"გელას მამამ მითხრა, ასეთი შვილის ცქერას ვერ გავუძლებო და მიგვატოვა... ბავშვს ჰქონდა აუტიზმი, ტვინის მნიშვნელოვანი დაქვეითება და თავის ქალაში წყალი. ექიმმა მითხრა, ვერასოდეს გაივლის, სანამ შეძლებ, ხელით უნდა ატაროო" - ძლიერი დედა, რომელმაც შვილის ცხოვრება შეცვალა
ამბობენ, დედის ძალას ყველაფერი შეუძლიაო, შეუძლებელიც კი. ზოგჯერ შეიძლება ეს საეჭვოდაც გეჩვენება, მაგრამ მოხდება სასწაული და დარწმუნდები, რომ მართლაც ასეა. ჩემთვის ასეთი სასწაული ინგა მაჩაიძემ მოახდინა. ის 12 წლის გელას დედაა. ძალიან ლამაზი და ჭკვიანია: შესანიშნავად ფლობს მათემატიკას, მუსიკას და მომავალში კიდევ ბევრ რამეს ისწავლის. მან არ გაამართლა ექიმების ეჭვი - სანამ დედა შეძლებს, ბავშვი ხელში აყვანილი უნდა ატაროს, ეტლითაც კი ვერ შეძლებს სიარულსო, მაგრამ დედამ შეძლო და დღეს გელა დარბის, სწავლობს, განსაკუთრებით მათემატიკას, და საერთოდ, აკეთებს ბევრ რამეს, რაც მისმა ტოლმა ბიჭმა უნდა გააკეთოს. დედა კი გელასთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე თვით ყველაზე ძლიერ დედებს შეუძლიათ. ვერ გეტყვით, ასეთ სასწაულს რა ძალა მართავს, მაგრამ, თუ ინგა მაჩაიძესთან საუბრობთ, დარწმუნდებით, რომ ასეა.
- გელა წლის და რვა თვის იყო, როდესაც უცნაური რამ დაეწყო. მაგალითად, ღამეების განმავლობაში ერთიმეორის მიყოლებით უძილობა ან სახელის დაძახებისას უყურადღებობა, ისე, თითქოს შენ მისთვის არც არსებობდი. არადა, მანამდე ჩვენს სახელებსაც ამბობდა, დაძახებისასაც გვეპასუხებოდა, გვიღიმოდა, ყველაფერს აკეთებდა, რაც ამ ასაკის ბავშვმა უნდა გააკეთოს. მაგრამ უცებ ეს ყველაფერი დაავიწყდა. ჩემი ცნობაც დაკარგა და ძილიც. ვცდილობდით ავტომანქანაში მაინც ჩაგვეძინებინა, დაიძინებდა, მაგრამ შუქნიშანზე გავჩერდებოდით თუ არა, მაშინვე იღვიძებდა. მაშინ აუტიზმის არაფერი ვიცოდი, მიზეზი ჩვეულებრივი ნერვიულობა მეგონა, თუმცა, როგორც კი მის ქცევებს ჩავუღრმავდი, ექიმთან გავიქეცი. აი, მაშინ გავიგე აუტიზმის დიაგნოზის შესახებ, რომელზეც 12 წლის წინ ბევრმა არ იცოდა. იმ მომენტში ძალიან მძიმედ დაავადებული შვილის დედა გავხდი, რომელსაც ჰქონდა აუტიზმი, ტვინის მნიშვნელოვანი დაქვეითება და თავის ქალაში წყალი. ექიმმა მითხრა, ეს ბავშვი ვერასოდეს გაივლის, ვერც ეტლით ისარგებლებს, სანამ შეძლებ, ხელით უნდა ატაროო.
- როგორ შეძელით გეფიქრათ, რომ ექიმის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გამოაჯანმრთელებდით.
- დედებს, ღმერთმა აშოროთ და, ასეთ დროს სხვა ძალა მართავს, თან თავად ვარ ექიმ-ფსიქოლოგი და ცხადია, მაშინვე დავაწყებინე სიარული სამკურნალო პროცდურებზე. პარალელურად გაფაციცებით დავიწყე იმ აუტისტი ბავშვების მშობლების ძებნა, რომლებმაც შვილებს უშველეს. ყველაზე მეტად ისევ ის დედები დამეხმარნენ. თორემ გელას მამამ მითხრა, არა, მე ასეთი შვილის ცქერას ვერ შევძლებ, ჩემს ძალას აღემატება ამის გაძლებაო, და მიგვატოვა. ამ სიტყვების შემდეგ ჩემში ყველა შეგრძნება დაიხურა, გარდა ჩემს შვილთან დაკავშირებული შეგრძნებებისა და დაემატა შიში, ამ ყველაფერს მარტო როგორ შევძლებდი, მაგრამ შევძელი. ბავშვი, რომელზეც მეუბნებოდნენ, ვერ გაივლისო, დღეს დარბის, სწავლობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავში წყალი აღარ აქვს.
- როგორ?
- ალბათ, ჩემი ძალა ისიც იყო, რომ ნეიროფსიქოლოგი ვარ, თავად შევისწავლე ყველაფერი, რამაც შეიძლება აუტისტური სპექტრის ბავშვი ფეხზე დააყენოს. ასეთი რამდენიმე რამ აღმოვაჩინე. პირველ რიგში, გამუდმებული ვარჯიში, უგლუტენო საკვები, ცივი წყალი და სწავლა, ოღონდ არა სკოლაში, არამედ შინ, სახლში, სადაც ბავშვს აქვს დრო და საშუალება ისწავლოს. რატომ უნდათ მაინცდამაინც რთული აუტისტური სპექტრის ბავშვების სკოლაში შეყვანა. რა საჭიროა, როცა შინ დედასა და მასწავლებლებთან უფრო მეტს ისწავლის.
- თუმცა ბევრ მშობელს არა აქვს ამის საშუალება.
- მე იმას ვასახელებ, რითაც შედეგი მივიღე. შემიძლია ისიც დავამატო, რომ
ჩემს შვილს უკვე აღარ აქვს თავში წყალი. მოხდა სასწაული და მისი კვალი გამქრალია. ამან ექიმიც გააოცა. როცა მითხრა, ნახე, რა სასწაული ჩაუდენია ჩვენს სამედიცინო დანიშნულებას, გელას თავში წყალი აღარ აქვსო, ვუპასუხე, არანაირი მედიკამენტი არ მიმიცია, თავად აღვუდგინე ვარჯიშებით-მეთქი.
- როგორ?
- უამრავ ვარჯიშს შორის გვაქვს კიდევ ერთი ვარჯიში, რასაც აბაზანის შემდეგ ყინულივით ცივი წყლის გადავლება ჰქვია. სწორედ ამ დროს, სხეულის მოულოდნელობით შეკუმშვა-გაშლის დროს გამომუშავდება ჰორმონი, რომელსაც კორტექსინი ჰქვია. ეს ჰორმონი აუტისტ ბავშვებს დაქვეითებული აქვთ. არადა, სწორედ კორტექსინი აწესრიგებს ნეირონების მუშაობას. გარდა ამისა, ვაძლევ სრულიად უგლუტენო საკვებს. ვინაიდან ბავშვს გლუტენის აუტანლობა აქვს.
- ასეთი საკვები ძვირი ღირს, როგორ აუდიხართ?
- დედაჩემმა სახლი გაყიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, გელას მკურნალობას ეს არ შველის, მით უფრო, რომ ნაქირავებში ვცხოვრობთ. ამიტომაც მე, როგორც აუტისტი ბავშვების სპეციალიზებული პედაგოგი, თავდაუზოგავად ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. პირველად სისუსტე გამოვიჩინე, პანიკაში ჩავვარდი და იმ ადამიანებს დავუწყე ძებნა, რომელთაც შვილად აჰყავთ აუტისტი ბავშვები და ამით განუზომელ სიკეთეს აკეთებენ. თუმცა შემდეგ ოპერაცია გავიკეთე და ჯერჯერობით კარგად ვარ. მგონი, ისევ მოიხედა ჩემკენ უფალმა.
- მინდა დაგეხმაროთ. ამისთვის რა გავაკეთო?
- ჩემს შვილს 14 ცალი ფლაკონი აქვს დანიშნული, რათა ინიექციები მუხლებში გაიკეთოს. ეს ის მედიკამენტია, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება. ამიტომ იქნებ ჩემი ანგარიშის ნომერი დაბეჭდოთ და თუ დახმარების მსურველი არ გამოჩნდება, მაშინ დამეხმარება სამყაროს ის ძალა, რომელიც აქამდეც მეხმარებოდა. ამისთვის ბევრს ვიშრომებ და შევთხოვ ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს ჩემს გელასთან ერთად.
საქართველოს ბანკი:
GE34BG0000000603966527
თიბისი:
GE70TB7272345061600011
მიმღები ინგა მაჩაიძე