"ამაზონის ჯუნგლებში გამთენიას საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, მეგონა, ქოხი თავზე ჩამომექცა. უამინდობა, წვიმა, ჭექა-ქუხილი იყო და ტყის ბინადარნიც ქუხილის ხმაზე კიოდნენ" - ჩვილ შვილთან ერთად მოგზაურობის სიკეთეები და ემოციები - კვირის პალიტრა

"ამაზონის ჯუნგლებში გამთენიას საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, მეგონა, ქოხი თავზე ჩამომექცა. უამინდობა, წვიმა, ჭექა-ქუხილი იყო და ტყის ბინადარნიც ქუხილის ხმაზე კიოდნენ" - ჩვილ შვილთან ერთად მოგზაურობის სიკეთეები და ემოციები

„ყველაზე მძაფრად მახსოვს, ხის კატერის ცხვირს რომ კაიმანი დაეჯახა“ - მოგზაურობა ჩვილ შვილთან ერთად

"ამაზონის ჯუნგლებში გამთენიას საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, მეგონა, ქოხი თავზე ჩამომექცა. უამინდობა, წვიმა, ჭექა-ქუხილი იყო და ტყის ბინადარნიც ქუხილის ხმაზე კიოდნენ", - იხსენებს მზევინარ ტოფაძე. მან სტაჟირება ლათინური ამერიკის ქვეყნებში - მექსიკაში, ჩილესა და ბოლივიაში გაიარა, იქ არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა და ამჯერად სამოგზაუროდ მეუღლესთან და ათი თვის შვილთან ერთად იმყოფებოდა...

- გერმანიაში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი, სტაჟირება სხვა ქვეყანაში გამევლო. ყველაზე მეტად ლათინური ამერიკის ქვეყნებში მსურდა, ესპანური ვისწავლე და გაცვლითი პროგრამის შედეგად, მექსიკაში ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოვჩნდი. იქ სწავლის პერიოდში არაერთ ქვეყანაში ვიმოგზაურე, საოცარი თავგადასავლები მქონდა... ჩემი მოგზაურობა სტიპენდიებზე იყო დამოკიდებული, თავად მოგზაურობის დაფინანსებას ვერ მოვახერხებდი და ამიტომაც, სწავლაშიც ძალიან წარჩინებული ვიყავი, მხოლოდ მოგზაურობა არ იყო საკმარისი წარმატებისთვის. უნივერსიტეტიდან კარგი ნიშების საბუთები მქონდა, ყველა იმ წინაპირობას ვაკმაყოფილებდი, რაც სტიპენდიისთვის იყო საჭირო. ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ ვიმყოფებოდი ლათინურ ამერიკაში. ბოლივიაში ორჯერ ექვსი თვით ვცხოვრობდი, თითქმის ერთ წელიწადს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბოლივია დავლაშქრე. თავიდან სტუდენტები ერთად ვმოგზაურობდით, შემდეგ ყველა თავის ქვეყანაში დაბრუნდა და ბოლოს მარტოს მომიხდა მოგზაურობა.

6go0knnv-1759682137.jpg

- მარტომ სად იმოგზაურეთ?

- ამაზონის ჯუნგლებში მარტო ვიყავი სამი დღით და ეს მართლაც დაუვიწყარი დღეები იყო. სრულიად მარტო რომ ხარ შუაგულ ამაზონის ჯუნგლებში. მართალია, ჯუნგლებში ხარ, მაგრამ იქაც ყველაფერი ტურისტებზეა გათვლილი, თუმცა სიფრთხილეც აუცილებელია. ამ გადმოსახედიდან ყველაფერს სხვა თვალით ვხედავ. მახსოვს, ხის კატერები იყო, რომელშიც, ალბათ, ახლა აღარ ჩავჯდებოდი. ამ კატერით დაახლოებით რვა ადამიანი გადავადგილდებოდით, როდესაც კატერის ცხვირს ნიანგი დაეჯახა. მადლობა ღმერთს -გადავრჩით.

- ამაზონის ჯუნგლებში ღამეს სად ათევდით?

- იქ, სადაც პატარ-პატარა ქოხები იყო. ერთხელაც, ექსკურსიაზე წასასვლელად დილის ექვს საათზე უნდა ავმდგარიყავი, კატერით წავსულიყავით და მზის ამოსვლისთვის გვეყურებინა, დილის ხუთ საათზე კი საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, მეგონა, ქოხი თავზე ჩამომექცა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ასეთი წვიმა და ჭექა-ქუხილი დამახასიათებელი რამ ყოფილა იქაურობისთვის. ჭექა-ქუხილის ხმაზე ტყის ბინადრებიც მთელი ხმით კიოდნენ.

zk2a8xek-1759682174.jpg

- ახსენეთ, რომ ლათინურ ამერიკაში ოთხჯერ მოგიხდათ ყოფნა.

- მეოთხედ უნივერსიტეტიდან - არტთერაპიის პროფესორები მიდიოდნენ ბოლივიაში და მეც შემომთავაზეს, როგორც დამხმარე-სტუდენტი მათ პროექტში დავხმარებოდი. (სწავლის პერიოდში მქონდა ამ პროფესიასთან შეხება, შემდეგ კი პროფესიად ავირჩიე და დავეუფლე) თან იმ პერიოდში საბაკალავრო ნაშრომს ვწერდი და ვიფიქრე, რომ ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა. იქ სამი თვის განმავლობაში არტთერაპიის პროექტი განვავითარე და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შევთავაზე. ამასთან დაკავშირებით დავწერე ჩემი საბაკალავრო ნაშრომი. რა თქმა უნდა, იქაც ვიმოგზაურე, სადაც არ მივდიოდი სასწავლებად, თან აუცილებლად ვმოგზაურობდი. იმის შემდეგაც ყოველ წელიწადს სადღაც მივდივარ.

roogko-n-1759682256.jpg

- ახლა უკვე ოჯახთან ერთად..

- დიახ, ახლა უკვე ოჯახი მაქვს, მეუღლესა და 10 თვის შვილთან ერთად ვიყავი ლათინურ ამერიკაში. დეკრეტის პერიოდში, ორი თვის განმავლობაში, წასულები ვიყავით და პატარასთან ერთად ვიმოგზაურეთ. ჯერ საქართველოში ჩამოვედით, თვითმფრინავით პირველად იფრინა ჩემმა პატარამ. საქართველოს შემდეგ პერუში წავედით, სადაც ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ. პერუში უკვე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ იმდენად მიყვარს, იქ წასვლა არასოდეს მომწყინდება.

წელს ათი წელი გავიდა, რაც პირველად წავედი სასწავლებლად ჩილეში. ჩილეშიაც გადავედით, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ისევ იქ დაბრუნება. შემდეგ - არგენტინასა და ურუგვაიში ვიყავით.

8jk0ovdj-1759682242.jpg

- როგორი იყო ჩვილ ბავშვთან ერთად ამდენი ქვეყნის მოვლა?

- ჩემს პატარასთან ერთად მოგზაურობა ძალიან კომფორტულია, რადგან ძალიან მშვიდი ბავშვია. ერთადერთი, რასაც ექიმის რჩევით ვაკეთებდი, თვითმფრინავის აფრენამდე ოცი წუთით ადრე ექიმის მიერ გამოწერილ ცხვირის წვეთებს ვაწვეთებდი. რადგან საქართველოში ჩვენმა პირველმა ერთობლივმა მოგზაურობამ ასე კარგად ჩაიარა, გადავწყვიტეთ, ლათინურ ამერიკაში გვემოგზაურა. მართალია, ძალიან კომფორტული ბავშვია, მაგრამ ყველაფერს ვითვალისწინებდით, მთლიანად ბავშვზე ვიყავით გადართული. არ უნდა არეოდა ძილისა და კვების რეჟიმი, ყველაფერი ამის მიხედვით გვქონდა აწყობილი. საღამოს, ექვს საათზე აუცილებლად სახლში უნდა ვყოფილიყავით.

ერთი საათით ადრე ვიწყებთ ძილის რუტინას: ეს არის ბანაობა, კვება, წიგნის წაკითხვა, მოფერება, ჩახუტება და ასე შემდეგ...

- ბევრი ქალაქის, ისტორიული ღირსშესანიშნაობის ნახვა შეძელით?

- წელს ლათინურ ამერიკაში ზამთრის პერიოდში ვიყავით, ძალიან ციოდა და ძალიან თბილად შეფუთულები ვუმკლავდებოდით ჩილეს, არგენტინის, ურუგვაის სიცივეებს. ძირითადად, ისტორიულ ადგილებს, მუზეუმებს ვათვალიერებდით. ჩილეს სიღრმისეულად ვიცნობ, ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა. სტუდენტობის დროს არგენტინაში ვიმოგზაურე, მაგრამ ბუენოს-აირესში არ ვიყავი ნამყოფი და ახლა მოვახერხე, საოცარი, უმდიდრესი კულტურის ქალაქია. უამრავი მუზეუმი და ისტორიული ძეგლია. დათვალიერება არასოდეს მოგწყინდება. იქ ალბათ დრო არასოდეს არის საკმარისი, ყველა ღირსშესანიშნაობა რომ ნახო.

3pxp9cw4-1759682224.jpg

- ურუგვაი როგორ გახსენდებათ?

- არგენტინაში მეგობარი გვყავს, რომელმაც გვითხრა, ურუგვაიში რატომ არ მიდიხართ, აქვეაო. მისი რჩევა მოგვეწონა, მართლაც ისე ახლოს ვიყავით, ზესტაფონიდან ხაშურამდე რომ ჩახვიდე. არგენტინიდან საათსა და თხუთმეტ წუთში გემის საშუალებით ურუგვაის უძველეს ქალაქში აღმოვჩნდით. მე-17-ე საუკუნეში აგებული სახლები ხელუხლებლად დგას. ქუჩაში უძველესი ქვაფენილები... საოცარი შეგრძნება იყო იქ ყოფნა, თითქოს საუკუნეებით უკან დავბრუნდი. იქ, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა... ამბობენ, შვილი რომ გეყოლება, ყველაფერი იცვლებაო, მაგრამ ასე არ არის. რა თქმა უნდა, ბევრი რამ, პრიორიტეტები იცვლება, თუმცა ადამიანს თუ სურვილი და ინტერესი გაქვს, შენში არ უნდა ჩააქრო. მოგზაურობა, სწავლა-განვითარება, ყველაფერი შესაძლებელია, ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდე! სანამ მოგზაურობას დავიწყებდით, ბავშვმა უცხოობა იცოდა, მაგრამ მოგზაურობის შემდეგ საოცრად გახსნილი გახდა. ადამიანებთან კონტაქტში ძალიან ადვილად შედის. ტრამვაიში ასვლიდან ხუთ წუთში უკვე მეგობრები ჰყავს. ვფიქრობ, მასზე საუკეთესო გავლენა მოგზაურობამ მოახდინა. ქუჩის ძაღლს რომ ხედავს, უყვარს. მოგზაურობა ბავშვისთვის ხომ ძალიან კარგია და ჩვენც ძალიან სასიამოვნოდ გვახსენდება, ხელში აყვანილს რომ ამდენ ქვეყანაში, ქალაქში დავატარებდით. ამ დროს შვილთან კავშირი კიდევ უფრო მძაფრია. ძალიან ბევრი ულამაზესი მოგონება გვაქვს პატარასთან ერთად, მოგზაურობის შედეგად.

amazoni-1759682030.png

ბავშვთან ერთად მოგზაურობა არ არის საშიში – ეს არის შესაძლებლობა, მასთან ერთად აღმოაჩინო ახალი სამყარო. მოგზაურობის დროს შენ კიდევ უფრო ახლოს იცნობ შენს თავს და შენს შვილს. მასთან ერთად სწავლობ მოთმინებასა და სიხარულის დანახვას პატარა დეტალებში. ყოველი დღე ხდება პატარა თავგადასავალი. მოგზაურობა გაძლევს შანსს, შენც თავიდან აღმოაჩინო საკუთარი თავი. შენ სწავლობ, რომ უფრო მეტად იყო მორგებული შენი ბავშვის საჭიროებებზე და ხედავ, როგორ ვითარდება და იზრდება ის შენ გვერდით.

ყველა წუთი, რაც ერთად გაატარეთ, და თითოეული მოგონება, რომელიც ერთად შექმენით, თქვენი ოჯახის ყველაზე ძვირფას განძად იქცევა – განძად, რომელიც არასოდეს გაქრება და მუდამ თქვენთან დარჩება.

(სპეციალურად საიტისთვის)