ძნელია ქართველობა - კვირის პალიტრა

ძნელია ქართველობა

ნაცნობობით, ახლობლობით, "ბლატით" საქმის გაკეთებას, "ჩაწყობას", ცივილიზებულ, "მეცნიერულ" ენაზე ნეპოტიზმი ეწოდება.

სწორედ ნეპოტიზმი იყო ერთ-ერთი მთავარი მანკიერება იმ საქართველოში, რომელიც კორუფციის ჭაობში იხრჩობოდა, სანამ "ვარდყვავილოვანი" ხელისუფლება მოვიდოდა და ამოგვათრევდა ამ ჭაობიდან.

ამიტომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, როდესაც ჩემდა უნებურად, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატთან ძველი ნაცნობობის გამო, ჩემს მეზობლებთან შედარებით "პრივილეგირებულ" მდგომარეობაში აღმოვჩნდი - "კორპუსის კოორდინატორმა" (ახლა არ მკითხოთ, ეგ ვინ არისო) მითხრა, ჩემს "დავთარში" შენზე აღარ ჩავწერ, რომ სახლიდან გამაგდე, როდესაც პირადობის მოწმობა და ხელმოწერით დადასტურება გთხოვე "ნაცმოსთვის" ხმის მიცემაზე, არამედ დავწერ, რომ სახლში არ დამხვდიო...

ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით: დიდ დიღომში (რომელიც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, საბურთალოს რაიონს მიეკუთვნება), სადაც თქვენი მონა-მორჩილი ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ, ეზო-ეზო ჩამოიარა მაჟორიტარობის კანდიდატმა (ყოფილმა მინისტრმა და თავის პოლიტიკურ გუნდში წესიერებით გამორჩეულ თითებზე ჩამოსათვლელთაგან ერთ-ერთმა) და მე სწორედ ამ დროს დავბრუნდი შინ. ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც მე ასი წელია ვიცნობ (იმ დროიდან, როდესაც არც ის იყო მინისტრი და არც მე - პროვოკატორი, არამედ ორივენი წესიერი ადამიანები ვიყავით), დამინახა, გადავკოცნეთ ერთმანეთი, მოვიკითხეთ, არ ვიცოდი, ახლა აქ თუ ცხოვრობდიო, გამიხარდა შენი ნახვაო (მეც გამიხარდა, მართლა არ არის ურიგო ბიჭი, უბრალოდ, ცუდ წრეშია მოხვედრილი) და ავედი შინ, აღარ დავრჩენილვარ.

აი, რომ ავედი, სწორედ მაგიტომ ვარ ცუდი მოქალაქე და საერთოდ, ქართველობა არის ძნელი: როდესაც ჩვენს გულითად საუბარს ისმენდა, უნდა გენახათ იმ ქალბატონის ჯერ გაოცებული, შემდეგ კი შეშინებული თვალები, რომელსაც საკმაოდ უხეშად ველაპარაკე, როდესაც რამდენიმე დღით ადრე ლამის კატეგორიულად მთხოვდა, ჩემი მომავალი არჩევანი წერილობით დამედასტურებინა მის სიაში და ხელიც მომეწერა - შემეცოდა! იმიტომ, რომ ქართველი ვარ და სწორედაც ცუდი მოქალაქე, დანარჩენი ქართველების უმრავლესობასავით... წესით, იქვე, მაშინვე უნდა მეთქვა იმ ჩემი ძველი ნაცნობისთვის, რომ მათი ე.წ. კოორდინატორები უმსგავსოდ იქცევიან (ცხადია, უჩემოდაც ეცოდინება) და უნდა მეკითხა, საერთოდ რაში უხდიან მათ ხელფასს? მაგრამ ის შემეცოდა, ამისი მომერიდა და წავედი...

სამაგიეროდ, როგორც გითხარით, "დამიფასდა" (უკვე ვნახე ის "სარგებელი", ხალხმა რომ "მეტი სარგებელი" უნდა მიიღოს): თურმე ნუ იტყვით და ამ "ყველგანმავალ" კოორდინატორებს იმის მოხსენებაც ევალებათ "ზემოთ", თუ ვინ დაესწრო კანდიდატთან შეხვედრას, ხოლო "არგამოცხადებულთაგან" ვის ჰქონდა საპატიო მიზეზი და ვინ - "ბოროტად იჯდა სახლში და "ოცნებაზე" ოცნებობდა"!

ჰოდა, ავცდი რეპრესიებს ნეპოტიზმის წყალობით - უკვე მითხრა სანდო წყარომ, რომ ჩემზე სამეზობლოში "გაბაზრებულა": ეს ყოფილა ვინც ყოფილა და ყველაფერს რომ აკრიტიკებს, ეგ მაგის "მასკიროვკააო"! კარგია, ეგონოთ, რა იცი, რა ხდება...

ისე, ხუმრობა იქით იყოს და ეს ამბავი მისხალ-მისხალ სიმართლეა და მმართველგუნდელებო, არ გრცხვენიათ?! ჯერ იმის რატომ არ გრცხვენიათ, რომ ეს ყველაფერი მართალია და მერე იმისი, რომ არჩევნების მოგებას, სხვა მამაძაღლობებთან ერთად, ამ საწყალი, მშიერი ოჯახებისთვის (თქვენგან დამშეული) ორიოდე ლუკმის მისამატებლად უკადრისის მკადრებელი ხნიერი ქალების გამოყენებით გეგმავთ?!

ძნელია ქართველობა, ძნელი...

ძალიან გამაბრაზა და დამაფიქრა ამ ამბავმა და მკითხველს ბოდიში უნდა მოვუხადო, რომ ამ კერძო შემთხვევის გამო სხვა რამისთვის ადგილი აღარ დარჩა - "ნაციონალების" თერთმეტ ქალაქში გაშლილი ყრილობიდან დაწყებული და "მაესტროს" ანტენების უცნაური "გაცოცხლებით" დამთავრებული. არა უშავს, მომავალ ნომერში ვისაუბროთ, ან რადიო "პალიტრაში" მისმინეთ ყოველდღე, ხუთსაათიანი საინფორმაციოს შემდეგ...

P.S. ერთი მაინც უნდა ვთქვა: დიდი ამბავი ატყდა, "ნაციონალების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, მამა-ახალაიამ ელემენტარული ტერმინები არ იცის: "მე დებატებს ხალხთან ვმართავ" და "ჩემი ოპონენტი ხალხიაო" - ასე თქვაო!..

გეთანხმებით, სასაცილოა, როდესაც იურისტსა და სამხარეო პროკურორს "დებატები" - "ჭუკჭუკი" ჰგონია, ხოლო "ოპონენტი" - მხარდამჭერი, მაგრამ ვინც ამაზე ამბავი ატეხა, იმათზეც გავბრაზდი: აქამდე არავის უთქვამს, რომ მაგ პარტიაში ერთიც არ გამოჩნდა ქართულის წესიერად მცოდნე, რომ მათი მთავარი ლოზუნგი შეესწორებინა და ახალაიას რას ერჩით? - "მეტი სარგებელი ხალხს!" უწიგნურო "ნაციონალებო" (სხვათა შორის, "ნაციონალური" - ეროვნულს ნიშნავს), "სარგებელი" ნიშნავს რაიმე დაბანდებიდან ან გასესხებული ფულიდან სარგებლის, "პროცენტის" მიღებას, ხოლო რასაც თქვენ გულისხმობთ, მაგას "სარგებლობა" ეწოდება.