"ჩემი კივილი მთელ ქობულეთს ესმოდა, როცა...", "წამოვედით თუ არა, ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა, მის ამოფრქვევას რამდენიმე საათით გამოვასწარით", "მირჩევნია, შ - კვირის პალიტრა

"ჩემი კივილი მთელ ქობულეთს ესმოდა, როცა...", "წამოვედით თუ არა, ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა, მის ამოფრქვევას რამდენიმე საათით გამოვასწარით", "მირჩევნია, შვებულება სიმშვიდეში გავატარო" - როგორ დასვენებაზე ოცნებობენ ცნობილები?

შემოდგომის ღრუბლიან, წვიმიან თუ თუნდაც, მზიან ამინდში, ადამიანს უფრო მეტად ეუფლება ზაფხულის ნათელი დღეების ნოსტალგია. ჩვენ დავინტერესდით, სად გაატარეს წლევანდელი ზაფხული ცნობილმა სახეებმა, სად იმოგზაურეს და როგორი დასვენება მოსწონთ მათ.

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

"აქტიური დასვენება არ მომწონს, მირჩევნია შვებულების დღეები სიმშვიდეში გავატარო"

- შვებულება ჩემს მშობლიურ მხარეში - თერჯოლაში გავატარე. ამბობენ, მშობლიურ ადგილებში დაბრუნება ადამიანს დადებითი ენერგიით ავსებსო, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩემს მშობლიურ რეგიონს ხშირად ვსტუმრობ - როცა დროს ვიხელთებ, მაშინვე იმერეთისკენ მომიწევს გული. ამ სურვილს ისიც ამძაფრებს, რომ თერჯოლასა და ქუთაისში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. იმერეთი ხალასი იუმორის მხარეა, სადაც ძალიან ბევრ მხიარულ ისტორიას მოისმენ. ქუთათურებს ხომ საოცარი იუმორი აქვთ, მაგრამ მათ არც თერჯოლელები ჩამორჩებიან.

რა თქმა უნდა, ზაფხული და დასვენება მეც მსიამოვნებს, მაგრამ აქტიური დასვენების მოყვარული არ ვარ, მირჩევნია, ვითევზაო და თავისუფალი დრო სიმშვიდეში გავატარო. სათევზაოდ 1-2 დღითაც რომ წავიდე, განტვირთვის ისიც მყოფნის. ამ ზაფხულსაც, თევზაობით გული ვიჯერე: რაჭაშიც ვიყავი, შაორის ტბაზე და აჭარაშიც. ბათუმში ჩემს მეგობრებთან ჩავდივარ ხოლმე, ცუდი მოცურავე არ ვარ, მაგრამ ზღვაში შორს გაცურვა არ მიყვარს. მიკვირს, ვინმე რომ დაიჩემებს, ამ ზაფხულს, ისე შორს გავცურე, ლამის თურქეთის საზღვრიდან მომაბრუნესო... მე ნაპირთან ახლოს ყოფნა მირჩევნია, ასე უფრო მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს.

nika-arabize-1759663720.jpg

არ იფიქროთ, რომ დასვენება მარტო საქართველოში გამომდის, უცხოეთში მოგზაურობა და საინტერესო ადგილების მონახულებაც მიყვარს. ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის ამერიკაში მოგზაურობა იყო. ჩემი ბავშვობა საბჭოთა კავშირის პერიოდს დაემთხვა და როგორც ყველა საბჭოთა ბავშვს, ამერიკელების შიშს მინერგავდნენ. საბედნიეროდ, ეს შიში გამიქარწყლდა, როცა ამერიკის რამდენიმე შტატი მოვიარე. აშშ-ის ყველა ქალაქს და რეგიონს თავისი ხიბლი აქვს, მით უმეტეს, იქაურ ქართველებს მშვენიერი ჩვევა აქვთ: მაშინვე ქართულ რესტორანში გაგაქანებენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, მაინც ვფიქრობ, ყველა ქრისტიანი ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს "წმინდა მიწაზე" - იერუსალიმში. ამ ქალაქმა მეც ისევე მომხიბლა, როგორც ყველა, ვინც იქ ოდესმე ყოფილა.

თამარ მუსერიძე, ჟურნალისტი:

"ბათუმში როცა ვარ, სულ მგონია, რომ ჩემს სახლში ვარ... ძველი ბათუმის ყველა ქუჩა ზეპირად ვიცი"

- წელს ქობულეთში ვიყავი, ოთხ ბავშვთან ერთად და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კარგად დავისვენე. ბავშვებთან ერთად სადმე რომ მივდივარ, დასვენება ხელახლა მჭირდება ხოლმე, ახლაც ასე მოხდა: ოთხივე ზღვაში რომ ჩავიდა და ყველამ სხვადასხვა მხარეს გაცურა, ჩემი კივილი მთელ ქობულეთს ესმოდა. იმის მერე ჭკუა ვისწავლე და ბავშვებთან ერთად, ზღვაზე აღარ გავსულვარ. კიდევ კარგი, აუზიან სასტუმროში ვისვენებდით და ყოველდღე აუზზე დავდიოდით. იქაც სულ დაძაბული ვიყავი, თუმცა ამ სიტუაციას უკვე მიჩვეული ვარ. ყველა დედამ იცის, რომ ბავშვებთან ვერ მოდუნდები, მათთან ყოფნა სასიამოვნოცაა და დამღლელიც, მაგრამ ეს ყველაზე მშვენიერი დაღლილობაა ამქვეყნად. განსაკუთრებით მიყვარს ბათუმი, მაგრამ წელს იქ დასვენებაც ვერ მოვახერხე. ბათუმში როცა ვარ, სულ მგონია, რომ ჩემს სახლში ვარ. ძველი ბათუმის ყველა ქუჩა და შესახვევი ზეპირად ვიცი და იქ ყოფნა არასდროს მომბეზრდება.

muser-1725260852.jpg

მიუხედავად დაძაბული ზაფხულისა, არ იფიქროთ, რომ წელს დასვენებაზე უარი ვთქვი: ცოტა ხანში იტალიაში მივდივარ და ვეცდები, დანაკლისი იქ ავინაზღაურო. მართალია, ზაფხულის ცხელი დღეები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ განტვირთვა და დასვენება ნებისმიერ სეზონზე შეიძლება. უბრალოდ, როცა ზაფხული მიდის, გული ძალიან მწყდება. მეტისმეტად მცივანა ვარ და რომ აგრილდება, არ მსიამოვნებს, სიცივე ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია.

ყველაზე კარგად რომელ ქალაქში მოგზაურობა მახსენდება? - ბრიუსელში, რადგან ეს ქალაქი ნამდვილი საოცრებაა. პარიზშიც ვარ ნამყოფი, ვენაშიც, მაგრამ ბრიუსელმა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა.

ლიკა ყაზბეგი - სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი:

"ჩემი ოცნებაა რომელიმე თბილი, ეგზოტიკური ქვეყანა მოვინახულო"

bdfrohpd-1759663920.jpg

- რა თქმა უნდა, ზაფხული და დასვენება ყველას გვიყვარს, მაგრამ წელს ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ არ დამისვენია. ჩემი სტუდიის და მოსწავლეების გამო, თბილისში დავრჩი. მხოლოდ ერთდღიან წვეულებებსა და ივენთებზე დავდიოდი, მაგრამ ეს ერთდღიანი ვოიაჟები ზოგჯერ ორკვირიან დასვენებას უდრიდა. სწორედ ასე ვგრძნობდი თავს კარლო პონტის და მარიამ შარმანაშვილის ქორწილის შემდეგ. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა, ზღაპარი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მარიამი საოცარი პიროვნებაა. ის ჩემს სტუდიაში დადიოდა და კარგად ვიცნობ. მე ასეთი თბილი და მეგობრული ადამიანი ჯერ არ მინახავს. ყველა ღირსებასთან ერთად, ის ძალიან თავმდაბალია, რასაც ადამიანში ყველა თვისებაზე მეტად ვაფასებ. ძალიან მინდა ჩემს ერთ-ერთ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, როგორც საინტერესო, მომხიბვლელმა სახემ. მიმაჩნია, რომ მას ძალიან ორიგინალური, გამორჩეული გარეგნობა აქვს, თუმცა, შინაგანადაც, ძალიან კეთილშობილია. აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნებით და მინდა, ჩემს დეფილეში, მისი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო.

qinxybi-1759663836.jpg

რომელ ქვეყანაში მოგზაურობა იყო ყველაზე შთამბეჭდავი? - ახალი და საინტერესო ადგილების ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ საოცარი მოგზაურობა მქონდა ნეპალში, რამდენიმე წლის წინ. ეს იყო უაღრესად საინტერესო ტური, რომელმაც ოცამდე ადამიანი შეგვკრიბა. ეს ძალიან სამახსოვრო, ჩინებული მოგზაურობა იყო. არანაკლებ საინტერესო გამოდგა ჩემთვის სიცილიაში მოგზაურობაც, იქ შარშან ზაფხულს ვიყავი. წამოვედით თუ არა, მეორე დღესვე ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა. საბედნიეროდ, ცუდი არაფერი მომხდარა, არც ხალხი დაღუპულა, მაგრამ ამ ამბავს მთელი მსოფლიოს მედია აშუქებდა. უჩვეულო ის იყო, რომ ეტნა წინა დღეს დავლაშქრეთ და მის ამოფრქვევას რამდენიმე საათით გამოვასწარით.

5bf2il0m-1759663867.jpg

გული მწყდება, რომ ზაფხული მიიწურა, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, ზამთარში მაინც დავისვენო. ჩემი ოცნებაა რომელიმე თბილი, ეგზოტიკური ქვეყანა მოვინახულო: სიამოვნებით წავიდოდი ინდოეთში, მაგრამ არც ბრაზილიასა და არგენტინაზე ვიტყოდი უარს. მოკლედ, ყველგან სიხარულით წავალ, სადაც მზე, სინათლე და სითბო დამხვდება, ზამთარი, ყინვა და სიცივე "ჩემი" არ არის, ამიტომ, ჩრდილოეთის ქვეყნებში მოგზაურობას ნამდვილად არ ვაპირებ.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)