პრეზიდენტის ვიზიტი სამეგრელოში და ახლობლების ხელფასს გამოყოლილი ადამიანები აქციაზე - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ვიზიტი სამეგრელოში და ახლობლების ხელფასს გამოყოლილი ადამიანები აქციაზე

არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა და დაძაბულობა უკვე მთელ საქართველოში იგრძნობა. სამეგრელოში პრეზიდენტის ვიზიტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში საზოგადოების ერთი ნაწილი წერდა, რომ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე პრეზიდენტის გამოსვლას "ზღვა ხალხი" ესწრებოდა, რადგან "სამეგრელოში ხელისუფლების მიმართ მკვეთრად გამოხატული დადებითი განწყობაა..." თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. აი, რას ამბობენ ადგილობრივები ზუგდიდში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ:

ნოდარ გაბუნია, ზუგდიდის მკვიდრი:

- მითხრეს, 150-მდე "მარშუტკა~ ჩამოიყვანესო, გადაყვითლებული იყო აქაურობა. სვანური ლაპარაკიც ისმოდა, სხვა დანარჩენი კუთხის აქცენტებში ვერ ვერკვევი. ეტყობა, მიშამ არ იცის, ახალაიებს რა "სიკეთე~ აქვთ დათესილი სამეგრელოში, მონებივით რომ ექცევიან ადამიანებს. მეგის ქარდავა ახლა თბილისშია, მაგრამ იქიდანაც კარგად წვდება აქაურობას. "მარშუტკებით" ჩამოყვანილი ხალხი რას უშველის ამათ ცოდვებს?!. განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს მტერივით უყურებენ და არ ინდობენ... ერთი ახლობელი სვანი ვნახე, აქ რას აკეთებ-მეთქი, საჯარო სამსახურშია ჩემი შვილი და რომ არ ჩამოვსულიყავი, კი იცი, რასაც უზამდნენ. რა მექნა, გამოვყევი შვილის ხელფასსო... 

ელიზბარ ქანთარია, ზუგდიდის მკვიდრი:

- თავიდან კარგად დაიწყეს, ბაბაია, "პარტიზანები" ალაგმეს, ქურდებსა და ძველ ბიჭებს დაერივნენ, დენი ჩაირთო, გზები გაკეთდა. ვამბობდით, გაიხარონ ამ ახალგზარდებმა, ცოტა თვალებში გამოგვახედეს-თქო, მაგრამ მერე დაიწყეს თუ დაიწყეს. კაციშვილს ბიზნესი არ გაუჭაჭანეს. რაც მოეწონათ, მიითვისეს, პატრონისთვის არც უკითხავთ, ისე წაართვეს ყველაფერი. რომელი კანონის დაცვაზეა ლაპარაკი. ამას წინათ ახლობელს მაღაზია დაახურინეს, გაირკვა, ვიღაც "ნაციონალს" სდომებია. მერე წავიდა მოლაპარაკებები და ის კაცი წილში ჩაისვა. კი ვმუშაობ, მაგრამ სხვისი ოჯახიც მყავს სარჩენი, ოღონდ არ ვიცი, რატომო, - დღემდე გაიძახის... დავიღალეთ და მოთმინება აგვევსო, ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვმართონ. კი ბატონო, დამაბრალონ რაც უნდათ და ჩამსვან - 20 დღე იქნება, ერთი თუ თვე ნახევარი. მე არც "ოცნებისტი" ვარ დაAარც "ლეიბორისტი", მაგრამ ცვლილება აუცილებელია. ამათ კიდევ ერთხელ რომ გაიმარჯვონ, შეიძლება საერთოდ სხვაგან გადაგვასახლონ. კომუნისტებს მოვსწრებივარ, მაგრამ ასე არ იქცეოდნენ, ბევრად ჰუმანურები იყვნენ. 

მზია ჭანტურია:

- ჩემი მეზობელი "ნაციონალების" კოორდინატორია და უთხრეს, ხალხი შეაგროვე, რამდენიმე საათით წამოგვყევი, მანქანას გამოგიგზავნითო. 600 ლარს შეჰპირდნენ, მაგრამ დღის ბოლოს, მიშა რომ წავიდა, 300 ლარი მისცეს, დანარჩენი შემდეგ იქნებაო. არადა, მე ხომ ვიცი, რამდენი ირბინა იმ საცოდავმა, ის ხუთი კაცი რომ მოეგროვებინა და მიეყვანა. მიშა ჩვენებს მართლა ძალიან უყვარდათ, მაგრამ ახალაიებმა დაასრულეს "ნაციონალების" მმართველობა სამეგრელოში - სადაც გაიარეს, ყველგან თავიანთი კვალი დატოვეს. ჩემს კოლეგებს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი ჰქონდათ გახსნილი. დაელოდნენ, სანამ ამუშავდა და "გაიქაჩა", შემდეგ კი წაართვეს.

არ გვინდა ეს მოჩვენებითი ანაკლიის კურორტი, არც სანახევროდ გაკეთებული განმუხური. არაფერში გვჭრიდება კიდევ ერთი ქალაქი, ვინც აქ ვცხოვრობთ, ნახევრად მშივრები ვართ. შარშან სიმინდი ამერიკულმა პეპელამ შეჭამა და წელს ერთი ფუთი სიმინდი 16 ლარი ღირს. ახლა ივანიშვილი რომ გამოჩნდა, შეეშინდათ და შეწამლეს... ტყუილად იძახის ჩვენი პრეზიდენტი, აფხაზები ჩვენს კარგ ცხოვრებას დახარბდებიან და საქართველოს იურისდიქციაში შემოსვლას მოისურვებენო, ისინი ახლაც ჩვენზე უკეთესად ცხოვრობენ, ფასადებით კი აფხაზებს ვერავინ მოატყუებს".

ჯუმბერ თოდუა:

- სააკაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი საქართველოს არ ეყოლება. არ ვიცი, რა არ მოგწონთ ამ კაცის... მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უყვართ ეს კაცი, საქართველოში ებრძვიან. ვინ გინდათ აბა, ივანიშვილი, უცხოპლანეტელს რომ ჰგავს და ლაპარაკი რომ არ იცის?.. არ მინდა მე რუსეთში დაბრუნება და ვისაც უნდა, კი ბატონო, მიბრძანდეს. ჩემი მეზობლები მებრძვიან, უნდა წავიდესო, ვინ მოვა უკეთესი, თორემ კი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)