ქარიშხალი ჭიქაში, ანუ რა თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა? - კვირის პალიტრა

ქარიშხალი ჭიქაში, ანუ რა თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა?

ორი დღეა არ წყდება მითქმა-მოთქმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის საქართველოში ყოფნისა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე. რა თქვა მინისტრმა, გააფრთხილა თუ არა ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობის თაობაზე?

ამ საკითხის აჟიტირება მას შემდეგ მოხდა, რაც თემას რუსული მედია გამოეხმაურა, უფრო სწორად, განცხადება ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გააკეთა, რასაც ჩვენი სახელისუფლებო ბომონდის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ლუკაშევიჩის თქმით, კარლ ბილდტის გაფრთხილება დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს. "ეს სიტყვები კი ისმის მინისტრისგან, რომელიც ცნობილია, როგორც "არაბული რევოლუციის" მხარდამჭერი. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას. მცდელობა, აპრიორი შეიზღუდოს რეაქცია არჩევნებში დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე, სულ მცირე, შვედი მინისტრის შეხედულებების არათანამიმდევრულობაზე მიუთითებს", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

თავის მხრივ, ამ განცხადებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა: "არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. მინდა პასუხი გავცე მათ: საქართველოში არჩევნები კარგად და დემოკრატიულად ჩატარდება! ისეთ საქართველოში ცხოვრებას ვისურვებდი, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ დაემთხვეოდა საქართველოში ოპოზიციური პარტიების განცხადებებს". თუმცა ძაღლის თავი სულ სხვაგან არის დამარხული, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საერთოდ, თქვა თუ არა კარლ ბილდტმა მსგავსი რამ. ოპოზიციის წარმომადგენლები შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილებას ვერაფრით იხსენებენ.

გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნებისა" და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილისა და კარლ ბილდტის შეხვედრას. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სწორედ ამ შეხვედრაზე გააფრთხილა ოპოზიცია.

- შეხვედრაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კითხვა შეეხებოდა იმას, რომ როდესაც კოალიცია "ქართული ოცნება" ლაპარაკობს საარჩევნო გარემოს პრობლემებსა და იმაზე, რომ მიმდინარე პროცესები არ იძლევა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალებას, რა ფორმებითა და მეთოდებით გეგმავს ოპოზიცია საკუთარი ინტერესებისა და ხმების დაცვას. ამაზე ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა ის, რასაც ამბობს თითქმის ყველა საჯარო შეხვედრისას. უკვე არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" გამოიყენებს ყველა კონსტიტუციურ, კანონიერ, მშვიდობიან უფლებას იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი მომხრე ამომრჩევლის მობილიზება და მოხერხდეს მათი ხმების დაცვა გაყალბებისა და შედეგების არასწორი შეჯამებისგან, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და კანონიერი ფორმებით. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას.

ბატონმა ბიძინამ ამ შეხვედრაზეც რამდენჯერმე ხაზგასმით თქვა, - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე არაკონსტიტუციური და ძალადობრივი მოქმედება ან რაიმე დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯები არ იქნება. ეს იყო საუბრის შინაარსი, არანაირი გაფრთხილება ან დამუქრება ბატონი მინისტრის მხრიდან არ ყოფილა. რაც შეეხება რუსულ მედიაში გავრცელებულ შეფასებებსა და რუსეთის ოფიციოზის წარმომადგენლის განცხადებებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინსა და კრემლს აწყობს საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, იმიტომ, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ახერხებს რუსეთი თავისი ყველა ინტერესის საქართველოში გატარებას. ამიტომაც ამ ტიპის განცხადებებით რუსი მოხელეები სააკაშვილს უქმნიან აჟიოტაჟის შექმნის შესაძლებლობას. ამგვარი რამ აქამდეც არაერთხელ გვინახავს.

- საინფორმაციო სააგენტო "ივერონი" კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის შეხვედრის თაობაზე. ინფორმაცია ეხება იმას, რომ თითქოს ელჩმა შესთავაზა ივანიშვილს დათანხმდეს არჩევნების იმგვარ შედეგს, რომლის მიხედვითაც ბლოკი "ქართული ოცნება" არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებს, ხელისუფლებაში კი დარჩება მმართველი პარტია, მაგრამ არა საკონსტიტუციო უმრავლესობით". სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილმა ამაზე თანხმობა განაცხადა.

- ეს არის მტკნარი სიცრუე. ბატონ ბიძინას და ამერიკის ახალ ელჩს შორის გამართულ პირადი ხასიათის შეხვედრას, ე.წ. არაოფიციალურ ლანჩს, თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა, მაგრამ მსგავსი რამ იქ არ განხილულა და არც შეიძლებოდა, განხილულიყო.

- იქნებ ორი სიტყვით გვითხრათ, რას შეეხებოდა შეხვედრის შინაარსი?

- ეს იყო საქმიანი და გულთბილი საუბარი. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. რაც თქვენ მკითხეთ, მსგავსი რამ რომ არ ყოფილა, ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)