რა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის სამი რადიკალური ჯიჰადისტური დაჯგუფების გაერთიანება?! - კვირის პალიტრა

რა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის სამი რადიკალური ჯიჰადისტური დაჯგუფების გაერთიანება?!

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნარკოკარტელებთან ბრძოლას თავისი ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ასახელებს. ჯერ მექსიკურ კარტელებს გამოუცხადა დაუნდობელი ომი, ახლახან კი ვენესუელის ნარკოკარტელებზე მიიტანა იერიში. ტრამპის თქმით, ნარკოტიკის უდიდესი ნაწილი, რომელიც აშშ-ში ხვდება, ვენესუელიდან მოდის. აშშ-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო წარმომადგენლობა კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში - მიმდინარე კვირაში რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების დამატებითი ხომალდები გაგზავნეს. ვესაუბრებით სამხედრო პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას:

- ახლახან ყაზახეთში უმსხვილესი ნარკოტრაფიკის ფაქტი აღკვეთეს. საუბარია 13 ტონა ოპიუმზე, რომელიც ავღანეთი­დან მოდიოდა. ყაზახეთში ამოღებული ნარკოტიკები, როგორც ჩანს, შუა კორიდორის ტრანზიტის პარალელურად მიდიოდა. მეორე ყველაზე ცხელი ინფორმაცია ის არის, რომ ტრამპმა ულტიმატუმი წაუყენა "თალიბანის" ხელმძღვანელობას ბაგრამის სამხედრო ბაზის დაბრუნებაზე. ბაგრამის სამხედრო ავიაბაზა უმსხვილესი ბაზაა და როგორც ჩანს, ამერიკელებს სურთ გამოიყენონ­ სამხედრო ჰაბად, რათა გააკონტროლონ ნარკოტრაფიკინგი.­ აშშ ცდილობს ბაგრამი­ არ გადაიქცეს ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვის მსხვილ ცენტრად საჰაერო გზების მეშვეობით. როგორც ჩანს, ეს და ის ფაქტიც, რომ ამერიკელები ვენესუელის წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო აგრესიას ამზადებენ, უკავშირდება "ალ-ქაიდასა" და მექსიკურ ნარკოკარტელებს შორის ურთიერთობის შესახებ ამას წინათ გახმაურებულ ინფორმაციას. მართალია, ტრამპმა თავდაპირველად მექსიკურ ნარკოკარტელებს გამოუცხადა ომი, მაგრამ, როგორც ჩანს, მექსიკაზე მეტად ამ ეტაპზე ვენესუელას უფრო მიიჩნევს საფრთხედ და კარიბის ზღვისკენ გადაისროლა სამხედრო ძალები.

gwar3x7w4aumk0m-1759087486.jpg

ამერიკის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ მადუროს რეჟიმი უფრო აქტიურადაა ჩართული ნარკოტრეფიკინგში და ახლა ცდილობენ მთავარი აქტორები გამოთიშონ, მერე კი ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების გაუნებლებაზე გადავიდნენ. მადუროს რეჟიმი პირდაპირ არის დაკავშირებული მექსიკურ ნარკოკარტელ El Sol-თან ("მზის კარტელი") და როგორც აშშ-ის ადმინისტრაცია ადასტურებს, ამერიკაში ნარკოტიკები ვენესუელიდან შედის. ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი დაჯგუფებაა. მექსიკასა და კოლუმბიაში დრონების მეშვეობით ჩამოაგდეს საბრძოლო ვერტმფრენი, რაც ნიშნავს, რომ კარგად ორგანიზებული და, სავარაუდოდ, ავღანეთში გაწვრთნილი ჯიჰადისტური დრონების ოპერატორები უკვე ამოქმედდნენ და შესაბამისად, მექსიკელ, კოლუმბიელ და ვენესუელელ ნარკოკარტელის ერთიან ქსელურ დაჯგუფებებს ეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურასთან ბრძოლის საქმეშიც. ამერიკელების სავარაუდო შეჭრა ვენესუელაში სერიოზული ფაქტია, ტრამპს სურს გაიმეოროს 1989 წლის პანამის ისტორია - აშშ-ის სამხედროები შეიჭრნენ პანამაში,­ რამაც ბოლო მოუღო დიქტატორ მანუელ ნორიეგას მმართველობას. აქ მთავარი მიზანი იყო ნარკოკარტელების საქმიანობის აღკვეთა პანამაში, სადაც გენერალი Noriega მთავარ ნარკობარონად გადაიქცა. ის სწორედ ნარკორეალიზაციისთვის გაასამართლეს. როგორც ჩანს, ტრამპს სურს ეს ვარიანტი გაიმეოროს.

"ალ-ქაიდა" ძალიან გააქტიურდა აფრი­კაში, ცენტრალურ აზიაში, მით უმეტეს, ავღანეთში. თალიბები კატეგორიულ უარზე­ არიან, რომ ამერიკელებს მისცენ ან არენდით დაუბრუნონ ბაგრამის სამხედრო ბაზა. პირიქით, გააძლიერეს ბაზის დაცვა და, ფაქტობრივად, ულტიმატუმიც წაუყენეს - ამერიკელები ავღანეთში ოპერაციას თუ დაიწყებენ, მიიღებენ მწვავე პასუხსო.

- ტრამპიც ემუქრება ავღანეთს, თუკი ქვეყანა ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბ­რუნებს აშშ-ს. რითაა ასეთი დაჟინებული მოთხოვნა განპირობებული?

- ბაგრამის ბაზა გასული საუკუნის 50-იან წლებში ააშენეს საბჭოთა სპეციალისტებმა, საბჭოთა კავშირმა ბაზა თანდათან გააძლიერა და ის საბჭოთა ოკუპაციის მართვის მთავარი ცენტრი გახდა. როცა ამერიკელებმა ავღანეთის ოკუპაცია მოახდინეს, ბაგრამი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარი ოპერატიული მართვის ცენტრად და მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად გადააქციეს. რუსული დაზვერვა "თალიბანის" სპეცსამსახურებში კარგად არის ჩაბუდებული, ისინი იქიდან იღებენ ინფორმაციას და ავრცელებენ. მაგალითად, ახლახან რუსულ პრესაში გამოჩნდა "თალიბანის" დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური საიდუმლო ინსტრუქცია. წარმოიდგინეთ, რამხელა შეღწევადობა აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს "თალიბანის" სპეცსამსახურში.

"თალიბანი" არ თმობს ბაგრამს, რადგან მასზე დიდი გავლენა აქვს ჰაკანის (ავღანეთის შს მინისტრი) რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს "ალ-ქაიდის" დაჯგუფებასთან ავღანეთში. მათ კავშირი აქვთ ისლამურ მოძრაობა "ხორასანთანაც". ჰაკანის დაჯგუფება ცალკე ნარკოკარტელი იყო, შემდგომში მათ ალიანსი გააფორმეს "თალიბანთან", რამაც ხელი შეუწყო მის ხელისუფლებაში დაბრუნებას. შემდგომში მათ დიდი გავლენა მოიპოვეს შსს-სა და საარმიო სტრუქტურებში (მათ ჰაკანის ქსელის წარმომადგენლები აკონტროლებენ). ასე რომ, ჰაკანის ჯგუფის ლიდერები "თალიბანის" ხელისუფლების რუხ კარდინალებსაც წარმოადგენენ. მეორე მომენტი ის შეიძლება იყოს, რომ თალიბები არ ივიწყებენ ამერიკულ ოკუპაციას. მესამე - ავღანეთი სუვერენული სახელმწიფოა და მიაჩნია, რომ არც ერთი დიდი სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს მის საქმეებში. როგორც ვთქვი, "თალიბანსა" და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა და თალიბები მათ გადასცემენ ამერიკულ იარაღს, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები სწავლობენ. მერე ეს იარაღი მათ უნდა გამოიყენონ უკრაინელების წინააღმდეგ ამერიკული შეიარაღების გასანეიტრალებლად.

- ზანგეზურის კორიდორი ნიშნავს თუ არა ამერიკელების პრევენციულ ზომებს?

- დიახ, ის მათ უნდა გააკონტროლონ. ნარკოტიკები ხომ ირანიდან ჩამოდის კავკასიაში და შესაძლოა ასეთი საფრთხეები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

არ არის გამორიცხული, "ისლამური სახალიფო", "ალ-ქაიდასა" და "თალიბანის" რადიკალური ჯგუფები გაერთიანდნენ საერთო ჯიჰადისტური ნარკოკარტელის შესაქმნელად. თავის დროზე, ავღანეთში, ჯიჰადისტების გარდა, იყო კარაჩისა და ჰერათის ნარკოკარტელები... 2013-2014 წლებში ქართველი სამშვიდობოებიც შეეწირნენ არა "თალიბანის", არამედ ნარკოკარტელურ შეტევებს, - საქართველოს სამშვიდობოებს სწორედ კარაჩის ნარკოკარტელის დაჯგუფებამ მიაყენა დარტყმა. ქართველები იდგნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც კარაჩის ნარკოკარტელის ტრასა გადიოდა. ეს მოხდა მაისში, როცა ნარკოტიკის დიდი მოსავლის აღება და შემდეგ ტრანზიტი ხდება. მნიშვნელოვანია ასეთი ფაქტების მონიტორინგი, რათა დავუკვირდეთ, რა პროცესები მიდის ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (ბალკანური ტრაფიკის მიმართულება), შეიძლება აქტიური იყოს ავღანეთი-ირანი-თურქეთის ტრაფიკის­ მიმართულებაც, მაგრამ ძირითადად, შეიძლება იყოს ცენტრალური აზია-კასპიისპირეთი-სამხრეთი კავკასია-თურქეთი-ბალკანეთი-ევროპა და აშშ-ის მიმართულება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ხდება ჯიჰადისტი სპეციალისტების, დრონების ოპერატორების, კიბერსპეციალისტების მომზადება ავღანეთის ბაზაზე, რომელსაც აყალიბებენ "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახალიფოს" წარმომადგენლები. ახლა მწვავე დაპირისპირებაა კოლუმბიურ და ვენესუელურ ნარკოკარტელებს შორის, მაგრამ როცა სჭირდებათ, ერთიანდებიან საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად.

- რა საფრთხეს წარმოადგენს სამი რადიკალური ჯიჰადისტური დაჯგუფების გაერთიანება ერთიანი ნარკოკარტელის შემადგენლობაში?

- ფაქტობრივად, შეიძლება ამან ჯიჰადისტური ჰიბრიდული ომის სახე მიიღოს და მივიღოთ ტრანსნაციონალური ორგანიზაციული დანაშაულების ერთგვარი გაერთიანება. არ გამოვრიცხავ, როგორც ბაგრამის ბაზა, ასევე ზანგეზურის კორიდორის შექმნაც ამ საკითხთან იყოს დაკავშირებული. მარტო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კი არა, ეს გეოსტრატეგიული ომებია - ამერიკელები ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლებით შეეცდებიან გააკონტროლონ და სავარაუდო შავი კორიდორის სხვადასხვა სქემა გაშიფრონ.

ავღანეთიდან ჯიჰადისტები თუ წამოვიდნენ, ფაქტობრივად, შუალედური კორიდორი შეიძლება გადაიქცეს რუხ ზონად - ანუ არა მარტო გაატაროს ტვირთები, არამედ იყოს შავი ტრანზიტის ზონაც. საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მჭიდრო კოორდინაცია, უნდა შეიქმნას ერთიანი ანტიტერორისტული საკოორდინაციო ცენტრი. შუალედურ კორიდორზე, ალბათ, საჭიროა თურქეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, თუნდაც ევროკავშირმა, ამერიკასთან ერთად შექმნან ანტიტერორისტული ცენტრი და ერთობლივად ვიმუშაოთ ამ მიმართულებაზე. ეს მარტო ნარკოტრაფიკი არ არის, არამედ ამას მოჰყვება სხვადასხვა ტრანსეროვნული დანაშაულებრივი ჯგუფისა და ჯიჰადისტების გადაადგილება, შეიძლება დაიწყოს იარაღის უკანონო კონტრაბანდა...

უკვე ახალი გამოწვევაა ჯიჰადისტური კარტელების შექმნა, მათი კავშირი ლათინურ ნარკოკარტელებთან, ასევე რადიკალურ მემარცხენე პარტიზანულ ჯგუფებთან, როგორიცაა კოლუმბიის რევოლუციური არმია, კოლუმბიის ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც აქვს რადიკალური კომუნისტური ორიენტაცია, ის ნარკოკარტელებთანაა დაკავშირებული.

- ჩვენთან რა გზით შემოდის ნარკოტიკი?

- არ გამოვრიცხავ, ამ გზით შემოდიოდეს. ყაზახეთში 13 ტონა ამოიღეს. ასე რომ, არაა გამორიცხული, საქართველოში ამდენი ნარკოდანაშაულის და სქემის გაშიფვრაც ამ ქსელების გააქტიურებას უკავშირდებოდეს. 2022 წლიდან ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში 4 საბრძოლო სწავლების ცენტრი მოქმედებს, რომლებიც ჯიჰადის დრონების მართვის ოპერატორებს ამზადებენ. ფაქტობრივად, "ალ-ქაიდა" უკვე ამზადებს საბრძოლო დრონებს. მათ უკვე გამოუშვეს პირველი კურსდამთავრებულები.

ნარკოტრასების მსხვილი მარშრუტები­ შედგება სხვადასხვა დაქსაქსული სქემისგან. სულ 3 დიდი მარშრუტია: 1. ავღანეთი-ირანი-თურქეთი და ევროპული მიმართულება; 2. ავღანეთი-ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი და ბალკანეთის მიმართულება; 3. ავღანეთი-ცენტრალური აზია-კასპიისპირეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი. ასევე, შეიძლება გაჩნდეს ზანგეზურის კორიდორზეც. სადაც იხსნება სატრანზიტო კორიდორები, თუ ამას სერიოზულად არ მიხედეს, იქ ფეხს მოიკიდებს ალტერნატიული შავი კორიდორიც. ვინ იცის, ასეთი ტრასა კიდევ რამდენი გაიჭრება.