როგორ დააშინებს ზელენსკი „საბრძოლო ცულით“ პუტინს?
Tomahawk-ი ჩრდილოამერიკელი ინდიელების საბრძოლო ცულს ერქვა და სწორედ ეს დასახელება შეურჩიეს ამერიკელმა გენერლებმა ორმოცი წლის წინ პენტაგონის შეიარაღებაში მიღებულ ახალ უნივერსალურ ფრთოსან რაკეტას. "ტომაჰავკის" უნივერსალურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მისი გაშვება შეიძლებოდა წყალქვეშა ნავიდან, წყალზედა სამხედრო ხომალდიდან, ბომბდამშენიდან და სახმელეთო მობილური დანადგარიდან. ამასთან, "ტომაჰავკს" შეეძლო წაეღო როგორც ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინი, ისე ბირთვული მუხტიც, როგორც ოპერატიულ-ტაქტიკურ, ისე საშუალო სიშორის დისტანციაზე და რაც მთავარია, იმ დროისთვის წარმოუდგენელი, 5-10 მ-ის სიზუსტით მიეტანა მიზნამდე.
საბრძოლო მისიის წარმატებას უზრუნველყოფდა "ტომაჰავკის" იმდროინდელი ულტრათანამედროვე სანავიგაციო სისტემა, რომელშიც გაერთიანებული იყო ინერციული სანავიგაციო აპარატურა, რელიეფის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე ფრენის უზრუნველყოფის მოწყობილობა და ორრეჟიმიანი (პასიური და აქტიური) რადიოლოკაციური დამიზნების თავაკი, რომელიც სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და მიზანში დიდი სიზუსტით მოხვედრას განაპირობებდა.
„დღეს ეს ყველაფერი ნავიგაციისა და მიზნის აღმოჩენა-იდენტიფიკაციის სახით რუსეთ-უკრაინის ომში ზოგიერთ კამიკაძე-დრონსაც კი აქვს, თუმცა "ტომაჰავკი" კვლავ ის იარაღია, რომლის იმედითაც უკრაინა ოცნებობს ამ უთანასწორო ომში რუსეთის "დაჩოქებას".
საერთოდ, შეიარაღების რომელიმე სახეობის გადაქცევას Wunderwaffe - "საოცრება-იარაღად" ჯერ კიდევ გერმანელები იმედოვნებდნენ მეორე მსოფლიო ომში წაგების წინ, მაგრამ მათმა ვერც ფრთოსანმა "ფაუ-1"-მა და ვერც ბალისტიკურმა რაკეტა "ფაუ-2"-მა ვერ დააჩოქა დიდი ბრიტანეთი, რადგან ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით ეს თითქმის წამოუდგენელია. ეს მხოლოდ ბირთვული ქობინების გამოყენებით თუ მიიღწევა, რაც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურმა დაბომბვამ ცხადყო რამდენიმე დღეში იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციის სახით.
ამიტომაც კიევის იმედი, რომ ამერიკელების მიერ "ტომაჰავკების" უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში შეშინებული პუტინი მაშინვე ორივე ხელს ასწევს დანებების დასტურად, გადაჭარბებულია. სამაგიეროდ, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იგრძნობს, რა დღეშიც არიან უკრაინელები მეოთხე წელია, როდესაც მათ ყოველღამ ემუქრებათ რუსული ფრთოსანი "კალიბრები". რუსული "კალიბრი" ამერიკული "ტომაჰავკის" ერთგვარი ანალოგია და მისი მოდიფიკაციების გაშვება შესაძლებელია როგორც წყალქვეშა ნავის სატორპედო აპარატებიდან, ისე კორვეტების ვერტიკალური შახტებიდან, ასევე "ისკანდერის" სახმელეთო მობილური დანადგარიდან.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპთან პირისპირ შეხვედრისას მან ამერიკელ კოლეგას სთხოვა შორსმფრენი ამერიკული რაკეტების გადაცემა-მიყიდვა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამიზნეებისთვის ზუსტი საჰაერო დარტყმების მისაყენებლად, და ტრამპისგან პასუხად მიიღო, ვიმუშავებთ მაგ საკითხზეო.
გასულ კვირას ამერიკული მასმედიის გავლენიან გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილება კიევისთვის იმ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რომლებიც უკრაინულ რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს დაეხმარებიან რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში მიზნებზე ზუსტად გასვლაში. ეს კი შეიძლება იმის წინა პირობა შეიქნეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მართლაც დათანხმდეს უკრაინისთვის ნატოს ფულით (უფრო სწორად, ევროპაში "გაყინული" რუსული აქტივებიდან ამოღებული მილიარდებით) ორმილიონიანი "ტომაჰავკების" მიყიდვას, რის შემდეგაც უსაფრთხოდ თავს ვერ იგრძნობენ არათუ კრემლში თუ სანქტ-პეტერბურგში, არამედ ურალს მიღმა, ციმბირშიც კი. მაგრამ ამისთვის საჭიროა ორი, პოლიტიკური და ტექნიკური საკითხის მოგვარება: ჯერ პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება "საბრძოლო ცულების" უკრაინისთვის გადაცემაზე და შემდეგ უკრაინელმა გენერლებმა უნდა იტეხონ თავი, თუ როგორ... გაუშვან "ტომაჰავკები" რუსული სამიზნეებისკენ.
საქმე ის არის, რომ უკრაინის არმიას ამ ეტაპზე არა აქვს არც საზღვაო, არც საჰაერო და არც სახმელეთო გამშვები საშუალებები, რომლებიდანაც "ტომაჰავკების" სტარტი იქნებოდა შესაძლებელი. უკრაინას არ გააჩნია ფრთოსანი "ტომაჰავკების" გამშვები ატომური წყალქვეშა ნავები და არც სტრატეგიული ბომბდამშენები, ხოლო "ტიფონის" ტიპის სახმელეთო მობილური გამშვები დანადგარები თავად ამერიკელებსაც თითზე ჩამოსათვლელი აქვთ, რადგან თავის დროზე აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული შეთანხმებით განადგურდა საშუალო სიშორის სახმელეთო ბაზირების სარაკეტო გამშვები დანადგარები - საბჭოთა კავშირმა ალექსანდრე ნადირაძის "პიონერები" თავადვე ააფეთქა, ხოლო ამერიკელები "პერშინგებსა" და "ტომაჰავკის" გამშვებ "გრიფონებს" შეელივნენ.
„ტომაჰავკების“ საბრძოლო გამოყენების ისტორიიდან
თომაჰაწკ-ი - ეს სახელი აშშ-ის ბოლო პრეზიდენტების მმართველობის ასოციაციად იქცა, რადგან 1991 წელს უფროსმა ჯორჯ ბუშმა სპარსეთის ყურეში, ბილ კლინტონმა 1999 წელს იუგოსლავიაში, ბარაქ ობამამ კი 2011 წელს ლიბიაში ომები სწორედ ამ ფრთოსანი რაკეტების სტარტით დაიწყეს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება არ დამსგავსებოდა წინამორბედებს, მაგრამ 2017 წლის 7 აპრილს, გამთენიისას, მანაც გააგრძელა "ტომაჰავკების" სტარტის ტრადიცია და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმა მიაყენა სირიის ხელისუფლებას.
„ამერიკულ ავიაციას, ობამასა და თვით ტრამპის დროსაც, არაერთხელ მიუყენებია დარტყმები სირიის ტერიტორიისთვის, მაგრამ მაშინ სამიზნე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იყვნენ.
მას შემდეგ, რაც 2017 წლის 4 აპრილს სირიის ერთ-ერთი ქალაქის საჰაერო დაბომბვის შემდეგ ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე ქიმიური მოწამვლით დაიღუპა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი არჩევანის წინაშე დადგა.
წინასწარი გამოძიების თანახმად, მსხვერპლი ნერვულ-პარალიტიკურმა გაზმა "ზარინმა" გამოიწვია, რომელიც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მტკიცებით, იმ საავიაციო ბომბებში იყო ჩაჭირხნული, რომლებიც ბაშარ ასადის თვითმფრინავებიდან ჩაყარეს, თუმცა კრემლი სხვა ვერსიის გავრცელებას ცდილობდა - საჰაერო დაბომბვაში სახელისუფლებო ავიაცია კი მონაწილეობდა, მაგრამ მათ ჩვეულებრივი ბომბები ჩამოყარეს და ააფეთქეს ის ადგილი, სადაც "ზარინი" ინახებოდაო.
სანამ მხარეები სიმართლის გარკვევას ცდილობდნენ, დონალდ ტრამპმა თავის პოლიტიკურ კარიერაში პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ აქტიურად ემოქმედა და "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებით მასირებული თავდასხმა დაიწყო ბაშარ ასადის არმიის ეშ-შაირათის აეროდრომზე, საიდანაც აფრინდნენ, სავარაუდოდ, ქიმიურ დაბომბვაში მონაწილე სირიული საბრძოლო თვითმფრინავები.
ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე ორმა ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა 59 ერთეული ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" გაუშვა სირიის სამხედრო აეროდრომისკენ.
პენტაგონის განცხადებით, გაშვებული "ტომაჰავკებიდან" მხოლოდ ერთი ფრთოსანი რაკეტა ასცდა სამიზნეს ტექნიკური მიზეზის გამო, თუმცა რუსეთის გენშტაბი ირწმუნება, რომ მიზნამდე 59-დან მხოლოდ 23-მა ფრთოსანმა რაკეტამ მიაღწია.
რუსეთის ეს განცხადება ძნელად დასაჯერებელია, რადგან საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაღებულ ეშ-შაირათის აეროდრომის კოსმოსურ სურათზე ჩანს დაზიანებული 44 სამიზნე, რომელთაგან ზოგიერთს ორ-ორი ფრთოსანი რაკეტაც კი მოხვდა.
ამერიკული საჰაერო თავდასხმის შედეგად ეშ-შაირათის აეროდრომზე აფეთქდა ცხრა თვითმფრინავი (მიუხედავად იმისა, რომ ისინი რამდენიმე მეტრი სისქის ბეტონირებული ანგარების ქვეშ იდგნენ), დაიღუპა ექვსი კაცი.
მსხვერპლი შეიძლება უფრო მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ფრთოსანი რაკეტების გაშვებამდე ორი საათით ადრე ამერიკულმა მხარემ რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა დაგეგმილი საჰაერო დარტყმის შესახებ, რათა ამავე აეროდრომზე მყოფი რუსი სამხედროები არ დაშავებულიყვნენ, რუსი სამხედროები კი ამას უსათუოდ აცნობებდნენ სირიელ კოლეგებს.
რატომ ეშინიათ კრემლში „ტომაჰავკების“...
1999 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გამოსცა ბრძანება ეროვნული ანტისარაკეტო სისტემის შექმნაზე.
2001 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ანტისარაკეტო სისტემამ, აშშ-ის ტერიტორიის გარდა, უნდა დაიცვას მისი მოკავშირეებიც, მათ შორის ევროპაში, რისთვისაც აუცილებელია ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების ნაწილის განთავსება უშუალოდ აღმოსავლეთ ევროპაშიც, რათა ნატოს წევრი ქვეყნები დაცული იყვნენ იმ ახალი ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან, რომელთა ფრენის სიშორე 2 ათას კმ-ს ასცდა და კიდევ უფრო იზრდებოდა.
გადაწყდა, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ორი ბაზა განთავსდებოდა ნატოს წევრი რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე. მათ უნდა მოეგერიებინათ ირანიდან სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები.
აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების განთავსების გადაწყვეტილებამ ძალიან გააღიზიანა პუტინი, რომელიც აცხადებდა, რომ ამით დაირღვეოდა რუსეთ-აშშ-ის პარიტეტი სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში, რადგან პოლონეთიდან გაშვებულ ამერიკულ ანტირაკეტებს შეეძლებოდათ უშუალოდ რუსეთის ევროპული ნაწილიდან სტარტაღებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ჯერ კიდევ ფრენის პირველ წუთებში, როდესაც ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დაუცველია.
კრემლის მეორე საწინააღმდეგო არგუმენტი კი ასეთი იყო: ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განთავსებულიყო, ფაქტობრივად, ამერიკული სარაკეტო-საესკადრო ნაღმოსნებიდან მოხსნილი Aegis-ის ტიპის საზღვაო ანტისარაკეტო სისტემა იყო, რომელსაც უნივერსალური გასაშვები კონტეინერებიდან შეუძლია როგორც Standard Missile 3 ტიპის ანტირაკეტების, ისე თომაჰაწკ-ის ბირთვულქობინიანი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ამ "ტომაჰავკების" ფრენის სიშორე კი 2 500 კმ-მდეა და მოსკოვში შიშობდნენ, რომ ამერიკელები პოლონეთსა და რუმინეთში ამოქმედებულ "იჯისის" ანტისარაკეტო სისტემის გამშვებებში, "სტანდარდის" თავდაცვითი ანტირაკეტების გარდა, "ტომაჰავკის" თავდამსხმელ ფრთოსან რაკეტებსაც განათავსებდნენ მალულად.