„დღეს რუსეთი უფრო საშიშია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო“ - კვირის პალიტრა

„დღეს რუსეთი უფრო საშიშია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო“

"ესკალაციის ახალი ეტაპი იწყება" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში უკრაინისთვის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების, მათ შორის Tomahawk-ისა და Barracuda-ს გადაცემის საკითხი განიხილეს.

"ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის თვისებრივად ახალი ეტაპი იქნება, მათ შორის რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში", - განაცხადა პუტინმა.

ფრთოსანი რაკეტები პუტინის აფორიაქების ერთადერთი მიზეზი არ არის - ვაშინგტონი მზად არის კიევს გადასცეს სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის, და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი ამბობს, რომ უკრაინას უკვე აქვს ნებართვა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე. რა გამოწვევებს შეუქმნის მოსკოვს ვაშინგტონში­ მიღებული გადაწყვეტილება? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების ანალიტიკოსი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე­ უპასუხებს.

- ამ ეტაპზე გვაქვს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი - უკრაინას ამერიკული იარაღის შორ მანძილზე გამოყენების ნებართვა მისცეს; მეორე - თავად იარაღის მიწოდება უკვე განიხილება და მესამე - სამიზნეებს კონკრეტულ კოორდინატებს უკვე გადასცემენ. ეს ყველაფერი ქმნის წარმოდგენას, რომ უკრაინის ოპერაციები უფრო მეტად იქნება მიმართული რუსეთის მომარაგების ხაზების მოშლაზე. რუსეთისთვის ეს საკითხი ისედაც მძიმეა, იმიტომ, რომ ფრონტზე თითქმის 700 000 სამხედრო ჰყავს, ასეთი მასშტაბის არმიის მომარაგება კი ასეულობით კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ძალიან რთული იქნება, განსაკუთრებით საწვავის მიწოდება, რომელიც აუცილებელია როგორც მძიმე ტექნიკის, ისე ტრანსპორტის მუშაობისთვის.

ამასთან, რუსეთის ინიციატივით ევრაზიის კავშირის ქვეყნებში იანვრის ბოლომდე ბენზინის გადაზიდვა საბაჟოს გარეშეა ნებადართული. ეს ფაქტი მიუთითებს,­ რომ რუსეთს უკვე აქვს დიდი პრობლემა­ საწვავის მიწოდებაში, რაც დამატებით გამოწვევებს უქმნის სამხედრო ოპერაციების ჩატარებას.

- ალბათ, ამ კონტექსტში საინტერესოა დიდი შვიდეულის ფინანსური მინისტრების განცხადებაც, რომ განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების სრული ღირებულების გამოყენებას ომის დასაფინანსებლად. რეალურია ეს?

- ფინანსური მინისტრების ეს განცხადებები მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც ამ პროცესთან იყო დაკავშირებული, თანდათანობით ირღვევა. ძირითადად, შიში იმაში მდგომარეობდა, რომ თუ დასავლეთი ამ აქტივებს უკრაინის სასარგებლოდ ჩამოართმევდა რუსეთს, მაშინ საფრთხე შეექმნებოდა ფინანსური ინსტიტუტების სანდოობას და ინვესტორები ფულს დასავლურ ბანკებში აღარ შეინახავდნენ. თუმცა სიმართლე ის არის, რომ ევროპა და დასავლეთი თვითონაც დიდი ხნის განმავლობაში აძლევდნენ სივრცეს კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს, რომ თავიანთი კაპიტალი აქ დაემალათ. ჩვენ რომ გვგონია, ჩინოვნიკები ქონებას ოფშორულ ზონებში მალავენ, რეალურად ამ თანხების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებში ინახება, როგორიცაა შვეიცარია, ლიხტენშტაინი და სხვები. დიდი კაპიტალია თავმოყრილი ევროპულ ბანკებში. ეს, ერთი მხრივ, ეკონომიკისთვის კარგია, მაგრამ თუ სანდოობას ბზარი გაუჩნდება, მაშინ ამ ჯგუფებს ფულის სხვაგან გადატანა მოუწევთ. ლაპარაკია არა მილიონებზე, არამედ მილიარდებზე, ზოგ შემთხვევაში ასეულ მილიარდზეც. კორუფციული სკანდალების დროს ხშირად ირკვევა, რომ ეს რიცხვები მართლაც ასტრონომიულია.

- მაგრამ პუტინი ამბობს, რომ რუსეთის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, რუსები იბრძვიან და გაიმარჯვებენ.

- ეგ განცხადება პროპაგანდისტული ნარატივია, თუმცა

რუსეთს შეუძლია ომი წლების განმავლობაში გააგრძელოს თითქმის იმავე ინტენსივობით. ამერიკისა და დასავლეთის ნაბიჯები ვერ იძლევა სწრაფი დასრულების გარანტიას.

ომი სტატიკური პროცესი არ არის, ორივე მხარე მუდმივად ცდილობს ადაპტაციას: უკრაინა ცდილობს რუსულ მომარაგებაზე ზეწოლას, რუსეთი კი ყველაფერს აკეთებს მის დასაცავად. რუს სამხედროებს კარგად ესმით ლოგისტიკის მნიშვნელობა და აუცილებლად მიიღებენ საპასუხო ზომებს. ბოლო დროს განსაკუთრებით სახიფათო გახდა ენერგოობიექტებზე შეტევები.

chernobylplant-1759673395.jpg

უკრაინა აზიანებს რუსეთის ნავთობის სექტორს, ხოლო რუსეთი - უკრაინის ენერგოსისტემას. განსაკუთრებით სარისკოა ჩერნობილის ზონა, იქ უკვე დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა. არის საფრთხე, რომ ენერგომომარაგების ხაზების დაზიანებამ შეიძლება რადიაციული ინციდენტიც გამოიწვიოს. ბირთვული იარაღის პირდაპირი გამოყენება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს კატასტროფა იქნება ყველასთვის, უპირველესად თავად რუსეთისთვის. მაგრამ უფრო რეალურია ირიბი გზებით, ენერგომომარაგების მოშლით საბრძოლო ვითარების შეცვლა.

რაც შეეხება უფრო ფართო სურათს: რუსეთს არა აქვს ძალა გლობალურად დაუპირისპირდეს ნატოს. ომმა ქვეყანა ვერ გააძლიერა, პირიქით, შეასუსტა. მილიონზე მეტი კაცი დაკარგეს, ბევრი ინტელექტუალურად და ეკონომიკურად აქტიური მოქალაქე ქვეყნიდან წავიდა. მსგავსი მდგომარეობაა უკრაინაშიც, აქტიური ნაწილი ან ფრონტზეა, ან უცხოეთში.

- თქვენი აზრით, დმიტრი მედვედევის ის განცხადებაც პროპაგანდის ნაწილია, სადაც ირწმუნება, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფრებიც კი უძლურია? ასევე საინტერესოა, მედვედევის ამ განცხადებას გულისხმობდა თუ არა ტრამპი, როდესაც თქვა: "ბოლო ხანს რუსეთი ცოტათი დაგვემუქრა და მე გავგზავნე ბირთვული წყალქვეშა გემი, ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი, რაც კი აქამდე შექმნილა,­ ნომერი პირველი. ჩვენ 25 წლით ვუსწრებთ რუსეთსა და ჩინეთს წყალქვეშა გემებში. რუსეთი მეორეა, ჩინეთი - მესამე. თუმცა ისინი მოიწევენ, მოიწევენ. 5 წელიწადში გათანაბრდებიან". მედვედევის განცხადებაც პროპაგანდის ნაწილია, ტრამპის რეაქცია კი სიმბოლური პასუხი თუ საქმე ძალის დემონსტრირებასთან გვაქვს?

- მედვედევს პერიოდულად ახასიათებს ატომური იარაღით დამუქრება. ამ მხრივ მისი რიტორიკა ძალიან ჰგავს ბორის ელცინის სტილს, როცა ის ბილ კლინტონს ატომური იარაღით აშინებდა.

სხვათა შორის, ხშირად ამბობენ, რომ მედვედევი, ელცინის მსგავსად, ალკოჰოლთან მეგობრობს. რაც შეეხება ტრამპს, მან მთვრალი რუსი პოლიტიკოსის ბირთვული მუქარა ძალიან კარგად გამოიყენა იმისათვის, რომ ძალა ეჩვენებინა რუსეთისა და ჩინეთისთვის. ტრამპმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკა მზად არის ნებისმიერ დროს გამოიყენოს ატომური წყალქვეშა ნავები, იქნება ეს პირველი დარტყმა თუ საპასუხო შურისძიება.

- ცოტა ხნის წინ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ - სამხედრო სამსახურში 135 000 მოქალაქეს გაიწვევენ. ახლა, როცა ქვეყანა დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, გაუძლებს კი რუსეთი ამ ახალ გამოწვევას?

- რუსი ხალხი ყველაფერს აიტანს. რუსეთისთვის, ისევე როგორც მისი პოლიტიკური ელიტისთვის, მილიონიანი მსხვერპლიც არაფერია. მობილიზაცია სეზონურად კი არა, პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობს და ხალხი ამასაც იტანს. ამ ომის გამო არც პუტინის რეიტინგი დაცემულა და არც ხალხს შესცვლია განწყობა. ბევრმა დატოვა რუსეთი და ბევრს ეგონა, რომ ეს იყო პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ხალხი. სინამდვილეში მათი უმრავლესობა ქვეყნიდან გავიდა არა პოლიტიკური პროტესტის გამო, არამედ იმიტომ, რომ სანქციების გამო კაპიტალი და ბიზნესი ვერ შეინარჩუნეს. მათ თვითონ არ უნდათ ფრონტზე ყოფნა, მაგრამ იდეურად არ არიან ომის წინააღმდეგი, პირიქით, ბევრს გაუხარდებოდა, რუსეთს რომ მთლიანად დაეპყრო უკრაინა და ჩვენც ზედ მივეყოლებინეთ.

აქედან გამომდინარე, რუსეთში დარჩენილ და რუსეთიდან გაქცეულ ხალხსაც ერთი რამ აერთიანებს: რუსეთი უნდა იყოს იმპერია. ომი და მეზობლების დაწიოკება მათთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს შეიძლება მომავალში პრობლემად გადაიქცეს თავად რუსული პოლიტელიტისთვის. თუ რუსეთი დამარცხდება, შეიძლება განმეორდეს პირველი მსოფლიო ომის სურათი, როცა ქვეყანა გამარჯვებულ კოალიციაში იყო, მაგრამ შინაგანად დამარცხდა. ასეთ შემთხვევაში საფრთხე ელიტას ნამდვილად დაემუქრება. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რუსეთი ოდესმე გადაიქცევა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოდ. ნიკოლოზ მეორის შემდეგ რუსეთი მშვიდობიანი გახდა? როგორც ნიკოლოზი ჩაანაცვლა ლენინმა, ასევე ჩაანაცვლა ელცინი პუტინმა. დიდი ალბათობით, მის შემდეგ მოვა უფრო აგრესიული ლიდერი. რუსეთის ისტორია გვაჩვენებს, რომ ხელისუფლების ცვლილება რეჟიმს არ ცვლის.

- სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი არ იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ რუსეთს უსახო მეომრებისგან შემდგარი არმია ჰყავს, რომელსაც ციფრულ ბოტებს ეძახიან. ანალიტიკოსების ეს ნაწილი მიიჩნევს, უკრაინასთან ომმა რუსულ არმიას გამოცდილება შესძინა და გააძლიერა კიდეც.

- რუსულმა არმიამ უკრაინის ომში გამოცდილება კი მიიღო, მაგრამ თავად რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ძალიან დასუსტდა. ქვეყნის ძალა მხოლოდ სამხედრო კომპონენტით არ იზომება. ძლიერი სახელმწიფო გულისხმობს განვითარებულ ეკონომიკას, გამართულ განათლების სისტემასა და ტექნოლოგიურ პროგრესს. რუსეთს შეუძლია დიდი რაოდენობით ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება და საზარბაზნე ხორცად ქცევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალურად ძლიერია. კი, რუსეთი ახერხებს ადაპტაციას, მაგრამ თუ ამერიკის მსგავსად საექსპედიციო კორპუსს ვერ გზავნი საზღვარგარეთ, ომი შენს განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. სინამდვილეში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ბევრი მიმართულებით უკან დაიხია. ამიტომაც ეს ადაპტაცია რუსეთს ძლიერად კი არა, საში­შად აქცევს. დღეს რუსეთი უფრო საშიშია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო. მეტსაც გეტყვით: თუ რუსეთი სტრატეგიული დამარცხებისკენ წავა, საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. შეგახსენებთ პუტინის წლების წინანდელ განცხადებას: "მიმიფურთხებია იმ სამყაროსთვის, სადაც რუსეთი არ იქნება. ჩვენ, როგორც წამებულები, ზეცაში მოვხვდებით, სხვები კი უბრალოდ განადგურდებიან", - ეს მისი სიტყვებია, როდესაც ბირთვულ იარაღზე საუბრობდა. თუმცა საინტერესოა, რომ ამ ფონზეც შეინიშნება უკან დახევის ნიშნები: პუტინი საუბრობს სტრატეგიული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე და აცხადებს მზადყოფნას, ამ საკითხზე ითანამშრომლოს დასავლეთთან.

ხათუნა ბახტურიძე