"რუსები იმდენს იზამენ, ევროპა ბირთვული იარაღით გადაიარაღდება“
ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც პენტაგონსა და სადაზვერვო სააგენტოებს ავალდებულებს, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების იდენტიფიკაციასა და შეტევაში. აშშ-ის ოფიციალური პირები ნატოს მოკავშირეებსაც მოუწოდებენ, ასეთივე მხარდაჭერა გაუწიონ კიევს.
გარდა ამისა, აშშ განიხილავს უკრაინისთვის „თომაჰაწკ“-ისა და „Bარრაცუდა“-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების, ასევე სხვა ამერიკული წარმოების სახმელეთო და საჰაერო ბაზირების შეტევითი რაკეტების მიწოდებას, რომლებსაც მოქმედების დისტანცია დაახლოებით 800 კმ-ზე მეტი აქვთ. ანალიტიკოსების აზრით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც მიუთითებს აშშ-ის მზაობაზე, გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის ცდები უშედეგო აღმოჩნდა.
ვახტანგ კაპანაძე, გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი:
- ფაქტობრივად, გააქტიურდა ის ფორმულა, რომელზეც იყო საუბარი - ამერიკული იარაღი ევროპული ფულით, უკრაინის მოთხოვნით. პუტინის პოზიციამ, უუნარობამ, გამოეყენებინა ტრამპის პოზიტიური განწყობები, გამოიწვია ის, რომ ტრამპი ხვდება, ნობელის მშვიდობის პრემიასა და მას შორის პუტინი დგას. ამის გარდა, ტრამპმა დაინახა, რომ უკრაინა ამერიკული "ტომაჰავკების" გარეშეც ახერხებს რუსეთზე დარტყმებს. კი ბატონო, "ტომაჰავკი" მძლავრი და ძალიან კარგი იარაღია, მაგრამ უკრაინამ თავისი იარაღი გამოუშვა - შორ მანძილზე მოქმედი "ფლამინგო" (3000 კმ-მდე), რომელსაც ორჯერ მეტი მუხტის გადატანა შეუძლია, ვიდრე "ტომაჰავკს"; S-200-ები, რომლებსაც 1000 კმ-მდე შეუძლიათ ფრენა; "გრძელი ნეპტუნი", რომელიც 2000 კმ-მდე მიფრინავს და ა.შ. ასე რომ, ტრამპი მიხვდა, ჯობს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა და არ გადგეს განზე.
- რა იქნება ტრამპის ამ გადაწყვეტილებების შემდეგ?
- გავიხსენოთ პუტინის შეხვედრა ტრამპთან ალასკაზე, შემდეგ პუტინის ვიზიტი ჩინეთში... ამ ვიზიტების შემდეგ პუტინის რიტორიკა აბსოლუტურად შეიცვალა, უფრო აგრესიული გახდა უკრაინის მიმართ, თითქოსდა იმედი მიეცა, ომის გაგრძელების ენერგიით აღივსო. ამდენად, არ არის გამორიცხული, პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე ძნელად წამოვიდეს. შემდეგი ნაბიჯია ტრამპის მოქმედებები, მაგრამ ჯერ ერთი, სანამ ეს იარაღი მივა უკრაინამდე, ამას პატარა დრო არ უნდა. მას ათვისება, მომზადება, შესაბამისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება. ახლა ამერიკაში "შათ დაუნია" (ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება) და მიწოდებების დაჩქარებას შეიძლება ამანაც შეუშალოს ხელი, ვინაიდან უამრავი სახელმწიფო უწყებაა გაჩერებული. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ტრამპი უკრაინას "ტომაჰავკებს" გაუგზავნის, დიდი დრო გავა. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი შეიარაღება იქნება. ამასთან, უკრაინა არ არის მარტო აშშ-ზე დამოკიდებული. ბრიტანელების "ტაიგერ შარკი" გზაშია და დღე-დღეზე უკრაინაში იქნება. ეს არის ზემძლავრი რაკეტა-დრონი, რომელიც 250 კმ-მდე მიფრინავს. რაც მთავარია, მსგავსი ტიპის იარაღი ძალიან იაფია, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის (ფასი 67.000 დოლარია). ამას გარდა, ახლა ბრიტანელები იმავე ბაზაზე ამზადებენ იმავე ტიპის რაკეტას, ოღონდ ის 650 კმ მანძილზე იფრენს და 300 კგ ასაფეთქებელს გადაიტანს. ასე რომ, უკრაინა იარაღდება. ის ახლა ტექნოლოგიურად გაცილებით ძლიერია რუსეთზე (არ ვგულისხმობ რაოდენობას, არამედ ხარისხობრივად). ეს ჩანს კიდეც ბრძოლის ველზე.
- უკრაინული დრონების რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე შეტევამ რუსეთში საწვავის ბაზარზე კრიზისი გააჩინა, რუსეთის 20-ზე მეტი მსხვილი ქარხანა დაზარალდა, რომელთა აღდგენას წლები თუ არა, თვეები მაინც დასჭირდება. განსაკუთრებით დასავლეთის სანქციების გამო, რაც სათადარიგო ნაწილების შეძენას ართულებს. ამ კრიზისის დაძლევა შეუძლია რუსეთს?
- რუსეთში კრიზისი დაიწყო... არის მოსაზრება, რომ რუსებმა ჩინეთს მიჰყიდონ ნავთობი და იქიდან გადამუშავებული საწვავი (ბენზინი) იყიდონ, ვინაიდან თვითონ ვერ ამუშავებენ. ეს საწვავი გაცილებით ძვირად შევა რუსეთში და სოციალურ დაძაბულობას გაზრდის.
წარმოიდგინეთ, რუსეთის მოქმედებების დინამიკა - სტატისტიკური გათვლებით, ივნისში რუსების წინ წაწევის ტემპი იყო 565 კვკმ, აგვისტოში - 455 კვკმ, სექტემბერში მხოლოდ 225 კვკმ - ტემპის დინამიკა დაბლა წამოვიდა. მარტში მხოლოდ 135 კვკმ იყო, რაც აჩვენებს, რომ რუსები ძალიან არიან დამოკიდებული რელიეფსა და ამინდზე. ახლა შემოდგომაა, დაიწყება ცუდი ამინდები, წვიმები, ისევ იქნება სტაგნაცია ნულოვან ხაზზე, ე.წ. დაპირისპირების ზოლში. თუკი მანამდე ცეცხლი არ შეწყდა, ალბათ, რუსეთი მოემზადება გაზაფხულის კამპანიისთვის.
რუსეთს ამ კრიზისის დაძლევა ძალიან გაუჭირდება. ის, ფაქტობრივად, უკვე ჩინეთის დანამატია, ისევ მისი დახმარებით თუ შეძლებს რამის აღდგენას. ჩინეთს მწიფე ვაშლივით უვარდება ხელში. ნუ დაგვავიწყდება შორეულ აღმოსავლეთზე ჩინეთის პრეტენზიებიც - ისინი თვლიან, რომ რუსეთმა ომების დროს მათი მიწები უკანონოდ მიიტაცა. ჩინელებს ეს ახსოვთ და ხშირად ახსენებენ რუსეთს. ახლა ფაქტობრივად, ეს ყველაფერი ჩინეთს თოფის გასროლის გარეშე უვარდება ხელში.
- რუსული დრონების მიერ ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევით რა სიგნალებს უგზავნის პუტინი ევროპას? ნატოს და დასავლეთს ცდის? დანიის პრემიერ-მინისტრი დრონების შეჭრის შესახებ აცხადებს, რომ მათი ჩამოგდების მომხრეა, მაგრამ ეს "სწორი გზით უნდა გაკეთდეს", რუსეთისთვის ძლიერი პასუხი გვჭირდებაო, ამბობს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დასავლეთის "ძლიერი პასუხი", უნდა გაანეიტრალოს თუ არა დრონები?
- დანიის ცაზე დრონები, რომლებიც ვერ გაიგეს საიდანაა გაშვებული, მას შემდეგ გამოჩნდა\, რაც დანიამ განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საწარმოში იწყებოდა უკრაინისთვის ასაფეთქებელი მასალის წარმოება. რა თქმა უნდა, ამდენი დრონის შეფრენა შემთხვევით არ მომხდარა არც ესტონეთის თავზე, სადაც ისინი 10-12 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ... რუსეთის მთავარი მიზანია ალიანსის რეაქციის შემოწმება, ასევე, ევროპელების დაშინება, რათა შეწყვიტონ უკრაინელების დახმარება. მაგრამ მუდმივად საპირისპირო შედეგებს იღებენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ნატოსთან ომის დამწყები არ არის, მაგრამ ნატოს ქვეყნებში მუდმივი პროვოკაციებით დისონანსისა და შიშის შეტანას ცდილობენ, თუმცა იქიდან სხვა რეაქციები მოდის. წარმოიდგინეთ, პოლონეთში დრონების შეფრენის შემდეგ ბრიტანეთმა საჰაერო ძალები გადაისროლა პოლონეთისა და სხვა სასაზღვრო ზოლების პატრულირებაზე, ესტონეთში შეფრინდა დრონები და, იქაც გააძლიერეს საჰაერო თავდაცვა. პირიქით, ასეთი ქმედებები უფრო აძლიერებს დასავლეთის ძალისხმევას. საინტერესოა დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადება: ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკავშირმა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება, მაგრამ რეალურად უკრაინაა ევროპის უსაფრთხოების გარანტიაო. ამიტომაც ყველაფერი კეთდება უკრაინის გასაძლიერებლად.
დასავლეთს აღარ ეშინია რუსების განცხადებების, "მგელი მოდის" ძახილის. პოლონეთმა დაიწყო საუბარი მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებაზე, ეს თავდაცვის საშუალება იქნებაო. გერმანიაც აპირებს, საფრანგეთის ბირთვული იარაღის ოპერირებაში მიიღოს მონაწილეობა... შვედებმაც გაიხსენეს, რომ 60-იან წლებში საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის ძალიან კარგი პროგრამა ჰქონდათ.
რუსები იმდენს იზამენ, ევროპა ბირთვული იარაღით გადაიარაღდება, შეიძლება სხვა ქვეყნებმაც აწარმოონ. აქამდე იყო ნატოში შექმნილი ბირთვული იარაღის კომიტეტი, სადაც იყვნენ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, მაგრამ ეს ყველაფერი, ძირითადად, ამერიკის ბირთვული ქოლგის ქვეშ იყო. ახლა ნატომ დაინახა, რომ ამერიკაზე ძალიანაც დაყრდნობა არ არის უსაფრთხო, ამიტომ თვითონაც დაიწყო თავისი შესაძლებლობების გაზრდა.
ბევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოაგდოს რუსეთის დრონები და ამას დაიწყებენ კიდეც, ვინაიდან გაფრთხილება გაცემულია.
- უკრაინელმა სპეციალისტებმა დანიაში განლაგება დაიწყეს, სადაც ისინი ევროპელ პარტნიორებს დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ. როგორც ჩანს, უკრაინის გამოცდილება ევროპაში ამჟამად ყველაზე აქტუალურია...
- ახლა უკრაინელების დელეგაცია დანიაში მათ დრონებთან ბრძოლას ასწავლის. პოლონეთშიც დაიწყეს დრონსაწინააღმდეგო დრონების უკრაინელებთან ერთად გამოცდა. უკრაინელები ევროპელებს რომ გაწვრთნიან, არ არის გასაკვირი, ვინაიდან, თუკი სადმე დრონების გამოცდაა, ეს უკრაინაში ხდება.
ამ ეტაპზე, ამ დაპირისპირებაში, დრონები აქტიურია. შემდეგი ომი განსხვავებული იქნება. ჯერ კიდევ გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი კარლ კლაუზევიცი ამბობდა, ყველა ომი ქამელეონივითაა და ყველა ომი განსხვავებული იქნებაო. მაგალითად, ბრიტანელების შემდეგ ამერიკელებმა შექმნეს (ახლა ცდებს გადის) მაღალი სიმძლავრის მიკროტალღოვანი დანადგარი, რომელმაც მიკროტალღების საშუალებით 61 ცდიდან 61 დრონი ჩამოაგდო, ერთდროულად კი 41 დრონი, ანუ დრონსაწინააღმდეგო საშუალებები მუშაობენ. ბრძოლის ველზეა ბრიტანული რობოტი-ძაღლები, მათ უკრაინელები ცდიან და შეუძლია 4 საათი დამოუკიდებლად იმუშაოს. შეუძლია დაზვერვა, დივერსიული საქმის წარმოება და ა.შ.
რუსეთში სპეცსამსახურებმა დაიწყეს ლეგენდის გავრცელება, თითქოსდა უკრაინელები აპირებენ გამოიყენონ რუსული დანაყოფები, რომლებიც უკრაინელების მხარეს იბრძვიან - "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და ბელარუსული "კალინოვსკის პოლკი" (რუსი მოხალისეებისგან შემდგარი). კერძოდ, ვითომდა უკრაინელებმა შეიძლება ეს ადამიანები პოლონეთში პროვოკაციისთვის და დივერსიული აქტებისთვის გამოიყენონ. როცა ამას ახმოვანებენ, რუსები თავს იზღვევენ, თუკი მათი კვალი სადმე აღმოჩნდება. ეს ჩვენც გავიარეთ და უკრაინელებმაც, ამიტომაც ახმაურდნენ და აცხადებენ, რომ თუკი რუსების ხელით რაიმე პროვოკაცია მოხდა, ეს უკრაინელებს დააბრალონ.
წლის ბოლომდე სამი თვეა დარჩენილი და იმედს არ ვკარგავ, რომ ცეცხლი შეწყდება, თუმცა იმედი 50/50-ზეა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატური იქნება დასავლეთის პასუხი რუსების ევროპასთან ომობანას თამაშზე.