"თამროს დანა გულ-მკერდში აქვს ჩარტყმული... იმ საქონელს, მკვლელს, დაუძახია ერთ-ერთი მეზობლისთვის - გამოხედეთ, მგონი მოვკალიო... ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ალბათ თვითონ იტყვის, რატომ მოკლა" - როგორ ახასიათებენ ახლობლები ფემიციდის მსხვერპლ ქალს
თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანში მომხდარი ფემიციდის დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ. ძალოვნებმა ცხელ კვალზე დააკავეს 73 წლის მამაკაცი, ალბერტ დავითელაშვილი, რომელსაც მეუღლის, თამარ დენტოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. უკვე ცნობილია, რომ მკვლელობა მათ საცხოვრებელი სახლში მოხდა, ქმარმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1951 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1972 წელს დაბადებულ თ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ა.დ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ მოკლული ქალი ძალადობის მსხვერპლი ადრეც არაერთხელ ყოფილა - ბრალდებული მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა.
"ძალიან განვიცდი თამროს მკვლელობას. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ორი დღის წინ ვნახე და ეს ყოფილა ჩვენი ბოლო შეხვედრა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი მეზობელია, ძალიან განადგურებულები ვართ ამ ამბით. ჩემი ქალიშვილი უყვარდა ყველაზე მეტად თამროს. ჩემი შვილიც მასზე უზომოდ შეყვარებული იყო და დაქალს ეძახდა.
თამრო 53 წლის გახდებოდა მალე. გუშინ ჩვენს სახლში იყო მოსული. ჩემმა შვილმა შეუღება თმა, შემდეგ ყავა ერთად დალიეს და წავიდა. ამის შემდეგ ჰყავს მოკლული ქმარს. ის ყავის ჭიქა ამ დრომდე არ გაურეცხავს ჩემს შვილს, მინდა თამროს კვალი დარჩეს ზედო, ასე ამბობს.
გთხოვთ, რაც შეიძლება კარგად დაახასიათეთ ჩემი თამრო, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. ძალიან გულკეთილი ადამიანი იყო, მხიარული, თავის დარდს რომ არ მოგახვევდა თავზე, ისეთი. ისე ახლოს ვიყავით მასთან, რომ მხოლოდ ჩვენთან თუ ამოიღებდა დარდს და შეძლებისდაგვარად, ვუმსუბუქებდით.
ახლა მართლა ძალა გამოცლილი ვარ, ისე განვიცადე მისი მკვლელობა. მის სახეზე ღრუბელს ვერ ნახავდით. ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. 22 წელია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მანამდეც იყო ამ კაცის ცოლი. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ, თუმცა ამ კაცს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილები. ეს კაცი მოძალადეა, ცოლზე ხშირად ძალადობდა, მაგრამ თამრო სულ ითმენდა, თავისსავე სავალალოდ. მას წასასვლელი არსად ჰქონდა, ეს იყო თმენის მიზეზი.
ბევრჯერ, როდესაც ის არაადამიანი ფიზიკურად უსწორდებოდა, თამროსთვის მითქვამს, რომ გასცლოდა, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო - სად წავიდე, სად მაქვს წასასვლელიო. ქმარი ყოველთვის ერჩოდა. არაერთხელ მიუყენებია მისთვის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა და ბოლოს, ასეთი ფატალური აღმოჩნდა ყველაფერი.
იცით, რა არის უბედური ადამიანი? ერთი დღე რომ პირადი ცხოვრებით არ გაუხარია, დიახ, ასეთი იყო ჩვენი თამრო.
ალბერტ დავითელაშვილია მისი მკვლელი. დანით ჰყავს მოკლული, რატომ გაიმეტა ასე, არ ვიცი. მეზობლებს იმ დღეს ხმაური არ გაუგიათ, როგორც ვიცი, მკვლელობის შემდეგ იმ საქონელს, მკვლელს, დაუძახია ერთ-ერთი მეზობლისთვის და უთქვამს, გამოხედეთ, მგონი მოვკალიო. როდესაც გასულა მეზობელი, მას უნახავს მოკლული თამრო, მაშინვე დაურეკავს სასწრაფოში, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ადგილზე იყო გარდაცვლილი. ვერ გეტყვით, რატომ მოკლა, უცნაური კაცი იყო.
ამ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ისედაც მარტო ცხოვრობდნენ სახლში ისინი და ალბათ თვითონ იტყვის, რატომ მოკლა. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!
თამროს ყველა დადებითად დაგიხასიათებთ. უბოროტო ადამიანი იყო.
როგორც ვიცი, მას დანა გულ-მკერდში აქვს ჩარტყმული, მაგრამ მითხრეს, სისხლი ცხედარს თავის არიდანაც სდიოდაო. ეს არ ვიცით, რატომ არის ასე, წაქცევის და თავის დარტყმითაა ეს დაზიანება მიყენებული თუ მკვლელობამდე რამე ჩაარტყა, ეს დეტალები ალბათ გამოძიებით გაირკვევა.
გაუხარელი იყო დაბადებიდან მოყოლებული უკანასკნელ დღემდე და ასე მძიმედ დასრულდა მისი სიცოცხლე.
ამ კაცის ხელში ასე ცხოვრობდა. არავინ ჰყავს ერთი ძმის გარდა. მხოლოდ ჩვენ, მეზობლები და უფალი. ძალიან ცუდად ვარ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ძალიან განვიცდი. თან ორი დღის წინ დავტოვე საქართველო და მანამდე ჩვენთან იყო. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ვნახე ისეთი ხალისიანი და პოზიტიური, როგორიც ყოველთვის იყო, მიუხედავად ბედკრული ცხოვრებისა. ჩვენი უსაყვარლესი მეზობელი და მეგობარი არ გვყავს, რომელიც უზომოდ გვიყვარს დღესაც და ჩვენს გულში დარჩება სამუდამოდაც.
“ეს კაცი სვამდა, უყვარს დალევა და მთვრალი ყოფილა, საწყალი თამრო რომ მოკლა. სოფელში ყველამ იცის, რომ ქმარი მასზე ძალადობდა. ჯერ თავში აქვს რაღაც ჩარტყმული მისთვის, მერე დანა ჩაურტყამს გულში და მოუკლავს.
ამ ოჯახისთვის ხმაური და ჩხუბი არ არის უცხო.
ოჯახში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ცოტა ხნით ადრე. ალბერტ დავითელაშვილი საკუთარმა შვილმა სცემა, ამის გამო შვილი დაჭერილია და როგორც ვიცი, მას ორი წელი მიუსაჯეს. მაშინაც რატომ იჩხუბა მამა შვილმა, ესეც თამრომ იცოდა, მამასთან ფიზიკური დაპირისპირების გამოა შვილი დაკავებული. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როგორ შეიძლება შვილმა მამაზე ხელი ასწიოს, მაგრამ ეს ისეთი გარეწარი კაცია, ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სიტყვებს არ ვიტყვი, ეტყობა, ამოუყვანა თავისი საქციელებით და ამიტომ სცემა. ისე ორივე მამა შვილი უვარგისია, თუმცა შვილი კიდევ სჯობია მამას", - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.
ამ შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მსხვერპლის ახლობლები:
"მინდა საბოლოოდ პატივი მივაგო შენს ხსოვნას, თამრი, ძალიან კარგო მეზობელო და მეგობარო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ. მაშინ მოგისპო სიცოცხლე არაადამიანმა, როდესაც მოხვედი ცხოვრების ხასიათზე. მსუბუქი ყოფილიყოს მძიმე მიწა შენთვის, ჩვენო საყვარელო. მშვიდობით, თამრო.
რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული, რომ არასდროს გაგიხარია და ახლა, როცა ყველაზე მეტად გიხაროდა სიცოცხლე, ახლა მოგისწრაფეს ეს უბედური სიცოცხლე, თან გამოგყოლია ეგ ბეხრეკი ჯალათი. სული მეწვის შენი ცოდვით, თამრი, რა უბოროტო და უწყინარი იყავი, შე უბედურო, რა ნახე ტანჯვის მეტი. მთელი დღეა გული მეწვის შენი ცოდვით", - წერს მოკლულის ახლობელი.
მალე წარდგება სასამართლოს წინაშე ბრალდებული, 73 წლის მამაკაცი. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს. რას ამბობს ის თავის ჩვენებაში, ეს და სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფაქტი მძიმეა, ოჯახური ძალადობას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს, ის 53 წლის თამარ დენტოშვილია.
(სპეციალურად საიტისთვის)