აფხაზი "ბალუ" გააგორეს - განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული აფხაზურ-ოსური ბრიგადა "პიატნაშკა": როგორ ნადირობენ უკრაინელები "ჩვენებურ" სეპარატისტებზე
აფხაზი „ბალუს“ - „პიატნაშკას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია უკრაინაში...
ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ 2014 წლიდან იბრძვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო არმიის გვერდით და ის ძირითადად „ჩვენებური სეპარატისტებითაა“ დაკომპლექტებული, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
„პიატნაშკას“ მეთაურად წლების განმავლობაში მოიაზრებოდა აფხაზი ახრიკ ავიძბა, რომელსაც დიდი პრობლემები შეექმნა თავად აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან და იძულებული გახდა დაბრუნებული უკრაინის ფრონტზე, მაგრამ 2024 წლის თებერვალში უკვე რუსეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ავიძბას მიმართ, მას „სამხედრო დროს ბრძანების შეუსრულებლობას და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმას“ ედავებოდნენ.
„პიატნაშკამ“ ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის აგვისტოში განიცადა, როდესაც უკრაინულმა „ჰაიმარსმა“ რაკეტები ზუსტად „ჩააჯინა“ ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში განთავსებულ „პიატნაშკას“ შტაბს მას შემდეგ, რაც ორი საათით ადრე რუსმა ბლოგერმა ამ შტაბიდან „პიატნაშკას“ შესახებ ვიდეოსიუჟეტი გაავრცელა სოციალურ ქსელში...
ითვლება, რომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაღუპულია „პიატნაშკაში“ მებრძოლი 15-მდე აფხაზი და 32 ოსი ცხინვალიდან.
აფხაზი „ბალუ“, რომლის ლიკვიდაციის შესახებაც უკრაინელებმა გუშინ განაცხადეს, „პიატნაშკას“ ერთ-ერთი ოცეულის მეთაური, 29 წლის ბატალ ბიგვავა გახლდათ. თუმცა რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ ბიგვავა, სახმისით „ბალუ“, ინტერნაციონალური ბრიგადის „პიატნაშკას“ მე-9 მოიერიშე ასეულის მეთაური იყო.
„ბალუ“ ბიგვავა დაბადებული გახლდათ 1996 წლის 30 აპრილს აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბასლახუში(დედის გვარია არახამია) და ის 2025 წლიდან შეყვანილიო იყო უკრაინული საიტის „მიროტვორეცის“ სიაში, როგორც უკრაინის წინააღმდეგ იარაღით ხელში მებრძოლი სამხედრო დამნაშავე, შესაბამისად მასზე ძებნა და ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული უკრაინის სპეცსამსახურებს.
არ კონკრეტდება თუ რა სიტუაციაში მოხდა აფხაზი „ბალუს“ ლიკვიდაცია, მაგრამ რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ „ბალუ“ მანამდე ექვსჯერ იყო დაჭრილი ბრძოლებში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის ინტენსიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.