„ინვესტიციები აპოკალიფსის დროს: ოქროს ისტორიულად გაძვირებული ღირებულება არასტაბილურ მსოფლიოში ადამიანთა მანკიერებას ადასტურებს“ - Die Zeit
„კაცობრიობა სრული სვლით მიექანება აპოკალიფსისაკენ, რასაც ოქროზე რეკორდულად მზარდი ფასები მოწმობს“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „დი ცაიტში“ (Die Zeit) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ინვესტიციები აპოკალიფსის დროს: ოქროს ისტორიულად გაძვირებული ღირებულება არასტაბილურ მსოფლიოში ადამიანთა მანკიერებას ადასტურებს“ (ავტორი - მარკ შირიტცი, მთავარი რედაქტორის მოადგილე).
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
ოქროზე რეკორდულად გაზრდილი ფასები აჩვენებს, თუ რამდენად არასტაბილურია მსოფლიო. ინვესტორები ცდილობენ, ამ სიტუაციიდან სარგებელი ნახონ: პოლიტიკოსთა იდიოტიზმი ფულის ინვესტირების ფაქტორი ხდება.
ოქრო, არსებითად, ინვესტიციებისათვის განსაკუთრებულად საინტერესო ობიექტს არ წარმოადგენს. ეს იმდენად რბილი ლითონია, სხვებისაგან განსხვავებით, რომ სიმძიმის დაწოლისაგან დერმირდება. მისი შეჭმა არ შეიძლება და საერთოდ, თუ გულახდილად ვიტყვით, მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება: აბა, შეხედეთ დონალდ ტრამპის ოვალურ კაბინეტს თეთრ სახლში, რას ჰგავს ყვითელ ფერში... ძვირფასი ლითონების სიყვარულით გატაცებულმა პრეზიდენტმა იქ ყველაფერი სულ ოქროთი მოავარაყა.
და მაინც, ოქროზე ფასმა ცოტა ხნის წინათ თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რატომ? მოდი, განვიხილოთ ოქროს მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში და მისი ფასის ზრდას რაიმე ახსნა მოვუძებნოთ.
ოქროს წინააღმდეგ არგუმენტი იოლად მოიძებნება: სახლი შეიძლება გააქირავო, აქციებისგან დივიდენდებს მიიღებ, ობლიგაციებისგან - პროცენტებს. ის, ვინ უძრავ ქონებას ყიდულობს ან ბირჟებში ინვესტიციებს დებს, ეკონომიკის ზრდისაგან სარგებელს იღებს, კეთილდღეობას იუმჯობესებს, შემოსავლებს იფართოვებს. ერთი სიტყვით, ცივილიზაციის პროგრესი ხდება. ოქროს ზოდი კი რა არის? - უბრალო ნივთი. გაქვს და არავითარ შემოსავალს არ გაძლევს. სუფთა ოქროს - ანუ ლითონის სხმულს - ვერ გააქირავებ, ვერსად დააბანდებ... ეს არგუმენტი შეიძლება ციფრებშიც გამოისახოს: ნიუ-იორკის უნივერსიტეტს აქვს მონაცემთა ისეთი ბაზა, რომელშიც ფიქსირდება ძირითადი ფინანსური აქტივების ღირებულების დინამიკა 1928 წლიდან. ჰოდა, ამ მონაცემების მიხედვით, 1928 წელს რომ ვინმეს ოქროში 100 დოლარი ჩაედო, ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს მხოლოდ 12 649 დოლარს მიიღებდა, ხოლო ის, ვინც ფსონს დადებდა მსხვილ ამერიკული კომპანიების აქციებზე და მათ იყიდდა, მინიმუმ 982 817 დოლარის დივიდენდების მფლობელი გახდებოდა.
ცივილიზებულ სამყაროში ინვესტორს ოქრო არ სჭირდება
რამდენიმე წლის წინათ ეკონომისტთა ჯგუფმა, მორიც შულარეკის ხელმძღვანელობით (იგი ამჟამად გერმანიის ქ.კილში მდებარე მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობს), გამოაქვეყნა გამოკვლევა სათაურით: „შემოსავლები ყველაფრისაგან“, რომელშიც მათ გაანალიზეს ფინანსური აქტივების დინამიკა ძირითად დასავლეთევროპულ ქვეყნებში, დაწყებული 1870 წლიდან, დამთავრებული 2015 წლით.
შედეგი: ყველაზე მაღალი წლიური შემოსავლები გრძელვადიან პერსპექტივაში მიღებული იქნა უძრავი ქონებისაგან (11,6%), შემდეგ - მოდის აქციებით მიღებული შემოსავლები (10,75%), ბოლოს კი - ობლიგაციებისგან (6,1%). ოქრო საერთოდ არ ფიგურირებს.
ცივილიზებულ სამყაროში ინვესტორის პორტფელში ოქროს ადგილი არ არის. იგივე შეიძლება ითქვას ვერცხლზე, პლატინაზე და სხვა ე.წ. კრიზისულ ლითონებზე, რომლებსაც საკუთარი შემოსავლიანობა არ აქვთ (მათ შეიძლება ბიტკოინიც მივაკუთვნოთ). საერთოდ, დღეს კითხვა მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: ვცხოვრობთ თუ არა ჩვენ ძველებურად ცივილიზებულ სამყაროში? ყველაფერი უეცრად დაინგრევა, თუ რუსები, ვთქვათ, ატომურ ბომბს ბერლინში ჩამოაგდებენ.
აპოკალიპტური სცენარის მიხედვით, ინვესტორი ოქროთი შორს ვერ წავა. როგორც უკვე ვთქვით, ოქროს ვერ შეჭამ და თუ მისგან ხმალს გამოჭედავ მოროდიორებისაგან თავდასაცავად, ოქროს ხმალი მოსაქნევად ძალიან მძიმე იქნება. ის, ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი წესრიგის სრულ კრახს ელოდება, ოქრო კი არ უნდა მოიმარაგოს, არამედ - იარაღი, სურსათ-სანოვაგე და ჩრდილოეთის ზღვაში რომელიმე კუნძულზე თავშესაფარი ეძებოს ან სამომავლოდ სადმე მტკიცედ აშენებული ციხე-სიმაგრე შეიგულოს. დიდი ქალაქები საცხოვრებლად არ გამოდგება.
სიტუაცია აპოკალიფსამდე რომც არ მივიდეს, ოქრო არც მაშინ არის გამოსადეგი. ფინანსური თვალსაზრისით, თუ აშშ ბანკროტი გახდება, ის ისეთ მოვლენებს გამოიწვევს, როგორსაც, ვთქვათ, სამოქალაქო ომი ან ევროკავშირის დაშლა. შესაძლოა, ასეთი მოვლენების ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ რისკები ყოველთვის არსებობს, დღევანდელი სიტუაციის ფონზე.
ასევე დაგაინტერესებთ: პანიკა რუსეთში: პუტინის დასასრულის დასაწყისი?! - როგორ არყევს საწვავის კრიზისი კრემლის რეჟიმს
ხშირად წყალი ოქროზე ძვირფასია...
პოლიტიკური ირაციონალურობა (ან, უფრო უკეთესად რომ ვთქვათ - იდიოტიზმი) ნებისმიერ შემთხვევაში ხდება ის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ფინანსურ დაბანდებებზე გავლენას ახდენს. თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს აშშ-ის სავალუტო რეზერვების ბიტკოინებში ჩადებას, მაშინ ბიტკოინების კურსი მოიმატებს - იმის მიუხედავად, ითვლება თუ არა კრიპტოვალუტა, ეკონომიკური თვალსაზრისით, გონივრულ საგადასახადო საშუალებად (მე ვფიქრობ, რომ არ ითვლება). ფინანსური ინვესტიციებისათვის კი ხშირად ფაქტები ნორმატიულ ძალას ფლობენ.
ასეთ დროს მოქმედებს ლოგიკა, როგორსაც დიდი ეკონომისტი ჯონ კეინსი დაახლოებით სილამაზის კონკურსს ამსგავსებდა: გამარჯვეულზე დადებული ფსონი რომ წარმატებული იყოს, ის უნდა დადო არა შენი აზრით ყველაზე ლამაზ გოგონაზე, არამედ იმაზე, ვისაც ჟიურის წევრთა უმრავლესობა თვლის ლამაზ ქალად. იმიტომ, რომ სწორედ ჟიურის მიერ შერჩეული ქალი იქნება გამარჯვებული. ეს მაგალითი გვაძლევს შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ ნივთების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ აფასებს და რა ფასად იყიდის, რამდენს გადაიხდის ყიდვის დროს და როგორ სიტუაციაში. დამეთანხმებით, რომ ერთი ჭიქა წყალი საჰარის უდაბნოში უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე ბოდენის ტბის ნაპირზე. როცა წყალი გწყურია, ოქრო წყურვილს ვერ დაგიკმაყოფილებს.
ამიტომაც, თუ ჩამოყალიბდება რწმენა იმისა, რომ კაცობრიობამ თავისი საუკეთესო პერიოდი უკვე უკან ჩამოიტოვა, ოქროს ფასის ზრდა აღარ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ რადგანაც ადამიანებისთვის - პოლიტიკოსებისთვისაც - ძალიან ხშირად სიხარბე ან შურიანობა უცხო არ არის, შედეგი ისევ იგივე იქნება - ოქროსადმი სიყვარულს, ნებითაც და უნებლიედაც, მაინც მსხვერპლად შეეწირებიან. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე მივედით მიჯნამდე.
მოამზადა სიმონ კილაძემ