"ამ ქალაქში თვით ვლადიმერ პუტინსაც კი უმდიდრესი ვილა აქვს, ბათუმსა და ვარსკვლავურ ქალაქში სხვადასხვა პროექტს ვახორციელებ" - ვის ჩამოჰყავს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ჯგუფები?
"ბათუმსა და ვარსკვლავურ ქალაქში - მარბელაში სხვადასხვა პროექტს ვახორციელებ, ამ ქალაქში თვით ვლადიმერ პუტინსაც კი უმდიდრესი ვილა აქვს...“
ვის ჩამოჰყავს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ჯგუფები... "Boney M", "ABBA" , "Ríoს"?
"ბათუმი და მარბელა დაძმობილებული ქალაქებია, ორივეგან სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ", - ამბობს პროდიუსერი ნატალი სტიუარტ ფოქსი, რომლის ძალისხმევითაც საქართველოს მსოფლიოს ცნობილი ჯგუფები სტუმრობენ... ნატალის თქმითვე, ესპანეთის ვარსკვლავურ ქალაქში - მარბელაში, რობერტ დე ნირომაც გახსნა რესტორანი, იქ არის დოლჩე გაბანას, დანი გარსიას რესტორნები... ამ ქალაქში თვით ვლადიმირ პუტინსაც აქვს უმდიდრესი ვილა, რომელიც უზარმაზარი გალავნით არის შემოსაზღვრული და სახლის დანახვა შეუძლებელია...
ნატალი სტიუარტ ფოქსი ამჯერად ბათუმშია, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ივენთს მართავს...
- ქალბატონო ნატალი, როგორც ვიცით, ანტონიო ბანდერასის მიერ ორგანიზებულ ფესტივალთან თანამშრომლობდით...
- დიახ... ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგაფესტივალია ესპანეთში, სადაც როგორც ერთ-ერთი ჰოლდინგის ჟურნალისტს, აკრედიტაცია მქონდა. ინტერვიუებს ვიღებდი მსოფლიოს ვარსკვლავებისგან, ვიდეოები ინტერნეტში დღესაც არსებობს... ისე მოხდა, რომ ამ ბოლო დროს ბანდერასი და მე ერთი მარშრუტით დავფრინავთ. ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ისე ემთხვევა, რომ გზაშიც, აეროპორტშიც ვხვდებით, ადრე კი ხშირად რესტორანშიც შევხვედრივართ.
2003 წელს, ესპანეთში პირველად რომ ჩავედი, ესპანეთი და ანდალუზია იმის გამო შემიყვარდა, რომ მარბელაში ბანდერასის რესტორანში დამპატიჟეს. მას მერე, ყოველ ჩასვლაზე, მის რესტორანში დავდივარ, მოგეხსენებათ, ბანდერასს ესპანეთში რესტორნების ქსელი აქვს, სადაც ტრადიციული ანდალუზიური კერძებით გიმასპინძლდებიან. მარბელაში რობერტ დე ნირომაც გახსნა რესტორანი, იქ არის დოლჩე გაბანას, დანი გარსიას რესტორნები... ამ ქალაქში თვით ვლადიმირ პუტინსაც კი აქვს უმდიდრესი ვილა, რომელიც უზარმაზარი გალავნით არის შემოსაზღვრული და სახლის დანახვა შეუძლებელია.

მარბელა რომ ძალიან ვარსკვლავური ქალაქია, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი. ყოველ წელს ამ ქალაქში მსოფლიოს ვარსკვლავთცვენაა, იქ ჩამოდიან: ტომ ჯონსი, ლაიონელ რიჩი, ენრიკე იგლესიასი, უილ სმითი, ხულიო იგლესიასი, როდ სტიუარტი და სხვა მეგავარსკვლავები... ერთ კვირაში შესაძლებელია, მსოფლიოს ხუთი მეგავარსკვლავის კონცერტს დაესწრო, ულამაზეს გარემოში. კლდეში არის მოწყობილი სცენა და გასართობი ინფრასტრუქტურა... ფესტივალის დირექტორს - სანდრა გარსიას ახლოს ვიცნობ. „ფორბსის“ მიხედვით, დღეს იგი ყველაზე წარმატებული ქალია ესპანეთში. სანდრა გარსიამ და ბანდერასმა დააარსეს აღნიშნული ფესტივალი, დღეს სანდრა უძღვება მთლიანად ფესტივალის მენეჯმენტს.
- როგორ მოხდა, რომ საქართველოში უკვე მერამდენედ ჩამოგყავთ ჯგუფი - „ბონი ემი?"
- რაც შეეხება „ბონი ემს", ამ ჯგუფის წარმომადგენლები ისრაელში გავიცანი. ჩვენს მეგობრებს, ებრაელების ერთ-ერთ ოჯახს ძალიან მაღალი დონის წვეულება ჰქონდათ. მათ მემკვიდრე შეეძინათ, ამის აღსანიშნავი ივენთი გამართეს და ეს ორიგინალი ტრიბიუტ ჯგუფი მოიწვიეს. ამ ჯგუფის წევრები თავად ბობი ფარელთან მღეროდნენ ბექვოკალში. ჯგუფის წევრების გარდაცვალების, ხანდაზმულობის გამო, მათ შექმნეს ტრიბიუტ ჯგუფი. ეს არ არის შეკრებილი მომღერლების, რომლებიც "ბონი ემის" სიმღერებს მღერიან. ასეთი კი ბევრია მთელ მსოფლიოში.
ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ იერუსალიმში ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. მოგეხსენებათ, იერუსალიმში არაბების მხარეა, სადაც თურმე, არ უნდა გადახვიდე. ისე მოხდა, რომ მთავარ ჯგუფს მოვწყდი, დავიბენი და დავიკარგე... ჩემი ტელეფონი არ მუშაობდა, მაგრამ იქ სასწაული მოხდა, ღმერთის ძალამ მიშველა. არ დავიკარგებოდი და მოვკვდებოდი, მაგრამ სერიოზულ უსიამოვნებებს ავცდი. ტელეფონის ზარი გავიდა, არადა, აშკარად არ ირეკებოდა, მერე ერთ-ერთ მაღაზიასთან მივაღწიე, სადაც ინტერნეტი იჭერდა. როგორღაც მოვახერხე ჩემს მეგობართან ზარი გამეშვა, მას ავუხსენი სადაც ვიყავი, შეატყობინა ჯგუფის ხელმძღვანელს და მომაკითხეს. ეს ნამდვილად უფლის საოცრება იყო წმინდა მიწაზე. „ბონი ემის“ მთელი შემადგენლობა მეძებდა, თურმე, ყველა მხარეს იძახდნენ, ნატალი სად არისო... წვეულებაზეც მთელ აუდიტორიას მოუყვნენ მომხდარის შესახებ, დაცვის გარეშე არ გაიშვებაო... ახლაც ყველა ამას იხსენებს, ყოველ კონცერტზე და მეძახიან, სად არის ნატალიო...
- საქართველოში როდის მოიწვიეთ პირველად ეს ჯგუფი?
- 2013 წელს, 3 მარტს, დედის დღის აღსანიშნავად ჩემი მეგობარი ბათუმში ივენთს აწყობდა. მას შევთავაზე, მოგვეწვია და ივენთს იმდენად ბევრი ხალხი დაესწრო, ძალიან ისიამოვნა მსმენელმაც და სტუმრებმაც... იმის შემდეგ ჯგუფის წევრებს საქართველო იმდენად შეუყვარდათ, ახლა უკვე მეშვიდედ ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას. მათ სხვადასხვა ქალაქში, თბილისშიც გამართეს კონცერტი. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ახალი წლის ღამეს გოდერძის უღელტეხილზე ვიყავით, სადაც იმდენად დიდი თოვლი იყო, რომ "დელიკებით" მოგვიწია ასვლამ. ლამის უკან დაბრუნდნენ, სად მივდივართო, გაოგნებულები იყვნენ... ღამე, დაუმთავრებელი გზა და... შემდეგ უცებ სამოთხეში რომ აღმოჩნდები. საღამო იქაც ბრწყინვალედ ჩატარდა ერთ-ერთ ულამაზეს რეზორტში, გამთენიას კი, პირველ იანვარს, თბილისში წამოვედით კონცერტის ჩასატარებლად, ორ იანვარს ბათუმში დავბრუნდით და ბედობას იქ გვქონდა კონცერტი. ასეთი იყო მათი საახალწლო გასტროლი საქართველოში.
ყველაფერს გაგებით ეკიდებიან, თორემ ყველამ ვიცით, რა სიტუაციაა საქართველოს გზებზე. ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, საპირფარეშოებიც კი არ არის... თუმცა მაინც ყველაფერი ეგზოტიკად ეჩვენებათ და მოსწონთ. ჯგუფის წევრები ლონდონიდან არიან, სხვადასხვა ბენდში მღერიან და მუდმივად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდ კონცერტებზე უწევთ გამოსვლა. საქართველოში მე ვარ მათი წარმომადგენელი და ჩემი ივენთები მათთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.

- რას იტყოდით სხვა ჯგუფებზე, რომლებიც უკვე ჩამოიყვანეთ საქართველოში ან ამიერიდან გეგმავთ?
- ჩვენი მოწვევით ასევე ძალიან კარგი შოუ ჰქონდა ლეგენდარულ ჯგუფს „Rios “ - მის სოლისტს ტონის, სიმღერით - Shine on, რომლის ვიდეოსაც 100 მილიონი ნახვა აქვს. ყველას უყვარს ამ ჯგუფის სიმღერები და თავად ტონი, რომელიც ფანტასტიკური, ძალიან ინტელექტუალური პიროვნებაა. მოგეხსენებათ, იგი ამ ჯგუფის პროდიუსერიც არის. ტონი აქ იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, რომელიც მას სცენაზეც უწევს პარტნიორობას. მათ საქართველო ძალიან შეუყვარდათ, ყოველთვის ერთი სული აქვთ, გვეწვიონ. ველოდებით.
ასევე, ახლახან გვყავდა ჯგუფი - ABBA... კონცერტი ძალიან წარმატებული იყო, უამრავი სტუმარი, უცხოელი თუ ქართველი და ყველა ასაკობრივი კატეგორია - სასწაული შოუ გამართა ამ ჯგუფმა პირველად საქართველოში.

ესეც ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული, ტრიბიუტ ჯგუფია ლონდონში, რომლებიც მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებში მართავენ კონცერტებს. ჩაცმულობითაც გამოირჩევიან, რაც ამ ჯგუფს ახასიათებდა. ხუთი-ექვსი ადამიანია ჯგუფის შემადგენლობაში, თავისი დრამერით, ბას-გიტარისტით... მათთან პირველად ვთანამშრომლობთ, მაგრამ როდესაც მოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ჯგუფია. იმედი გვაქვს, რომ მათაც ძალიან შევაყვარებთ საქართველოს და კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ. ეს ორი ჯგუფი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობაში გასეირნებაა, ყველას აქვს იმ დროის ნოსტალგია და მათ კონცერტებზე იმიტომაც სულ განსაკუთრებულად ბევრი მსმენელია. გასაკვირი კი ის არის, რომ ყველა თაობისთვის ძალიან მიმზიდველია, თუნდაც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სხვადასხვა ჟანრი იტაცებთ.

კუბელი მომღერალი - იანელა ბრუკსი საქართველოში რომ ხშირად ჩამოდიოდა, პირველად მე ჩამოვიყვანე, ბათუმის არტფესტივალთან დაკავშირებით. პირველი კლასიკური ფლამენკოც ჩვენ დავაორგანიზეთ. საქართველოში კიდევ ერთხელ ვაპირებთ ესპანური ფლამენკოს საღამოს მოწყობას. ჩვენი საპროდიუსერო ცენტრი ესპანეთში, მარბელაში დაარსებულია და ბანდერასის ფესტივალიდან გამომდინარე, 2012 წლიდან იქაც სხვადასხვა ივენთს ვატარებთ. ბოლო დროს პაუზა გვქონდა, რადგან ინგლისში გადმოვედით, მაგრამ პანდემიის მერე ისევ დავუბრუნდი ჩემს პროექტებს მარბელაში და - არა მარტო...
გვაქვს ახალგაზრდა, საერთაშორისო ტალანტების კონკურსი, რომელიც 2012 წელს დავაარსეთ. ამ ტალანტების კონკურსზეც ყოველთვის ძალიან ცნობილი მუსიკოსები გვყავდა ჟიურის შემადგენლობაში, ბანდერასის ფესტივალზეც უმღერიათ ჩვენს ბავშვებს.

2009 წლიდან არსებობს ჩვენი კულტურის ცენტრი ქალაქ მარბელაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში ეს ვარსკვლავები ჩამოგვყავს, ვზრუნავთ, რაც შეიძლება მეტად ცნობილ ადამიანებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, რათა გაიზარდოს ცნობადობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უნიკალური კულტურის, ქართული სტუმართ-მასპინძლობის შესახებ. ახლა უკვე ჩვენც გვყავს მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები და მათი მეშვეობით საქართველოს შესახებ ბევრმა შეიტყო. საქართველოში ძალიან მოხშირდა უცხოური ჯგუფების ჩამოყვანის ტენდენცია.
- ბათუმი და მარბელა დაძმობილებული ქალაქებია და როგორც ვიცი, კიდევ ბევრი პროექტი გაქვთ.
- დიახ... სექტემბერში საერთაშორისო, ტურისტული ფილმების ფესტივალი ჩატარდა ბათუმში, ასევე, საერთაშორისო, დიასპორული კინოფესტივალი მარბელაში; კიდევ, ტალანტების კონკურსი ბათუმსა და მარბელაში... ჩემთვის, როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლისთვის, მთავარი მიზანი ქართული კულტურის და საქართველო პოპულარიზაციაა.

- ვიცით, რომ ხართ საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალების ჟიურის წევრი და როგორც პროდიუსერმა, არა ერთ ახალგაზრდა მომღერალს შეუწყვეთ ხელი, გაიყვანეთ საერთაშორისო ასპარეზზე.
- დიახ, ვიტყოდი, რომ ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმეა, რაც ტალანტების კონკურსი დავაარსე ესპანეთსა და ბათუმში, რადგან ბავშვები და მოზარდები ყველაზე სუფთა და გულწრფელები არიან. ამჟამად, რამდენიმე ბავშვის პროდიუსერი ვარ, გარდა სიმღერისა, ასევე, ფილმებშიც და სხვა დარგში, რაშიც ვხედავ, რომ აქვთ ნიჭი და პოტენციალი.
ჩემი საერთაშორისო რესურსებით და კონტაქტებით თითქმის ყველა სახელოვნებო სფეროში ვცდილობ, მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდები შევარჩიო და დავუთმო დრო, რაც ყველაზე ძვირფასია, მოგეხსენებათ... საქართველოში, იმედია, დაფასდება სათანადოდ ეს დრო და ეს სფერო. ვოკალის მასწავლებლების კვირაში განსაზღვრულ საათებზე მეტს დროს ხარჯავს პროდიუსერი და შედეგს უნდა ელოდო, როდესაც უკვე შექმნი და შეფუთავ პროდუქტს. შემდეგ გაყიდი უკეთეს შემთხვევაში. უცხოეთში ხელს არავინ მოგკიდებს კონტრაქტის გარეშე.

თუმცა მე თუ მომწონს ჩემი არჩევანი, ესე იგი, ვხედავ პოტენციალს და რაც მთავარია, კომფორტულია როგორც ბავშვთან, ასევე, მშობელთან და პედაგოგთან ურთიერთობა. ჩემთვის ეს სამი კომპონენტი უმნიშვნელოვანესია წარმატებული პროექტისთვის.
აქვე ვიტყვი, ძალიან მალე შედგება ერთი მრავალმხრივ ნიჭიერი გოგონას დებიუტი. ეს როგორც მისი, ასევე, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის დებიუტიც არის სხვადასხვა კუთხით. საზოგადოებას ძალიან ლამაზი ახალი სიმღერა ელის, რომელიც ცნობილი კომპოზიტორის მიერ არის დაწერილი, კლიპი კი ულამაზესი გამოდის. უკვე ვემზადებით კლიპის პრეზენტაციისთვის, რომელიც ასევე ძალიან ლამაზ ლოკაციაზე გაიმართება, გვეყოლება უცხოელი სტუმრები, ასევე, ქართველი ცნობილი სახეები.
(სპეციალურად საიტისთვის)