"ერთ დღეს 40 ათასი ლარის წიგნი გაიყიდა... მაკულატურაში უძვირფასესი ჟურნალი ვნახე და ძალიან ძვირად გავყიდე - 7 000 დოლარად... 90-იანებში "მოდაში" ნგრევა იყო და არა - მშენებლობა..." - ბუკინისტის ამბები
წიგნები ბავშვობიდან აინტერესებდა და ყიდულობდა. როცა თბილისში ჩამოვიდა, რამდენიმე ბუკინისტურ კუთხეში ხშირად მიდიოდა წიგნების დასათვალიერებლად და შესაძენად. პირველად ბუკინისტთან 5 ლარად „მარტოობის ასი წელიწადი“ იყიდა და სიიაფემ გააკვირვა. დღეს რამაზ ჯიქია თავად არის ბუკინისტი. ამ საქმეს 15 წელზე მეტია, მისდევს და წიგნების მოყვარულ თუ არამოყვარულ ადამიანებთან ურთიერთობაზე არა ერთი ეპიზოდი შეუძლია გაიხსენოს. ჯერ მისი წიგნთან სიყვარულის ამბებით დავიწყოთ.
რამაზ ჯიქია:
- სკოლის ასაკიდან მიშლიდნენ კითხვას, იმიტომ, რომ დედაჩემს ექიმმა უთხრა - ამდენი არ იკითხოს, თორემ რაღაც დაემართებაო. ჩუმად ვკითხულობდი სახლში, გაკვეთილებზე, პიანინოსთან მეცადინეობის დროს... მუსიკაზე დავდიოდი და დაკვრა არ მიყვარდა. პიანინო მეორე სართულზე გვქონდა, ცალი ხელით ვითომ ვუკრავდი და მეორე ხელში წიგნი მეჭირა. დედაჩემი ამოიპარებოდა ხოლმე და წიგნს წამართმევდა. მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში გავიზარდე. მაშინ ყველა სოფელს ჰქონდა ბიბლიოთეკა და იქ დავდიოდი ზამთარ-ზაფხულ. თითქმის ყველა წიგნი ვიცოდი სად იდო და თვითონ ვარჩევდი. თუ რომელიმე წიგნი არ ჰქონდათ, მეზობლებში ვეძებდი და ერთმანეთში ვცვლიდით ხოლმე.
- რა პროფესია გაქვთ და ბუკინისტობამდე თქვენი პროფესიით გიმუშავიათ?
- მე როცა ვსწავლობდი, მაშინ დაინგრა ქვეყანა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი დავამთავრე, 1993 წელს. იმ დროს "მოდაში" ნგრევა იყო და არა - მშენებლობა. ასე რომ, პროფესიით არ მიმუშავია.

- თქვენი აზრით, რატომ ყიდიან ძველ წიგნებს? მით უმეტეს, ზოგს ისეთი სიყვარულით სავსე ტექსტი აქვს მიწერილი, რომ როცა ვკითხულობ, სევდა მეუფლება.
- ამაზე მეც მიფიქრია და საწყენია. კონკრეტული წარწერები არ მახსოვს, მაგრამ უამრავი ასეთი წიგნი შემხვედრია. მირეკავენ ხოლმე და ხშირად სახლებში მივდივარ წიგნების სანახავად. ზოგი ყიდის იმიტომ, რომ უნდა ბიბლიოთეკა განაახლოს. ძველი წიგნები, სხვათა შორის, ბევრ მტვერს ინახავს და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. დროთა განმავლობაში ხარისხიც ზიანდება, განსაკუთრებით მზეზე ყვითლდება და ცდილობენ, ახალი გამოცემებით შეცვალონ. იშვიათია, როცა ადამიანი გაჭირვების გამო ყიდის წიგნს. განა, რა თანხას აიღებს? ამით ფინანსურ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ყიდიან კიდევ იმიტომ, რომ სახლში წიგნების ადგილი აღარა აქვთ, ანდა, ახალ ბინაში გადადიან და ახალი წიგნები ურჩევნიათ.
ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანი გარდაიცვლება, ვთქვათ, მეცნიერი, მისი ორმოცი სულ ცოტა ხნის გასულია და მთელ მის წიგნებსა და შრომებს მაკულატურაში აბარებენ...

- უამრავ წიგნს გაუვლია თქვენს ხელში და იშვიათი გამოცემა შეგხვედრიათ?
- მაქვს ასეთი წიგნი „Охоты Кавказа“, რამდენიმე ფურცელი აკლია და აღსადგენია, ამიტომ, ჯერ ვინახავ, შემთხვევით წავაწყდი ერთ ოჯახში. ძვირად ღირებული სასაჩუქრე გამოცემა გამოვიდა, შეზღუდული ტირაჟით, 80 ეგზემპლარად. ნადირობის შესახებ ერთ-ერთი უიშვიათესი წიგნია. მისი გამოცემა 1900 წლის პარიზის გამოფენას დაემთხვა. მოკლედ არის აღწერილი კავკასიის ფაუნა და რუსი ოფიცრებისა და დიდი მთავრების ბევრი ფოტოა ნადირობისას გადაღებული. წიგნი შეადგინა შტაბსკაპიტანმა ანატოლი კალინოვსკიმ. ის პატარა ასაკიდანვე დაინტერესდა ნადირობით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კავკასიის მთავარმართებელთან მუშაობდა და მონაწილეობდა ამიერკავკასიაში ნადირობის ორგანიზებაში. ცნობილია, რომ ფრონტზეც კი (პირველი მსოფლიო ომის დროს) კალინოვსკი ბრძოლებს შორის შესვენებების დროს ნადირობდა.

ერთხელ, წლების წინ ჩემმა ძმამ (წელიწად-ნახევრის წინ დამეღუპა ძმა) დამირეკა ქუთაისიდან, ჩემთვის უამრავი წიგნი შეუძენია იაფად და იქ აღმოვაჩინეთ პირველი ფუტურისტული ჟურნალი "H2SO4“. მხოლოდ ერთადერთი ნომერი გამოვიდა, 1924 წლის 25 მაისს, სადაც შევიდა ქართველი ფუტურისტი მწერლებისა და მხატვრების შემოქმედება. გარეკანი ეკუთვნის ირაკლი გამრეკელს. სახელწოდება - გოგირდმჟავას ხსნარი მიუთითებდა იმაზე, რომ არსებული კლიშეები ფუტურისტულ ხელოვნებას უნდა შეეცვალა. ეს არის უძვირფასესი ჟურნალი, არ ველოდი მაკულატურაში თუ ვნახავდი. ძალიან ძვირად გავყიდე. რამდენად? - 7 000 დოლარად...
- ეს იყო ყველაზე დიდი ფასი, რაც წიგნში გადაუხდიათ?
- ერთ დღეს 40 ათასი ლარის ვივაჭრე, მაგრამ მაშინ ბევრი წიგნი გაიყიდა ერთად, კოლექციონერს უნდოდა სხვადასხვა ჟანრის 50-ზე მეტი წიგნი.

- ალბათ, მუდმივი კლიენტებიც გყავთ?
- როგორ არა, კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად მოდიან. როცა ის წიგნი არა მაქვს, რაც მას აინტერესებს, ვიცი, სად უნდა დავრეკო, ვის ექნება. მერე ვასწავლი, ვისთან უნდა მივიდეს. ხშირად სკოლის მოსწავლეები მოჰყავთ მშობლებს, ბევრია ჭკვიანი ბავშვი. ჩემი მეგობრის შვილია ძალიან მაგარი მკითხველი - წიგნებს ყოველთვის ვაძლევ, წაიკითხავს და მოიტანს. მას რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება.
- უცნაური მყიდველებიც არსებობენ?
- იმდენად ხშირია ინტერიერისთვის წიგნების შერჩევის თხოვნა, რომ ჩემთვის უცნაური აღარ არის. უფრო სიმაღლის და სისქის მიხედვით აინტერესებთ, თარო რომ შეავსოს და ლამაზად გამოჩნდეს. ზოგიერთს თაროს ზომა მაშინვე მოაქვს და მეც, იმის შესაბამისად ვურჩევ. უცნაურია, როცა შუაღამის საათებში მირეკავენ - ღამის ორ საათზე, მაგალითად, თუმცა აღარც ეს მიკვირს, უამრავჯერ მომხდარა ასეთი რამ. არის შემთხვევა, გადაღებისთვის სჭირდებათ წიგნები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა სტალინზე ფილმს იღებდნენ და რაღაც ეპიზოდისთვის მთხოვეს იმდროინდელი წიგნები ერთი თაროს შესავსებად. ასეთ დროს წიგნების გაქირავება შეიძლება.
- კითხვისთვის დრო გრჩებათ? რომელი მწერლები გიყვართ?
- როგორ არა... ახლა ინტერნეტი გვაცდენს, თორემ დღე ისე არ გავიდოდა, არ წამეკითხა. მომწონს მაგიური რეალიზმის მიმართულება, მოფილოსოფოსო მწერლები, მეცნიერული ფანტასტიკა - კაფკა, მარკესი, ბულგაკოვი, ორუელი... ამათ შორის ეგზიუპერი ნაკლებად მოიაზრება, მაგრამ „პატარა პრინცი“ იმდენად ლამაზი, თბილი და სასწაული ნაწარმოებია, ასჯერ მაინც წავიკითხე და ზეპირად ვიცი. ამ მოთხრობას ვაგროვებ, სხვადასხვა ენაზე გამოცემულს, მეგრულადაც გამოვიდა და ეგეც მაქვს, მეგობრებმა მაჩუქეს. კარგი ხარისხის წიგნია, ტირაჟი ზუსტად არ ვიცი, მგონი 300 ცალია. „პატარა პრინცი“ ლაზებსაც გამოუციათ, მაგრამ ჯერ ვერ ვიშოვე. ძალიან მინდა, რომ მქონდეს. ლაზები მეგრულად საუბრობენ, მაგრამ ლათინური ასოებით წერენ.

- ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან განსაკუთრებით რა მოგეწონათ?
- ვარლამ შალამოვი მაგარი მწერალია. სტალინისდროინდელი საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების ფსიქოლოგიას არაჩვეულებრივად აღწერს. მისი იმ ნაწარმოებების აუდიოვერსიაც მოვისმინე რუსულად, რაც ქართულად არაა თარგმნილი.
- საკუთარ ბიბლიოთეკაზე როგორ ზრუნავთ?
- სოფელში მაქვს დიდი ბიბლიოთეკა, ოღონდ კოლექციონერი არ ვარ. იქ, ძირითადად, მხატვრული, თანამედროვე ლიტერატურა ჩამაქვს. მეზობლებს უყვართ კითხვა და ვაძლევ ხოლმე. დღეს თბილისში მეგრელი ბუკინისტი თუა ვინმე, ყველა ჩემი მოწაფეა და მათი 90% თანასოფლელია.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)