"ასპარეზობიდან რომ გამოვედი, პირველი დედას დავურეკე, ისეთ განცდებში ვიყავი, არც დამინახავს, თუ ვიდეოს მიღებდნენ... საქართველოში დაბრუნებისთანავე კი პი - კვირის პალიტრა

"ასპარეზობიდან რომ გამოვედი, პირველი დედას დავურეკე, ისეთ განცდებში ვიყავი, არც დამინახავს, თუ ვიდეოს მიღებდნენ... საქართველოში დაბრუნებისთანავე კი პირველი ნუგზარ წურწუმიას საფლავზე გავედი, საჩემპიონო ქამარი მას მივუძღვენი"

"ვიდეოს ვინც იღებდა, ის ჩემ უკან იდგა, ისეთ განცდებში ვიყავი. არც დამინახავს"

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ვახტანგ ლოლუამ (55 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. 18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელი ახმადი ბალუტაკი 9:7 დაამარცხა. ის ამ შედეგით ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში.

- ვახო, 2025 წელი თქვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ჯერ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდით, ახლახან კი - მსოფლიო ჩემპიონი. 18 წლის ასაკში, ასეთი დიდი წარმატება რა განცდაა?

- იმასთან ერთად, რომ ძალიან გახარებული ვარ, უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. როცა წარმატებას მიაღწევ, შემდეგ გულშემატკივრები შენგან უფრო მეტს და მეტს ითხოვენ, გამარჯვების გარდა სხვა შედეგი არ განიხილება. საქართველოში რომ დავბრუნდით, აეროპორტში უამრავი ადამიანი დაგვხვდა, რამაც შემდეგი ასპარეზობებისთვის უდიდესი სტიმული მომცა. იმედია, მომავალ ჩემპიონატებზე ქართველი გულშემატკივრების გახარებას არაერთხელ შევძლებ, სამშობლოში ყოველთვის გამარჯვებული დავბრუნდები.

- დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, პირველი ხართ, ვინც მსოფლიო ჩემპიონი 18 წლის ასაკში გახდით.

- დიახ, ასეა. შეჯიბრებაზე რომ გავდიოდი, მწვრთნელებმა მითხრეს, არ მეფიქრა, არც წაგებაზე, არც მოგებაზე, მომეხდინა საკუთარი ძალების მობილიზება, ბოლომდე დავხარჯულიყავი. ასეც მოვიქეცი, მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენე და დღეს მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ჩემს წარმატებაში

- ასპარეზობის შემდეგ, პირველი ზარი დედასთან გქონდათ, სიხარულის ცრემლებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს ნახვა ემოციის გარეშე შეუძლებელი იყო. იცოდით, რომ გიღებდნენ?

- არ ვიცოდი, ვიდეოს ვინც იღებდა, ის ჩემ უკან იდგა და ისეთ განცდებში ვიყავი, არც დამინახავს. ასპარეზობიდან რომ გამოვედი, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, დედას დავურეკე, დანარჩენი თქვენც ნახეთ.

- ყოველთვის დედას ურეკავთ?

- დიახ, ვიცოდი, რომ დედა ძალიან ნერვიულობდა და მინდოდა, გამეხარებინა. ის ჩემს ასპარეზობებს აქამდე ვერც უყურებდა, არ შეეძლო. მადლობა ჩემს მშობლებს ყველაფრისთვის, ვეცდები, მათი იმედები გავამართლო.

- როგორი იყო პირველი ნაბიჯები ძიუდოში, ამ სპორტმა რით მოგხიბლათ?

- ჭიდაობაზე მამამ და ნათლიამ მიმიყვანეს, 9 წლის ბავშვი ვიყავი, ზუსტად 9 წელია ვვარჯიშობ ამ სპორტში და ვვითარდები. უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული. ბავშვობაში ძიუდოისტობაზე არ ვოცნებობდი, ფეხბურთელობა უფრო მინდოდა, მაგრამ ვარჯიში რომ დავიწყე, ისე მომეწონა, გადავწყვიტე ბოლომდე გავყოლოდი.

ჩემი ხასიათის სპორტია.

- ანუ?

- მებრძოლი სული უნდა გქონდეს. ბრძოლა ყველ სპორტს სჭირდება, მაგრამ ჭიდაობაში ხასიათი იმარჯვებს. ფიზიკური მომზადება არაფერია ფსიქოლოგიურად თუ არ ხარ ძლიერი. ჭიდაობა ქართველების სპორტია.

- პირველი დიდი გამარჯვების სიხარული, როდის გქონდათ?

- 2021 წელს, 15 წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ასპარეზობა 13 წლის ასაკში. მადლობა უფალს! იმის შემდეგ ყველა შეჯიბრებიდან სამშობლოში მედლით ვბრუნდები.

- ვინ გაძლიერებთ, სტიმულს ვინ გაძლევთ?

- ოჯახის წევრები და მწვრთნელები. ჩემი ცხოვრების ნახევარს ოჯახში ვატარებ, ნახევარს - დარბაზში. ან დარბაზში ვარ ან სახლში, სხვაგან - არსად. პირადი მწვრთნელები: სურაჯი გვასალია, ბაკური ბუკია და მამუკა ყორშია არიან, სპორტში ამ ადამიანების გაზრდილი ვარ. შეჯიბრებაზე გასვლის წინა პერიოდში, დღეში 2-ჯერ ვვარჯიშობ, ჯამში 4 საათი. საღამოს 11-ის ნახევარზე ყოველთვის ვიძინებ. ამ რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია.

იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიოს წინაშე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ, დიდი ძალით და გამარჯვების ჟინით გავსებს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ დროს მნიშვნელოვანია, შენი თავის რწმენა გქონდეს. სხვაგვარად მოწინააღმდეგეს ისე ვერ შეხვდები, როგორც საჭიროა.

- ტატამიზე როგორი ხართ, საკუთარ თავს როგორც მოჭიდავეს, დაახასიათებთ?

- შემტევი, აგრესიული, უხეშიც... იქ მოწინააღმდეგის დანდობა, შეცოდება არ შეიძლება. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ასპარეზობიდან გამოსვლის შემდეგ, არ უნდა მქონდეს ფიქრი, ნეტავ, ეს რატომ არ გავაკეთე?

- რეალურ ცხოვრებაში როგორი ხართ?

- მხიარული, მიზანდასახული, პოზიტიური ადამიანი ვარ. საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია. როგორიც ტატამიზე ვარ, ისეთი ცხოვრებაში ნამდვილად არ ვარ.

- შეყვარებული ხართ?

- არა. დროც არ მაქვს, გოგოს ყურადღება რომ მივაქციო.

- დასვენებაში, სტრესის მოხსნაში ყველაზე მეტად რა გეხმარებათ?

- მუსიკას ხშირად ვუსმენ, კარგი და დიდი სამეგობრო მყავს, მათთან ურთიერთობას ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ისეთი დოზით ვერ ვახერხებ, როგორც სურვილი მაქვს. მეგობრებს ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. საღამოს მათთან ერთად თუ ვარ და ჩემი ძილის დრო ახლოვდება, მეუბნებიან, რეჟიმი არ დავარღვიო. ისინი მგულშემატკივრობენ და მაძლიერებენ. მადლობა მათ, თითოეულის არსებობა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მახარებს. ახლა დასვენების პერიოდი მაქვს, ხობში ვარ და მათთან ერთად დიდ დროს ვატარებ. სკოლა წელს დავამთავრე, მაგრამ ვიყავი მისული, ჩემი პედაგოგები, მეგობრები, ნათესავები ყველანი მოვინახულე, მონატრებულები მყავდნენ, ლამის მთელი წელი უცხოეთში შეკრებაზე ვიყავი.

- ახლა თქვენი სპორტული მიზანი რა არის?

- ოლიმპიური ჩემპიონობა. ამაზე დიდი სპორტში ხომ არაფერია. 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ვაპირებ გადასვლას, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელები ერთობლივად მიიღებენ.

- თქვენს წონაში საქართველოს ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში არც ჰყავდა, არა?

- დიახ, 2019 წელს ჩემი მეგობარი ნუგზარ წურწუმია გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მანამდე ბერძნულ-რომაულში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პაუზა იყო.

- "რას გავაკეთებ პირველს საქართველოში დაბრუნების შემდეგ? საჩემპიონო ქამარს ამ წონის მთავარი ფავორიტისა და მსოფლიოს ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას საფლავზე ავიტან, რათა მისმა სულმა იქ გაიხაროს", - ეს თქვენი სიტყვებია. შეასრულეთ?

- საქართველოში დაბრუნებისთანავე, პირველი ნუგზარის საფლავზე გავედი. ჩემი ყველა გამარჯვება მას ეძღვნება. სანამ ჭიდაობას დავიწყებდი ნუგოს წარმატებების ამბები სულ მესმოდა და მახარებდა. ვარჯიში რომ დავიწყე, მეც მინდოდა, მასავით მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი. ნუგო დარბაზში რომ მოდიოდა, ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო, ხშირად მეჭიდავებოდა, თავისებურად მავარჯიშებდა და სულ მეუბნებოდა, შენ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებიო. მისი წინასწარმეტყველება ახდა. ნუგო იმდენად დიდი ადამიანი იყო, არასდროს დავივიწყებ. როგორ დავახასიათებ? ძალიან ზრდილობიანი, მზრუნველი, ყურადღებიანი, თბილი... ზოგიერთი დიდ წარმატებას რომ აღწევს, ეს ცუდად აისახება ხოლმე, ნუგო საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო.

- ვახო, თუ გაქვს რიტუალი, ტრადიცია, რომელსაც ტატამიზე ყოველი გასვლის წინ ასრულებთ.

- ყოველთვის ვლოცულობ და საჭიდაოდ ისე გავდივარ, ლოცვა მაძლიერებს.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ოლიმპიური ოქროც მალე მოგველოცოს!

- უღრმესი მადლობა "კვირის პალიტრას"!

თამუნა კვინიკაძე

(სპეციალურად საიტისთვის)