ევროინტეგრაცია საკალათბურთო ენაზე - კვირის პალიტრა

ევროინტეგრაცია საკალათბურთო ენაზე

კალათბურთელთა ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას მოვუსმინოთ:

- მივულოცავ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლას. ეს მეტად მნიშვნელოვანი ამბავია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ქართული კალათბურთისთვის. ნაკრების თითოეულ მოთამაშეს თვე-ნახევრის განმავლობაში თავი არ დაუზოგავს და სასიამოვნოა, რომ შრომა დაგვიფასდა.

როგორც კაპიტნის სიტყვებიდან მიხვდით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობის საგზური მოიპოვა! - ეს ფრაზა შესაძლოა ძახილის ნიშნის გარეშეც დაგვეწერა, მაგრამ კონტინენტის საუკეთესო წარმომადგენლებს შორის მოხვედრა არცთუ ხშირი შემთხვევაა. გავიხსენოთ, სპორტის რომელ გუნდურ სახეობაში გვიასპარეზია ევროპის ჩემპიონატზე? მხოლოდ კალათბურთში, 2011 წელს - ლიტვაში ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ტოპ-ქვეყნების გვერდით საქართველოს დროშაც აფრიალდა და "ჩემი ხატია სამშობლოც" აჟღერდა. სწორედ ამიტომაა საჭირო ძახილის ნიშანი აბზაცის პირველ წინადადებასთან. მაშინ, როცა ევროპასთან ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალათბურთელებმა ეს უკვე შეძლეს - ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ფინალური ეტაპის საგზური და თუ 2011 წელს დიდი ოჯახის სტუმრები იყვნენ, ამჯერად ევროპულ ოჯახში სრულუფლებიან წევრებად ჩაეწერნენ.

***

ბინასა და სიაში ჩაწერა კალმის ერთი ხელის მოსმითაა შესაძლებელი, მაგრამ სპორტი სხვა დატვირთვას მოითხოვს, დიდი შრომის გარეშე დიდი მიზნები არ მიიღწევა. საქართველოს ნაკრებს ურთულესი ბრძოლების გადატანა მოუხდა სლოვენიის გზაზე (ევრობასკეტი-2013 სწორედ იქ გაიმართება). კალათბურთელები ვარჯიშს 2 ივლისიდან შეუდგნენ და ბოლო მატჩი 11 სექტემბერს გამართეს. ამ დროში მათ შვიდი ქვეყანა მოიარეს (ავსტრია, გერმანია, ესტონეთი, ბოსნია, ჰოლანდია, რუმინეთი, ლატვია), ოფიციალური შეხვედრების ჩატარება შინ და გარეთ სამ დღეში ერთხელ უწევდათ. ასეთი რთული გრაფიკი გვერდზე რომ გადავდოთ, იოლი წარმოსადგენია, რა ენერგიაა საჭირო თითოეული მატჩისას.

ქართველმა მოთამაშეებმა გამოცდილებისა და მონდომების წყალობით ყოველგვარი წინააღმდეგობა დაძლიეს და რვიდან ექვსი მატჩი მოიგეს. ეს შედეგი მეორე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. პირველზე გავიდა ბოსნია, რომელსაც ასევე 2 მარცხი დაუგროვდა, თუმცა ჩვენთან ბურთების უკეთესი ბალანსი აღმოაჩნდა: სარაევოში 96:95 მოვიგეთ, თბილისში კი კიდევ უფრო დრამატულ შეხვედრაში ბოსნიელებმა 107:103 გაიმარჯვეს.

მესამე ადგილზე ლატვიის ნაკრები გავიდა და მანაც მოიპოვა ევრობასკეტზე თამაშის უფლება. ამ გუნდთან პირველ შეხვედრაში ჯეიკობ პულენის გადამწყვეტი სამქულიანით 79:76 მოვიგეთ, ხოლო 8 სექტემბერს რიგაში სასწორზე იდო მეორე ადგილის ბედი. ვინც მოიგებდა, მეორეც ის იქნებოდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მეტოქე კარგად შეისწავლა, სწრაფი თამაშისა და სამქულიანებით თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და დინჯი, გააზრებული თამაშით 73:70 გავიმარჯვეთ. თუ ბოსნიასთან თბილისში წაგების მიუხედავად, შეტევაში საუკეთესო თამაში ვუჩვენეთ, ლატვიაში დაცვა იყო მოწოდების სიმაღლეზე.

ჯგუფში მეოთხე ადგილზე ჰოლანდია (2 გამარჯვება) გავიდა, ხოლო მეხუთეზე - რუმინეთი (1 მოგება). ვლახებთან შინაც დამაჯერებლად გავისარჯეთ და სტუმრადაც - 80:64 და 91:74.

საინტერესოა, რომ ნიდერლანდელებმა ორიდან ერთ გამარჯვებას საქართველოსთან მიაღწიეს. ის მატჩი ცუდი მოსაგონარია არა მხოლოდ წაგების გამო, არამედ იმიტომაც, რომ მხრის ტრავმის გამო ვიქტორ სანიკიძემ ვერ ითამაშა. ჰოლანდიამ 91:88 იყოჩაღა.

- მართალია, განმეორებითი შეხვედრა ბევრს არაფერს წყვეტდა, მაგრამ მწარედ გვახსოვდა ალმერეში მარცხი და მოსაგებად არავის არაფერი დაგვიშურებია. დიდი მადლობა ქომაგს, რომელმაც ჩვენს მხარდასაჭერად დარბაზი გაავსო. საოცარი ატმოსფერო იყო. მოხარული ვართ, რომ შესარჩევი ეტაპი ადგილობრივი გულშემატკივრის თვალწინ გამარჯვებით დავასრულეთ", - თქვა ჰოლანდიასთან 97:89 მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ტრავმირებული ზაზა ფაჩულია შეცვალა.

***

ზაზამ ხუთი მატჩი ჩაატარა და ქულათა საშუალო მაჩვენებლით საუკეთესო იყო - 18.6.

მანუჩარ მარკოიშვილმა (8 შეხვედრაში) ყველაზე მეტი, 144 ქულა ჩააგდო. იგი არა მხოლოდ გუნდში, არამედ შესარჩევ ეტაპზე #1 იყო ჩაჭრებში (საშუალოდ 2.9).

ვიქტორ სანიკიძეს საბოლოოდ ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: 13.6 ქულა, 9.1 მოხსნა.

გიორგი ცინცაძემ ნაკრებში 2009 წლის შემდეგ საუკეთესო სეზონი ჩაატარა - 11 ქულა, 5.1 პასი.

ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას მონაგარიც შთამბეჭდავი იყო: 13.7 ქულა, 7.6 მოხსნა.

ამერიკელი ჯეიკობ პულენი საშუალოდ 16.4 ქულას აგროვებდა.

გიორგი შერმადინის მონაგარი 16.9 წუთში 5.1 ქულასა და 4.6 მოხსნას შეადგენდა.

სათამაშო დრო 10 წუთზე ნაკლები ჰქონდათ, მაგრამ ნაკრებს სათანადოდ დაეხმარნენ ნიკა მეტრეველი, ლევან ფაცაცია, ანატოლი ბოისა, ბესიკ ლეჟავა და რიჩარდ მათიაშვილი.

***

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში მომავალი წლის 4 სექტემბერს დაიწყება. მონაწილე 24 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც სამ-სამი გავა მეორე ეტაპზე, სადაც 12 ნაკრები ორ ჯგუფად განაწილდება. მეოთხედფინალის საგზურს ოთხ-ოთხი საუკეთესო მიიღებს. შემდეგ იქნება ნახევარფინალები და ფინალი. აი, ევრობასკეტის მონაწილეთა სრული სია: ესპანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, საბერძნეთი, სლოვენია, ჩერნოგორია, გერმანია, ხორვატია, იტალია, ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, საქართველო, ლატვია, თურქეთი, ისრაელი, ბელგია, ჩეხეთი, სერბეთი, შვედეთი.

იხილეთ ვიდეორეპორტჟები: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდიაზე რევანში აიღო - 97:89

ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტის საგზური მოიპოვეს

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)