„თუ ვერც ევროპა-ლიგას ვწვდებით და ვერც კონფერენს-ლიგას, მაშინ რაღას ვთამაშობთ ფეხბურთს საერთოდ?“
ქართული და უცხოური ფეხბურთის აქტუალურ თემებზე სპორტულ ჟურნალისტ ბიძინა ბარათაშვილს ვესაუბრებით.
- მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა "ოქროს ბურთის" დაჯილდოება, თქვენი აზრით, დაიმსახურა თუ არა დემბელემ "ოქროს ბურთი" და თქვენ რომ ხმის მიცემა შეგძლებოდათ, როგორც მიწვეულ სპორტულ ჟურნალისტს, ვის მისცემდით ხმას?
- ამით დავიწყებდი - დემბელე არ არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და ძალიან ბევრი პრეტენზიაც მქონდა მის მიმართ სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის მისი კატალონიური კარიერის დროსაც, როდესაც ბარსელონაში თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას გულშემატკივარი არა ვარ. იმ დროს, ალბათ, ყველაზე დიდი აგრესია მქონდა მის მიმართ, როდესაც ლივერპულთან ორმატჩიან დაპირისპირებაში, თუ არ ვცდები, მესიმ, სამჯერ გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და გოლის გატანა ვერ შეძლო. პირველ თამაშში მისი გამოუყენებელი შანსების გამო ბარსელონა საბოლოოდ დამარცხდა "ლივერპულთან" ენფილდზე. ვთვლი, რომ სწორედ მისი ცუდი თამაშის გამო გამოვარდა მაშინ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, მაგრამ რაც კრიტერიუმები არსებობს, თუ "ოქროს ბურთი" უნდა გადაეცემოდეს ფეხბურთელს განვლილი სეზონის მიღწევების გამო, მაშინ ნამდვილად დაიმსახურა დემბელემ ეს პრიზი, რადგან პსჟ-მ სწორედ მისი საგოლე მოქმედებების დამსახურებით მოიგო საფრანგეთის ლიგა, საფრანგეთის თასი და ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც. დემბელე სამუდამოდ დარჩება პარიზული გუნდის ისტორიაში. შეიძლება ესთეტიკურად იამალის ფეხბურთი უფრო ლამაზია და სიამოვნების მომნიჭებელი მისი ბურთთან შეხება, მაგრამ ეს სეზონი ფრანგისთვის უდავოდ წარმატებული იყო. ვფიქრობ, ეს ჯილდო მან დაიმსახურა.
- ქართულ ფეხბურთზეც ვისაუბროთ. რა უნდა შეიცვალოს ჩვენს საკლუბო ფეხბურთში, რადგან ვხედავთ, რომ წილისყრა დაწყებული არც არის და ჩვენი გუნდები უკვე ეთიშებიან საკვალიფიკაციო ტურნირებს?
- ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არა მაქვს პრეტენზია, რომ აღქმული იყოს როგორც ჭეშმარიტება, მაგრამ, ვფიქრობ, პროფესიული ლიგის შექმნა ის პირველი ნაბიჯია, რომელიც წაადგებოდა ქართული საკლუბო ფეხბურთის თუნდაც ოდნავ წინსვლას, ეს კი შეიძლებოდა საკმარისი ყოფილიყო თუნდაც რანგით მესამე ანუ კონფერენს-ლიგის ტურნირზე ასპარეზობისთვის.
- რატომ ვერ ვიყენებთ თუნდაც "ყარაბაღის" მაგალითს ნიმუშად?
- რამდენჯერაც წამომიჭრია ეს თემა დისკუსიისთვის სხვადასხვა საზოგადოებაში, ყოველთვის მეუბნებიან, "ყარაბაღს" ჩვენს კლუბებზე მეტი ბიუჯეტი აქვსო. ეს ფაქტია, მაგრამ ვნახეთ, რომ გიბრალტარის გუნდი გავიდა კონფერენს-ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბოდოგლიმტში, ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობენ და ისინიც კი ახერხებენ წარმატების მიღწევას. არა მგონია, "ყარაბაღს" ბიუჯეტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ბიუჯეტისხელა ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, ახერხებს არა მხოლოდ თამაშს, არამედ წარმატების მიღწევასაც. უკვე ნახევრად პროფესიული გუნდები გადიან რანგით მეორე და მესამე საკლუბო ტურნირებზე ანუ ევროპა-ლიგასა და კონფერენს-ლიგაზე. აგერ "ყარაბაღიც" გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. თუ ევროპა-ლიგასაც ვერ ვწვდებით და ვერც კონფერენს-ლიგას, ვერსად გავდივართ, მაშინ რაღას ვთამაშობთ ფეხბურთს საერთოდ?
- ფეხბურთელების უმეტესობამ, ვინც დატოვა ეროვნული ლიგა, გარკვეულწილად წარმატებას მიაღწია. მაგალითად, იური ტაბატაძეს გოლი გოლზე გააქვს. ასე რომ, იმის თქმა, რომ ეროვნული ლიგაში დაბალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და ამიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას, არასწორია. სად უნდა ვეძებოთ მთავარი სატკივარი - მენეჯმენტში, კადრების არასწორად შერჩევაში, ნეპოტიზმში თუ?..
- ყველაფერი ცოტ-ცოტა, მაგრამ საბოლოოდ თქვენ თვითონვე გაეცით პასუხი თქვენს კითხვას.
ყველაფერი ეს ჯამში მენეჯმენტის პრობლემაა, ფინანსების მოპოვება, სწორი განაწილება, სწორი დაგეგმარება, სწორი ლეგიონერების ჩამოყვანა... ლეგიონერი უნდა სჯობდეს ადგილობრივ ფეხბურთელს, რომ სასტარტო შემადგენლობაში დააყენო. ეს ხომ ცხადია? ჩემი აზრით, არის იმის თანხები, დღევანდელ საფეხბურთო რეალობაში რომ შედეგები ბევრად უკეთესი იყოს...
- ოქტომბერში ძალიან რთული მატჩები გველის თურქეთსა და ესპანეთთან. როგორ შეაფასებთ ჩვენს შანსებს - სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს თუ ჩვენი ნაკრების კარგი თამაშის?
- ესპანეთის ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, რადგან მათთან ტოლ-სწორად სათამაშოდ ჯერ მზად არ ვართ, თუმცა ეს არ გამორიცხავს პოზიტიურ შედეგს, რადგან ფეხბურთი სწორად ამით არის გამორჩეული სპორტი, არ ჰგავს, მაგალითად, რაგბის, სადაც ძლიერი ყოველთვის იგებს. ასე რომ, დავითს დაუმარცხებია გოლიათი და ესპანეთთან უიმედოდ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ. ასევე, მთავარია, თურქეთში მივაღწიოთ წარმატებას.
- წინა შეხვედრებში ვილი სანიოლის ტაქტიკურ ცვლილებებს როგორ შეაფასებთ?
- თავიდან არ მომეწონა, მაგრამ მერე დამაიმედა იმან, რომ მეორე მატჩში შეცვალა შემადგენლობაც და ტაქტიკაც. ფაქტია, ორის სხვადასხვა გუნდი ვნახეთ.
- თქვენ რომ რომელიმე ქართული კლუბის პრეზიდენტი იყოთ, რა ზომებს მიიღებდით, რათა თქვენი გუნდი ევროტურნირებზე გასულიყო?
- კარგ მწვრთნელს მოვიყვანდი, მივცემდი გარკვეულ თავისუფლებას და ლათინური ამერიკიდან ჩამოვუყვანდი იაფ და კარგ ფეხბურთელებს.
- ვლადიმერ გუცაევმა ინტერვიუში მითხრა, ფეხბურთი ისეთი ერთფეროვანი გახდა, ყველა თამაშს არც ვუყურებ, მხოლოდ იმ თამაშებს, რომლებშიც არის ისეთი ფეხბურთელი, ვინც ჩემს გაოცებას შეძლებსო. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
- ბატონი ვოვა ჩემთან შედარებით უფროსია, ამიტომ, ჯერჯერობით, ასეთ "დეპრესიამდე" არ მივსულვარ, მაგრამ მეც ვუყურებ მხოლოდ იმას, რაც მაინტერესებს...
- საზოგადოების ერთი ნაწილი ამუნათებს სპორტსმენებს, რომ კომენტარი გააკეთონ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. თქვენი აზრით, სპორტი გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკისგან თუ სპორტი საბოლოოდ ყველაზე დიდი პოლიტიკაა?
- სწორედ ახლა ჩემს მეგობარ გოგი თუშმალიშვილთან ერთად ვმუშაობ წიგნზე, რომლის თემა ფეხბურთი და პოლიტიკაა. იმედია, მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამოვცემთ, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არა აქვს დამუნათებასთან. ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგები, მაგრამ ის, რომ სპორტი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ეს ცალსახა ფაქტია.
- თქვენი აზრით, ვინ იქნება მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული?
- ძალიან მინდა ისევ ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ იყოს, "ვილიარეალსაც" გეტყოდით, მაგრამ ასეთი რომანტიკოსიც არა ვარ, ამის რომ მჯეროდეს. რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეს ვგულისხმობ, ხოლო ჩემი პირადი სიმპათიიდან გამომდინარე "მადრიდის რეალმა" მოიგოს.
- მოახლოებული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი?
- მინდა არგენტინამ მოიგოს, ხოლო მთავარი ფავორიტი ესპანეთია.
ნიკოლოზ თევდორაშვილი