"პენტაგონში "კაბიანი ბიჭები" ვეღარ გაივლიან“-ომის მინისტრის მუქარა და მხარდაჭერა ტრამპისგან-„რომელი გენერალიც არ დამეთანხმება, გავაგდებ...“ - კვირის პალიტრა

"პენტაგონში "კაბიანი ბიჭები" ვეღარ გაივლიან“-ომის მინისტრის მუქარა და მხარდაჭერა ტრამპისგან-„რომელი გენერალიც არ დამეთანხმება, გავაგდებ...“

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბაზაზე ქუანტიკოში(ვირჯინია) ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა იქ სპეციალურად თავმოყრილ რვა ასეულამდე ამერიკელ გენერალსა და ადმირალს(რომლებიც მსოფლიოში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო ბაზიდან გამოიძახეს) პირდაპირ განუცხადა-„მორჩა,პენტაგონში „კაბიანი ბიჭები“ ვეღარ გაივლიან, დამთავრდა DEI-ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკა,როდესაც ოფიცრებს რასობრივი ნიშნებით და გენდერული კვოტებით ნიშნავდნენ,აშშ-ს აღარ აქვს თავდაცვის სამინისტრო,ამიერიდან ჩვენ ვართ ომის სამინისტრო და მე ვარ ომის და არა თავდაცვის მინისტრი,ამიერიდან თქვენი ერთადერთი მისია გახლავთ ომი-საბრძოლო მოქმედებების წარმოება,უკომპრომისო მზადება ომისთვის და გამარჯვებისთვის...სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია, ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია…ახალი პოლიტიკა არ ზღუდავს ქალების სამსახურს ამერიკულ არმიაში,მაგრამ გაზრდილია ფიზიკური მზადყოფნის მოთხოვნები,რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ქალებს,თუ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს, დარჩებიან ჯარებში,თუ არა და ზოგიერთი საბრძოლო თანამდებობაზე მოხვედრის პრეტენზია ვერ ექნებათ...“-გაცხარებული ომის მინისტრი,რომელიც თადარიგში მაიორის წოდებით გავიდა, აქეთ-იქით დადიოდა სცენაზე და ოთხვარსკვლავიან ამერიკელ გენერლებს ემუქრებოდა...

მაგრამ დამუქრება მერე გენახათ,როდესაც სცენაზე თავად აშშ-ის პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დონალდ ტრამპმა შემოაბიჯა და გენერლებსა და ადმირალებს მკაცრად მიმართა-„თუ თქვენ არ მოგწონთ ის,რაზეც ვსაუბრობ,შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი,მაგრამ მაშინვე დაემშვიდობებით თქვენს წოდებასა და მომავალს“-დააშინა პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკული არმიის ელიტა...დარბაზი არავის დაუტოვებია...

blogi2-1759255734.png
რვა ასეულამდე ამერიკელი გენერალი და ადმირალი მონუსხული უსმენდა ჯერ ომის მინისტრის-თადარიგის მაიორის პიტ ჰეგსეტის ემოციურ შეგონებებს და შემდეგ შეშინებულნი გაიტრუნნენ სცენაზე პრეზიდენტ ტრამპის გამოჩენისას,რომელიც სამხედრო ელიტიდან უკმაყოფილოებს, სამხრეების "ჩამოხევით“ დაემუქრა...

თქმა არ უნდა-ეს იყო ტრამპი-ჰეგსეტის წინასწარ შეთანხმებული და ამერიკელი გენერლების წინაშე გათამაშებული დაშინების სცენარი,რამაც ძალაუნებურად გაგვახსენა საქართველოს რეალობა ამ ორი ათეული წლის წინ,როდესაც ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რაღაც ამგვარი გაითამაშა ქართველი ოფიცრების წინაშე ჯერ 2004 წელს,შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე...

ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს,პენტაგონივით „კაბიანი ბიჭები“ მაღალ ქუსლებზე არ დაბაკუნობდნენ ქართული არმიის გენშტაბსა თუ თავდაცვის სამინისტროში,მაგრამ სამხედროების ეგზეკუციისთვის სხვა მიზეზები იქნა მოგონილი,რათა სამხედრო სტრუქტურა გაეცხრილათ შევარდნაძის დროინდელი ოფიცრებით(ზოგიერთი მართლაც იმსახურებდა კინწისკვრით გაგდებას) და მათ ადგილზე თავისი ერთგული ხალხი დაესვათ მაღალ თანამდებობებზე,ისე,რომ ისინი ელემენტარულადაც კი ვერ ერკვეოდნენ სამხედრო საქმეში...

blogi3-1759255828.png
ეს ფოტოც ბევრ რამეზე მეტყველებს...

ამ მიზნით, სააკაშვილის ხელისუფლებამ მარტო 2004 წელს ოთხი თავდაცვის მინისტრი შეცვალა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, რაც უკვე ნონსესი გახლდათ, თუმცა ეს ყველაფერი სწორედ ძველი კადრების გაყრას ემსახურებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც,გამომდინარე იმ სამხედრო-პოლიტიკური მარცხისა,რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ განიცადა,ჯოხის გადატეხვა ოფიცრების ნაწილზე განხორციელდა,ხოლო ის ვინც ნამდვილად იმსახურებდა დასჯას, მათდამი დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის ბრძოლებში არგაფრთხილების გამო, პირიქით დააწინაურეს, რადგან ისინი იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის „ნავში“ ისხდნენ...

რომ დავუბრუნდეთ ამერიკულ არმიას და ტრამპი-ჰეგსეტის დღეს ჩატარებულ „კონცერტს“ ამერიკელი გენერლებისა და ადმირალების დასაშინებლად, ეტყობა ამას თავისებური გამართლებაც შეიძლება მოეძებნოს, რადგან დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტებისა და თავდაცვის მდივნების მიერ წლების განმავლობაში გატარებულმა პოლიტიკამ ნამდვილად დააზარალა ამერიკული საბრძოლო სული-გენდერული თანასწორობა და ინკლუზიურობა,რაც დასაშვებია სამოქალაქო ცხოვრებაში, ხშირად მიუღებელი ხდება ატომური წყალქვეშა ნავის ბორტზე, ავიამზიდის გემბანზე თუ ბომბდამშენის კაბინაში-ყველაფერი ეს ძალზე უარყოფითად მოქმედებს საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებაზე...

პრეზიდენტი ტრამპი კი თავის ომის მინისტრთან ერთად (რომლის პოლიტიკურ კომპეტენტურობაზე ძალიან დიდი ეჭვი არსებობს) ეტყობა მართლაც იწყებს ამერიკული არმიის მომზადებას დიდი, ძალიან დიდი დაპირისპირებისთვის, რისკენაც მთელი მსოფლიო მუხრუჭების გარეშე მიექანება...