„არ ჰგავს ერეკლე მეფესო... ბოლოს როდის ნახეს, მაინტერესებს?!“ - "ჩემთვის ეგ ერეკლე არ არის, თელავში რაც დგას, ის ერეკლეა, ეს არა... არც ჩაცმულობით, არც ხმლით თუ უხმლობით, არც დინამიკით და არაფრით..."
24 სექტემბერს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ერეკლე მეორის ძეგლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ძეგლის შეფასებაში საზოგადოების აზრი ორად გაიყო - ეს სოცქსელებში გაკეთებული კომენტარებიდანაც ჩანს: "სახეზე რატომ ჰგავს თემურ ლენგს? ქართული, დახვეწილი ნაკვთების გამოყვანა ასე რთულია?", "ერეკლე მეფე ხმლის გარეშე?!", "ერთ დილით გეორგიევსკის ტრაქტატით თუ დაგვხვდა ეს ძეგლი"... ძეგლის ესკიზის ავტორი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილია (1931-2022), რომელიც სხვა მრავალ ქანდაკებასთან ერთად, ერეკლე მეფის კიდევ ერთი ძეგლის ავტორია, რომელიც თელავში 45 წლის წინ დაიდგა.
"მეფე ერეკლეს ხმალი უკავია ხელში ისე, როგორც ეკუთვნის და საჭიროა"
ჩვენი რესპონდენტი ვახტანგ ვარდოსანიძე ერთ-ერთია, ვინც ერეკლე მეორის ძეგლის ჩამოსხმაზე მუშაობდა.
- ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ კარგ საქმეში მივიღე მონაწილეობა. ერეკლე მეორე საქართველოს დედაქალაქში ძეგლს ნამდვილად იმსახურებდა. დიდი პიროვნება იყო, ბავშვობიდანვე ხმალი რომ ამოიღო ქარქაშიდან, აღარ ჩაუგია და იბრძოდა საქართველოს ბედნიერებისთვის...
- ზუსტად მაგ ხმლის გამო გამოითქვა საყვედურები, სოციალურ ქსელში...
- ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, ვერ დაინახავს. მეფე ერეკლეს ხმალი უკავია ხელში ისე, როგორც ეკუთვნის და საჭიროა - თითქოს ხმალს იღებს ქარქაშიდან.
- დიდხანს მუშაობდით ამ პროექტზე?
- 4 თვის განმავლობაში ვმუშაობდით უშანგი ჭიჭიაშვილი, თემურ კიკნაველიძე, თემურ ქოქიაშვილი, ავთანდილ კბილცეცხლაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი. მოქანდაკე და ავტორი ამ ძეგლის აწ გარდაცვლილი დიდი შემოქმედი მერაბ მერაბიშვილია, ჩვენ მხოლოდ ჩამომსხმელები ვართ. 1971 წელს თელავშიც მერაბ მერაბიშვილის ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგა. თელავში რომ ძეგლი დგას, მეფე ერეკლე იქ უფრო საპარადო ფორმითაა.
კომენტარებს არ ვაქცევ ყურადღებას. ათასნაირი ჭკუის ხალხი არსებობს. ზოგს რა უნდა, ვერ გაიგებ, ოღონდ რამე ცუდი თქვას... არ ჰგავს ერეკლე მეფესო! ბოლოს როდის ნახეს, მაინტერესებს?! აღმაშენებელზეც ეგრე ამბობდნენ, მაგრამ მერე მიწყნარდნენ, მიამგვანეს...
- ესკიზი ვინ შეარჩია და ვინ გადაწყვიტა, რომ თბილისში მეფე ერეკლეს ძეგლი უნდა დადგმულიყო?
- ალბათ, კულტურის სამინისტრომ, ჩვენ მან დაგვიკვეთა, ადგილი კი, თუ სად დაიდგმებოდა ძეგლი, არქიტექტორმა შეარჩია.
- კიდევ რა პროექტებზე გიმუშავიათ?
- ბატონი ელგუჯა ამაშუკელის "ქართვლის დედაზე", "დავით აღმაშენებელზე" თბილისში, ქუთაისში, ფარნავაზ მეფეზე თბილისში და ა.შ.
ვინატრებდი, თამარ მეფისა და გიორგი ბრწყინვალის ძეგლებიც დადგმულიყოს დედაქალაქში. ბევრი სასიქადულო პიროვნება გვყავს, მათ უნდა იცნობდეს ახალი თაობა. ლენინის ძეგლები იდგმებოდა და საყვედური არ უქვამთ იმ ეშმაკის ქანდაკებაზე და ერეკლეზე რა დაემართათ?!
"ჩემთვის ეგ ერეკლე არ არის. თელავში რაც დგას, ის ერეკლეა, ეს არა"
"ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო" - წერს ძეგლის შესახებ მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, რომელსაც "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა.
- მახსოვს, ჯერ კიდევ 2022 წელს წერდით, მეფე ერეკლეს დიდი ხანია ეკუთვნის ძეგლი თბილისშიო, ახლა კი დაწერეთ, ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყოო...
- როდესაც ასეთი დონისა და მასშტაბის ძეგლი თბილისში იდგმება, აუცილებელია კონკურსი ცხადდებოდეს. მოგონილი საბაბი, მერაბიშვილის ესკიზიაო, აბსოლუტური სისულელეა. მერაბიშვილის ძეგლი თელავში არაჩვეულებრივია, ძალიან უხდება ქალაქს, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავდა იმას, რომ თბილისშიც მერაბიშვილის ესკიზით უნდა ყოფილიყო ერეკლეს ძეგლი. უნდა ჩატარებულიყო კონკურსი, ყველას, ვისაც შეგვეძლო მიგვეტანა ჩვენ-ჩვენი ვარიანტი და მერე საზოგადოებას მოეწყო განხილვა.
თავის დროზე მერიაში იყო მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ბაბუაჩემი თავმჯდომარეობდა ცოტა ხანს, მერე გიგა ლორთქიფანიძე... ვარიანტებს საბჭო განიხილავდა, მერე არქიტექტურული საბჭო. ეს ქალაქი ყველასია და ხალხმა უნდა იცოდეს...
ვიღაცამ მოინდომა მერიაში, აბა, მოდი, მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დავდგათ ძეგლი, ვიღაც პეტრეს მივცეთ ფული და იმან დადგასო. ეს ჩვენი თანამოქალაქეების უპატივცემულობაა. პოლიტიკა არაფერ შუაშია, კულტურა უნდა გქონდეს იმისი, რომ შენს ქალაქელებს აჩვენო, რის დადგმას აპირებ.
- მოდი, ოპონენტის როლში გამოვალ და ვიტყვი, შესაძლოა ვინმემ თქვას, ამას იმიტომ ამბობს, განაწყენებულია, თვითონ რომ არ მიეცა საშუალება მონაწილეობისო.
- მე საქართველოს ტერიტორიაზე 17 მონუმენტი მაქვს გაკეთებული. ღმერთმა იმაზე მეტი მაჩუქა, ვიდრე მეკუთვნოდა და განაწყენებული კი არა, სულ რომ აღარაფერი გავაკეთო, ისიც მეყოფა, რაც მაქვს შექმნილი. განაწყენება არაფერ შუაშია. ეს არის ელემენტარული ქცევის კულტურა, რაც უნდა გაეკეთებინა თბილისის მერიას.
რაც შეეხება უშუალოდ ადგილს, სადაც დაიდგა ერეკლეს ძეგლი, ამაზეც უნდა ყოფილიყო მსჯელობა საზოგადოებაში. ჩემი აზრით, ერეკლეს ძეგლისთვის უალტერნატივო ადგილია კრწანისის ველი. კაცმა კრწანისის ველზე გმირობა ჩაიდინა, დიდი ბრძოლა გადაიხადა, შენ კი ძეგლს დგამ კახეთის გზატკეცილზე, სამინისტროს გვერდით, სკვერში.
მესამე, უშუალოდ ძეგლის შესრულებაზე ვიტყვი. პირადად მე, მხატვრულად ძეგლი არ მომწონს. იმას არა აქვს მნიშვნელობა, ხმალი მუხლებზე უდევს თუ ხელში უჭირავს. რასაკვირველია, მე რომ გამეკეთებინა, ერეკლეს ხმალი ხელში ეჭირებოდა. გეტყვით, მე როგორი მონუმენტის გაკეთება მინდოდა, თუმცა ვიცოდი, საშუალებას არ მომცემდნენ.
იქნებოდა დიდი კედელი და მისგან ნახევრად გამოსული ერეკლე თავისი შვილიშვილებით და რაზმით. თვითონ კრწანისის ველი გვაძლევს ამის საშუალებას, ქანდაკებისთვის ძალიან კარგი ადგილია.
მოკლედ, ძეგლი არ მომწონს, ჩემთვის ეგ ერეკლე არ არის. თელავში რაც დგას, ის ერეკლეა, ეს არა. არც ჩაცმულობით, არც ხმლით თუ უხმლობით, არც დინამიკით და არაფრით. პლუს ამას ტექნიკურად ძალიან ცუდად გაკეთებულია, ქანდაკებას პირდაპირ ეტყობა შედუღების ზოლები. არსებობს არაჩვეულებრივი კაცი, ოლეგ გელაშვილი, ჩამომსხმელი, რომელიც 45 წელიწადია ასხამს ქანდაკებებს საქართველოში. თუ რამე გაკეთებულა, დაწყებული აღმაშენებლის ძეგლით, მათ შორის ჩემი ქანდაკებები, ყველა ოლეგის ჩამოსხმულია. ასეთი რამ ოლეგს არ დაემართებოდა, ცხენს შედუღების ადგილები დამჩნეოდა, გამორიცხულია.
რომ იცოდეთ, მერაბ ბერძენიშვილის აღმაშენებლის ძეგლზე რამდენი კონკურსი ჩატარდა, გორგასლის ძეგლზეც. ძალიან დიდი მოვლენა იყო ხოლმე, ამაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. როცა გადაწყდებოდა და ვიღაც მოიგებდა, რა ბედნიერი იყო, რომ ამხელა საკონკურსო ბრძოლა გამოიარა და აქამდე მივიდა. სად გაგონილა, ორ კაცში წყდებოდეს სად, რა, როგორ და რანაირად?!