"ჩემი პლასტიკა - რა მოცეკვავეც ვარ, კი ჩანს ფოტოზე, რომელიც ელჩმა გადაგვიღო... თვით დანიის დედოფალსაც შევხვედრივართ, მაგრამ ქართველ ლეგენდებთან მეგობრობა სულ სხვანაირად მეამაყება" - გია ონიანის მოგონებები
"პირველად რომ ლა-სკალას სცენაზე ფეხი დავდგი, ისეთი რამ მოხდა, დამეფიცება, მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მახსოვს. ეს არ იყო მოჩვენება, მირაჟი..." - იხსენებს მსოფლიოში წარმატებული ქართველი საოპერო მომღერალი - გია ონიანი.
იგი გვიამბობს, თუ რა სანუკვარი მოგონებები აქვს ქართველ ლეგენდებთან დაკავშირებით.
- თავიდანვე წილად გხვდათ ბედნიერება, გამორჩეულ ადამიანებთან, ლეგენდებთან გეთანამშრომლათ, როცა ანსამბლში "რუსთავი" მღეროდით... გაგვიზიარეთ, თქვენი იმდროინდელი ამბები, მოგონებები...
- დიახ... ანსამბლ „რუსთავის“ წევრი რომ გავხდი, ჰამლეტ გონაშვილი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი... მახსოვს, 1999 წელს, საფრანგეთში გასტროლი გვქონდა, სადაც ასაკოვანი ცოლ-ქმარი მოვიდა და მოიკითხეს, ჰამლეტ გონაშვილი სად არისო. როცა ვუთხარით მისი გარდაცვალების შესახებ, ტირილი დაიწყეს, მის მოსასმენად 400 კილომეტრი გამოვიარეთ, საგანგებოდ ჩამოვედითო... ეს ისტორია განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, მომღერლის მიმართ ამდენად დიდი სიყვარული. ჰამლეტ გონაშვილის შესახებ კიდევ ბევრი მსმენია, ლეგენდა იყო, უნიკალური ადამიანი.
მერაბ კოსტავას ერთადერთხელ შევხვდი. ზემო სვანეთში 28 ივლისს კვირიკობა აღინიშნება, ერთ-ერთი უდიდესი სალოცავია. 1990 წელს, კვირიკობას მერაბ კოსტავა სვანეთს ეწვია, უკვე ნასვამი ჩვენთან სუფრაზე მოვიდა და ერთად „შავლეგო“ შემოვძახეთ. მაშინ ეს სიმღერა ძალიან პოპულარული იყო. ძალიან მიხაროდა ერთად რომ ვიმღერეთ, მე პირველ ხმას ვმღეროდი, მერაბ კოსტავა ბანს... მის შემდეგ ვისთან ერთად არ მიმღერია, მათ შორის, მსოფლიო ვარსკვლავებთან, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე საამაყო გასახსენებელია... 1990 წელს, სამწუხაროდ, მერაბ კოსტავა დაიღუპა, რაც მთელი ქვეყნის დიდი ტრაგედია იყო...

- ოპერის სოლისტი რომ გახდით, ჯანსუღ კახიძე იყო ოპერის მთავარი დირიჟორი...
- დიახ, კონცერტი იყო სახელწოდებით - „ახალი ხმები“... კონცერტს ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა, სადაც აბესალომის არია ვიმღერე ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“... ჩემი ნამღერი ჯანსუღ კახიძეს იმდენად მოეწონა, ტელევიზიით გამოვიდა, მაქო და მადიდა, ჩვენი თეატრი 25 წელი ელოდა ტენორის დაბადებას და ისეთი ტენორი მოვიდა, როგორსაც ველოდითო... ეს ძალიან დიდი სიტყვები იყო მისგან. ამ სიტყვებმა იმდენად დიდი ყურადღება დაიმსახურა, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ და მაშინდელ პრესაში ჩემი ინტერვიუ არაერთგან იყო. ჯანომ გამხადა პოპულარული. მოგეხსენებათ, სიტყვაძუნწი კაცი იყო, თუ სიტყვით გამოდიოდა, უფრო ვინმეს აკრიტიკებდა, მისგან ქება იშვიათი რამ იყო.

შემდეგ უკვე გაკვეთილი მქონდა, როგორც სოლისტს როლები მომცეს, პარტიებს ვამზადებდი. მახსოვს, პირველი გაკვეთილია, „ტოსკას“ გავდიოდით და ჯანომ მითხრა, შეიძლება შენამდე არასწორად მოუტანიათ ამბები, მე გეტყვი, რაც იყოო და გაკვეთილის დაწყებამდე დაახლოებით საათნახევარი მესაუბრა. ჰყვებოდა თავისი ურთიერთობების შესახებ, ვისთანაც კი კონფლიქტები ჰქონდა. მე არ გეტყვი, რომ მართალი ვარ, შენ თვითონ გააaნალიზეო, დასძინა... ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და ძალიან მიხაროდა, ამხელა ავტორიტეტის კაცი რომ ფაქტობრივად, აღსარებასავით მაბარებდა, ყველაფერს მიყვებოდა.
რამდენიმე სპექტაკლი მისი დირიჟორობით ვიმღერე. შემდეგ გამიბრაზდა, როცა უკვე საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე, რას მიშვრები, კაცად გაქციე და ახლა მიდიხარო?! - თუმცა უარი როგორ გითხრაო... მაშინ ძალიან იშვიათად მიდიოდა სპექტაკლები, წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ და ეს იმდენად ცოტაა, მომღერალი ასე ვერ გაიზრდები, წინ ვერ წავა... მითხრა, ვიცი, რომ აქ ბევრს ვერ გამღერებ და გზას დიდსულოვნად დაგილოცავ, ლა-სკალას სცენაზე რომ მოხვდები, მაშინ გამიხსენეო... ეს იმდენად უტოპიურად, გაზვიადებულად მომეჩვენა, გულიანად გამეცინა...
2001 წლის სექტემბერში უცხოეთში წავედი. სამწუხაროდ, 2002 წელს ჯანსუღ კახიძე გარდაიცვალა..
- წასვლიდან მალევე, თქვენ ლა-სკალას სცენაზე მღეროდით...
- დიახ, ფორტუნამ იმდენად გამიღიმა, ყველაფერი ისე აეწყო, რომ 2002 წლის სექტემბერში ლა-სკალას სცენაზე მთავარ პარტიას ვმღეროდი. პირველად რომ ლა-სკალას სცენაზე ფეხი დავდგი, ისეთი რამ მოხდა, დამეფიცება, მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მახსოვს. ეს არ იყო მოჩვენება, მირაჟი... სცენაზე ჯერ კიდევ მოსმენაზე რომ დავდექი, დარბაზში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ისხდნენ. თითქოს ჯანოს სახემ დარბაზში გაიარა, გაიცინა, აი, ხომ გეუბნებოდიო... ვფიცავ, იმ წუთას ცრემლები წამომივიდა. მანამდე ამაზე არ მიფიქრია, იმ წუთას გამოჩნდა და ვიგრძენი, რომ ჯანსუღ კახიძის სული იქ იყო, ამ ყველაფერს უყურებდა. საბედნიეროდ, კარგად ვიმღერე, ამიყვანეს და ამას მოჰყვა ჩემი სპექტაკლები ლა-სკალას თეატრში და ამ ყველაფერს - ჩემი კარიერა.
ჯანსუღ კახიძესთან სიმღერა იმდენად კომფორტული იყო, იმდენად გენიალური დირიჟორი იყო, „გრძნობდა“ მომღერალს. იშვიათია სიმფონიურ და საოპერო დარგში ორივეგან ასე იყოს, ყველაფერში უძლიერესი! აღარაფერს ვამბობ სიმღერებზე, მის კომპოზიტორობაზე. იმდენად შევეჩვიე მასთან მუშაობას, სხვა დირიჟორებთან ძალიან გამიჭირდა. საზღვარგარეთ შენით უნდა მოხვედრილიყავი ტემპში, რიტმში ჩამჯდარიყავი. რამდენიმე თვე ვიწვალე, სანამ იმ ყველაფერს მივეჩვეოდი. მაშინ ვთქვი, რა გენიოსი გვყოლია, ჯანსუღ კახიძის სახით-მეთქი...
- აღიარებული ქართველი ხელოვანების გარდა, მსოფლიო ლეგენდებსაც შეხვედრიხართ...
- საოპერო ხელოვნების არაერთ ლეგენდას შევხვედრივარ, სცენაზე ერთად გვიმღერია. პოლიტიკოსებსაც, მაგრამ მათ შეხვედრებს დიდად საინტერესოდ არ ვთვლი, რადგან დღეს არიან და ხვალ - აღარ... პრეზიდენტებს, პრემიერებს, შევხვედრივარ, თვით დანიის დედოფალსაც კი. მახსოვს, დანიის დედოფალს ძალიან მოეწონა ჩვენი კონცერტი, საღამოს ბოლოს მოვიდა და ჩვენს ანსამბლთან შეხვედრა მოინდომა... ისევ ქართველ ხელოვანებს რომ დავუბრუნდეთ, ჩემთვის სანუკვარი იყო კახი კავსაძესთან, გივი ბერიკაშვილთან, თემურ წიკლაურთან შეხვედრები...

კახი კავსაძე ოპერის ფანი იყო, თვითონაც კარგად მღეროდა. რომ გაჰყოლოდა, მის ძმაზე არანაკლებ წარმატებული იქნებოდა. მოგეხსენებათ, ივერი კავსაძე საოპერო მომღერალია. კახი კავსაძემ მსახიობობა აირჩია, დიდებული, ყველასთვის უსაყვარლესი მსახიობი გახდა... მახსოვს, „ტოსკას“ ვასრულებდი საკონცერტო შესრულებით კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც კონცერტს კახი კავსაძე ესწრებოდა. იგი კონცერტის შემდეგ აღფრთოვანებული მოვიდა და მითხრა, მთელი კონცერტი სიმღერის გარდა სხვა მხრივაც გაკვირდებოდი, რომელი ჯიბიდან იღებ ცხვირსახოცს, რა ფერისაა ცხვირსახოცი, როგორ აკეთებ "პაკლონს" და იღებ აპლოდისმენტებს, შენ მართლა ონიანი ხარ თუ ციციშვილი, იმდენად თავადური ჟესტები გაქვს, საიდან ეს ყველაფერი, კაცურად, მითხარიო... შემდეგ დედაჩემს მოესიყვარულა, მადლობას გიხდი ასეთი შვილის გაზრდისთვისო... მოგეხსენებათ, მშობელს ამ სიტყვებზე მეტად არაფერი ახარებს.
რაც შეეხება გივი ბერიკაშვილს, ახლანდელ „იუმორინას“ ადრე „მღერიან და ხუმრობენ ვარსკვლავები“ ერქვა, როცა მე ვმონაწილეობდი. ამდენი კონცერტის, რეპეტიციების შედეგად უამრავ ხელოვანს შევხვდი და დავმეგობრდით. ისეთი ლეგენდები მონაწილეობდნენ, როგორებიც იყვნენ - კოტე მახარაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, თემურ წიკლაური და ასე შემდეგ...
ერთხელ გივი ბერიკაშვილმა მთხოვა, ნამდვილი სვანური ქუდი ჩამომიტანეო. ლენტეხში ვინც ქუდებს ამზადებდა, მას გივის ქუდის ზომის ძაფი ჩავუტანე, იმ ზომის რომ გაეკეთებინა. იმ ქალბატონმა რომ გაიგო, ვისთვისაც იყო ქუდი განკუთვნილი, ფული არაფრით აიღო, საჩუქრად გამოუგზავნა...
იქ გავიცანი თემურ წიკლაური, მართლაც მოვლენა ადამიანი. იმდენად ტკბილად, მამაშვილურად ვიყავით, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ძალიან მეფერებოდა, მამხნევებდა... ერთხელ ოპერაში სცადა ბედი, მურმანის როლი შეასრულა სპექტაკლში - „აბესალომ და ეთერი“. მაშინ მითხრა, რა ადვილი მეგონა და რა რთული ყოფილა, ყოჩაღ სხვანაირად დაგაფასეთ ოპერის მომღერლებიო... იმის შემდეგ აღარც უცდია, მიხვდა, რომ არ იყო მისი საქმე და სადაც საუკეთესოდ გამოსდიოდა, ბოლომდე იქ დაიხარჯა.
ზურაბ სოტკილავასთან დაკავშირებით მაქვს მოსაგონარი...
მაშინაც ანსამბლში „რუსთავი“ ვმღეროდი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გვქონდა კონცერტი. ოთარ თაქთაქიშვილმა ანსამბლ „რუსთავს“ და ზურაბ სოტკილავას დაუწერა მეგრული სიმღერების ციკლი... კონცერტმა ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა... ბოლოს, ზურაბ სოტკილავა სიმღერას - „ფუნიკული, ფუნიკულას“ ასრულებდა, მისამღერს ჩვენ ვიმეორებდით და ხმებში ისე გვქონდა გაშლილი, ძალიან კარგი ფინალი გამოდიოდა. ბოლოს, მაღალ ნოტზე თვითონ უნდა წასულიყო, მაგრამ ეტყობა დაღლილი იყო, მაღალ ნოტზე არ წავიდა და ჩვენთან ერთად უნისონში დაამთავრა. არნახული წარმატება ჰქონდა, ხალხი გადაირია, მაგრამ ის მაღალი ნოტი მაინც აკლდა, როგორც შეჭამანდს მარილი... ხალხი არ ეშვებოდა, იმდენჯერ მოითხოვეს, გაამეორებინეს. ვიფიქრე, ბატონი ზურაბი თუ არ იღებს, მე მაინც ავიღებ, ის ნოტი აშკარად აკლია-თქო... ეტყობა ზურიკომ დაისვენა, თვითონაც აპირებდა იმავეს და იმ ადგილამდე რომ მივედით, მის უკან ვიდექი და „ვგლიჯე“ სი-ბემოლი... არ დამავიწყდება, თავი როგორ შემოაბრუნა და გაოცებულმა შემომხედა, ერთდროულად გამოგვივიდა მაღალი ნოტი აღებული... ძალიან გაბრაზებული იყო, შემდეგ ბანკეტზე ანზორ ერქომაიშვილმაც მითხრა, ასე რატომ გააკეთეო... ბატონ ანზორს ავუხსენი, პირველ შესრულებაზე რომ ასე მექნა, ძალიან დიდი უნამუსობა იქნებოდა, მაგრამ რადგან მაღალი ნოტი თავად არ აიღო, ნომერს ძალიან აკლდა-მეთქი... ზურაბ სოტკილავა არ იყო ის კაცი, წყენა გულში ჩაედო, ბოლოს ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ჩვენი, ნოდარ ანდღულაძის სკოლის წარმომადგენელი იყო, დიდი მომღერალი და კარგი ადამიანი.
- ძალიან სახალისო ფოტო გაქვთ ნინო ანანიაშვილთან ერთად...
- ის ფოტო რიგაში გადავიღეთ... ისე დაემთხვა, რომ რიგაში ერთდროულად ვიყავით. მე სპექტაკლში „ტურანდოტი“ ვმღეროდი, სადაც ნინო ანანიაშვილი ჩემი მიწვევით სპექტაკლს დაესწრო. შემდეგ საქართველოს ელჩმა რიგაში რესტორანში მიგვიწვია - ერთად ვიყავით ელჩი, მისი მეუღლე და ჩვენ.
ნინო ანანიაშვილი მონაწილეობდა მიუზიკლში „ქეთო და კოტე“, სადაც მიშა ქირია თავადი ლევანის პარტიას მღეროდა. მიშას ნინოსთან ერთად ჰქონდა ფოტო გადაღებული, სოციალურ ქსელში დადო ამით ძალიან ამაყობდა. ეს ნინოს ხუმრობით მოვუყევი და მაშინ გადავიღეთ სახალისო ფოტო, სადაც ხელი ასე თავად ნინომ დამაკავებინა. ჩემი პლასტიკა და რა მოცეკვავეც ვარ, კი ჩანს ფოტოზეც... სხვათა შორის, ფოტო ელჩმა გადაგვიღო...
- ძალიან თბილი ფოტო გაქვთ ნანი ბრეგვაძესთან ერთად...
- თუ შეიძლება ადამიანმა რამე მწვერვალს ხელოვნებაში მიაღწიოს, ნანი ბრეგვაძემ ყველაფერი შეძლო. მილიონობით ადამიანის სიყვარული მოიპოვა, ცოცხალი ლეგენდაა... მის ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე, რომ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა, რადგან მინდოდა, ბედი ოპერაში მეცადაო... ნანობდა, ოპერაში რომ არ მოსინჯა ძალები, მაგრამ მისმა შვილიშვილმა - ნატალიკომ გააგრძელა ოპერის მიმართულებით მოღვაწეობა... მე და ნატალიკომ ერთად არაერთ სპექტაკლში ვიმღერეთ. სპექტაკლებს ქალბატონი ნანიც ესწრებოდა და შემდეგ საქებარი სიტყვებით მანებივრებდა. ყოველთვის ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ მისგან, რაც ძალიან მეამაყება!
(სპეციალურად საიტისთვის)