ვინ იყო სტანისლავ ლაკობა, რომელმაც საქართველოს ისტორია გააყალბა - კვირის პალიტრა

ვინ იყო სტანისლავ ლაკობა, რომელმაც საქართველოს ისტორია გააყალბა

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიაში დაიღუპა 73 წლის სტანისლავ ლაკობა, აფხაზი ისტორიკოსი, ანტიქართველი მეცნიერი და აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ვლადისლავ არძინბას­ ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. ის იყო ავტორი აფხაზეთის გაყალბებული­ ისტორიის­ სახელმძღვანელოსი, რითაც დღეს აფხაზურ სკოლებში ასწავლიან. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატი, ომის შემდეგ კი დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი. რა როლი აქვს ლაკობას სეპარატისტული იდეოლოგიის შექმნაში და რა ისტორიული­ ფაქტებია გაყალბებული მის სახელმძღვანელოში, ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირი საუბრობს.

- სტანისლავ ლაკობა იყო აფხაზი ნაციონალისტი, სეპარატისტული მოძრაობისა და ანტიქართული იდეოლოგიური ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი. ის ყოველთვის იცავდა ნაციონალისტურ კურსს, თუმცა გამორჩეულად ანტიქართველი არ ყოფილა­. გვეკამათებოდა, მაგრამ ცდილობდა მაქსიმალურად დაეცვა ეტიკეტი. აფხაზეთში იყვნენ სხვა ნაციონალისტი ისტორიკოსებიც, რომლებსაც ანტიქართველობასთან ერთად, აკადემიური დონეც არ ჰქონდათ. მაგალითად, ვლადისლავ არძინბა, ჩემი აფხაზი მოგვარე ალექსი პაპასკირი და სხვები. მარგინალია გურამ გუნბაც, რომელიც აცხადებს, რომ მცხეთა აფხაზეთის­ ქალაქი იყო. ასევე, შალვა ინალ-იფა, ის თითქოს აკადემიური კაცი იყო, მაგრამ ბევრი ცრუმეცნიერული არგუმენტი ჰქონდა. მათგან განსხვავებით ლაკობა მაღალი კვალიფიკაციის ისტორიკოსი, მეცნიერი იყო და მეტ-ნაკლებად ცდილობდა დაესაბუთებინა­ გაყალბებული ისტორიული ფაქტები. მას 1977 წლიდან ვიცნობ. მაშინ სოხუმის უნივერ­სიტეტში ახალგაზრდა ლექტორები ვიყავით. ის ანტი­ქართველი, კომუნისტურ-ტრო­ცკისტული შეფერილობის პოსტსაბჭოური იდეოლოგი იყო. ცნობილი ნესტორ ლაკობა, მისი ბაბუის ძმა გახლდათ.

სტანისლავ ლაკობა იყო აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი­, სადაც მკაფიო ანტიქართული ნაწილებია, განსაკუთრებით ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის გაშუქებისას. მე-19 და მე-20 საუკუნეების ისტორიას იკვლევდა და მისი ანტიქართული გამოხდომები ამ საუკუნეებს შეეხებოდა. 1980-იანი წლების ბოლოს გამოაქვეყნა პირველი მონოგრაფია, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული ანტიქართული ელფერი დაჰკრავდა. ყველაზე გამომწვევი იყო 1918-1921 წლების ლაკობასეული ხედვა, რომელშიც მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაადანაშაულა აფხაზი ხალხისა და არჩეული მონოეთნიკური "აფხაზთა სახალხო საბჭოს" მისწრაფების ჩახშობაში (საბჭოს სურდა შეექმნა დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფო) და ავტონომიის სტატუსით აფხაზეთის ნაძალადევად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში მოქცევაში. მართალია, ამ ნარატივს სეპარატისტული მოძრაობის "მამები" ადრეც იყენებდნენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის, მაგრამ "აკადემიურად" ამ ყალბი თეზისების ისტორიოგრაფიული "დასაბუთება" პირველად სწორედ ლაკობას ამ წიგნში იყო წარმოდგენილი, რამაც ის ერთბაშად აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთ წამყვან იდეოლოგად აქცია. ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ 1991 წელს გამოცემული "აფხაზეთის ისტორიის" ე.წ. "დამხმარე სახელმძღვანელოს", რომელიც მთლიანად ანტიქართული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, მთავარ რედაქტორად სტანისლავ ლაკობა მოგვევლინა. არადა, "სახელმძღვანელოს" ავტორებს შორის იყო სამი მეცნიერებათა დოქტორი, მათ შორის, თვით ვლადისლავ არძინბა.

ამ პირველი აღიარების შემდეგ სტანისლავ ლაკობამ "აიწყვიტა" და აფხაზეთის­ XIX-XX საუკუნეების ისტორია ახალი ანტიქართული ნარატივებით "გაამდიდრა". მათ შორის თვალში საცემია მისი დემაგოგიური და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული მტკიცებები, თუ როგორ ისარგებლეს ქართველებმა რუსეთის იმპერიის ორგანიზებული ურჩი მაჰმადიანი აფხაზების განდევნით ოსმალეთში და მასობრივად­ ჩასახლდნენ აფხაზეთში. ამ პროცესის მთავარ იდეოლოგად მან იაკობ გოგებაშვილი გამოაცხადა და მას აფხაზებსა და ქართველებს შორის "100-წლიანი ომის" დაწყება დააბრალა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იაკობ გოგებაშვილმა რუსული ხელისუფლების წინაშე დასვა გაუკაცრიელებული აფხაზეთის სამეურნეო ცხოვრების ასაღორძინებლად "მეგრელი გლეხების" ჩასახლების მიზანშეწონილობის საკითხი. არადა,­ იაკობ გოგებაშვილი ქართველებს მოუწოდებდა გაგებით მოჰკიდებოდნენ აფხაზი ხალხის სურვილს, ჰქონოდათ საკუთარი დამწერლობა და აფხაზურ ენაზე ღვთისმსახურება. ანალოგიური მოწოდებით გამოდიოდა ეპისკოპოსი კირიონიც (შემდგომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი), რომელსაც ლაკობა და "ძმანი მისნი" ასევე ადანაშაულებდნენ "ანტიაფხაზურ" ქმედებებში.

სტანისლავ ლაკობას "ანტიქართულ არსენალში" ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა 1930-იანი წლების ბოლშევიკურ ტერორს, რომლის მსხვერპლი გახდა აფხაზური პარტიულ-პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს უდიდესი ტრაგედია, რომელიც სტალინის რეჟიმის შემოქმედება იყო და რომელსაც მართლაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა საქართველოში, მან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადააბრალა. გარდა ამისა, ლაკობა ანტიქართულ პოლიტიკურ დატვირთვას სძენდა­ კიდევ არაერთ საკითხს. მათ შორის იყო აფხაზეთის ეთნოდემოგრაფიული მდგომარეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, სადაც ის ცდილობდა ეჩვენებინა აფხაზთა რიცხობრივი სიჭარბე ქართველებთან შედარებით, ძირითადად, სამურზაყანოელების ხარჯზე, რომელთაც ის ეთნიკურ აფხაზებად მიიჩნევდა. დიდია მისი წვლილი აფხაზური სეპარატიზმის ისეთი­ ოდიოზური­ იდეოლოგიის შემუშავებაში, როგორიცაა საბჭოთა კავშირის მასშტაბით განხორციელებული ე.წ. მცირე ერების დამწერლობათა შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის დამწერლობაზე გადაყვანა, რომელიც ითვალისწინებდა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების სკოლებში სწავლების ენად რუსული ან მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის შემოღებას. ამ რეფორმების გატარებას მოჰყვა აფხაზური დამწერლობის ლათინური ანბანიდან ქართულ ანბანზე, ხოლო ე.წ. აფხაზურ სკოლებში, (რომელშიც სწავლების ენა მეხუთე კლასიდან რუსული იყო) სწავლების რუსულიდან ქართულ ენაზე გადაყვანა. ყოველივე ამას (40-50-იანი წლების დამდეგს ასევე საკავშირო დონეზე მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილების საფუძველზე დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან აფხაზეთში ეთნიკური ქართველების ყბადაღებულ "ჩასახლებასთან" ერთად) ლაკობა "აფხაზი ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალურობის მოშლის" მიზანმიმართულ ქმედებად აცხადებდა.

- ნესტორ ლაკობა ახსენეთ, აფხაზი ბოლშევიკების ლიდერი, რომელიც ბერიამ 1936 წელს მოაწამვლინა. აფხაზები და თავად სტანისლავ ლაკობა მას სახალხო ლიდერად მიიჩნევენ...

- სტანისლავ ლაკობა ცდილობს წარმოაჩინოს ნესტორ ლაკობა არა ბოლშევიკ ტირანად, არამედ "ანგელოზად", სახალხო ლიდერად, რომელიც ყოველთვის მართალი იყო და რაც მთავარია, არ იყო ჯალათი. ლაკობას გარდაცვალებას ის პირადად ლავრენტი ბერიას აბრალებს. ეს მოხდა თბილისში, 1936 წლის დეკემბერში, როდესაც ლაკობა სამთავრობო ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში მთავარ არგუმენტად მოაქვთ ის, რომ აფხაზ ბოლშევიკთა წინამძღოლი შეუძლოდ გახდა სასტუმროში­ და მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ღამით დაბრუნდა ბერიას სახლიდან. ყოველივე ეს დოკუმენტურად არ არის დადასტურებული, მაგრამ ამის დაშვება სავსებით შესაძლებელია, მით უფრო, რომ ნესტორ ლაკობა ბერიას "ყელში ჰყავდა გაჩხერილი" დიდ ბელადთან განსაკუთრებული ახლობლობის გამო. ამ ისტორიის, რომლის მთავარი ავტორი სტანისლავ ლაკობაა, აფხაზებს სჯერათ. ის 2015 წელს გამოცემულ "სახელმძღვანელოში" წერდა, რომ ბოლშევიკური რუსეთის IX წითელმა არმიამ, მას შემდეგ, რაც დაამარცხა საქართველოს მენშევიკური მთავრობის რეგულარული ნაწილები, 1921 წლის 4 მარტს გაათავისუფლა სოხუმი. ამას წერს კაცი, რომელიც მეგონა, გამოვიდა რუსულ-ბოლშევიკური ბურანიდან და შედგა ანტიიმპერიულ რელსებზე. დიახ, სტანისლავ ლაკობამ, ჩემდა გასაოცრად, იმავე სახელმძღვანელოს პირველ­ გამოცემაში 2006 წელს დაწერა, რომ 1810 წელს აფხაზეთის სამთავროს შესვლას რუსეთის იმპერიის მფარველობაში არაფრით არ შეიძლება დაერქვას აფხაზეთის რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთება და ეს პირველი ნაბიჯი იყო რუსეთის იმპერიის დამპყრობლური პოლიტიკისა აფხაზეთში, ხოლო აქ რუსეთის ახალი ხელისუფლების გამყარებას დასჭირდა კიდევ ნახევარსაუკუნოვანი ომი აფხაზ ხალხთან. სწორედ ამ სიტყვებმა­ აღაშფოთა 2010 წელს სეპარატისტული აფხაზეთის "დიდი მეგობარი"­ და საქართველოს დაუძინებელი მტერი, ცნობილი "დერჟიმორდა" კონსტანტინ ზატულინი, რომელმაც მენტორული ტონით დატუქსა აფხაზი ისტორიკოსი. კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს თვალში სტანისლავი, როდესაც მან თავისი პასუხი რუსი პოლიტიკოსისადმი გამოაქვეყნა მეტად გამომწვევი სათაურით - "ზატულინიზმი".

მოკლედ რომ შევაჯამოთ, სტანისლავ­ ლაკობას სახით ხელში შეგვრჩება­ ისტო­რი­კოსი და საჯარო პოლიტიკოსიც, რომელიც­ აფხაზი ხალხის თავზე დატრია­ლე­ბულ ყველა ცოდვაში ქართველებსა და საქართველოს ადანაშაულებდა. 1991 წელს აფხაზეთში ქართველებმა და აფხაზებმა ერთად ავირჩიეთ პოსტკომუნისტური პარლამენტი და ლაკობა დეპუტატი გახდა. მაშინ ეს არჩევნები აპარტეიდული კანონით ჩატარდა, ჩვენ, ქართველები, შეგნებულად წავედით ამ კანონზე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ყველაფერი დაუთმო აფხაზებს. ოფიციალურად ერთი აფხაზის ხმა უდრიდა სამი ქართველის ხმას. აფხაზეთში სამჯერ მეტი იყო ქართველი მოსახლეობა და ეს სამჯერ მეტი მოსახლეობა ირჩევდა 2-ით ნაკლებ დეპუტატს. კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და კვოტებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში 28 დეპუტატი აფხაზი იყო, ხოლო 26 დეპუტატი - ქართველი. ამ აპარტეიდული კანონის იდეოლოგი იყო ლაკობა.­ ჩვენ ამაზე წავედით, ოღონდ აფხაზებს საქართველოს რესპუბლიკაზე არ ეთქვათ უარი. აფხაზებმა კი ეს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს.

აფხაზური სეპარატიზმი ეფუძნება სამ ძირითად საყრდენს: პირველი - აფხა­ზეთი­ არის აფსუა-აფხაზების მიწა-წყალი­, ქართველები იქ მოსულები არიან; მეორე - ქართველებმა დაიპყრეს აფხაზეთი 1918-21 წლებში; საბჭოთა საქართველომ გააუქმა­ დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა და ის შეუერთა საქართველოს როგორც ავტონომია; მესამე - საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო ბოლშევიკური წითელი ტერორი 1931-37 წლებში. ამასთან, აფხაზური ანბანი გადაიყვანა ქართულ შრიფტზე, თითქოსდა გააუქმა აფხაზური სკოლები, რომლებიც არც არსებობდა; სტალინ-ბერიას დროს აფხაზებს ქართულ სკოლებში ძალით ასწავლიდნენ. ამ ყველაფერში სტანისლავ ლაკობას ხელი ურევია.

- ბოლშევიკ ნესტორ ლაკობას გარდა, ვის მიიჩნევენ აფხაზები სახალხო ლიდერად?

- ყველაზე დიდი ლიდერი მათთვის ვლადისლავ არძინბაა. არძინბამდე აფხაზები­ 4 მარტს აფხაზური სახელმწიფოს დაფუძნების დღეს ზეიმობდნენ - 1921 წლის 4 მარტს ბოლშევიკებმა აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს და როგორც 25 თებერვალი იყო საქართველოს გასაბჭო­ების დღე, ისე იყო 4 მარტი აფხაზეთვის­. არძინბამ 4 მარტი გააუქმა და გამოა­ც­ხადა, მე ვარ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფუძემდებელი და არა ვიღაც ბოლშევიკი ლაკობაო.

ეკატერინე ბასილაია