"საჭესთან ვინც იჯდა, დაჩის ბიძაშვილია... ფეხზე ვერ ვდგები, ისე განვიცადე ეს ამბავი. ნეტავ, არ გამეგო" - რას ჰყვებიან საქაშეთში დაღუპულ ბიჭზე?
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია სოფელ საქაშეთთან წუხელ მოხდა. საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი საქაშეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დაჩი მოგელაშვილია.
სკოლა აქვეყნებს სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში:
“დიდი ელდაა სკოლისთვის და მოუშუშებელი ტკივილი დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება. ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი. ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და მეგობრული. მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან სიყვარულით იყო გაჯერებული. მასწავლებლების მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი, საზოგადოებისთვის ზრდილი და კეთილი.
დიდი დანაკლისია სკოლისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის, სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭის გარდაცვალება.
გულისტკივილითა და დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ჩვენი სკოლის მე-11კლასის მოსწავლის, დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას.
ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა დაჩი!
სიყვარულით გვემახსოვრები მარად“
ჩვენ დავუკავშირდით ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომელსაც ძალიან გაუჭირდა მომხდარზე საუბარი:
“ეს დიდი ტრაგედია წუხელ მოხდა. დაჩი გარდაიცვალა, როგორც ვიცი, საჭესთან ვინც იჯდა, დაჩის ბიძაშვილია. როგორც ვიცი, ის და კიდევ ერთი ბიჭი საავადმყოფოში არიან დაზიანებებით გადაყვანილნი. რა და როგორ მოხდა, ეს დეტალები ზუსტად ჩვენც არ ვიცით. იძიებენ სამართალდამცველები.
იმდენად შოკირებულები ვარ მომხდარით, რომ მიჭირს ამაზე საუბარი. ძალიან კარგი ბავშვი აღარ გვყავს. ფაქტია, დიდი უბედურება მოხდა,დაჩი ცოცხალი აღარ არის და ახლა რა მნიშვნელობა აქვს იმას, რა და როგორ მოხდა. ძალიან ძნელია სანუგეშო რამე უთხრა ახლა მის მშობლებს, ოჯახს.
ფეხზე ვერ ვდგები, ისე განვიცადე ეს ამბავი. თანავუგრძნობ ყველას, ძალიან გვტკივა გული ყველას", - ამბობს ის.
“ღმერთო, ეს რა გავიგე ნეტა არ გამეგო, კიდე ვერ ვიჯერებ. დაჩი, ღიმილის ბიჭო, სულ თვალები გიბრწყინავდა, სიცოცხლით სავსე ბიჭო”, - წერს მომხდარით შეძრული კიდევ ერთი ახლობელი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მომხდარი ტრაგედიის გამო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
(სპეციალურად საიტისთვის)