საბანკო ბარათების ტოტალური კონტროლი ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს - კვირის პალიტრა

საბანკო ბარათების ტოტალური კონტროლი ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს

მართალია, ბოლო დროს კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით რამდენიმე ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ზიანს აყენებს მათ, როგორც ფინანსურად, ასევე სანდოობის თვალსაზრისით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ფინანსური ინსტიტუტები "დუმილის უფლებას" ინარჩუნებენ. ერთი ასეთი მაგალითი პირველადი იპოთეკარის უფლების ჩამორთმევაც იყო. ახლა კი გაჩნდა პრეცენდენტი, მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბანკების კლიენტების ფულადი ტრანზაქციების კონტროლიც გახდეს შესაძლებელი, თანაც ისე, რომ კლიენტმა ამის შესახებ ვერაფერი შეიტყოს.

"ერთი კონკრეტული საქმე ტოტალური უკანონო კონტროლის საფუძვლად იქცა. ეს არის ნებისმიერი მოქალაქის ჯიბის ქექვა, რომელიც სარგებლობს ბანკომატით. ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს, რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლემ განჩინება გასცა და პროკურატურას უფლება მისცა, ყველა ბანკის ბანკომატიდან გამოეთხოვათ ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ერთხელ უკვე მოხდა ასეთი რამ, ეს შესაძლოა ნებისმიერ დროს განმეორდეს და მოთხოვნილი იყოს არა ერთი კვირის ინფორმაცია ნებისმიერი პირის ფიზიკური ტრანზაქციების შესახებ, არამედ ერთი თვის ან ბოლო ერთი წლის და ა.შ." - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.

ცოტა ხნის წინ, "აფბა" გამოეხმაურა საქმეს, რომელიც საბანკო პლასტიკური ბარათების კონტროლს ეხება. დაახლოებით ერთი თვის წინ, მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გელა გელაშვილმა, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით - საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატების მეშვეობით, უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ ამოღებულ ყოფილიყო ტრანზაქციების დეტალური ინფორმაცია, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათებით. მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე დასახელდა. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარკვეულ პირთა წრე საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებების ბანკომატების მეშვეობით, უცხო ქვეყნების მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების საშუალებით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ანაღდებდა და შემდგომში მის ლეგალიზებას ახდენდა. მოსამართლემ კი დაადგინა, რომ ზემოთ ხსენებული დეპარტამენტის გამომძიებელს უფლება ჰქონდა, "საქართველოს ბანკიდან", "თიბისი" ბანკიდან, "ზირაათ ბანკის" თბილისის ფილიალიდან, "კორსტანდარტ ბანკიდან", "ვი თი ბი" ბანკიდან, "რესპუბლიკა ბანკიდან", "ინვესტ ბანკიდან", "პრივატ ბანკიდან", "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკიდან", "პროკრედიტ ბანკიდან", "ბაზის ბანკიდან", ბანკი "კონსტანტადან", "ბი თი ეი" ბანკიდან, "კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალიდან, "ლიბერთი ბანკიდან", "ხალიკ ბანკი საქართველოდან", "ბანკი ქართუდან", "პროგრეს ბანკიდან" ბანკომატების მეშვეობით, უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ ამოღებულ ყოფილიყო,, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დეტალური ინფორმაცია.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ის ფაქტი, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, საბანკო საიდუმლოების, ინფორმაციის კონფიდენციალობის ხელყოფა ქართული სასამართლოს ერთი რიგითი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, ზიანს აყენებს როგორც საბანკო სექტორის სანდოობასა და იმიჯს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.

ნოდარ ჭიჭინაძე, "აფბა"-ს თავმჯდომარე: "ეს გადაწყვეტილება, რომლის მიღების პრეცენდენტი, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე შეიქმნა, ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ იქნას მიღებული, ამით საგრძნობი ზიანი მიადგება დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის იმიჯს. საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსი, უცხოელი ტურისტები, ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბანკომატით ახორციელებს ტრანზაქციას, ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურის დაკვირვების ქვეშ. განჩინების მიხედვით, ქართველ გამომძიებლებს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის პირადი საბანკო ტრანზაქციის, ანუ ფულადი მიმოქცევის გადამოწმების საშუალება აქვთ. ასევე ქართველ სამართალდამცავებს ისე შეუძლიათ მსოფლიოს წამყვანი ბანკების გაცემული პლასტიკური ბარათები გადაამოწმონ, რომ არც შეათანხმონ ამ ბანკებთან. საქართველოში ნებისმიერი ბანკის, მათ შორის ევროპული და ამერიკული ბანკების, ქართველი და უცხოელი კლიენტების ფულადი მიმოქცევის შესწავლის უფლება პროკურატურას მოსამართლის ორგვერდიანი განჩინების საფუძველზე აქვს. თავიდან ბოლომდე უგულებელყოფილიაVisa-ს და Master Card-ის პრინციპები, რომლებიც კლიენტების კონფიდენციალობას გულისხმობს. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს საუბარი Visa და Master Card-ის კლიენტების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გაყიდვაზე, თუმცა ეს არ ეხება თავად ბარათებზე თანხის ჩარიცხვას, გარდა ამისა, მკაცრად დაცულია პირადი და ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ბანკების ასოციაციასა და ქართულ კომერციულ ბანკებს, ღიად გამოხატონ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, დაიცვან როგორც საკუთარი, ისე მთლიანად საბანკო სექტორის სანდოობა და იმიჯი. მსგავს ფაქტებზე პასიური რეაგირებით, თავად საბანკო სექტორი დაზარალდება. ბანკები მკვეთრად უნდა იყონ გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისგან და ზოგადად პოლიტიკისგან. ჩვენთვის მიუღებელია, ბანკები გახდნენ, თუნდაც იძულებით, იმ სისტემის ნაწილი, რომლითაც მოსახლეობის კონტროლი მიმდინარეობს. თითოეული გამოუხატავი პროტესტი და კრიტიკა მსგავსი ფაქტების მიმართ, ყველაზე დიდ ზიანს, პირველ რიგში, თავად საბანკო სექტორს მიაყენებს.

ჩვენ ასევე მივმართავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობებს საქართველოში, გამოხატონ პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საბანკო საიდუმლოების ხელმისაწვდომობის ყოველ ფაქტზე უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მოცემული პირის მიერ კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტის საფუძველზე, ქართული სასამართლოს ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ლახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, მისი ეკონომიკის პერსპექტივას, თუნდაც ტურიზმის მიმართულებით".

(სპეციალურად საიტისთვის)