ოდესაში "ქართული ლეგიონის" მეთაურის მამუკა მამულაშვილის გამოფენა იხსნება
ფორპოსტი მომავლის სიმფონიის ფერებში - ასეთი სათაურით იხსნება 4 ოქტომბერს, უკრაინაში, ქალაქ ოდესაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის ნახატების გამოფენა.

ოდესა, ქალაქი, რომელიც ომშია და არსებობისთვის იბრძვის, ამჯერად ხელოვნების ძალას ფართოდ უხსნის კარს. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ეს არ არის მხოლოდ ნახატების გამოფენა, ეს არის მესიჯი იმის შესახებ, რომ ხელოვნება შესაძლოა იქცეს ფორპოსტად მომავლისთვის მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველაფერს ომის დაღი ადევს. მათივე თქმით, მამუკა მამულაშვილი ის მეომარი მხატვარია, რომელმაც თავისუფლებისათვის ბრძოლა ფერებში ასახა, ის არის სიმბოლო იმისა, რომ ომშიც კი შესაძლებელია სინათლისა და სილამაზის შექმნა.

ცნობისთვის, მამუკა მამულაშვილის ნახატების გამოფენას სამი კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ მასპინძლობდა ივანე კავალერიძის სახელობის მუზეუმი, კიევში. ოდესის შემდეგ ქართველი მეთაურის ნახატები კამენეც-პოდოლსკშიც გამოიფინება.


"ხატვაში პროფესიული განათლება არ მიმიღია. ეს ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა, უფრო სწორად კი, თერაპია. ჯერ კიდევ ბავშვობაში, აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატვა. ეს ძალიან მამშვიდებდა და თვითგამოხატვაში მეხმარებოდა. ახლაც ასეა, როგორც კი დრო და საშუალება მეძლევა, სურვილი მიჩნდება, ჩემი განწყობები ფერებში გამოვხატო. ხატვისას ძირითადად იმ ფერებს ვიყენებ, რაც რეალურ ცხოვრებაში მაკლია. უკრაინულ საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები მოეწონა და აგერ უკვე მეოთხედ ეწყობა ჩემი გამოფენა. სხვათა შორის, კიევის შემდეგ ჩემი ნამუშევრები ოდესასა და კამენეც-პოდოლსკშიც გამოიფინება" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)
