„ასპარეზობიდან გამოსულს მამა არ შემეგება... ეს მისი უკანასკნელი წუთები აღმოჩნდა...“ - კვირის პალიტრა

„ასპარეზობიდან გამოსულს მამა არ შემეგება... ეს მისი უკანასკნელი წუთები აღმოჩნდა...“

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები­ ევროპის ჩემპიონია! თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა ოქროს მედალი პირველდ მოიპოვა­. ქართველმა ფალავნებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვასა და თურქეთის გუნდები დაამარცხეს­. ინდივიდუალურ გამოსვლებში კი გიორგი ქალდანი პარაძიუდოში 2025 წლის ჩამპიონატის გამარჯვებულია (70 კგ). მან პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ტატამზე ბრიტანელი მაილს სოლომანი დაამარცხა.

ტურნირში 20 ქვეყნის 200-მდე პარასპორტსმენი ასპარეზობდა, მათ შორის - 14 ქართველი. ჯამში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 10 მედალია.

- ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი, აქედან გამომდინარე, კარგი შედეგის მოლოდინიც მქონდა. წელს ჩვენი გუნდის დიდი მოტივაცია ისიც იყო, რომ ევროპის ჩემპიონატი პარაძიუდოში­ საქართველოში პირველად ტარდებოდა და გულშემატკივრის წინაშე კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. მიხარია, რომ ოქროს მედლის მფლობელები გავხდით. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით პირველად გამოვდიოდი - მსოფლიო ჩემპიონი მაისში გავხდი და ეს ახალი და კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო, უნდა დამემტკიცებინა, რომ შეუძლებელია არაფერია.

ჩემი ყველაზე დიდი ძალა გულშემატკივარია. როცა იცი, მთელი საქართველო გიყურებს, შენ უკან ქვეყანა დგას, წარმოუდგენელი ენერგიით ივსები, საკუთარ თავში ახალ ძალებს პოულობ. თავად სხვა ქართველი სპორტსმენების გულშემატკივარი არაერთხელ ვყოფილვარ და ძალიან საამაყოა, როცა სპორტსმენი არ ტყდება და წარმატების მიღწევას მაინც ახერხებს. ჩემი, როგორც სპორტსმენის წესია, არ დავნებდე!

1-4-copy-1759081404.jpg

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ძიუდოში?

- ძიუდოში მამის უდიდესი სურვილით მოვხვდი. სკოლაში სიარული რომ დავიწყე, იმ პერიოდიდან ვვარჯიშობ. მამას მიაჩნდა, რომ კარგი სპორტი იყო და სურდა, მეც წარმატებული გავმხდარიყავი. ძალიან დაინტერესებული ვიყავი, მამას რომ ვახარებდი, მსიამოვნებდა, ოჯახიდან უდიდესი სტიმული მქონდა. ტურნირებზე გავდიოდი, პირველი მედალი, პირველი წარმატება ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა მანამდე მქონდა მარცხის რამდენიმე შემთხვევაც. ყველა ასპარეზობის შემდეგ პირველი მამა მეგებებოდა, ჩემი განცდების პირველი გამზიარებელი იყო.

- თუმცა ვიცი, რომ ერთხელ ასე აღარ მოხდა... შეძლებთ, ის მძიმე დღე გაიხსენოთ?

- იმ პერიოდში ძალიან კარგად ვიყავი­ მომზადებული, ფინალამდე მივედი, მაგრამ­ ასპარეზობიდან გამოსულს მამა არ შემეგება­ - დაბლა იწვა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მივედი, 2 სიტყვის თქმა მოასწრო, დამიბარა, ამ საქმეს მიხედეო... მერე გვერდით გამიყვანეს, "სასწრაფოც" მოვიდა, მაგრამ... ეს მამას უკანსაკნელი წუთები აღმოჩნდა, გულმა უმტყუნა. მგონი, მამის დანაბარების ასრულებას ვახერხებ, ყველა გამარჯვებას მის ხსოვნას ვუძღვნი.

3-2-1759081404.jpg

- იმ მძიმე დღეების შემდეგ როგორ იპოვეთ ძალა, ვარჯიში გაგეგრძელებინათ?

- ძალიან­ რთული იყო, შეიძლებოდა­, საე­რთოდ დავკარგულიყავი როგორც სპორ­ტსმენი. მერე ჩემმა მწვრთნელმა კარენ არუთინიანმა მითხრა, რომ შემეძლო ვარჯიში სრულიად უსასყიდლოდ გამეგრძელებინა. მაქსიმალურად ხელს მიწყობდა. მერე მეც წამოვიზარდე, ბევრს ვშრომობდი­, ცდას არ ვაკლებდი და სულ მჯეროდა, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი დღემდე.

- ვიცი, თქვენი ოჯახი აფხაზეთიდანაა.

- დიახ, სოხუმში დავიბადე და თბილისში გავიზარდე. დედაც აფხაზეთიდანაა,­ მამა კოდორის ხეობიდან იყო. რომ დაქო­რწინდნენ, სოხუმში ცხოვრობდნენ. 8 თვის ვიყავი, როცა წამომიყვანეს. სამწუხაროდ, აფხაზეთში შესვლის საშუალება ჩემს მშობლებსაც აღარ მიეცათ. იმედი მაქვს, ჩემი თაობა მაინც დაბრუნდება. მე ქართველი ვარ და ჩემი სამშობლოს მთლიანობა უმნიშვნელოვანესია!

- პარაძიუდოში როგორ აღმოჩნდით?

- მხედველობის პრობლემა მქონდა, მამას ექიმთან სულ დავყავდი. 2016 წელს პარაძიუდოს წარმატება ზვიად გოგოჭურმა მოუტანა. თავიდან მერიდებოდა, მაგრამ მერე მივედი და 2018 წლის შემდეგ აქ ვარ.

5-1759081404.jpg

- დატვირთვას ექიმი გიკონტროლებთ?

- დიახ, კვლევები მიტარდება, ისეთი მდგომარეობა თუ მაქვს, ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმის აწევა არ შეიძლება, დატვირტვას მიკრძალავენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მაძლევენ რეკომენდაციას.

- დაბრკოლებების გამო ოდესმე უკან დახევა გიფიქრიათ?

- ძალიან რთული პერიოდი­ მქონდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, ამ სპორტისთვის თავი დამენებებინა...

- არც მაშინ, როცა ხელზე სერიოზული ტრავმა გქონდათ?

- არა, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, ოპერაციის შემდეგ იყო საშიშროება, ამდენი წლის შრომას უკვალოდ ჩაევლო, ვარჯიში ვეღარ გამეგრძელებინა. წამიერად გავიფიქრე, ნუთუ ეს კარიერის დასასრულია? მხოლოდ წამიერად, ეს ფიქრი იქვე ჩავკალი, როცა წარმოვიდგინე ის შრომა, რომელიც ამ საქმეში ჩავდე. ამის შემდეგ ვარჯიში გაორმაგებული ძალებით დავიწყე.

- ძიუდომ თქვენ მეორე ნახევარიც გაპოვ­ნინათ. მიამბეთ ინას შესახებ...

- ერთმანეთი რომ გავიცანით, მაშინ პატარები ვიყავით. ისე მოხდა, ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით, ვმეგობრობდით, გუნდელებიც ვიყავით. რომ გავიზარდეთ, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა. სიმპათია სულ არსებობდა და მალე ჩვენ შორის გრძნობაც გაჩნდა. როდესაც მეუღლეები ერთ სფეროში საქმიანობენ, მგონია, რომ მათ შორის მეტი გაგებაა. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. 2024 წლის პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე რომ გამოვდიოდით, ჯერ ჩემი ასპარეზობა იყო, შემდეგ ინას ჰქონდა გამოსვლა. იქ სპეციალური ეკრანია, სადაც ასპარეზობის კადრები გადის. ინას საფინალო შეხვედრა რომ ჰქონდა, იმ მომენტში მე დაჯილდოებისთვის მამზადებდნენ, ეკრანთან არ მიშვებდნენ, არადა მინდოდა, ინასთვის მეყურებინა. შემდეგ ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ მეუღლეები ვიყავით და გამიშვეს, მე და მთელი სტაფი ინას ვგულშემატკივრობდით. მუხლზე ტრავმა ჰქონდა,­ წინა ოლიმპიადაზე ამ ტრავმით იასპარეზა, მაგრამ ბრინჯაოს მედლის აღება მაინც მოახერხა... 8 თვის წინ ოპერაცია გაიკეთა­. ახლა ნაოპერაციები ფეხით­ პირველი შეჯიბრება ჰქონდა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

ერთი შვილი გვყავს, დამიანე ქალდანი, 6 წლის არის და ძალიან მოტივირებულია სწავლაშიც, სპორტშიც. ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრების წესით მაგალითი მივცეთ. ძიუდოზე ახლახან შევიყვანეთ. დილით რომ იღვიძებს, პირველი ძიუდოს ჩანთას ალაგებს და მერე საათს უყურებს, ვარჯიშზე არ დააგვიანდეს.

- რას ეტყვით ადამიანებს, რომლებსაც რთული პერიოდი აქვთ და იმედის პოვნას ცდილობენ?

- ასეთ დროს რჩევის მიცემა რთულია, მაგრამ უნდა იბრძოლონ! არ დანებდნენ და გაგარძელონ წინ სიარული! მჯერა, თუ მოინდომებ, შედეგს აუცილებლად მიაღწევ!

თამუნა კვინიკაძე