"ყურადღება! გიწვევთ სამუშაოდ დაზვერვაში!" - რა უნდა ისწავლონ ქართულმა სპეცსამსახურებმა უცხოელი კოლეგებისგან
ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, რაც მეტნაკლებად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი (ხშირად გადამწყვეტი) ორი ინსტიტუტი: სპეცსამსახურები და დიპლომატიური კორპუსი რეალურად კვლავ არ გვაქვს. არა მგონია, სასირცხვილო იყოს იმის აღიარება, რომ საქართველოში ჯერ არ შექმნილა არც დაზვერვა/კონტრდაზვერვის და არც დიპლომატიის ეროვნული სკოლები და, შესაბამისად, არც ეროვნული კადრები გვყავს.
თუმცა ეს სირცხვილზე უფრო მეტია - ეს დანაშაულია! შეიძლება ზოგიერთს უკვე მოჰბეზრდა და შეიძლება „რატომღაც“ დაიძაბონ კიდეც, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: ჩვენს თავს დატეხილ ბევრ უბედურებას ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებმაც მძლავრად “წაახმარეს” ხელი. მათ კარგად შეისწავლეს ჩვენი მენტალიტეტი და ეროვნული გენის სიღრმეში მიმალული მნიშვნელოვანი-უმნიშვნელო სისუსტეებიც და ძველი-ახალი შეცდომებიც. ალბათ, მსოფლიოში იშვიათია ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც სადაზვერვო და ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა ისე იოლი იყოს, როგორიც საქართველოა.
დანა რომ კარაქის ბრიკეტს ჭრის, ისე თამაშ-თამაშ მოქმედებდნენ და მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა, უსუსტესი კონტრდაზვერვითი რეჟიმის გამო, უცხო სპეცსამსახურების ნორჩი კადრების პრაქტიკის გასავლელ პოლიგონად იყო ქცეული. ეჰ, რა სასიამოვნო და სასარგებლოა, როცა უსუსტესი მოწინააღმდეგე გყავს!

საქართველოს დაზვერვის სამსახურ/სააგენტოს შტაბ-ბინა „თბილისის ზღვაზე“ მდებარეობს და მრისხანედ გადაჰყურებს არემარეს.
საჯარო სამსახური, მით უფრო - სპეცსამსახურები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები (და არა მარტო: მტერ-მოყვრისთვის ეკონომიკაც ძალზე აქტუალურია!) ყოველთვის იყო და იქნება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტები. ამ პირობებში სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს სპეცსამსახურების კადრების შერჩევის პროცესსა და მათ სტაბილურ მუშაობას. ამ მხრივ კი რა შეიძლება ითქვას, როდესაც ბოლო ხუთ თვეში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე მესამე უფროსი ჰყავს! არც საგარეო დაზვერვის სამსახური იყო „უყურადღებოდ“ მიტოვებული და მისი ხელმძღვანელებიც ხშირად იცვლებოდნენ ამგვარი თანმიმდევრობით: ავთანდილ იოსელიანი (1997 წლის სექტემბერი-2004 წლის თებერვალი); ვალერი ჩხეიძე (2004 წლის თებერვალი-ივნისი); ბათუ ქუთელია (2004 წლის ივნისი-ოქტომბერი); ანა ჟვანია (2004 წლის ოქტომბერი-2008 წლის თებერვალი); გელა ბეჟუაშვილი (2008 წლის თებერვალი-2013 დეკემბერი); დავით სუჯაშვილი (2013 წლის დეკემბერი-2019 წლის სექტემბერი); ლევან იზორია (2019 წლის სექტემბერი-2020 წლის იანვარი ); შალვა ლომიძე (2020 წლის თებერვალი-2024 წლის 3 აპრილი); ირაკლი ბერაია (2024 წლის 5 აპრილი-2025 წლის 3 აპრილი ). 2025 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს უფროსად ძალზე საინტერესო სამსახურებრივი გამოცდილების მქონე ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ის ამ, სტატუსშეცვლილი სტრუქტურის უკვე მეათე ხელმძღვანელია!
თუ გავითვალისწინებთ, რომ სპეცსამსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარე ოპერატიულ ვითარებაში ძირეულ გარკვევას, პროფესიონალისთვისაც კი, სულ მცირე 4-5 თვე მაინც სჭირდება, ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ცვლილებებს კიდევ - 3-4 თვე, ხოლო ახალი უფროსის ერთგული „გუნდის“ დანიშვნას - 1-2 თვე, მაშინ რაღა უნდა მოასწროს ახალმა ხელმძღვანელმა? რა გასაკვირია, რომ ამ საკადრო ციებ-ცხელებას კარგი არაფერი მოუტანია საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის.
როგორ ეძებენ და ამზადებენ კადრებს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები?
მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, 1980-იან წლებამდე, პირი, რომელიც საკუთარი სურვილით მოინდომებდა სპეცსამსახურის თანამშრომლად გახდომას და პირად ინიციატივას გამოიჩენდა, ვერასდროს ეღირსებოდა ამას. მაგრამ დრო იცვლება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც შეცვალეს კადრების შერჩევისა და მომზადების ძველი მეთოდები. პიონერები, როგორც ყოველთვის ამერიკელები იყვნენ.
ადვილად წარმოსადგენია ის გაოცება, რაც რიგით ამერიკელებს დაემართათ, როცა 80-იანი წლების დასაწყისში ორასამდე გაზეთსა და ჟურნალში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) რეკლამა წაიკითხეს: “დაზვერვაში სამუშაოდ ვიწვევთ...” ცსს-ის შტაბ-ბინა ლენგლიში (ვირჯინიის შტატი) მდებარეობს და სწორედ იქ იგეგმება ყველაზე საიდუმლო ოპერაციები.

ცსს-ის შტაბ-ბინა ლენგლიში
90-იან წლებში ანალოგიური სარეკლამო განცხადებებით საკადრო დეფიციტს ავსებდნენ: დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვა (მი-5) და დაზვერვა (მი-6); ისრაელის დაზვერვისა და სპეცოპერაციების ინსტიტუტი (“მოსადი”); გერმანიის (კონსტიტუციის დაცვის სამსახური - “ბფვ” და დაზვერვის ფედერალური სამსახური -“ბნდ”), კანადის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახური და მსოფლიოს სხვა სპეცსამსახურები.
უცხოეთის სპეცსამსახურები იწვევენ უმაღლესდამთავრებულებს ძალზე ფართო პროფილით: სამხედრო სპეციალისტებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, ენის სპეციალისტებს, რეჟისორებს, გრიმიორებს და ა.შ.
აშშ-ში სპეცსამსახურის თანამშრომელთა მომზადების ერთგვარ ცენტრად შეიძლება ვირჯინიის შტატი ჩაითვალოს. აქ, პატარა ქალაქ უილიამსბურგთან ახლოს, მდებარეობს ცსს-ის კემპპირის დაზვერვის სკოლა (კოდური სახელწოდება “ფერმა”), სადაც 18-კვირიან მომზადება-გადამზადებას გადიან მომავალი მზვერავები.
ამავე შტატში, კუანტიკოს სამხედრო ბაზაზე, განლაგებულია გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემია, სადაც კონტრდაზვერვის აგენტების მომზადება ხდება. ამერიკის შეიარაღებული ძალები: არმია, ფლოტი და ავიაცია, მზვერავებს ამზადებენ საკუთარ სასწავლო ცენტრებში, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ბაზებზეა განთავსებული.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დაზვერვას - ისრაელის “მოსადს”, კადრების შერჩევისა და მომზადების ძალზე მკაცრი სისტემა აქვს: საგაზეთო განცხადებებით ან რეკომენდაციებით არჩევნ 27-40 წლის სამხედრო მომზადებაგავლილ უცხო ენის მცოდნე პირებს. ანკეტური მონაცემების შესწავლის შემდეგ კანდიდატებს რამდენიმე თვის მანძილზე უტარდებათ რთული ფსიქოლოგიური და სამედიცინო ტესტირება. სწორედ ამ ეტაპზეა “გაცხრილვის” ყველაზე დიდი მაჩვენებელი. მომავალი აგენტების საკმაოდ შეთხელებულ რიგებს ახალი, უკვე პრაქტიკული გამოცდები ელის: ის შეუმჩნევლად უნდა შევიდეს, რომელიმე მკაცრად დაცულ ოფისში, დოკუმენტების გარეშე “გაძვრეს” აეროპორტის სასაზღვრო კონტროლზე და ა.შ. შერჩევითი შემოწმების ამ ეტაპზე კანდიდატი არაფრისგანაა დაზღვეული, ის შეიძლება “პოლიციამ” (ანუ გამომცდელებმა) დააკავონ და საკმაოდ მკაცრად თითქმის “ქართული მეთოდებით” დაკითხონ. არ შეიძლება შეთხზული “ლეგენდიდან” გადახვევა და ნამდვილი ბიოგრაფიული ფაქტების დასახელება. ყველა ვერ უძლებს და კანდიდატთა რიგები ისევ მცირდება.

„მოსადის“ ემბლემა
მომდევნო და ყველაზე რთული შემოწმება მაშინ იწყება, როცა მომავალ აგენტს საბუთებისა და ფულის გარეშე უცხო ქვეყანაში ტოვებენ. საჭიროა ისრაელში დაბრუნება, მაგრამ ისე, რომ კანდიდატმა არ უნდა გაამხილოს ნამდვილი გვარი, არ მიმართოს დახმარებისთვის საელჩოს ან ადგილობრივ ებრაელთა სათვისტომოს. ამ ეტაპის შემდეგ კი მომავალმა აგენტებმა “პროლეტარიატის დიდ ბელადს”- ლენინს უნდა დაუჯერონ - სწავლა, სწავლა და სწავლა. 2017 წლის დასაწყისში მოსადმა პირველად წამოიწყო სარეკლამო კამპანია ქალი მზვერავების კანდიდატების შერჩევის მიზნით. შესაბამისი განცხადებები პრესაში და სამსახურის ვებგვერდზე გამოჩნდა. "გვჭირდება ძლიერი ქალები", - ნათქვამი იყო სარეკლამო განცხადებაში. ამ დროისთვის „მოსადის“ თანამშრომლების 40% მდედრობითი სქესის თანამშრომელია, რომელთაგან, დაახლოებით, 25%-ს უკავია ხელმძღვანელი პოზიციები, მათ შორის - ოპერატიული მუშაობის მიმართულებითაც.
უკანასკნელ წლებში ისრაელის სპეცსამსახურები თანამშრომლების შერჩევის საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს იყენებენ. მაგალითად, მათთვის, ვისაც სურს, გახდეს კონტრდაზვერვის ოფიცერი, ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურმა („შინბეთი“) გამოაქვეყნა რთული, მრავალსაფეხურიანი ამოცანა-დავალება. ამ გამოწვევას მრავალი ქვეყნიდან გამოეხმაურნენ. ერთი თვის მანძილზე საიტზე დარეგისტრირდა ნახევარი მილიონი მსურველი, თითქმის 140 ქვეყნიდან, მათგან ტესტის გავლა მხოლოდ 34-მა აპლიკანტმა შეძლო და მხოლოდ ერთმა დაძლია უმაღლესი სირთულის დონე.
“მოსადის” შტატში ჩარიცხულებს თავდადებული მუშაობის კარგი მოტივაცია აქვთ: მაღალი ხელფასი (ოპერატიულ თანამშრომლებს 5-7 ათასი, ქვედანაყოფის უფროსს 7-9 ათასი, დირექტორს 12-15 ათასი დოლარი თვეში), სოციალური დაცვა და, რაც მთავარია - უდიდესი ავტორიტეტი მოსახლეობაში. ალბათ, ეს ბოლო ფაქტორია მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისრაელის სპეცსამსახურების რიგებში ძალზე ცოტა მოღალატეა. “მოსადის” თანამშრომლისთვის შემოწმების პროცესი ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე (ღიად და ფარულად) გრძელდება.

"მი-6"-ის შტაბ-ბინა, ("ბაბილონის კოშკი"), ლონდონი.
დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმაც დაძლიეს ჩვეული კონსერვატიზმი და მომავალ "კიბერჯაშუშებს" ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების გარდა, სიგარეტის კვამლით გაბოლილი, კომპიუტერული თამაშების სალონებშიც კი ეძებენ. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სპეცსამსახურის („სამთავრობო კავშირის ცენტრი“) ხელმძღვანელობა სპეციალური გამოკვლევების შემდეგ დარწმუნდა, რომ ჯაშუშური კომპიუტერული თამაშების მოყვარული "თინეიჯერები" ძალზე კარგად ერკვევიან უახლეს ტექნოლოგიებში, არიან ძალზე მოხერხებულნი და სპეცაგენტის საქმიანობაზეც უკვე აქვთ წარმოდგენა. მომავალი "ჯეიმს ბონდების" ჩართვა თავდაპირველად სახელმწიფო კომპიუტერული სისტემების კიბერშეტევებისგან თავდასაცავად და ფარული მოსმენებისთვის იგეგმება, შემდეგ კი შესაძლებელია, უფრო რთული დავალებების შესრულებაც მოუხდეთ. სპეცსამსახურებში თანამშრომლების შერჩევა საინფორმაციო-სარეკლამო განცხადებების საფუძველზე, საკადრო პოლიტიკის ობიექტურობას, რაღა თქმა უნდა, ზრდის, თუმცა ამ პროცესს შესაძლოა, ჰქონდეს ნეგატიური მხარეც. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" წევრები სწორედ ამ გზით ცდილობდნენ სამუშაოდ მოწყობილიყვნენ დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში ("მი-5"). ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ტერორისტებს ეს ჩანაფიქრი რომ გამოსვლოდათ და თავიანთი ხალხი "ჩაენერგათ" "მი-5"-ში, მაშინ ყველა ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები თავად ტერორისტებისთვის იქნებოდა ცნობილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა "მი-5"-ის შემდგომი საქმიანობის ეფექტიანობა. საბედნიეროდ, სამუშაოდ მისაღები კანდიდატების დეტალური და 6-8-თვიანი სპეცშემოწმების შედეგად, დროულად მოხერხდა ტერორისტების სახიფათო ჩანაფიქრის განეიტრალება.
ახალი კადრების შერჩევის საინტერესო სისტემაა კანადაშიც, სადაც უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის კადრების განყოფილებაში ყოველწლიურად 50-80 ვაკანსიაზე 4000-მდე (!!!) განცხადება შედის. აუცილებელი მოთხოვნებია: კანადის მოქალაქეობა და უმაღლესი განათლება. ამის შემდეგ იწყება რუტინული და მკაცრი შემოწმების 9-10-თვიანი პერიოდი: ბიოგრაფიული მონაცემების შესწავლა; ფსიქოლოგიური ტესტირება და შემოწმება "სიცრუის დეტექტორზე". შემდეგ - სამთვიანი მომზადება ოტავის შტაბ-ბინაში და ორწლიანი სტაჟირება დაბალი რანგის თანამდებობებზე - მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგაა შესაძლებელი კანადის სპეცსამსახურში ჩარიცხვა.
საქართველოში კი, რაც დრო გადის, საგარეო დაზვერვის სამსახურ/სააგენტოს - ამ, ფორმალურად უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციებიც კნინდება და მის მიერ გაკეთებული საქმეებიც უფრო და უფრო დიდი გამადიდებელი შუშითაა საძიებელი. საკადრო პოლიტიკა ხომ სრული ბუნდოვანებითაა მოსილი: კვლავ არავინ იცის, საიდან მოვლენ ან საით წავლენ საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტ/ სამსახურ/სააგენტოს უფროს/დირექტორები.