქციის დანიშვნა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რა ვიცი, 3-ში ან 5-ში რომ დაენიშნათ, შესაძლოა ეს გაცილებით წარმატებული ყოფილიყო.

მე არ მომისმენია მათგან არგუმენტები იმისა, რატომ უნდა გაიმართოს აქცია მაინცდამაინც 4-ში. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან კიდევ შეიძლებოდა გამოსავლის პოვნა. ყველას კარგად ესმის, რომ შუაზე გაყოფილი ოპოზიცია მხოლოდ "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და არ უწყობს ხელს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას.

უკვე შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ოპოზიციურ ამომრჩეველს არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა და პროტესტშიც, რაზეც ილაპარაკა კიდეც "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მეც კარგა ხანია ვამბობ, რომ სავსებით შესაძლებელია ამომრჩეველმა იბრძოლოს ორივე ფრონტზე. ამის წინააღმდეგ რატომ მიდის ის ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის მომხრეა, არ ვიცი. მე მათგან ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ აქციით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ როგორ, რა მექანიზმით?!

თუ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პარტიების მხარდამჭერებიც მივლენ საპროტესტო აქციაზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ პროტესტი უფრო მასობრივი იქნება. ამიტომ ვერ გავიგე, რის საფუძველზე, რატომ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და საპროტესტო აქციაზე მისვლა, ერთმანეთს გამორიცხავს.... მოკლედ, სწორედ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება განასხვავებს ყველაზე მეტად ამ არჩევნებს წინა არჩევნებისგან. სხვა შემთხვევებში ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ახერხებდა შეთანხმებას - თუ ერთი ფრონტით არ გადიოდნენ, იმას მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ.

გარდა ამისა, გაუგებარია, რომელი პოლიტიკური ძალები იღებენ პასუხისმგებლობას მასშტაბური აქციის ორგანიზებასა და ხელისუფლების შეცვლის დაპირებაზე და თუ არ შეიცვალა, მერე რას გეგმავენ?! გეტყვით, რაც მოხდება... 4 ოქტომბრის 20:00 საათისთვის ხელისუფლება რომ არ შეიცვლება, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად რეალურია ეს დაპირება, რადგან როდესაც შედეგი არ დადგება, უფრო მეტად იმედგაცრუებული არ დარჩეს. კი, პროტესტი აუცილებელია, აგერ 300 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია, ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფუჭი იმედის შექმნა არ არის საჭირო!

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასთან ამ არჩევნების მიბმის საკითხს, რასაც ჩვენი ოპოზიცია ცდილობს... ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჯერ არ გადასულან მკაცრ სასანქციო პოლიტიკაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, თუმცა ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, რათა მათი სვლა ავტოკრატიისკენ როგორმე შეჩერდეს. კიდევ რა უნდა გააკეთონ, რას ითხოვს ოპოზიცია ჩვენი პარტნიორებისგან? სანქციები, ვფიქრობ, მალე იქნება, ამას ბოიკოტი არ სჭირდება. ამის გარდა, პარტნიორებს თუ გინდა აჩვენო, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გამყალბებელია, ამისთვის არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, უმკაცრესად გააკონტროლო როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე საარჩევნო დღე, დააფიქსირო დარღვევები, გაასაჩივრო და ა.შ.

- ოპოზიციის ეს ორი ფრთა ერთ­მანეთს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს...

- კი, ადანაშაულებენ და ამით უფრო აძლიერებენ "ქართულ ოცნებას". არ მინდა ვინმეს რაიმე იარლიყო მივაკერო და ვინმე გარიგებაში დავადანაშაულო, მაგრამ ვიტყვი ერთს - ბიძინა ივანიშვილმა ლამის მთელი საქართველო იყიდა და ოპოზიციის ყიდვაც არ გაუჭირდებოდა.

ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკოსების ყიდვა-გაყიდვა დიდი პრობლემა არასდროს ყოფილა. დღეს ამის დოკუმენტური დადასტურება არა მაქვს, ამიტომ ვერაფერს დავამტკიცებ, თუმცა ეჭვები არსებობს.

არის მეორე ფაქტორიც, გაცილებით რეალური - ვერც ბოიკოტის მომხრე და ვერც მოწინააღმდეგე ვერ უარყოფს, რომ თბილისი არის ოპოზიციური. ჯამურად, მინიმუმ, ასე განაწილდება ხოლმე მხარდაჭერა: 60% ოპოზიციური ძალები, ხოლო 40% "ქართული ოცნება". თუ ვინმემ არ იცის, უნდა ისწავლოს ან გაიხსენოს უახლესი ისტორია. ზოგიერთმა საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებისა და წარმატების ისტორიაც რომ ნახოს, კარგი იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვგულისხმობ... სწორედ მათ გასაგონად ვამბობ - "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2002 წელს მოვიდნენ. რომ არ ყოფილიყო 2002 წელი, იქნებოდა კი 2003 წლის "ვარდების რევოლუცია"? ამასთანავე, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არის 60%, თბილისისთვის ბრძოლას წინ რა უდგას? როდესაც ამაზე ამბობ უარს და რაღაც მითურ სცენარს მთავაზობ, 4 ოქტომბერს რომ შეიკრიბება ხალხი და არ დაიშლება, ვიდრე ძალაუფლებას არ დათმობს მმართველი ძალა, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, როგორ აპირებ ამას?

თუ ამათ უნდათ 2003 წლის სცენარის გამეორება, ეს არ გამოვა, რადგან მაშინ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო. როდესაც ამ ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხები არ ჩანს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ის ოპოზიცია, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა?

ვერაფრით გავიგე, რატომ არის ცუდი ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, განსაკუთრებით თბილისში, არჩევნებში და პროტესტშიც მიიღოს მონაწილეობა?

- საპარლამენტო უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა...

- ჩემი შეფასებით, ესეც წინასაარჩევნო ხრიკია - ცდილობენ ოპოზიციაში მთავარ ძალად წარმოაჩინონ ისევ და ისევ "ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად იმისა, რა შედეგები მიიღო ამ პარტიამ წინა საპარლამენტო არჩევნებზე... მაინტერესებს, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, ეს შეეხება თუ არა იმ ათასობით ყოფილ "ნაციონალს", რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" რიგებში ყველაზე თავგადაკლული "მეოცნებეები" არიან, მათ შორის არჩევნების გაყალბების საქმეში?

ისინი ხომ ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც "ნაციონალური მოძრაობისთვის" ირჯებოდნენ. ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხება... მოკლედ, მეეჭვება "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები გადადგას. მე-13 წელია ვუყურებთ, რომ "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობა" ჰაერივით სჭირდება... კიდევ ერთი - რაც უფრო გააძლიერებს პროპაგანდისტულ ზეწოლას ხელისუფლება, ეს იმუშავებს იმისთვის, რომ ბოიკოტი გაძლიერდეს და ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ურჩევნია ქუჩაში იყოს ხალხი, ვიდრე საარჩევნო უბნებზე. ჩემი აზრით, ამისთვის გააკეთებინეს ახლა წულუკიანს მორიგი განცხადება. ის მანამდეც ლაპარაკობდა ამაზე. "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რაც მარტო ამ ძალას კი არა, მთელ რეალურ ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორსა და მედიასაშუალებებს შეეხება. ვგულისხმობ იმ შემთხვევას, თუ ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულმასშტაბიანი ავტორიტარული მმართველობა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ სრულად ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, თუმცა "ქართულ ოცნებას" სწორედ იქით მიჰყავს ქვეყანა.

- გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით მე-80 სესიაზე საქართველო, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. მან 25 სექტემბერს მიმართა სესიის მონაწილეებს. მიხეილ ყაველაშვილი 10 წუთის განმავლობაში ქართულ ენაზე საუბრობდა. მშობლიურ ენას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სხვა ლიდერებიც ირჩევენ, თუმცა საქართველოდან წარგზავნილები წინა წლებში იმავე ტრიბუნიდან, ძირითადად, ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდნენ... "უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან. მან პარალელები 2008 წლის აგვისტოს ომთანაც გაავლო, თუმცა გვერდი აუარა რუსეთის სასტიკ აგრესიაზე საუბარს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მას საერთოდ არ უხსენებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანი, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო - ირაკლი კობახიძის შარშანდელ გამოსვლაში და შედარებით მკაფიო იყო 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის დასმულ აქცენტებს შორის.

- ის დეტალები, არც ახლა ახსენეთ და ზოგადად ეს სიტყვა ისეთი სამარცხვინო იყო, რომ კობახიძემაც კი არ მოაწერა ამას ხელი. ამიტომაც გაუშვეს გაეროში ყაველაშვილი და იმანაც, რაც დაუწერეს, ის წაიკითხა, თუმცა ცოტა ბორძიკით კი... დარწმუნებული ვარ, თვითონ ყაველაშვილსაც არ მოსწონს ის ტექსტი, რისი წაკითხვაც დაავალეს. საქმე ის არის, რომ მას არ მისცეს საშუალება "გლობალური ომის პარტიასა" და "დიფ სთეითზე" ელაპარაკა, რაზეც ლაპარაკითაც ხშირად გამოიჩენს ხოლმე თავს და კიდევ კარგი, არ მისცეს...

ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველოს რეალური საფრთხე ემუქრება, არის ორი გამოსავალი და მხოლოდ ეს დაგვიცავს..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: შიდა კრიზისში არეული გეოპოლიტიკური მანევრები

4 ოქტომბრის სცენარი ანუ ვინ უშვებს საბედისწერო შეცდომას?! - ირაკლი მელაშვილის პროგნოზი: რევოლუციურ პროცესებს სჭირდება ლიდერები, ბელადები და ასეთებს ვერ ვხედავ პოლიტიკაში"

გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "დიახ, "ნაცმოძრაობა" ხელისუფლების გამყარებას ემსახურება" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი 4 ოქტომბრის "რევოლუციას" "ოცნების" მიერ შემოგდებულ პროვოკაციად

"დღეს საქართველოში ძალიან სახიფათო პროცესი მიდის..." - ვიქტორ ყიფიანის სკანდალური პროგნოზი: რა გარიგებისთვის ემზადებიან დიდი სახელმწიფოები და სად იქნება ჩვენი ქვეყნის ადგილი?!

- მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ როდესაც საერთო ვახშამზე პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, უთხრა, რომ დროა, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ და მიიღო დაპირებაც, რომ ის ამ საკითხს "დაუბრუნდება". ლაპარაკია 23 სექტემბერს პრეზიდენტ ტრამპისა და მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებაზე, რომლის დროსაც, აშშ-ში საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის განმარტებით, მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპთან "საზეიმო შეხვედრა, კომუნიკაცია გამართა". მსგავს მიღებაზე პრეზიდენტ ბაიდენის სახელით მიწვევა შარშან ირაკლი კობახიძეს გაუუქმეს.

- აღდგომა და ხვალეო, ვნახოთ, თუ დაურეკავს ტრამპი ყაველაშვილს... მოკლედ, კი მოგვახსენა ყაველაშვილმა, გავესაუბრე ტრამპს და მისგან ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების დაპირება მივიღეო, მაგრამ საკითხავია, შეესაბამება კი ეს სიმართლეს? "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ დაუმსახურებია, რომ მის რომელიმე თანამდებობის პირს სიტყვაზე ვენდოთ და უაპელაციოდ მივიღოთ მისი ნათქვამი, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია აშშ-ზე. თუ ასეთი დამოკიდებულება აქვს ტრამპს საქართველოს მიმართ, აქამდე ელჩის დანიშვნას რა ედგა წინ? მეტიც, ამაზე ლაპარაკიც არ არის. მოკლედ,

ყაველაშვილს ტრამპმა ორი სიტყვა მოვალეობის მოხდის მიზნით შეიძლება მართლაც უთხრა, მაგრამ ჯერჯერობით იმის ნიშანი, რომ დასავლეთი და აშშ ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებასთან გადატვირთვის პოლიტიკის შემუშავებას, არ ჩანს.

ღმერთმა ქნას, ეს ნიშნები გამოჩნდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ "ქართული ოცნება" არ შეცვლის პოლიტიკას, კიდევ უფრო გართულდება ურთიერთობა, იქნება გაცილებით მეტი კრიტიკა და სანქცია. ამის მაგალითია საფრანგეთის პარლამენტში მომზადებული რეზოლუცია, რომელიც "გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას". რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მხარი დაუჭიროს ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლო გარემოცვაზე ინდივიდუალური სანქციების დაწესებას.…

- თავდაცვის ექსმინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და რუსული რუბლის გათეთრების სკანდალური საქმის შემდეგ, გასულ კვირას დააკავეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემომწირველი, არაერთი ტენდერის მომგები კომპანიის დამფუძნებელი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის შვილის ნათლია გრიგოლ ლილუაშვილია. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, თუმცა ახლა უკვე საბიუჯეტო გადასახადების დამალვასაც ედავებიან. შესაბამისად, მას ბრალი დაუმძიმდება.

- გასული საუკუნიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით ხშირად მოდიან ხოლმე და შემდეგ ეს ავიწყდებათ. თავის დროზე სწორედ ასეთი საბრძოლო დროშით დაუპირისპირდა შევარდნაძე მჟავანაძეს, ასე ჩამოიშორა მთელი კლანი, ასევე მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი... ახლაც "ქართულ ოცნებაში" ძალაუფლების შიდა გადანაწილება მიდის - გაუშვეს ძველი კლანი, მოდის ახალი. მიდის ახალი გუნდის ჩამოყალიბება, მათ შორის ახლებური კორუფციული სქემებისაც. რა თქმა უნდა, ახალი გუნდის ჩამოყალიბება შეიძლებოდა ამ გახმაურებული საქმეების გარეშეც, მაგრამ საქმე ისაა, ღარიბაშვილის გუნდს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაში მობრუნების შანსი რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ის ერთხელ უკვე დააბრუნა. არადა, მანამდე სწორედ კორუფციაში დაადანაშაულა - გვახსოვს "კახურ კლანზე" ლაპარაკი, ახლა კი კობახიძე ამის შანსს უსპობს, ის არა მხოლოდ ფინანსურად აზარალებს, არამედ პოლიტიკურადაც. მაგრამ აქ ერთი საკითხია - როდესაც ღარიბაშვილის ჯგუფის ხელში იყო ძალაუფლება, კობახიძეც, პაპუაშვილიც და მდინარაძეც ხელისუფლებაში იყვნენ, თან საპარლამენტო ხელისუფლებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს ანუ სწორედ მათ ევალებოდათ ხელისუფლების გაკონტროლება და ამხელა ფულის გაფლანგვისა და კორუფციის არდაშვება. მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას? რატომ არაფერს აკეთებდნენ? საპარლამენტო მმართველობაში სულ ადვილად შეეძლოთ პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადება.