„ოცნებას“ ხელის განძრევაც არ სჭირდება, ოპოზიცია ძალიან ეხმარება შედეგის მიღებაში“
"ოპოზიციის ნაწილი უზრუნველყოფს, რომ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ხმა არ მისცეს ოპოზიციას... ამბობენ, რომ რაღაცას დაიწყებენ და იმ დღესვე დაამთავრებენ, რაც, სამწუხაროდ, მაგონებს პროვოკაციას, რაც ისევ ხელისუფლების ინტერესებშია", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ბოიკოტისტების ნაწილს დაანონსებული აქვს ხელისუფლების კონკრეტულად 4 ოქტომბერს ჩამოშლა, მაგრამ ამას როგორ აპირებენ, დღემდე არაფერს ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულ დრომდე, ფაქტობრივად, საათებია დარჩენილი. ხაბეიშვილის დაჭერის დროს კი გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ გეგმის შესახებ რაიმე მაინც გახდებოდა ცნობილი, მაგრამ სულ ტყუილად... თუმცა, ფაქტობრივად, ღვთის იმედზე დარჩენილი ბოიკოტისტების ოპტიმისტი ნაწილი "ოთხში იწყებს და ოთხშივე ამთავრებს", პესიმისტი ბოიკოტისტები კი ოთხში კი იწყებენ, მაგრამ დასრულების თარიღზე არაფერს ამბობენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პესიმისტები კარგად ინფორმირებული რეალისტები არიან, მათი გეგმა მეტ იმედს გააჩენდა, ცხადია, გეგმა რომ არსებობდეს. რა შეიძლება მოხდეს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.
- საქმე ის არის, რომ საზოგადოებაში განწყობები არაერთგვაროვანია. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის რესურსეის მხრივ, ხელისუფლებას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და მოგეხსენებათ, საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ხშირად რესურსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ნაციონალური მასშტაბით მე დიდ სიურპრიზებს არ ველოდები. ხელისუფლება რეგიონებში, ფაქტობრივად, უალტერნატივოდ მუშაობს და რეალურად ერთპარტიულ არჩევნებთან გვაქვს საქმე რეგიონებში. გარკვეული კონკურენცია არის მეგაპოლისებში, მაგრამ აქაც, სამწუხაროდ, იმ პრობლემების გარდა, რაც ყველა არჩევნებზე გვქონდა, იქნება ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსების ბოროტად გამოყენება, მოსყიდვა, დაშინება და ა.შ., არის ისიც, რომ ოპოზიცია ძალიან ეხმარება ხელისუფლებას შედეგის მიღებაში. ვიცით, რომ თბილისში განწყობები კატასტროფულია ხელისუფლებისთვის და ოპოზიციის აქტივობის შემთხვევაში ხელისუფლებას გაყალბების პირობებშიც კი არავითარი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ქმედებების გამო "ოცნებას" ხელის განძრევაც არ სჭირდება - ოპოზიციის ნაწილი უზრუნველყოფს, რომ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ხმა არ მისცეს ოპოზიციას. ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ოპოზიციის ეს ურთიერთდაპირისპირება, რაშიც ძალიან დიდი ენერგია იხარჯება, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში. დღეს ოპოზიცია სამ ფლანგზეა განთავსებული: ერთი მიდის არჩევნებზე ანუ ლეგალური პოლიტიკის სივრცეში რჩება; მეორე ნაწილი ბოიკოტშია, მაგრამ არ აცხადებს კონკრეტულ თარიღებს და ცდილობს რაღაც ეტაპზე საყოველთაო დაუმორჩილებლობაში გადაზარდოს პროცესი, რითიც მოხდება ხელისუფლების პარალიზება; და არის მესამე ნაწილი, რომელიც აჩქარებს პროცესს, ქმნის გარკვეულ მოლოდინს, რომ 4 ოქტომბერს (მაინცდამაინც არჩევნების დღეს რატომ დაამთხვიეს, ჩემთვის გაუგებარია) რაღაცას დაიწყებენ და იმ დღესვე დაამთავრებენ, რაც, სამწუხაროდ, მაგონებს პროვოკაციას, რაც ისევ ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ხელისუფლებას ავტორიტარიზმის ჩაბეტონებისთვის სჭირდება არა მხოლოდ არჩევნების "მოგება", არამედ ძალის დემონსტრირებაც იმავე დღეს. ავტორიტარული რეჟიმები ასე მყარდება - ერთი მხრივ, შენ უნდა ჩაატარო ფსევდოარჩევნები, ხოლო, მეორე მხრივ, უკმაყოფილების საპირწონედ უნდა მოახდინო ძალის დემონსტრირება, რითიც პროტესტანტებს სამზარეულოებში შეყრი. ეს არის ხელისუფლების ამოცანა და ეს ოქსიმორონული განაცხადი, რასაც "მშვიდობიან დამხობას" უწოდებენ, როგორც აქამდეც ბევრჯერ გვინახავს დიდი მოლოდინის მერე დიდი იმედგაცრუება, ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს.
- ანუ 4-ში ეს აქცია შეცდომაა?
- არა, აქცია არ იქნება შეცდომა. აქცია უნდა გაიმართოს და მე მივესალმები. ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ყველა მოქალაქის ქმედებები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, გმირობის ტოლფასია. შეცდომაა იმ მოლოდინის შექმნა, აქციას დავიწყებთ დილით და საღამოს ხელისუფლებას დავამთავრებთო, რადგან ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია, მხოლოდ ეს აძლევს "ოცნებას", თავისი გაგებით, ლეგიტიმურ საფუძველს იმისთვის, რომ კუნთების თამაშით კიდევ ერთხელ გაუსწორდეს ქართველ საზოგადოებას. სამწუხაროდ, შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლაზე უარი უნდა ვთქვათ და მე მაინც კიდევ ერთხელ მოვუწოდებდი თბილისელ ამომრჩეველს, წავიდნენ არჩევნებზე, რადგან შანსი იმისა, რომ თუნდაც მეორე ტურში გადავიდეს პროცესი, გამოყენებულ იქნეს. თუმცა ამას ხელს უშლის ოპოზიცია.
თბილისის ოპოზიციური საზოგადოება რომ მივიდეს არჩევნებზე, მეორე ტური ძალიან რეალისტური გახდება. ბოიკოტირება რას ნიშნავს: "ქართული ოცნების" ამომრჩეველი მაინც წავა არჩევნებზე, ოპოზიციამ რაც არ უნდა იძახოს და მოუწოდოს - ანუ ბოიკოტისტები ოპოზიციურ ამომრჩეველს ეუბნებიან, არ წახვიდე და ოპოზიციას ხმა არ მისცეო. ეს თავისთავად აბსურდია, მაგრამ ეს მოცემულობა შეიქმნა.
- ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, ბოლო დღეებში აქტიურად ხდება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის კანდიდატების "ოცნების" მიერ გადაბირება. ამ მოცემულობაში, როდესაც არჩევნებში ოპოზიცია ისედაც სანთლით არის საძებნელი, ხელისუფლებას ეს რაში სჭირდება?
- ეს არ არის სისტემური თემა. როგორც ჩანს, ეს უფრო ადგილობრივი ინიციატივებია. შესაძლოა არც არავის არაფერში სჭირდება, მაგრამ ადგილზე ვიღაცა რომ ზის, თავისი დღის წესრიგი აქვს, თავისი ქულების დაწერა უნდა და ჩალიჩობს, რასაც ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ჩალიჩი საქართველოში ძნელი არ არის. ჩვენი პოლიტიკური კლასი, ჩვენი პოლიტიკური პარტიები არა მხოლოდ გარედან, შიგნიდანაც ძალიან სუსტები არიან. ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური ის არის, რესურსების სიმწირის დროს შენ რომ პარტიის ფილტრაცია მოახდინო და თან ისე, ვიღაცა არ შემოგიძვრეს, არ შემოგეპაროს, ძალიან ძნელია. ამის სანაცვლოდ ვერაფერს ვერ სთავაზობ. სუბიექტურია ის, რომ თვითონ პარტიული მენეჯმენტი საქართველოში ვერ არის მაღალ დონეზე. ასე რომ, არცთუ სასიამოვნო რეალობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა შეწყდეს. ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი, აქციები უნდა იყოს პერმანენტული და რაღაც მომენტში დადგება, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, ის "ჭეშმარიტების წამი", როდესაც ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური განვითარების გზას. მე ამის დიდი იმედი მაქვს.
- ბოიკოტისტების სავარაუდო შედეგებზე რომ ვიმსჯელოთ, რა შემთხვევაში როგორ განვითარდება პროცესები?
- როგორც ზემოთ გითხარით, ოპოზიციაში, უფრო სწორად, ბოიკოტისტებში, სამი მიმდინარეობაა და არც ერთის გეგმას პერსპექტივა არა აქვს. სამივე მარცხისთვის განწირული გზაა. ერთადერთი შანსი, რომ რაიმე შედეგი მივიღოთ, არის ამ სამი მიმდინარეობის გაერთიანება, ასე ვთქვათ, ერთიანი ფრონტით გამოსვლა, რაც ობიექტური აუცილებლობაა. ოპოზიცია კომპრომისების ძიებაში უნდა იყოს ისედაც მწირე რესურსების გამო და უნდა ფიქრობდეს არა იმაზე, მათ რა ყოფთ, არამედ იმაზე, თუ რა აერთიანებთ და აერთიანებთ სტრატეგია, რომელიც მდგომარეობს ქვეყნის ევროპულ მომავალში. თუმცა იმის ნაცვლად, ამ საერთო სტრატეგიის მიზნიდან გამომდინარე, ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს აშენებდნენ, ამ ხიდებს წვავენ. ამიტომაც არა მგონია, კონკრეტულად 4 ოქტომბერს რაიმე გადამწყვეტი მოხდება. მეორე მხრივ, "ოცნებას", როგორც გითხარით, თავისი გეგმა აქვს - მათ სურს ჩააბეტონოს საკუთარი მმართველობა, ავტორიტარიზმი და ამისთვის არა მგონია, რომ არჩევნებზე დიდი გაყალბება დასჭირდეს. მათ კი, ვინც ამას გააპროტესტებს, წინააღმდეგობას გაუწევს, გალახავენ ერთი-ორ კაცს და მერე ამასაც საკუთარი ძალადობის გამართლებისთვის, საკუთარი ძალაუფლების ჩაბეტონებისთვის გამოიყენებენ, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ მოჰყვეს საზოგადოებაში ნიჰილიზმი ყველაფრისადმი, რაც ისევ "ოცნებას" აწყობს. დასანანი ის არის, რომ ოპოზიცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, "ოცნება" ამ გეგმის შესრულებაში ეხმარება, დანარჩენი კი ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდოთ 4 ოქტომბერს.
რუსა მაჩაიძე