ქართული პოლიტიკის ანტირეკორდი ანუ რით განსხვავდება ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან?! - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკის ანტირეკორდი ანუ რით განსხვავდება ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან?!

არჩევნებიც კარს მოგვადგა. საქართველოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ერთ არჩევნებს არ ჩაუვლია აურზაურისა და ჰაი-ჰუის გარეშე და გამონაკლისი არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოში 9-ჯერ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და ყველას თავისი ისტორია აქვს. თუმცა 4 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო მეტი დაძაბულობითა და შიშით ელოდება. აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები იქნება, რადგან ეს არის პირველი არჩევნები, რომელსაც ამდენი პარტია უცხადებს ბოიკოტს; ეს არის პირველი არჩევნები, რომლის დღესაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რევოლუციას და "მშვიდობიან დამხობას" აანონსებს (ვეთანხმები ექსპერტ ირაკლი მელაშვილს, რომ ასეთი ტერმინი მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა დაბადებულიყო). ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც პოლარიზაციამ, ურთიერთსიძულვილის ენამ, აგრესიამ, არაადეკვატურობაში არეულმა სიბრიყვემ და მოსახლეობის დაზაფვრის ცდებმა სულ სხვა მასშტაბს მიაღწია (ამის მეტი გასულ წლებში­ რა გვინახავს, მაგრამ ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი - არა);

555588450-835736465812029-8743614361856122234-n-1759221742.png

ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც დაპირისპირებამ თავად ოპოზიციაში "ახალი სიმაღლეები დაიპყრო"; ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიციამ ყველა ოლქსა და ქალაქში ვერ შეძლო კანდიდატების წარდგენა; ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთა რაოდენობა მინიმუმამდეა დასული; ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც 5 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში ზის. ალბათ, ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ლაპარაკი ზედმეტია, თუ რა რთულ ფაზაშია ჩვენი ქვეყანა.

552451089-658839453584146-9048272208664124856-n-1759221741.png

9-ჯერ ჩატარებული არჩევნები ანუ პირველი რესპუბლიკიდან შარლ მიშელამდე

გავიხსენოთ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თქვენი ნებართვით, აქცენტს თბილისზე გავაკეთებთ, რადგან სწორედ დედაქალაქში იმართება ხოლმე მთავარი პოლიტიკური ბატალიები და საბოლოოდ, ვინც იგებს თბილისში, ის იმარჯვებს დანარჩენ საქართველოშიც.

553188332-1163946862465125-1881154589675527241-n-1759221742.png

საქართველოში პირველი ადგილობრივი­ თვითმმართველობის არჩევნები პირველი რესპუბლიკის დროს ჩატარდა. ქვეყანაში იყო მძიმე პოლიტიკური ვითარება, "ბოლშევიკური" მეხუთე კოლონა სახელმწიფოს ძირს უთხრიდა და პარალელურად, მაშინდელ ხელისუფლებას ათასი ჯურის საგარეო მტრის მოგერიება უწევდა. შესაბამისად, ქვეყანაში ქალაქთა საბჭოებისა და ერობათა ყრილობის ხმოსანთა არჩევნები ნაწილ-ნაწილ ჩატარდა - 1918, 1919 და 1920 წლებში. თბილისში ეს არჩევნები 1919 წლის 2 თებერვალს ჩატარდა. ბოიკოტი გამოაცხადეს სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა), სომხური დაშნაკური პარტია კი მის ჩაშლას ცდილობდა. თუმცა არჩევნების ორგანიზებულად ჩატარება მოხერხდა. დომინირებდნენ მაშინდელი მმართველი პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლები. საქართველოს ისტორიაში პირველმა არჩეულმა თვითმმართველობის ორგანოებმა ვადა ბოლომდე ვერ მიიყვანეს 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო.

553307612-1964134561034350-4011707587932250998-n-1759221742.png

მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 73 წლის შემდეგ გაიმართა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა, 30 აპრილს კი საქართველოს მოქალაქეებმა ადგილობრივის საბჭოები აირჩიეს. ქვეყანაში მაშინაც დიდი პოლიტიკური დაძაბულობა იყო და საზოგადოება სამოქალაქო ომისკენ დიდი ნაბიჯებით მიდიოდა. არჩევნებში საქართველოსა და თბილისის მასშტაბითაც გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". თუმცა 1991 წლის დეკემბერში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო ადგილობრივი საბჭოები დაიშალნენ.

მესამე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 1998 წელს ჩატარდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურობისკენ მიდის, ქუჩის აქციები, ფაქტობრივად, აღარ იმართება, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და მის მმართველ პარტიას პოზიციები გამყარებული აქვთ. თუმცა ადგილობრივი არჩევნები "მოქალაქეთა კავშირისთვის" კრახით დამთავრდა. კერძოდ, ოპოზიციამ საერთო ჯამში თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა. მანდატები ასე გადანაწილდა: "მოქალაქეთა კავშირი" 20, ლეიბორისტული პარტია 12, სოციალისტური პარტია (ვისაც არ ახსოვს, იყო ერთ დროს ასეთი პარტია, რომლის თავმჯდომარე აწ გარდაცვლილი ვახტანგ რჩეულიშვილი იყო) 9, ასლან აბაშიძის "აღორძინება" 4, სახალხო პარტია (ლიდერი მამუკა გიორგაძე) 4; "ტრადიციონალისტები" 3; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ლიდერი ირინა სარიშვილი) 3. საკრებულოს თავმჯდომარე გახდა ოპოზიციის წარმომადგენელი ლეიბორისტული პარტიიდან ლადო კახაძე, თუმცა მან თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მალევე დატოვა პარტია. თუმცა "მოქალაქეთა­ კავშირმა" სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით (გადაბირება, გარკვეული სიკეთეების შეპირება და ა.შ.) შეძლო, რომ ოპოზიციური საკრებულო მაშინდელი ხელისუფლებისთვის დიდი თავსატეხი ვერ გახდა.

553198980-976941991267331-803205064802071110-n-1759221742.png

2002 წელს საკრებულოების მეოთხე არჩევნებს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. კერძოდ, ერთ წელში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ეს ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად განიხილებოდა. უკვე წინასწარ იყო ცნობილი, რომ საკრებულოები ოპოზიციური იქნებოდა, კერძოდ, შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირი" უკვე დაშლილი იყო, ლეიბორისტული პარტია პოპულარობას ინარჩუნებდა. შევარდნაძის გუნდიდან წამოსულმა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" დააარსა და საარჩევნოდაც დაარეგისტრირა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ პარტია "გაერთიანებული დემოკრატები" დააფუძნა, მაგრამ ხელისუფლების სხვადასხვა ბიუროკრატიული ხრიკის გამო ვერ შეძლო მისი საარჩევნოდ დარეგისტრირება და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა დაემუქრა. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერმა შოთა მალაშხიამ ჟვანიას ამ პოლიტორგანიზაციის სარეგისტრაციო ნომრისა და სიის გამოყენება შესთავაზა. საბოლოოდ, არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდა: ლეიბორისტული პარტია 25,5%(16 მანდატი); "ნაცმოძრაობა" 23,75%(15 მანდატი); "ახალი მემარჯვენეები"(ლიდერები დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე) 11,36% (6 მანდატი); ქრისტიან-კონსერვატიული პარტია (ჟვანიას გუნდი) 7,27% (4 მანდატი); "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" (ლიდერი გოგი თოფაძე) 7,13% (4 მანდატი); ასლან აბაშიძის ბლოკი "აღორძინება" 6,34% (3 მანდატი); ბლოკი "ერთობა" (ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი) 4,13% (2 მანდატი). საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გახდა, რამაც მისთვის დიდი ტრამპლინის როლი შეასრულა - ერთ წელში "ვარდების რევოლუცია" მოხდა.

552451089-658839453584146-9048272208664124856-n-1759221741.png

2006 წელს ადგილობრივი თვითმმართ­ველობის რიგით მეხუთე არჩევნები ჩატარდა. ეს ის პერიოდია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ პოპულარობის ზენიტში არიან. თუმცა ოპოზიციონერები მიუთითებდნენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე. იყო ტრაგიკომიკური შემთხვევებიც. არჩევნების წინ ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში პირველად დაარიგეს პირადობის მოწმობები. ჰოდა, მივიდნენ და საარჩევნო ყუთში პირადობის მოწმობები ჩაყარეს, მცხეთის საოლქო კომისიის ერთმა წევრმა კი შემაჯამებელი ოქმი შეჭამა... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებშიც და თბილისშიც დიდი უპირატესობით მოიგო. თავად განსაჯეთ - თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ მხოლოდ 3 მანდატის მოპოვება შეძლო - თითო-თითო "მრეწველებმა", ლეიბორისტებმა და რესპუბლიკელებმა.

2010 წელს მეექვსე ადგილობრივ არჩევნებს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი­ უძღოდა. 2009 წელს ქვეყანაში რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტი იყო მთავარი მოთხოვნით - წასულიყო სააკაშვილის ხელისუფლება. ვითარების განმუხტვის მიზნით, სააკაშვილმა ასეთ მანევრს მიმართა - არჩევნების თარიღი შემოდგომიდან გაზაფხულზე გადაიტანა და საკრებულოებთან ერთად თბილისის მერის არჩევნების ჩატარებაც გადაწყვიტა (მანამდე მერებს პრეზიდენტები ნიშნავდნენ, საქართველოს ყველა ქალაქში კი მერების არჩევნები 2014 წელს ჩატარდა). თუმცა პოლიტიკური კრიზისისგან ოპოზიცია უკვე გამოფიტული იყო და სააკაშვილის ხელისუფლების სხვადასხვა მეთოდით დისკრედიტირებულიც. კრახით დასრულდა კონსულტაციები თბილისი მერის არჩევნებზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შესათანხმებლად. საბოლოოდ, "ნაცმოძრაობამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. დედაქალაქის საკრებულოში მათ 39 მანდატი მოიპოვეს, "ალიანსმა საქართველოსთვის" (ლიდერი ირაკლი ალასანია) - 5, "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" (ლიდერი გიორგი თარგამაძე) - 3, "ეროვნულმა საბჭომ" (ლიდერები ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი) - 2, "მრეწველებმა" - 1.

თბილისის მერის არჩევნებში გიგი უგულავამ (რომელსაც მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა და ადმინისტრაციული რესურსი ეხმარებოდა) ხმების 55,23% მიიღო, მეორე ადგილზე ირაკლი ალასანია გავიდა­ 19,05%-ით. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: გიორგი ჭანტურია 10,7%; ზვიად ძიძიგური 8,31%, გოგი თოფაძე 5,19%.

553542872-1324457919380222-6241883001543103643-n-1759221742.png

ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვიდე არჩევნები (2014 წელი) ერთ-ერთი­ ყველაზე მშვიდი არჩევნები იყო ქვეყნის ისტორიაში. "ქართული ოცნება" პოპულარობის პიკში იყო და შესაბამისად, შედეგები არავის გაჰკვირვებია. თბილისის საკრებულოში "ოცნებას" 37 მანდატი ერგო, "ნაცმოძრაობას" - 7; "ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" - 3, "პატრიოტთა ალიანსს" - 2. მათ დაემატა უპარტიო დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

მერის არჩევნებში "ოცნებას" ცოტა გაუჭირდა. დავით ნარმანიამ პირველ ტურში 46,09% მიიღო, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა მელიამ 27,97%. საჭირო გახდა მეორე ტური, რომელშიც ნარმანიამ ხმების 72,47% მიიღო, მელიამ კი - 27,53%.

მერვე არჩევნებიც მშვიდი იყო. 2017 წელს ოპოზიცია წინასწარ იყო შეგუებული წაგებას, მით უმეტეს, რომ თბილისის მერად კახა კალაძე იყრიდა კენჭს. საბოლოოდ კალაძემ პირველივე ტურში მოიგო ხმების 51,09%-ით. პოლიტიკური სენსაცია იყო ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლა 17,48%-ით, მესამეზე "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი გავიდა - 16,59%. "ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოში 40 მანდატი აიღო, "ნაცმოძრაობამ" - 5, "ევროპულმა საქართველომ" - 3, "პატრიოტთა ალიანსმა" კი - 2.

screenshot-2025-09-30-122931-1759221854.png

2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის მეცხრე არჩევნები კი მწვავე პოლიტიკურ კრიზისს დაემთხვა. ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ცნობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პირადად ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩართული მედიაციაში. იმართებოდა აქციები. ამას დაემატა ისიც, რომ არჩევნების წინადღეს ქვეყანაში "რევოლუციის მოსაწყობად" შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი, რასაც დამატებით აქციები და დაძაბულობის ზრდა მოჰყვა. საბოლოოდ ამავე არჩევნებში, შარლ მიშელის დიდი მეცადინეობით, ჩაიდო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მექანიზმები. კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ" დადო პირობა, რომ თუ ქვეყნის მასშტაბით 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, დანიშნავდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.

ქვეყნის მასშტაბით "ოცნებამ" 46%-ზე მეტი აიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხიც მოიხსნა დღის წესრიგიდან. სამაგიეროდ, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც კახა კალაძემ 55,607%-ით დაამარცხა ნიკა მელია - 44,393%. თბილისის საკრებულოში "ოცნებამ" 19 მანდატი მოიპოვა, "ნაცმოძრაობამ" - 13, გახარიას პარტიამ - 4, "ლელომ" - 2, ზურა ჯაფარიძის "გირჩმა"- 1, "ანა დოლიძე ხალხისთვის" - 1.

პოლიტიკური კრიზისი ოდნავ კი განიმუხტა, მაგრამ... რას წარმოვიდგენდით, წინ რა გველოდა.

გიორგი კვიტაშვილი