"ძალიან ცუდად მენიშნა "თურქი მესხების" დაბრუნებაზე ერდოღანის საუბარი" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: რა საფრთხე ემუქრება "პოლიტიკური კრიშის" გარეშე დარჩენილ საქართველოს?!
"ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ვხედავთ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან. მათი ქმედებები და განცხადებები ყველანაირ დიპლომატიას სცდება", - ასეთი ეპითეტებით შეამკო დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ორიოდე დღის შემდეგ კი პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რამდენად სწორი სტრატეგია აქვს არჩეული "ქართულ ოცნებას" ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ტრამპის ადმინისტრაციამ და რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება:
- თუ ჩვენ ევროკავშირში ვაპირებთ შესვლას უნდა ვიცოდეთ: ევროპაში, საერთო ოჯახში, სერიოზულად განიხილავენ ჩვენი შიდა პოლიტიკის საკითხებს, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი წევრი ქვეყნისას. უბრალოდ, შეუძლებელია, ერთიან ევროპულ ოჯახში იყო და მოითხოვო, რომ შენს შიდა პროცესებში არავინ ჩაერიოს. ხელისუფლებამ ეს კარგად იცის, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ელჩებსა და სახელმწიფოებზე მათ დამოუკიდებელი ხედვა არ გააჩნიათ. თუ დავაკვირდებით, რომელ ქვეყანასაც რუსეთთან ბოლო პერიოდში უფრო მწვავე დაპირისპირება აქვს, "ოცნებაც" სწორედ იმ ქვეყნის ხელისუფლებასა და საელჩოსთან ამკაცრებს ტონს. ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავარი ოპონენტი ამერიკა იყო და მაშინ განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამერიკის ელჩს ერგო. დღეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს როლი გერმანიამ და ჩრდილოეთ ევროპამ იტვირთეს. შესაბამისად, რუსეთს მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიის პოლიტიკური ელიტა ჰყავს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაშიც იგივე სინქრონულობა ჩანს: პოლიტიკური სიმპათიები ხშირად ემთხვევა რუსეთისას. ეს კი დასავლეთში, პირველ რიგში ევროპაში, ძალიან მკაფიოდ აღიქმება. აქ ინტრიგა იმაშია, მართლა ვაპირებთ თუ არა ელჩებისადმი დამოკიდებულების იმაზე მეტად გამწვავებას, ვიდრე მხოლოდ სიტყვიერი ბაქიბუქია? მაგალითად, მართლა მოითხოვს "ქართული ოცნება" ელჩების გაწვევას? შესაძლოა საელჩოებზე კვოტირების პრინციპი ამუშავდეს. ჩემი წყაროს ცნობით, მთავარი სამიზნე ამერიკის საელჩოა, სადაც დღეს 300-ზე მეტი თანამშრომელია. როგორც ჩანს, მოსკოვში ფიქრობენ, რომ ამერიკის საელჩო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში ანტირუსულ საქმიანობას კურირებს. ახლა საინტერესო ის არის, რამდენად მზად არის საქართველო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგას ასეთი ანტიდასავლური ნაბიჯები.
- მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში სავახშმოდ არ არის ჩასული, საქმეზე ჩავიდა", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს შეეხებოდა, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი არ ესწრებოდა.
- ძალიან უცნაურია, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატმა ამ სიტუაციის პოლიტიკური ახსნისთვის უფრო შინაარსიანი არგუმენტი ვერ გამონახა. დიპლომატიაში ლანჩი, ვახშამი და მსგავსი შეხვედრები მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ფორმატია. მარკო რუბიომ ყაველაშვილი ტრანსატლანტიკურ ვახშამზე არ მიიწვია, იმიტომ, რომ საქართველო ტოტალურ იგნორშია.
რას იფიქრებს, მაგალითად, თურქეთის პოლიტელიტა, როცა ხედავს, რომ საქართველო იზოლირებული ქვეყანაა და "პოლიტიკური კრიშა" არა ჰყავს? ასეთ პირობებში მეზობლებს ადვილად შეიძლება გაუჩნდეთ სხვადასხვა პრეტენზია.
- პრეზიდენტ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვაშინგტონი არსებული ვითარების გათვალისწინებით?
- ცხრა თვეა, რაც ტრამპი ხელისუფლებაშია და ამ პერიოდში საქართველოს "რუსეთისთვის გადაცემა" არ მომხდარა. მთავარი ისაა, ტრამპის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურები, მათ შორის მარკო რუბიო და მისი გარემოცვა, მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველოს რუსეთის სატელიტად გადაქცევას ამერიკა არ დაუშვებს. ამიტომ მოლოდინი, თითქოს ტრამპი "გადაიფიქრებს" და საქართველოს სხვაგვარად მოექცევა, აბსურდულია.
მრჩება განცდა, რომ ყაველაშვილს "კორიდორული" შეხვედრები ჰქონდა. ასეთ კონტაქტს კი არც ოფიციალური და არც ვალდებულებითი ხასიათი არა აქვს. თუ მოლაპარაკება არ მთავრდება შეთანხმებით, დოკუმენტით ან დეკლარაციით, ასეთი საუბარი დიპლომატიურად არაფერს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, როცა ყაველაშვილი ამბობს, რომ ტრამპი რაღაცას დაჰპირდა, ამას ოფიციალური შეხვედრის ძალა არა აქვს. მცდარია იმაზე საუბარი, რომ ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, "დიფ სთეითი" დაამარცხებს თუ არა ტრამპს. სინამდვილეში ჩვენი იზოლაცია უკვე მეზობლებშიც ჩანს - აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები პირდაპირ იმეორებენ ამერიკისა და ჩინეთის პოლიტიკურ ხაზს. ამ მდგომარეობას ვერ მივაწერთ მხოლოდ "დიფ სთეითს". როცა დიდი სახელმწიფოები ასეთ დამოკიდებულებას ავლენენ, მეზობლებიც ბუნებრივად მიჰყვებიან მათ. შედეგად, საქართველო სულ უფრო ღრმად ვარდება მარტოობაში. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ხელისუფლება თავადაც მზად არის თქვას, აღარ გვჭირდება გაერო, ევროსაბჭო და სხვა საერთაშორისო ფორმატებიო. ეს უკვე აშკარად თვითიზოლაციისკენ სვლის ნიშნებია.
ძალიან ცუდად მენიშნა "თურქი მესხების" დაბრუნებაზე პრეზიდენტ ერდოღანის საუბარი. შეიძლება ყაველაშვილი ვერ მიხვდა, მაგრამ კომპეტენტურმა პირებმა ხომ იციან, რომ ეს, ფაქტობრივად, ტერიტორიული და პოლიტიკური პრეტენზიის ფორმაა. საქართველოს ხელისუფლებას ეს განცხადება არ უნდა უგულებელეყო და თურქეთში ქართული წარმოშობის მოსახლეობის ჩაგვრაზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი.
ლაზებს, იმერხეველებს, ტაო-კლარჯეთის ძველ მოსახლეობას ისტორიულად უამრავი დაბრკოლება შეხვდათ: ერთ დროს სკოლებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში ქართულად საუბარი აკრძალული იყო და ისჯებოდა კიდეც. სანამ ამ ისტორიულ პრობლემებზე რეალური პასუხი არ არსებობს, "თურქი მესხების დაბრუნებაზე" არ უნდა ლაპარაკობდნენ თურქები. იმისათვის, რომ ამერიკამ რეგიონში თურქეთის გავლენის გადაჭარბება არ დაუშვას, დიპლომატიური მუშაობაა საჭირო და არა ელჩების ლანძღვა-გინება. რუსეთი არ აშინებს ერდოღანს, სირიაში, ერაყში, მთელ ამიერკავკასიაში თურქეთმა არაერთხელ იმოქმედა რუსეთთან შეთანხმების გარეშე. იგივე მოხდა ყარაბაღის შემთხვევაშიც. თურქეთი ხმამაღალ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ მოქმედებამდე ვერ მიდის, იმიტომ, რომ ამერიკის ნების გარეშე რეგიონში არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება.