"ცოტათი არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დამარცხდა - ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ქუჩაში ვართ, მე ქუჩაში ვარ" - სალომე ზურაბიშვილი - კვირის პალიტრა

"ცოტათი არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დამარცხდა - ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ქუჩაში ვართ, მე ქუჩაში ვარ" - სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, არამედ ევროკავშირს უნდა შეეძლოს ჩარევა, დახმარება, მხარდაჭერა, პრევენცია და ანალიზი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე - „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნათელია, რომ ძველი მეთოდები აღარ არის საკმარისი.

„ძველი კლასიკური სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ბოლო არჩევნების დროს ვნახეთ, ვერ ახერხებენ იმ საბოტაჟის ამოცნობას, რომ რუსეთს შეუძლია განახორციელოს ეს საბოტაჟი მეზობელ ქვეყნებში, რაც მისთვის ძალიან კარგად ცნობილია და მას აქვს მრავალი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს. ფული, რომელიც მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ არა მხოლოდ ფული, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და რატომღაც რუსეთი დღეს ამ საკითხებში უკეთესია, შესაძლოა იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელი, ძველი და არა ძველი, ისინი ყოველთვის „კგბ“ - ს აქტიური თანამშრომლები არიან, ამიტომ მან იცის ეს ფსიქოლოგიური ომი და იყენებს მას. ჩვენთვის, ვინც გარედან ვუყურებთ, რა შეუძლია ევროკავშირს, ამ უზარმაზარ ძალას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირი არ იყენებს თავის ყველა შესაძლებლობას, პასიურია, ელოდება ჩვენგან ამ გამოწვევების გადალახვას ან არ გადალახვას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ვერ მოახერხა ამ გამოწვევის გადალახვა, რადგან მას, როგორც პრეზიდენტს, აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნდა, გამოეყენებინა სამსახურები, ინფორმაცია, შესაძლებელი გაეხადა, რომ დიასპორას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაია სანდუმ კი შეძლო, რომ მოლდოველი ხალხის ხმები დაეცვა.

„მაგრამ როდესაც ეს ასეა, მაშინ ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირი თავის სიტყვას იტყვის. თუ მოქმედება არ შეუძლია, სულ მცირე, უნდა თქვას ის, რაც ხდება, დააზუსტოს, რა ხდება, აჩვენოს, რომ ეს ევროკავშირისთვის მიუღებელია. ცოტათი არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დამარცხდა. მან ცოტათი გადააჭარბა, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ არ წაგვიგია. ჩვენ კვლავ ვიბრძვით, კვლავ ქუჩაში ვართ. მე ქუჩაში ვარ. მე ქვეყანაში ვარ და იქ ვაგრძელებ ყოფნას. მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, უფრო აქტიური ყურადღება მიმდინარე მოვლენებზე და ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მას აქვს, ჩვენს შემთხვევაშიც მეტი უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"