შენ, გივი ამილახვარო... - კვირის პალიტრა

შენ, გივი ამილახვარო...

ათასი ჯურის მიმსვლელ-მომსვლელის, მტერ-მოყვრის და ამაოხრებლის შემხედვარეს ალბათ, თქვენც ხშირად გიფიქრიათ, რა გვეშველება, ხომ არ დაჰკრა გადაშენების ჟამმაო. მერე ჩემსავით იმედიც მოგიშველიებიათ, - არა უშავს, ამაზე უარესიც გადაგვიტანია, მაგრამ ისევ აგერ ვართო. მე ამ იმედისთვის ისტორიკოსებს მივმართავ ხოლმე და ვმშვიდდები. ბატონმა თეიმურაზ ბერიძემაც ასე დამამშვიდა, - აქამდე თუ ვერავინ მოგვერია, ვერც აწი მოგვერევა, ამისთვის მხოლოდ თბილისის მაგალითიც კმარაო... მოკლედ, აი, ამ იმედისთვის გიამბობთ, რა გავიხსენეთ ისტორიიდან.

- რა ფიქრიც თქვენ გაშინებთ, არახალია. მაგალითისთვის თბილისი იმიტომ დავასახელე, რომ ის ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელების დროს არსებობდა. ძვ. წ. აღ.-ით IV საუკუნეში. ის ადგილები, ჩვენ რომ მივდი-მოვდივართ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჭიპი გახლდათ და როგორ შეიძლებოდა მაშინდელ ცივილიზაციას დაუსახლებელი დაეტოვებინა? ვისაც თბილისი ეჭირა, ჩრდილოეთის კარსაც ფლობდა და აღმოსავლეთისასაც; ვინც თბილისს ჩაკეტავდა, არაბი იქნებოდა, სპარსი თუ ხაზარი, საკუთარი ქვეყნის მშვიდობიანობა გარანტირებული ჰქონდა. ამიტომაც იბრძოდნენ აქ პირველობისთვის არაბ-ხაზარები, თურქ-სპარსელები, ბიზანტიელები, მონღოლები, ვინ აღარ...

- ამის გამგონე ჩემს თავს ვეკითხები, რა დავაშავეთ-მეთქი.

- ტყეებში მობინადრე ველურებს არავინ აწუხებდა და ველურებადვე დარჩნენ, ვითომ ისინი გვჯობიან? რაც გვაქვს, იმის შურით არც აქამდე მოვუსვენებივართ, არც აწი მოგვასვენებს ნაირგვარი დამპყრობი, მაგრამ ჩვენ მაინც მათზე ძლიერნი გამოვდექით. ისინი მიდიოდნენ, ჩვენ მათი კულტურა გვრჩებოდა, თუმცა, გააჩნია დამპყრობელსაც. გვმფარველობდნენ კიდეც, - მცირერიცხოვანი ერის ბედი სხვანაირად არ ეწყობა. ისე კი, ლეგენდა თბილისის აშენებას "იალბუზის მდრეკელ" ვახტანგ გორგასლამდე ფარნავაზსაც მიაწერს: თურმე ფარნავაზს ნადირობისას ირემი გამოუხტა. გაეკიდა. ირემი გამოქვაბულში შევარდა. მეფე შეჰყვა. აურაცხელი ოქრო-ვერცხლი და პატიოსანი თვალი იპოვა. მერე ეს ამბავი დედას უამბო და ამ განძით თბილისის შენება დაიწყოო.

- სად მიდის ქართველი კაცისგან დედის დაფასებისა და პატივისცემის კვალი!

- აქამდე მოდის... სწორედ ეგ თვისებები გადაგვარჩენს... ვახტანგ გორგასლამდე თბილისში სპარსი მოხელე, პიტიახში იყო გაპარპაშებული. ვახტანგმა თბილისში დედაქალაქი გადაიტანა და ზღუდე შემოავლო. იმ ზღუდეთა ნარჩენები და იმდროინდელი ქვევრები ახლაც არის მეტეხის ხიდთან და ეს არ გვიკვირს, რადგან ცნობიერებაში გვაქვს გამჯდარი, რომ სულ ზღუდეები უნდა გვეშენებინა და თან ღვინო გვეწურა.

- ღვინოს თბილისში მაშინაც წურავდნენ, როცა ველური ხაზარები შემოგვესივნენ, VII საუკუნეში.

- ხაზარებს თავს არაბები დაადგნენ და საქართველოცა და თბილისიც საომარ ლელოდ აქციეს. არაბებმა კი აჯობეს, მაგრამ ხაზარებს თბილისის დათმობა არ უნდოდათ - 764 წელს მეორედ შემოესივნენ, ააოხრეს და უბრალო მოქალაქეებთან ერთად ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, შუშანა გაიტაცეს. ხაზარებს დიდხანს აღარ უპარპაშიათ. თბილისში არაბთა საამირო დაარსდა. არაბები ოთხასი წელიწადი მშვიდად ბინადრობდნენ ამ ქალაქში. თავისი კულტურა მოიტანეს - პოეზია, მათემატიკა, ასტრონომია... ობსერვატორიაც დააარსეს თბილისში, საკუთარი მონეტაც მოჭრეს. მაგრამ ამ კულტურას ქართველებიც ეწაფებოდნენ, ისევე, როგორც თბილისში მცხოვრები ირანელები, ბიზანტიელები, სპარსელები, სომხები. ეს უკანასკნელნი სახელმწიფოებრიობის გაუქმების მერე თბილისს მოეძალნენ და ეკლესიების შენება დაიწყეს. სალოცავად კი არ სჭირდებოდათ, შემოსავალს სწირავდნენ და სომხეთში გზავნიდნენ. ეს ეროვნულად ჭრელი ხალხი ქართულად ლაპარაკობდა - სახელმწიფო ენა ქართული იყო!

- როცა დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო, ქართველებმა ობსერვატორია დაანგრიესო...

- ჩვენ ველურები არ ვართ, რომ კულტურული დაწესებულებები დაგვენგრია. პირიქით, დავითმა ქუთაისიდან თბილისში დედაქალაქი გადაიტანა და არაბების ნაშენი ააყვავ-აამოქმედა, თან თავისიც დაამატა - ქარვასლებით დაწყებული - აფთიაქ-ქსენონებით დამთავრებული, თბილისში ყველაფერი შენდებოდა.

- მერე მონღოლებმა დაანგრიეს...

- ბარბაროსი, აბა, რას იზამს?! თბილისის ყოველი დანგრევა მის მიწისქვეშეთშია ჩატოვებული. მონღოლებმა თავად დაიწყეს ჩვენგან კულტურის შესრუტვა, ფულიც მოჭრეს, მაგრამ მასაც ხომ ქართველობა ვიყენებდით... მერე მონღოლთა იმპერიაც დაიშალა, როგორც ყველა იმპერია. ჩვენ გამო სპარსეთ-თურქეთი დაეტაკა ერთმანეთს - აღმოსავლეთ საქართველო ირანს დარჩა, დასავლეთი - თურქეთს... ირანი გამაჰმადიანებულ მეფეებს სვამდა ქართლში. ასე გაგრძელდა 100 წელიწადი.

- თუნდ როსტომ მეფე ავიღოთ - მონდომებით ავრცელებდა მუსლიმანურ წესებს თბილისში.

- მას ქართველი - მარიამ დადიანი ჰყავდა ცოლად. როსტომი რომ მეჩეთებს აგებდა, მარიამი ორჯერ მეტ ეკლესიას აშენებდა. ისიც არ უშლიდა - საუკუნოვან ცნობიერებას ვერაფერს უზამ. თანაც როსტომი თბილისისთვის გვარიან თანხას ხარჯავდა.

- როსტომის ამბავიც ძალიან ჰგვანებია დღევანდელობას - ერთბაშად ბევრი მიუღებელი რამ ინერგება ჩვენში.

- გივი ამილახვარი გაგიგონიათ?

- ხან თურქებს ეახლებოდა ქედმოდრეკილი, ხან სპარსებს. ლექსიც შეუთხზეს: "შენ, გივი ამილახვარო, გონებაღალატიანო, ხან აქეთა ხარ, ხან იქით, საითაც ქარნი ქრიანო"...

- 1726 წელს ოსმალებს სიონის მეჩეთად გადაკეთება უნდოდათ. გივი ამილახვარმა აქეთ-იქით თავის დაკვრით ნაშოვნი ფული უკლებლივ იმათ ჩააბარა, რომ ტაძრისთვის ხელი არ ეხლოთ... ვფიქრობ, უცხო დიდად ვერაფერს დაგვაკლებს. საქართველო ოჯახებში უნდა შევინახოთ, ტრადიციების დაცვით - არ გავთათრდეთ, არ გავსპარსელდეთ, არ გავრუსდეთ, არ გავამერიკელდეთ და თბილისიც და საქართველოც ისევ თბილისი და საქართველო იქნება... ხომ გახსოვთ: წყალნი წავლენ წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...

(სპეციალურად საიტისთვის)