უკრაინას შეუძლია ომის მოგება და ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა... მაგრამ, როგორ? - კვირის პალიტრა

უკრაინას შეუძლია ომის მოგება და ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა... მაგრამ, როგორ?

რამდენიმე დღეა, ტრამპის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ 180 გრადუსით შემოტრიალდა - თუ აქამდე ფარულად თუ აშკარად ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტის დაყოლიებას ცდილობდნენ უკრაინული ჯერ კიდევ არაოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის უბრძოლველად დასათმობად, ეგებ პუტინმა დროებით მაინც შეაჩეროს ეს ომიო, რაც ტრამპს მორიგი ომის "დამთავრებად" ჩაეთვლებოდა, მისი სანუკვარი მიზნის - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად, მას შემდეგ, რაც ალასკის შეხვედრაზე ომის შეჩერებაზე ვერ დაიყოლია პუტინი და მით უმეტეს, პეკინის გრანდიოზულ სამხედრო აღლუმზე იხილა ერთმანეთს "ჩახუტებული" ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილო კორეის ლიდერები, რომლებიც მსოფლიო წესრიგის შეცვლასა და ამერიკის ჩანაცვლებისთვის ემზადებიან, ტრამპმა პოლიტიკური თამაშის ახალი ტაქტიკა აირჩია.

გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ სესიაზე ზელენსკისთან შეხვედრაზე სრულიად ახალი ტრამპი წარდგა - უკრაინას შეუძლია არა მარტო ომის გაგრძელება რუსეთთან, არამედ თავისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენაც, რუსეთი "ქაღალდის ვეფხვია", იმ უზარმაზარი ხარჯების, რასაც რუსეთი 3,5 წელია უკრაინასთან ომში ეწევა, პუტინმა მისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი დაიპყრო და ისიც უდიდესი დანაკარგების ფასადო, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ დატოვა ყბაჩამოგდებული მთელი მსოფლიო.

გასაგებია, რომ ტრამპს, დიდი მონდომების მიუხედავად (რაც აუცილებლად დასაფასებელია), სრულიად ჩაეფუშა ცდა, რაც შეიძლება სწრაფად შეეჩერებინა რუსეთ-უკრაინის ომი, თუნდაც უკრაინის მხრიდან დიდი დათმობების სანაცვლოდ, მაგრამ ეს, როგორც თავიდანვე მოსალოდნელი გახლდათ, არ გამოუვიდა; არ გამოუვიდა არა მარტო იმიტომ, რომ ზელენსკი და მთლიანად უკრაინაა კატეგორიულად წინააღმდეგი დონეცკის ოლქის არაოკუპირებული მიწების უბრძოლველად დათმობაზე, არამედ თავად პუტინის პოზიციის გამო, რომლის გეგმა-მაქსიმუმი... უკრაინის სრული დაპყრობაა და მას არანაირად არ აწყობს ამ ომის შეჩერება. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგა საქვეყნოდ დააკნინა, როდესაც განაცხადა, პუტინის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ამერიკა ერთ კვირაში დაიპყრობდა უკრაინასო. მაგრამ რამდენად ახლოსაა რეალობასთან აშშ-ის პრეზიდენტის ეს სიტყვები?

პირველი - აშშ-ის სამხედრო მანქანა, ბირთვული შეიარაღების გარეშეც, რა თქმა უნდა, ფლობს უდიდეს საბრძოლო პოტენციალს და მისი პირველი ქმედება "აშშ-უკრაინის" ჰიპოთეზურ ომში იქნებოდა სრული საჰაერო გაბატონება უკრაინის საჰაერო სივრცეში, რაც სცადა პუტინის საოკუპაციო არმიამაც უკრაინაში შეჭრის პირველი კვირების განმავლობაში. თუმცა საბოლოოდ ამაზე უარი თქვა გაზრდილი საბრძოლო დანაკარგების გამო - უკრაინელმა მეზენიტეებმა საბჭოთა დროიდან შემორჩენილი და დასავლეთის მიწოდებული საზენიტო რაკეტებით აიძულეს რუსეთი, რომ უკრაინის ციდან თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოეცილებინა. რუსული საბრძოლო ავიაცია შორი მანძილიდან, ისე, რომ არ შევიდეს უკრაინული საზენიტო საშუალებების მოქმედების ზონაში, კაბრირების რეჟიმში უშვებს უმართავ რაკეტებს (რომელთა მიზანში მოხვედრის სიზუსტე მინიმალურია) და აგდებს პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილ მსხვრევად-ფუგასურ ბომბებს (GPშ-ით მართვადი ამ რუსული ბომბების მიზანზე დაცემის სიზუსტე მაღალია).

1-1759088269.jpg

მოელოდა თუ არა იმავე ამერიკის საბრძოლო ავიაციას უკრაინის ცაში? მეტ-ნაკლებად, დიახ - პირველ რიგში კი ამერიკულ "აპაჩებსა" და "ტანდერბოლტებს", თუმცა ამერიკელებს, რუსებისგან განსხვავებით, ბევრად მეტი "ჰაერი-ხმელეთის" კლასის მართვადი რაკეტა და ბომბი აქვთ, რაც პენტაგონის მოქმედებებს უფრო შედეგიანს გახდიდა. მეორე - მოწინააღმდეგის ტერიტორიის თავზე ჰაერში გაბატონება უდიდესი წარმატებაა ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებების დროს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომის სრულ მოგებას...

21-ე საუკუნეში აშშ-ის მიერ წარმოებულ ავღანეთისა და ერაყის ომებში, მართალია, პენტაგონმა თავიდანვე შეძლო ჰაერში გაბატონება, მაგრამ ხმელეთზე სრულ კონტროლს მაინც ვერ მიაღწია და ეს ხდებოდა ნახევრად პარტიზანულ ომებში, სადაც ავღანელი თალიბები ამერიკულ ტანკებს მხოლოდ "კალაშნიკოვებითა" და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით თუ უპირისპირდებოდნენ, მაშინ, როცა უკრაინის რეგულარული არმიის რიცხოვნობა ომის მესამე წელს ერთ მილიონს მიუახლოვდა და ბირთვულის გარდა, ის თითქმის ყველა სახეობის შეიარაღებას იყენებს.

მესამე - ტრამპს მხედველობიდან რჩება ის უმთავრესი ფაქტორი, რომ უკრაინა ევროპის ქვეყნებს შორის უდიდესია და, შესაბამისად, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს იმის "ფუფუნების" უფლება, რომ საჯარისო დაჯგუფებების ოპერატიული მანევრირება და უკან დახევა ისე განახორციელოს, რომ არ ჩამოეშალოს ფრონტის ხაზი. სწორედ ესეც არის იმის მიზეზი, რომ პუტინს ყელში გაეჩხირა უკრაინის უზარმაზარი ტერიტორია და 1 310-დღიანი ბრძოლებისა და ამხელა დანაკარგის მიუხედავად, უკრაინის 20%-ზე მეტი ვერ დაიპყრო, თანაც 2014 წლიდან მოყოლებული ყირიმის ნახევარკუნძულს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს ისედაც აკონტროლებდა.

მეოთხე - რის გამოც ტრამპი უკრაინასთან ჰიპოთეზურ ომში იმის დაპყრობასაც კი ვერ შეძლებდა, რაც პუტინმა შეძლო - რუსეთი ისტორიულად იბრძვის იმ ტაქტიკით, რაც ნორმალური ქვეყნის ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის სრულიად მიუღებელია ანუ Задавим числом! Мы за ценой не постоим! Война всё спишет! Бабы ещё нарожают!..

განა ამერიკელ სამხედროებს ისე შეუძლიათ შეტევაზე გადასვლა, როგორც უკრაინის ფრონტზე რუს ჯარისკაცებს აიძულებენ მათი მეთაურები, როდესაც ნათელია, რომ იერიში ჩაიფუშება და ყველა დაიღუპება? ვიეტნამის ომიდან მოყოლებული, ერაყშიც და ავღანეთშიც, როგორც კი ერთი-ორი "კალაშნიკოვით" ცეცხლს გაუხსნიდნენ ამერიკულ ოცეულს და ასეულსაც კი, ისინი დასახმარებლად სტრატეგიულ ბომბდამშენებსაც კი იძახებდნენ.

რუსეთ-უკრაინის ეს საშინელი ომი იმაზე მეტყველებს, რომ რუსი დამპყრობლების ურდოებს ასეთი მედგარი წინააღმდეგობა შეიძლება ისევ სლავებმა თუ გაუწიონ - უკრაინელებმა და, ალბათ, პოლონელებმაც, რომლებსაც ახსოვთ რუსეთთან დაკავშირებული მძიმე ისტორიები. ვერც ჩეხები, ვერც რუმინელები და მით უმეტეს, დასავლეთ ევროპის ქვეყნების დღევანდელი არმიები ვერ შეძლებენ ისე თავგანწირვით ბრძოლას პუტინის დამპყრობელ არმიასთან, როგორც მეოთხე წელია უკრაინელები... და ეს ითქმის ტრამპის ამერიკულ ჯარზეც...

როგორ შეიძლება პუტინის დაყოლიება თუ იძულება, რომ მან ომი "გაყინოს" დღევანდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ? ამისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების სერია, რაც მცირე მანძილზე მაინც უკუაგდებდა საოკუპაციო ძალებს და წაართმევდა იმ საბრძოლო ინიციატივას, რასაც პუტინის არმია 2024 წლიდან ფლობს უკრაინასთან ომში. ასეც რომ მოხდეს, მაინც ძალიან შორს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე, ამისთვის საჭიროა მთელი ფრონტის ჩამოშლა და რუსეთის არმიის სრული თუ არა, ნაწილობრივი დეზორგანიზაცია. პუტინის რეჟიმს დამხობის ჯერ არაფერი ეტყობა, თუმცა შიდა პროცესები უკვე დაწყებულია, რაც გამძაფრდება რუსეთში ეკონომიკური პრობლემების ტალღის ცუნამიში გადაზრდის შემთხვევაში, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. რუსეთის რიგ რეგიონებში უკვე დაწყებულია რამდენიმეკილომეტრიანი რიგები საწვავის სადგურებთან, ზოგან ბენზინი აღარც არის, რაც ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა აგვისტო-სექტემბერში ორმოცდაათზე მეტი რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, ნავთობბაზები და ნავთობტერმინალები დააზიანეს, რამაც ბენზინის დეფიციტი შექმნა. რუსულ ტანკებს, ჯავშანმანქანებს თუ თვითმფრინავებს გასამართად ბენზინი სულაც არ სჭირდებათ. სამაგიეროდ, ბენზინი აუცილებელია რუსეთის მილიონობით ავტომფლობელისთვის და მისი დეფიციტი ძალაუნებურად იწვევს სოციალური დაძაბულობის მომატებას. სწორედ ეს ორი ძირითადი გზა - ფრონტის ხაზზე წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სერია და ბენზინის დეფიციტი (შეიძლება სხვა მასობრივი მოხმარების პროდუქტებისაც) რუსეთის მოსახლეობისთვის შეიძლება გახდეს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც კრემლს სერიოზულად დააფიქრებს ომის გაგრძელება-შეჩერებაზე. და თუკი ამ ყველაფერს დაემატებოდა რუსულ ნედლ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე უმკაცრესი სანქციები, რუსული ბანკების საერთაშორისო საბანკო სისტემიდან სრულ ჩახსნასთან ერთად, პუტინის რეჟიმის საქმე მართლაც არასახარბიელო გახდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ სურვილებია, რადგან დასავლეთს არ ჰყოფნის იმის ნება, რომ რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს და რაც მთავარია, ისინი რეალურად განახორციელოს. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გულმოდგინედ ცდილობს კონკრეტული არგუმენტი გამოიყენოს პუტინის დათმობაზე წასასვლელად და ამერიკულ მხარეს დაჟინებით სთხოვს... "ტომაჰავკის" ფრთოსან რაკეტებს! გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ტრამპს ამერიკული შეიარაღების ერთი კონკრეტული სახეობის მიყიდვა სთხოვა, რომელმაც შეიძლება დააჩქაროს ომის დამთავრება, მაშინაც კი, თუ მას უკრაინელი სამხედროები არ გამოიყენებენ, მაგრამ კრემლი მისი გამოყენების მუდმივ შიშში იქნებაო. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ "სასწაულ ამერიკულ იარაღში", რომელმაც პუტინი უნდა დააშინოს, მაგრამ განაცხადა, რომ "კრემლში უნდა იცოდნენ, თუ სად არის უახლოესი ბომბსაფარი".

ასეთი მინიშნების შემდეგ ამერიკულმა გამოცემებმა ივარაუდეს, რომ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტები სთხოვა, რაზეც ტრამპს უპასუხია, ვიმუშავებთ ამ საკითხზეო. თუმცა ორიოდე დღეში იმავე ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემებმა დარწმუნებით დააზუსტეს - ტრამპი წინააღმდეგია უკრაინისთვის "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის.

აშშ-ის პრეზიდენტის 180 გრადუსით მოტრიალება უკრაინისკენ სულაც არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგაც ასევე გაგრძელდება. ეს უფრო ტრამპის ტაქტიკურ პოლიტიკურ სვლას ჰგავს - მან ვერ შეძლო რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ შეჩერება, ახლა ის დროებით აჩერებს თავის "სამშვიდობო მისიას", რითაც მნიშვნელოვან გზავნილს უშვებს პუტინისკენ, ის დაელოდება კრემლის საპასუხო რეაქციას და თუკი პუტინმა გააგრძელა "სამშვიდობო მოლაპარაკებების" გაგრძელებისთვის ვითომ მზადყოფნა, ტრამპს კიდევ 180 გრადუსით შემოტრიალება არ გაუჭირდება მიწების უბრძოლველად დათმობისთვის უკრაინაზე ზეწოლისთვის.