საქართველოს პრეზიდენტების „ისტორია“ ანუ ვსწავლობთ თუ არა წარსულის შეცდომებზე?!
პოლიტიკაში ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც შეცდომებზე ვერ სწავლობ. სამწუხაროდ, ეს ლამის ქართულ პოლიტიკურ ტრადიციად დამკვიდრდა. გარდა ამისა, ჩვენი დაუძინებელი მტერია, რომ კრიზისების დროს გვიჭირს კონსენსუსის გამონახვა და ერთი "იქიდან" აჯანჯღარებს ქვეყანას, მეორე კი "აქედან". თუმცა ბოლო 34 წლის განმავლობაში იყო წარმატებებიც და ისეთი გონივრული ნაბიჯები, რამაც აქამდე მოგვიყვანა, მაგრამ ამას მალევე ცვლიდა შეცდომების კასკადი. ამას კარგად დავინახავთ, თუ საქართველოს "საპრეზიდენტო ისტორიას" გადავხედავთ.
ზვიად გამსახურდია - ტრიუმფიდან ბურუსით მოცულ სიკვდილამდე
ზვიად გამსახურდია ტრიუმფით მოვიდა ხელისუფლებაში. მისმა ხელისუფლებამ 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და პირველმა პრეზიდენტმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ისტორიაში. ასევე, ბევრს შეიძლება დღეს არ ახსოვს, მაგრამ გამსახურდიას ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად და ეფექტიანად აღმოფხვრა რაჭის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები. თუმცა შემდეგ იყო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა...
34 წლის შემდეგაც ისმის კითხვა: შეიძლებოდა თუ არა სამოქალაქო ომის თავიდან აცილება?! ალბათ, შეიძლებოდა. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ კრიზისის ამა თუ იმ სცენარით წარმართვის გამო მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებას ეკისრება. 1990 წელს დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობდა - სადაც სიმკაცრე იყო საჭირო, იქ ლმობიერებას იჩენდა, სადაც ლმობიერება - იქ სიმკაცრეს.
რა თქმა უნდა, რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართველები ერთმანეთს დავრეოდით. თუმცა ათასჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - მაშინდელ ქართველ პოლიტელიტას (რუსეთის პირდაპირ აგენტებს არ ვგულისხმობთ) ელემენტარული გონიერება რომ გამოეჩინა, არ მოხდებოდა ის, რისი კვალიც დღემდე გვეტყობა.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს რამდენჯერმე იყო შანსი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაწყებულიყო. იყო შანსი, რომ ამბოხებული გვარდიელების ამბავი მშვიდობიანად დასრულებულიყო. თუმცა... ხელისუფლება რადიკალიზმს რადიკალიზმსავე უპირისპირებდა და ვინც მის პოზიციებს არ იზიარებდა, ყველა მტრად გამოაცხადა. თვითონვე ასხამდა ნავთს ცეცხლზე და ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებსაც კი აიძულებდა, რომ მოწინააღმდეგის ბანაკში გადასულიყო.
რა თქმა უნდა, მაშინდელი შეიარაღებული ოპოზიციის (დრო იყო ასეთი, ლამის ყველა პარტიას შეიარაღებული ფორმირება ჰყავდა) ქმედებები პირდაპირ მიაქანებდა ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება, რომ დიპლომატიით, კონსენსუსით (თუნდაც ახალი არჩევნების ჩატარებით) და ზოგჯერ სიმკაცრით, ეს არ დაუშვას. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა საქართველოს მტრების სცენარით - სამოქალაქო ომით.
ასევე, ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო 1993 წლის 24 სექტემბერს საქართველოში დაბრუნება. ამან ახალი ბიძგი მისცა სამოქალაქო ომს და პირველი პრეზიდენტისთვის ეს ტრაგიკულად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც ჩატარდა, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები კვლავ ბურუსით არის მოცული, რაც ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია.
ედუარდ შევარდნაძე - დაკარგული აფხაზეთი და გეოპოლიტიკური წარმატება

რა გვახსენდება, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ - ალბათ, აფხაზეთის ომი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელება და კორუფცია.
აფხაზეთის ომს უკავშირდება შევარდნაძის ორი ტრაგიკული შეცდომა: 1992 წლის 14 აგვისტოს რუსების დაგებულ ხაფანგში მაშინდელი ხელისუფლება თავიდან ფეხებამდე გაება. ვის-ვის და, შევარდნაძეს კარგად უნდა სცოდნოდა იმ ქვეყნის მთავარი მემკვიდრის მეთოდები და მანიპულაციები, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითონ იყო. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, შევარდნაძემ აფხაზეთის მიმართულებით შეცდომები ჯერ კიდევ მაშინ დაუშვა, როდესაც საბჭოთა საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი იყო. სწორედ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დამდეგს წამოყო თავი კრემლიდან წახალისებულმა სეპარატიზმმა და თბილისს, იმის მაგივრად, რომ თუნდაც კრემლშივე ან ადგილებზე კულუარული მეთოდებით ეს საფრთხე ჩაეხშო, წაუყრუა და სეპარატისტებთან დიდ დათმობებზე წავიდა.
შევარდნაძის მეორე მთავარი შეცდომა პირდაპირ უკავშირდება სოხუმის დაცემას. დღემდე უპასუხოა კითხვა (სამწუხაროდ, თავის მემუარებში მეორე პრეზიდენტი ამაზე არაფერს წერს), როგორ ენდო რუსების პირობას გამოცდილი და ჭკვიანი დიპლომატი და რატომ გადმოიყვანა მძიმე ტექნიკა და არტილერია რუსებისავე გემებით ფოთში და სოხუმი, ფაქტობრივად, დაუცველი დატოვა!
კორუფცია კი შევარდნაძის ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო, რამაც ბოლო მოუღო კიდეც 2003 წლის 23 ნოემბერს.
თუმცა სწორედ უშუალოდ შევარდნაძის დაწყებულია დიდი შემობრუნება რუსეთიდან დასავლეთისკენ (შეგახსენებთ, რომ ეს იოლი არ იყო, რადგან ერთხანს ქვეყნის შს, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები კრემლის "რჩევით" ინიშნებოდნენ). მან პირველმა დააკაკუნა ევროკავშირის კარზეც და ნატოს კარზეც.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტმა კი, რომელიც ასევე უშუალოდ შევარდნაძის უშუალო მეცადინეობით განხორციელდა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განამტკიცა. არადა, ემუქრებოდნენ რუსეთიდან, რომ "გონზე მოსულიყო" და ამ პროექტისთვის თავი დაენებებინა.
რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისებს - შევარდნაძე სიტუაციის განმუხტვას მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპით ახერხებდა. 2001 წელს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა მთავრობის გადადგომით. ასლან აბაშიძესთან დიპლომატიურმა თამაშებმა ის მოიტანა, რომ აჭარაში რუსებმა ყველაზე მძიმე სცენარი ვერ გაათამაშეს.
თუმცა 2003 წლის პოლიტიკურ კრიზისს შევარდნაძემ ვეღარ გაუძლო. მაგრამ მაშინაც მძიმე სცენარი აიცილა ქვეყანამ თავიდან და ამაში მეორე პრეზიდენტს უკანასკნელი წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის.
მიხეილ სააკაშვილი - კარგად დაწყებული და ცუდად დამთავრებული

მიხეილ სააკაშვილიც ისეთივე ტრიუმფით მოვიდა ხელისუფლებაში, როგორითაც ზვიად გამსახურდია. საზოგადოების დიდი ნაწილისგან მას სრული კარტ-ბლანში ჰქონდა. დასაწყისი იყო კარგი და ეფექტური - ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლებში კორუფციის აღმოფხვრა; გამოცდების ერთიანი სისტემის შეცვლა, რამაც უნივერსიტეტებში აღებმიცემობა მოსპო; ბრძოლა კრიმინალთან და ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენის მინიმუმადე შემცირება; შსს-ს რეფორმა, რომელსაც რამე თუ ეშველებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა; იუსტიციის სახლების შექმნა; ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება და ა.შ.
თუმცა ამას მოჰყვა თანამოქალაქეების წინააღმდეგ სადისტური მეთოდების გამოყენება; ციხეებში წამების დამკვიდრება; ელიტური კორუფციის აღზევება; ბიზნესრეკეტი და საკნებში ქონებების ღამეული გადაფორმება; ტელემედიაზე სრული კონტროლის დამყარება და რაც მთავარია - შევარდნაძის არ იყოს, რუსულ ხაფანგში თავის გაყოფა 2008 წლის აგვისტოში.
პირველ დიდ პოლიტიკურ კრიზისს სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრით უპასუხა. თუმცა შემდეგ უკვე დაადგა ოპოზიციის დისკრედიტაციის გზას - ზოგს ყიდულობდა, ზოგს კომპრომატს უვრცელებდა, ზოგს კი აშინებდა. ასე გადააგორა მან მეორე დიდი პოლიტიკური კრიზისი და რეალურად 2010-2011 წლებისთვის ოპოზიცია მხოლოდ ფორმალურად არსებობდა.
სააკაშვილი დღეს პატიმარია და პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - მისმა ცუდმა საქმეებმა ისეთი კვალი დატოვა საზოგადოებაში, ამას დღემდე იყენებს სათავისოდ "ოცნების" გუნდი.
გიორგი მარგველაშვილი - პირველი გაოპოზიციონერებული პრეზიდენტი

მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, იმდენად ჰქონდა უფლებამოსილება შეკვეცილი, რომ ძალიანაც რომ მოენდომებინა, ბევრს ვერც ვერაფერს გააკეთებდა და ვერც ვერაფერს გააფუჭებდა. მის დროს არ იყო ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ უფრო დიდ აქტიურობაზე ეფიქრა. თუმცა გვახსოვს ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს დაწყებული აქციები და პარლამენტის წინ გაშლილი კარვები. აღსანიშნავია, რომ მაშინ მარგველაშვილი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა და მივიდა კარავში შვილმკვდარ მამა ზაზა სარალიძესთან.
2020 წლის შემდეგ კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ყველაზე "შეურიგებელ" აქტივისტებსაც კი შეშურდებათ.
სალომე ზურაბიშვილი - ქარს გატანებული პოლიტიკური წონა?!

საქართველოში დაახლოებით ისეთი პოლიტიკური სიტუაცია რომ ყოფილიყო, როგორიც 2013-2018 წლებში (მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი), მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვადას, ალბათ, თავისი წინამორბედივით ჩაამთავრებდა - წყნარად, მშვიდად. თუმცა 2024 წლის ნოემბრიდან ჩვენს ქვეყანაში რა პროცესებიც დაიწყო, ყველას მოგეხსენებათ...
შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო საერთო ოპოზიციური (ვგულისხმობთ ელექტორატს და არა პარტიებს) ლიდერი, რადგან ის იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც მომიტინგეები ტაშს უკრავდნენ და სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევდნენ. თუმცა... პარტიების თავკერძაობის გარდა, თვითონ ზურაბიშვილმაც არ იაქტიურა შესაბამისად, ვერ გამოვიდა პრეზიდენტობის "ობრაზიდან" და ეს შანსი წყალს გაატანა.
რისი გაკეთება შეუძლია მიხეილ ყაველაშვილს?!

ამაზეც ვწერდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - თუ მიხეილ ყაველაშვილი შეიწყალებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას დაკავებულ ახალგაზრდებს, ასევე მზია ამაღლობელსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამით საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობას მოიპოვებს. რაც მთავარია, ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავზე დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული.
გიორგი კვიტაშვილი