"კვიპროსელმა ახალგაზრდამ პანტანასას ხატთან მიახლოება სცადა, ღვთისმშობლის სახე უჩვეულოდ განათდა და ყმაწვილი ძირს დაეცა. აღმოჩნდა, რომ ის შავი მაგიით იყო გატაცებული" - ღვთისმშობლის პანტანასას ხატის სასწაულები
"ერთხელ დალუქული ბოთლი ვიპოვეთ, რომელშიც 2 000 დოლარი და წერილი იდო. შემომწირველი პანტანასას ღვთისმშობელს მეუღლის სიმსივნისგან განკურნებას შესთხოვდა. რამდენიმე თვის შემდეგ იმავე ადგილას ისევ დაგვხვდა 2 000 დოლარი - ამჯერად მადლიერების ნიშნად, განკურნებისთვის. ასეთი შემომწირველობით, თავად ღვთისმშობელი აშენებს თავის სავანეს"
„2014 წელს ძუძუს ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დამისვეს. მალევე შევიტყვე, რომ არსებობს პანტანასას ხატი. 2015 წელს ოპერაცია გამიკეთეს. ამ ხნის განმავლობაში, მუდამ ვევედრებოდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანტანასას ხატს, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ასევე, პანტანასას ზეთს ვისვამდი. შედეგმაც არ დააყოვნა - უფლის წყალობით და ღვთისმშობლის შეწევნით კარგი პასუხი მოვიდა“, - ეს ღვთისმშობლის პანტანასას ხატისგან განკურნების ერთ-ერთი შემთხვევაა. მონასტერში უამრავი მადლიერების წერილია, სადაც ადამიანები სასწაულებრივი განკურნების ამბებს ჰყვებიან.
"ყოველთა დედოფლის" სავანე და პანტანასას ხატის სასწაულები
ზაჰესის დასახლებაში, მაღალი კლდის ქიმზე, პანტანასას სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს, სადაც სასწაულები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მონასტრის მთავარი სიწმინდე, ღვთისმშობლის პანტანასას ხატი, განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. სწორედ ამიტომ, ეს ადგილი განსაკუთრებულ ნუგეშად და მფარველად იქცა მათთვის, ვინც ამ მძიმე სენს ებრძვის.
ხატის ისტორია მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება. მასზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამეფო დიდებულებითაა გამოსახული. „პანტანასა“ მისი ბერძნული სახელწოდებაა და ქართულად „ყოველთა დედოფალს“ ნიშნავს. ეს სახელი კი ღირსმა მამამ, იოსებ ვატოპედელმა უწოდა.
მამა გიორგი რაზმაძე, პანტანასას მონასტრის წინამძღვარი:
- თავდაპირველად, ხატი აზიის ერთ-ერთ მონასტერში ინახებოდა. გასულ საუკუნეში, აზიელმა მონაზვნებმა ის იოსებ ისიხასტს გადასცეს და გააფრთხილეს - ხატი სასწაულმოქმედია და მასზე დედასავით იზრუნეო. მამა იოსებმა სიწმინდე ათონის მთაზე ჩააბრძანა და თავის სენაკში ინახავდა. გარდაცვალებამდე სულიერ შვილს - იოსებ ვატოპედელს გადასცა, რომელმაც სიწმინდე ვატოპედის მონასტერში გადაასვენა. მონასტრის საძმომ ხატი დიდი პატივით მიიღო და საერთო სალოცავის ჩრდილო-აღმოსავლეთ სვეტთან მიუჩინა ადგილი.
ხატის პირველი სასწაულიც ათონის მთაზე მოხდა. კვიპროსელმა ახალგაზრდამ პანტანასას ხატთან მიახლოება სცადა, ღვთისმშობლის სახე უჩვეულოდ განათდა და ყმაწვილი ძირს დაეცა. აღმოჩნდა, რომ ის შავი მაგიით იყო გატაცებული. მომხდარის შემდეგ, ახალგაზრდა სინანულით აღივსო, აღსარება თქვა და ქრისტიანულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ეს იყო პანტანასას ხატის პირველი სასწაული.
მალევე შენიშნეს, რომ პანტანასას ღვთისმშობლის ხატი განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს კურნავდა. ამის შემდეგ ხატის ზუსტი ასლების დაწერა და მათი სხვადასხვა სავანეში დაბრძანება დაიწყო. ხატის პირველი დიდი ასლი მონასტრის საძმომ 1993 წელს საბერძნეთის ქალაქ კავალასთვის შექმნა და საზეიმოდ გააცილა დანიშნულების ადგილზე, ხოლო მეორე - რუსეთისთვის, რომელიც 1995 წელს, რუსეთის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ხატზე მირონის წვეთები გამოჩნდა და მთელი სამლოცველო მირონის კეთილსურნელებით აივსო.
როგორ მოხვდა ხატის ასლი საქართველოში
2003 წელს მამა გიორგი რაზმაძემ თხოვნით მიმართა ვატოპედის მონასტრის საძმოს, პანტანასას ხატი საქართველოსთვისაც დაეწერათ. წერილს ათასზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს, მათ შორის, ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები. მონასტრის ტრადიციის მიხედვით, ხატის შესაქმნელად შესაწირი თანხა იყო საჭირო. საჭირო თანხის მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ათონის მთაზე მყოფმა კვიპროსელმა ბიზნესმენმა საჭირო თანხა მთლიანად გაიღო. ასე დაიწყო პანტანასას ხატის ასლის დაწერა, რაც თავისთავად სასწაულად უნდა ჩაითვალოს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა. შემდეგ კი ერთი თვის განმავლობაში ორიგინალთან ესვენა და ყოველდღე ტარდებოდა ლიტურგია.
მამა გიორგი:
- საქართველოში გამომგზავრების წინ ვატოპედის მონასტრის იღუმენმა მამა ეფრემმა გვითხრა:
„თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რამხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოშიო“.
ამ სიტყვების ჭეშმარიტება მალევე დადასტურდა. ხატმა უამრავი ადამიანი განკურნა. მახსოვს, მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული ადამიანის ახლობლები რეგულარულად ესწრებოდნენ პარაკლისებს, რადგან თავად ავადმყოფი უძლურების გამო ვერ მოდიოდა. კანდელის ზეთი მოჰქონდათ და სნეულს აცხებდნენ. საბოლოოდ, გერმანიაში წაიყვანეს საოპერაციოდ, თუმცა ადგილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სრულიად განკურნებულიყო.
ეს სასწაული სიმბოლურად 3 სექტემბერს, ხატის საქართველოში ჩამობრძანების დღეს, უამრავი ადამიანის წინაშე გაცხადდა, როდესაც პანტანასას ხატს ლიტანიობით მივაბრძანებდით მონასტერში. მედიაც იყო და მთხოვეს ხატის სასწაულებზე მეამბა. სასწაული კი ყველას თვალწინ განცხადდა.
რამდენიმე წლის განმავლობაში ხატი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიაში იყო დაბრძანებული. ახლა პანტანასას დედათა მონასტერშია. საქართველოში ჩამოსვლის დღიდან არ წყდება ხატის სასწაულები.
ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო კანონებით დიდი ხნის გარდაცვლილები უნდა ყოფილიყვნენ, პანტანასას ხატთან პარაკლისებზე დასწრებითა და ზეთის ცხებით სრულიად განიკურნნენ ამ მძიმე სენისგან. ჯანმრთელობის გაუმჯობესებას რწმენასა და პანტანასას ხატთან ლოცვას უკავშირებენ. მონასტერში უამრავი მადლიერების წერილი ინახება, სადაც განკურნებული ადამიანები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან.
პანტანასას ხატის სასწაულები
„2014 წელს მარცხენა სარძევე ჯირკვლის მესამე სტადიის კარცინომის დიაგნოზი დამისვეს. მეგონა, ცხოვრება დამთავრდა, მხოლოდ უფლის იმედი მქონდა. აღსარება ვთქვი მოძღვართან და შემდეგ მეტეხში, მამა აკაკისთან ლოცვებზე დავიწყე სიარული. მინდოდა, ჩემი დაავადების გამო ღვთისმშობლის ხატთან მელოცა, რადგან მწამდა, რომ დამეხმარებოდა. მეტეხის ეკლესიაში შევიძინე ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პანტანასას ღვთისმშობელი აღმოჩნდა. მითხრეს, რომ ის ონკოლოგიურად დაავადებულების შემწეა. ამ დრომდე ამ ხატის შესახებ არაფერი ვიცოდი. ინტერნეტით მოვძებნე პანტანასას მონასტერი და ყოველდღე ვკითხულობდი დაუჯდომელ საგალობელს. მალე მონასტერშიც მივედი, სადაც უდიდესი სითბო და ნუგეში ვიგრძენი. ექვსი თვის განმავლობაში ვიკეთებდი ქიმიოთერაპიას. უძლურების მიუხედავად, ლოცვა არ შემიწყვეტია. თავიდანვე, როდესაც ლოცვა დავიწყე, წამიერად თბილი ხელის შეხება და დარიჩინის სურნელი ვიგრძენი, თითქოს ღვთისმშობელმა დამლოცა. ვირწმუნე, რომ დედა ღვთისა განმკურნავდა. შვიდი თვის შემდეგ ოპერაცია გავიკეთე და ანალიზებში სიმსივნის კვალიც აღარ იყო. ექიმმა მითხრა, რომ ასეთი შემთხვევა ნულ სტადიაზეც კი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ განკურნება ლოცვის შედეგია. ლოცვის დროს იმ ზეთსაც ვიცხებდი, რომელიც მორჩილმა თამარმა მომცა.“
„წლების წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შემექმნა. სიზმარში ვნახე ღვთისმშობელი მეწამურ სამოსში, რომელიც ყრმა იესოს დასცქეროდა. როცა გავიღვიძე, მახსოვდა მხოლოდ სიტყვა „პანტანასა“ ან რაღაც მსგავსი. მაშინ არც ხატის და არც მონასტრის შესახებ არაფერი ვიცოდი. დავიწყე ინტერნეტში ძებნა და აღმოვაჩინე, რომ მართლაც არსებობს ხატი „პანტანასას ღვთისმშობელი“. რამდენიმე წლის შემდეგ, ღვთის მადლით, მოვხვდი მონასტერში და მასთან ლოცვის საშუალება მეძლევა. ეს სიზმარი ჩემთვის ნიშანი აღმოჩნდა.“
„2021 წელს თორმეტგოჯა ნაწლავისა და პანკრეასის თავის კიბო (ადენოკარცინომა), მესამე სტადია, დამიდგინეს. სიმსივნე სანაღვლე გზებს აწვებოდა და სიყვითლეს იწვევდა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი. უამრავი პროცედურა, კვლევა, მოგზაურობა საზღვარგარეთ - თანაც პანდემიის დროს. განსაკუთრებული სირთულე იყო ღვიძლის დრენაჟის ტარება, რასაც გადმოსული ნაღვლის დალევაც ემატებოდა. 2021 წლის ივლისში სტამბოლში ე.წ. ვიპლის ოპერაცია ჩამიტარდა, რომელიც მუცლის ღრუში ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციაა. სამწუხაროდ, სიმსივნის ზომის გამო, ექიმებმა მისი სრულად ამოღება ვერ გარისკეს, ამიტომაც დაინიშნა ქიმიოთერაპია. ექვსი ქიმიის კურსის შემდეგ, საკონტროლო გამოკვლევაზე ექიმები შოკში ჩავარდნენ - სიმსივნე პრაქტიკულად გაქრა. ამის შემდეგ მესამე, წარმატებული ოპერაცია ჩამიტარდა და სიმსივნური უჯრედები აღარ აღმოჩნდა. ავადმყოფობის დროს შიში არ მქონია, უფლის იმედი და რწმენა მაძიერებდა. დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ და 20 წელია, სტიქაროსნად ვმსახურობ. ჩვეულებრივ ლოცვებს სპეციალური საჯანმრთელო ლოცვებიც დავუმატე. განსაკუთრებულ შეწევნას კი დედა ღვთისმშობლისა და მისი ხატის, პანტანასასგან ვგრძნობდი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ათონზე ცხოვრობს, პანტანასას ხატთან ილოცა და ჩემთვის კანდელის ზეთიც ჩამოიტანა. მეუფე ნიკოლოზიც მუდმივად მიხსენიებდა ლოცვებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამოჯანმრთელება არის უფლისა და დედა ღვთისმშობლის გულმოწყალების, წმინდანებისა და კეთილი ადამიანების ლოცვის შედეგი. ყველას მოვუწოდებ, იბრძოლონ და არასოდეს დაკარგონ რწმენა.“
„ჩემი პატარა ორი წლისა და ერთი თვის იყო, როცა ფეხზე, ბარძაყის ძვალზე ოპერაცია გაუკეთეს. ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუსვეს — ოსტეოსარკომა. ბავშვს ბარძაყის ძვალი მთლიანად დაშლილი ჰქონდა. ამ დროს ვევედრებოდი პანტანასას ღვთისმშობელს, ვთხოვდი მის გადარჩენას, თან პანტანასას ზეთს ვისვამდი. უფლის სასწაულმაც არ დააყოვნა — ბავშვს სრულიად ჯანმრთელი ძვალი გაეზარდა.“
„ვმუშაობდი „დინამოსთან“ მაღაზიაში. ერთ დღეს მივხვდი, რომ განსხვავებული ადამიანი ვიყავი და გადავწყვიტე, მესწავლა, რა ხდება ჩემს თავს. მაქვს ხილვები და ვარჩენ ავადმყოფებს. მომივიდა აზრი, სამსახურისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ვერ გადავწყვიტე, რა მექნა. როცა ჩემს უნარზე ვუთხარი სხვებს, არავინ დამიჯერა. საოცრებები ხდებოდა ჩემს თავს და ახლაც ასეა. 2016 წელს ერთი განსაკუთრებული საოცრება მოხდა, რომელზეც განსაკუთრებით მინდა გიამბოთ. მარცხენა თვალი მტკიოდა, ცრემლი მომდიოდა და სულ გამიწითლდა. ექიმთან რომ მივედი, მითხრა, რომ თვალი გადიდებული მქონდა და წამლებიც გამომიწერა. სახლში რომ მივედი, ვხედავ, რომ თვალის გადიდება კიდევ უფრო აშკარად ჩანს. საგონებელში ჩავვარდი და არ ვიცოდი, როგორ მომერჩინა - საკუთარ თავს ვერ ვმკურნალობდი. მეორე დღეს ავდექი და მივედი ხატებთან. მოულოდნელად, რაღაცამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. გავიხედე და დავინახე, რომ სკამზე რაღაც დევს, თუმცა თავდაპირველად ვერ მივხვდი, რა იყო. მივუახლოვდი და ვხედავ - ეს ხატია, რომელსაც უკან აწერია: „მარიამ ღვთისმშობელი პანტანასა - ყოვლადწმინდა, ყოვლის დედოფალი, ყოველივე სნეულთა მკურნალი“. იმ დღიდან თვალის ფორმა თანდათან დაპატარავდა და მალე ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნდა. მხედველობაც გამიუმჯობესდა და სახსრების ტკივილიც ჩაცხრა. სწორედ ამ სასწაულმა მიმიყვანა ტაძარში.“
მონასტრის დედები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ზღვის ერთი წვეთია იმ სასწაულებიდან, რაც პანტანასას ხატს მოუხდენია.
მამა გიორგი:
- რატომ უკავშირებენ ხატს განსაკუთრებულად სიმსივნით დაავადებულთა განკურნებას?
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველა ადამიანის შემწეა. სიმსივნე ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანებისთვის განაჩენის ტოლფასია. როდესაც ადამიანი გამოსავალს ვეღარ ხედავს, მაშინ უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას მოუხმობს. ამიტომაც ითვლება, რომ ეს ხატი განსაკუთრებულ შემწედ გვევლინება ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის. ქაღალდზე დაბეჭდილი ასლებიც კი უამრავ სასწაულს ახდენს.
ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, პანტანასას ხატთან პარაკლისს აღვასრულებთ. სიმსივნით დაავადებულებთან ერთად, სხვა განსაცდელის წინაშე მყოფი ადამიანებიც იკრიბებიან, რადგან ყოვლადწმინდა დედოფალი „ყოველთა დედოფალია“ და ყველას ვედრებას ისმენს. პარაკლისის შემდეგ კი ზეთისცხება აღესრულება. მათთვის, ვინც ვერ ახერხებს მონასტერში მოსვლას, გვაქვს სპეციალური მოსახსენიებელი წიგნი, სადაც სნეულების ჩაწერაა შესაძლებელი და ჩვენ მათთვის ვილოცებთ.
- მამაო, მონასტრის მშენებლობა თითქმის შეუძლებელ ადგილზე, ხრიოკ და კლდოვან მასივზე დაიწყეთ. რატომ გადაწყვიტეთ მისი აგება სწორედ აქ?
- უფალმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ეს ადგილი თავიანთ სავანედ შემოინახეს. დღემდე, თავად ღვთისმშობელი აშენებს თავის სავანეს. მშენებლობა შიშველი ხელებით დავიწყეთ და ხშირად, როდესაც თანხა აღარ გვქონდა, მადლიერი ადამიანები მოდიოდნენ და შემოწირულობებით გვეხმარებოდნენ. მახსოვს, ერთხელ დალუქული ბოთლი ვიპოვეთ, რომელშიც 2 000 დოლარი და წერილი იდო. შემომწირველი პანტანასას ღვთისმშობელს მეუღლის სიმსივნისგან განკურნებას შესთხოვდა. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე ადგილას, ისევ დაგვხვდა 2 000 დოლარი - ამჯერად მადლიერების ნიშნად, განკურნებისთვის. ასეთი შემომწირველობით, თავად ღვთისმშობელი აშენებს თავის სავანეს.
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)