საჰაერო შეტევა მოსკოვზე: შურისძიება კიევის სასტიკი დაბომბისთვის - ტრამპმა ზელენსკის მწვანე შუქი აუნთო?! - კვირის პალიტრა

საჰაერო შეტევა მოსკოვზე: შურისძიება კიევის სასტიკი დაბომბისთვის - ტრამპმა ზელენსკის მწვანე შუქი აუნთო?!

მოსკოვზე საჰაერო შეტევები დაიწყო, კიევის სასტიკად დაბომბვის შურისსაძიებლად... ტრამპი წინააღმდეგი არ არის...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უკრაინაზე და მის დედაქალაქ კიევზე 27-28 სექტემბრის რეკორდული,12 სთ-იანი რუსული საჰაერო შეტევების შემდეგ, უკრაინული კამიკაძე-დრონები საპასუხო, შურისმაძიებელი მისიით მოსკოვისა და რუსეთის ევროპული ნაწილის სხვა ქალაქების მიმართულებით გაფრინდნენ...

რუსეთის საჰაერო თავდაცვა მოსკოვის გარეუბნებში იგერიებს უკრაინულ „ლიუტებს“ და ჯერ-ჯერობით ეს წარმატებით გამოსდის, რადგან უკრაინის გენშტაბმა დღემდე ვერ მოახერხა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა ასეულობით დრონის შეტევით, როგორც ამას რუსები კიევზე თავდასხმისას აკეთებენ.

სამაგიეროდ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რუსეთის ბელგოროდის მაცხოვრებელები, რომლებიც მხოლოდ 30-იოდე კმ-ით არიან დაშორებულნი უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან, ისევე როგორც 30 კმ აშორებს უკრაინის ხარკოვს რუსეთის სამხრეთ საზღვრიდან. თუმცა განსხვავებით იმავე კიევის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვისა, ბელგოროდში უკრაინელებმა დარტყმები ასევე კორპუსებს კი არა, არამედ ბელგოროდის თბოელექტროსადგურს მიაყენეს და ეს რუსული ქალაქი ფაქტობრივად სრულად „ჩააბნელეს“...

საგულისხმოა, რომ ეს ზუსტი დარტყმები არა კამიკაძე-დრონებით, არამედ ამერიკული „ჰაიმარსებიდან“ გაშვებული მართვადი რაკეტებით განახორციელეს უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის მისადგომებიდან -„ჰაიმარსის“ ეს რაკეტები 86 კმ-ზე მეტს ფარავენ და უპრობლემოდ სწვდებიან რუსულ ბელგოროდს...

მაგრამ, თუკი ასეა, რატომ აქამდე უფრო ხშირად არ ურტყამდნენ უკრაინელები ამერიკული „ჰაიმარსებიდან“ იმავე ბელგოროდის ან სხვა საზღვრისპირა რუსულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებს?

ყველაფერი ისევ თეთრი სახლის პოზიციაზეა დამოკიდებული - მართალია „ჰაიმარსები“, თავისი 86 კმ-ზე მფრენი მართვადი რაკეტებით ამერიკელებმა უკრაინელებს ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულისთვის გადასცეს, მაგრამ ორი წელი პრეზიდენტი ბაიდენი ბლოკავდა მათ გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების მიმართულებით გაშვების ნებას რთავდა.

პრეზიდენტობის ვადის მიწურულს, ბაიდენი კიევს დაყაბულდა „ჰაიმარსებიდან“ არათუ 86 კმ-ზე მფრენი GMLRS-ის, არამედ 300 კმ ფრენის რადიუსის მქონე აერობალისტიკური ATACMS-ების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე, მაგრამ თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ ეს აკრძალვა არაფოციალურად ისევ ამოქმედდა.

გუშინ კი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა -„უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება“, - აღნიშნა კელოგმა.

პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებად მოქმედებებში უკვე მთელი მსოფლიოა დარწმუნებული და არავინ იცის ხვალ ტრამპი რომელ მხარეს და რამდენი გრადუსით შემოტრიალდება, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს ტრამპმა მოქმედების ახალი ტაქტიკა აირჩია პუტინის მწყობრიდან გამოსაყვანად, როდესაც საქვეყნოდ განაცხადა,რომ უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება რუსეთთან და ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა...

ასევე დაგაინტერესებთ: 12-საათიანი რუსული საჰაერო შეტევები უკრაინასა და კიევზე ...

ისტორია მეორდება - ბელორუსიდან ევროპას პუტინის ბირთვულქობინიანი „ორეშნიკები“ ისევე დაემუქრებიან, როგორც 50 წლის წინ ნადირაძის „პიონერები“...

ზელენსკის პუტინის ამერიკული "ტომაჰავკებით" დაშინება სურს, ტრამპი წინააღმდეგია ...

"პუტინის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ამერიკა ერთ კვირაში დაიპყრობდა უკრაინას" - ტრამპის მორიგი "მარგალიტი" ანუ ვინ გაიმარჯვებდა სინამდვილეში ამერიკა-უკრაინის ომის შემთხვევაში?

ამით ტრამპი შეიძლება ცდილობდეს პუტინის დაყოლიებას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინაში ომის დროებით შესაჩერებლად მაინც, რომ ტრამპს შეეძლოს ამაყად განაცხადოს მის მიერ „მერვე ომის დამთავრების“ თაობაზე და კიდევ უფრო დაჟინებით მოითხოვოს ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭება...

თუკი ამ ტაქტიკამ არ გაჭრა და პუტინი არ წამოვიდა მოლაპარაკებებზე, ტრამპი თითქოს მზად არის უკრაინას თვით...„ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტებიც კი გადასცეს, რომლებსაც 1 600 კმ-ზე 340 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ქობინინების 5-10 მ სიზუსტით „მიტანა“ შეუძლიათ.

რამდენად წავა ტრამპი ბირთვული ქობინების გადამტანი „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემაზე და მათი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მოსკოვის ჩათვლით, გამოყენების უფლების კიევისთვის მიცემაზე, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ამ ეტაპზე უკრაინის არმიას არ გააჩნია „ტომაჰავკების“ გასაშვები საშუალებები,არც ზღვიდან,არც ჰაერიდან და არც ხმელეთიდან.