როგორ დავამხოთ "იმპერატორი" პუტინი: "უკრაინამ ყირიმი ისეთ დღეში უნდა ჩააგდოს, რომ ის დაუსახლებელი და უსიცოცხლო გახდეს" - ბენ უოლესი - კვირის პალიტრა

როგორ დავამხოთ "იმპერატორი" პუტინი: "უკრაინამ ყირიმი ისეთ დღეში უნდა ჩააგდოს, რომ ის დაუსახლებელი და უსიცოცხლო გახდეს" - ბენ უოლესი

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 3 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი - საშიში მოძალადე. დროა, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ რუსეთის ლიდერის განზრახვებს ბოლო მოუღოს“ (ავტორი - ბენ უოლესი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი 2019-2023 წლებში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გაჩნდა აშკარა ნიშნები იმისა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებას კრემლისადმი პოლიტიკის შეცვლა აქვს განზრახული. მაისიდან დაწყებული, ანტიტერორისტული პოლიცია იკვლევს მომხდარი ხანძრების მიზეზებს იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც პრემიერ-მინისტრის საკუთრებას წარმოადგენს [არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ კირ სტარმერის ბინების დაწვაში რუსების ხელი ურევია]. ესექსში გასულ თვეში სამი ადამიანი დააპატიმრეს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ სპეციალურად როგორ უშვებდა რუსეთი დრონებს პოლონეთის ტერიტორიისაკენ, ხოლო რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე როგორ დაარღვიეს.

თითოეული ეს ინციდენტი საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ერთობლიობაში ისინი, ჩემი აზრით, აჩვენებს იმას, თუ რა მიზანმიმართულად ახდენს კრემლი სიტუაციის ესკალაციას. ვლადიმერ პუტინი, უეჭველია, გათამამებულია დონალდ ტრამპის მუდმივად ცვალებადი ცარიელი ლაპარაკით და სურს, დასავლეთი მკაცრად გააფრთხილოს - დროა, ევროპამ და ამერიკამ უკან დაიხიონ, რათა კრემლმა ის საქმე დაასრულოს, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ეს არის სამომავლო მოვლენების ნიშნები და სწორედ ასე ხდება ხოლმე იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ მას დასაკარგი არაფერი აღარ აქვს.

ამასობაში კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს („ფორინ ოფისის“) ჭაღებქვეშ მყოფი ის ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც „ძილის დროს შარდს ვერ იკავებს“, ხელს უშლიან უკრაინისადნი ჩვენს დახმარებას. მიმდინარე წელს მათ უკვე დაბლოკეს თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტი კიევში და იმ ოპერაციებისადმი მხარდაჭერა, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა უკრაინისათვის. კიევში მყოფი ჩვენი ელჩი, მართალია, ჯერ არ გადამდგარა, მაგრამ შეიძლება „უგზო-უკვლოდ დაკარგულად“ ჩაითვალოს. იგი იყო ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც უკრაინისათვის იარაღის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდა და მეც მაკრიტიკებდა, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი. მას არ სჯეროდა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოდესმე უკრაინაში შეიჭრებოდა.

რუსეთი გრძნობს ჩვენს უნებისყოფობას და უპრინციპობას. ისეთი ტირანისთვის, როგორიც პუტინია, ამგვარი სიტუაცია სრულიად მისაღებია: კრემლი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინა უკან დაიხევს.

საბედნიეროდ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუბედაობა ნატოს სხვა წევრებისათვის მიუღებელია. პოლონელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ (რადეკ) სიკორსკიმ გაეროში გამოსვლისას, რუსეთისა და მის მოკავშირეთა გასაგონად, აბსოლუტურად მკაფიოდ გადმოსცა პოლონეთის თვალსაზრისი: „თუ კიდევ ერთი რაკეტა, დრონი ან თვითმფრინავი ჩვენს ანუ ნატოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრება - წინასწარგანზრახვით თუ შეცდომით, ნებართვის გარეშე - მათ ჩამოვაგდებთ და შემდეგ ნუ დაიწყებთ გაეროში საჩივლელად სირბილს... ჩვენ გაგაფრთხილეთ“.

რადეკ სიკორსკი კარგად ერკვევა შეკავების ხელოვნებაში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი განცხადება, არამედ ისიც, რომ იგი ამ განცხადებით გაეროში გამოვიდა, მსოფლიოს წინაშე, რითაც მან რუსებს წინასწარ მკაფიოდ მიანიშნა: „არ გამოგივათ იმის მცდელობა, რომ საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოთ (რაც ძალიან უყვარს პუტინს), როცა პოლონეთი კანონიერად დაიცავს თავის საჰაერო სივრცეს“. პოლონელმა მინისტრმა მოკლედ, ნათლად და გაბედულად გამოხატა საკუთარი ქვეყნის პოზიცია.

მოვიდა დრო ვლადიმერ პუტინს გავაგებინოთ, რომ იგი, თუ კიდევ გააგრძელებს თავხედობას, ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანს დაკარგავს. პრობლემა ის არის, რომ ომის დაწყებიდან დასავლეთი ბოლომდე სათანადოდ ვერ აღიქვამდა კრემლის ბინადრის განზრახვებს და მოქმედებებს. პუტინი - პატარა და ტანდაბალია, მაგრამ იმავდროულად - საშიში მოძალადე, ტირანი, რომელიც საკუთარი ფანტაზიების სამყაროში და ცარიზმისდროინდელი რომანტიკული მეფობის ტყვეობაში ცხოვრობს. ამის მინიშნებები ყოველთვის იყო: გავიხსენოთ პუტინის სანადირო მოგზაურობები ციმბირში, როცა იგი ცხენზე ამხედრებული, წელსზევით შიშველი პოზირებდა... მისი მდიდრული სასახლე შავი ზღვის ნაპირზე... მისი ხელით დაწერილი თხზულებები - „საბავშვო ზღაპრების“ მსგავსი, რომლებშიც რუსეთის ისტორია წარმოჩენილია მისი საკუთარი, დამახინჯებული შეხედულებებით.

თუ თქვენ ამ ადამიანს კარგად შეისწავლით და მის ჭეშმარიტ ზრახვებს ჩაწვდებით, მაშინ ამ ომიდან გამოსავალსაც მონახავთ. აშკარაა, რომ სწორედ პუტინის ფანტაზიებმა მიიყვანა რუსეთი იქამდე, სადაც დღეს იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ: არ ვხუმრობთ, სერიოზულად: „რუსეთის არმიის ჯარისკაცები უკრაინელების წინააღმდეგ ცხენებზე ამხედრებულები იბრძოლებენ“ - The Daily Telegraph

„ინვესტიციები აპოკალიფსის დროს: ოქროს ისტორიულად გაძვირებული ღირებულება არასტაბილურ მსოფლიოში ადამიანთა მანკიერებას ადასტურებს“ - Die Zeit

პანიკა რუსეთში: პუტინის დასასრულის დასაწყისი?! - როგორ არყევს საწვავის კრიზისი კრემლის რეჟიმს

სკანდალური სტატია: "ევროპა ჯოჯოხეთისკენ მიექანება!" - "ჩვენი ლიდერები უძლურები არიან, სანამ მოსკოვი ახალ პროვოკაციებს აწყობს... აი, ასე კვდებიან დიდი ცივილიზაციები"

რუსი დიქტატორის რწმენის საფუძველს ყირიმის აკვიატება წარმოადგენს: უკრაინისადმი მტაცებლური ხასიათის გამოვლენა მან სწორედ ყირიმით დაიწყო. პუტინის აზრით, ყირიმი რუსეთის ყოფილი იმპერატორის გვირგვინში ყველაზე ძვირფას დაკარგულ მარგალიტს წარმოადგენდა. იგი ჯერ კიდევ 2014 წელს ასე ამბობდა: „ყირიმს, უძველეს კორსუნს და ხერსონესს, სევასტოპოლს რუსეთისათვის უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვთ - ისეთი, როგორიც სიონის მთაა იერუსალიმში, ისლამისა და იუდაიზმის მიმდევრებისათვის“.

ვიდრე ყირიმი უსაფრთხოდაა, პუტინიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მას შეუძლია, თავისი ხორცსაკეპი ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე ამუშაოს - ლუგანსკიდან ხერსონამდე. ამიტომ ჩვენ ყირიმს საფრთხე უნდა შევუქმნათ. უკრაინამ მთავარი ყურადღება ყირიმს უნდა მიაქციოს, ნახევარკუნძული ისეთ დღეში უნდა ჩააგდოს, რომ დაუსახლებელი და უსიცოცხლო გახდეს. კიევს არ სჭირდება ყირიმში შეჭრა (ვფიქრობ, ეს ძალიან რთული და შეუძლებელიც კი იქნება), მაგრამ უკრაინას მისი მოხრჩობა ნამდვილად შეუძლია. შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლიდან უკვე გაყვანილია, მაგრამ უკრაინამ ასევე უნდა გაანადგუროს ყირიმის სასმელი წყლით და ენერგიით მომარაგების ობიექტები, უნდა ააფეთქოს ქერჩის ხიდი... მოკლედ, ყირიმი მუდმივად რაკეტების ცეცხლისა და დრონებით დაბომბვის ქვეშ უნდა იყოს.

ჩვენ - დიდმა ბრიტანეთმა და საერთოდ, დასავლეთმა - უკრაინას დახმარება უნდა გავუძლიეროთ. უნდა მივაწოდოთ მეტი რაკეტები და დრონები - საზღვაოც და საჰაეროც. გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს უნდა გავახსენოთ, რომ თავის დროზე, როცა იგი ოპოზიციაში იყო, აცხადებდა - უკრაინას რაკეტა „ტაურუსი“ აუცილებლად უნდა მივცეთო. მერცი ახლა ხელისუფლებაშია ანუ მოვიდა დრო, რომ მან სიტყვა შეასრულოს.

დასავლეთს ყველანაირი იარაღი აქვს - რაკეტებიც, დრონებიც... ამ ეტაპზე დასავლეთს და უკრაინას, ერთობლივად, რუსეთთან შედარებით მეტი ძალა აქვთ და მჯერა, რომ კიევს ომის მოგება შეუძლია.

ალბათ, ბევრი იტყვის - სათქმელად იოლია, საქმით კი ძნელი გასაკეთებელიო. დიახ, ასეა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ბლოკადაში მოქცევა ვლადიმერ პუტინს სტრატეგიული დილემის წინაშე დააყენებს. საბოლოო ჯამში, რუსეთის პრეზიდენტი უნდა მიხვდეს და გააცნობიეროს, რომ მშვიდობის დამყარება მხოლოდ ჩვენს ინტერესებში კი არ არის, არამედ - რუსეთისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო